№42 დაანონსებული შურისძიება
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39-41(928)
– ბატონო დირექტორო, წუთი-წუთზე ნოელ ბანი შემოგვიერთდება, რომელსაც რაღაც სიახლე აქვს, – უპასუხა ალექს კარამ შეფს.
ნოელ ბანი გამოძიების ფედერალური ბიუროს დაზვერვის განყოფილების სპეცაგენტი იყო. ის, რომ იტყვიან, მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რომ რაც შეიძლება მეტი და ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინა „ჯიხვის“ ჩანაფიქრის ირგვლივ. ამისთვის კი ბანმა რუსეთში მთელი თავისი აგენტურა დააყენა ფეხზე და ამგვარად მიღებული ინფორმაციის შეჯერების შემდეგ წარსდგა ხელმძვანელობასთან.
– გისმენთ, მისტერ ბან. აბა, რა სიახლეებია რუსეთიდან „ჯიხვის“ მუქარის თაობაზე? – ჰკითხა ბანს „ეფბეერის“ შეფმა.
ბანმა მზერა მოავლო შეკრებილებს და თქვა:
– სიმართლე გითხრათ, სერ, „ჯიხვის“ ჩანაფიქრის შესახებ ასპროცენტიანი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯერებამ საკმაოდ კონკრეტული სახელი ამოატივტივა და მოგახსენებთ.
– გრძელი შესავლების გარეშე, ბან. დრო არ ითმენს. ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით, – თქვა „ეფბეერის“ შეფმა და მომხსენებელს თვალი თვალში გაუყარა.
ბანს ასეთი მიმართვა ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია და განაგრძო:
– ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ „ჯიხვი“ მოგვეხელთებინა და მისგან გაგვეგო ყოველივე. ასეთი რამ ექსტრემალურ სიტუაციებში არაერთხელ გაგვიკეთებია, მაგრამ ამჟამად ეს შეუძლებელია. „ჯიხვმა“ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი დაცვა და მას და მის სასახლეს ოცდაათი კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი იცავს. თავად კი თითქმის არ გამოდის სახლიდან. ხოლო, როდესაც გამოდის, ისეა შენიღბული მისი კორტეჟი, რომ ვერ გაიგებ, რომელ მანქანაში ზის. თანაც, ისე გადაადგილდებიან, რომ გეგონებათ, პრეზიდენტი მოძრაობსო, ამიტომ მისი გატაცება და დამუშავება გამორიცხულია.
– რუსეთი რომ არ იყოს, შევეცდებოდით მაინც. აი, თუნდაც, რუმინეთში, ალბანეთში ან სხვა მსგავს ქვეყნებში, მაგრამ რუსეთში ეს ძალიან სარისკოა და იქ თუ მსგავს ოპერაციას ჩაატარებ, წარმატებაში ათასი პროცენტით უნდა იყო დარწმუნებული, – ამჯერად უკვე „ბიუროს“ შეფის მოადგილემ ალექს კარამ გააწყვეტინა ნოელ ბანს სიტყვა, დირექტორმა კი დაამატა:
– არა, რუსეთში ეს არ ივარგებს. კოვზი რომ ნაცარში ჩაგვივარდეს, მთელ მსოფლიოში მოგვეჭრება თავი და ასეთი რამ თანამდებობების დატოვებად დაგვიჯდება, – „ბიუროს“ შეფი ბანს მიუბრუნდა და უთხრა:
– განაგრძეთ, ბან.
ბანმა თავი დაუქნია შეფს და თქვა:
– ბატონო დირექტორო, როგორც გითხარით, რუსეთის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციები შევაჯერეთ, ღრმად გავაანალიზეთ და დიდი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ „ჯიხვმა“ თავისი მუქარის აღმასრულებლად ვინმე „გიურზა“ დაიქირავა, რომლის ნამდვილი ვინაობა უცნობია და ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს კაცი უმაღლესი კვალიფიკაციის მკვლელია.
– „გიურზა“? პირველად მესმის ეს სახელი, – თავი გააქნია „ბიუროს“ დირექტორმა და ბანს უთხრა:
– კიდევ რა იცით „გიურზას“ შესახებ?
– თითქმის არაფერი, ბატონო დირექტორო. ეს კაცი, ფაქტობრივად, ფანტომია და უძნელეს შეკვეთებს ასრულებს, რაშიც მას დიდ ფულს უხდიან, – თქვა ბანმა.
– თუ არაფერი იცით „გიურზაზე“, მაშინ მისი სახელი საიდან ამოგიტივტივდათ? – მხრები აიჩეჩა დირექტორმა.
– ცოტა შორიდან მოვუვლი, ბატონო დირექტორო, – თქვა ბანმა და დირექტორის უხმო თანხმობა რომ მიიღო, დააყოლა, – ამას წინათ მოსკოვის მახლობელ ტყეში მოკლული იპოვეს ვინმე „პრაპორშჩიკი“. ეს კაცი სერიოზულ შეკვეთებს იღებდა ბობოლებისგან და მათ „გიურზას“ აკეთებინებდა. ჩემი წყაროს ცნობით, „გიურზას“ მხოლოდ ის იცნობდა სახეზე და სავარაუდოდ, სწორედ „გიურზამ“ მოკლა.
– რის საფუძველზე? – მხრები აიჩეჩა დირექტორმა, რომელსაც ბანისგან ზუსტი არგუმენტები სჭირდებოდა და არა ვარაუდები.
– ჩემივე წყაროს ცნობით, „პრაპორშჩიკი“ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე „ჯიხვთან“ იმყოფებოდა და სწორედ იმ დღეს გაქრა, მეორე დღეს კი მოკლული აღმოაჩინეს ტყეში. სავარაუდოდ, მოხდა ასეთი რამ, – „ჯიხვმა“ „პრაპორჩიკს“ მაღალი კლასის პროფესიონალის პოვნა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. შემდეგ, „ჯიხვმა“ ამ კაცთან – პროფესიონალთან, „გიურზასთან“ შეხვედრა სთხოვა და უარი მიიღო. მაგრამ, „ჯიხვმა“ „პრაპორშჩიკს“ ფული მისცა და დაითანხმა. ხოლო, როცა ამის შესახებ „გიურზას“ უთხრა, ამ უკანასკნელმა „პრაპორშჩიკი“ პირობის დარღვევისთვის მოკლა. პირობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ „გიურზას“ მხოლოდ შეკვეთები უნდა შეესრულებინა და არა კლიენტებს შეხვედროდა. „პრაპორშჩიკის“ მკვლელობის შემდეგ, „გიურზა“, სავარაუდოდ, „ჯიხვს“ შეხვდა და შეკვეთა პირადად მისგან მიიღო.
„ბიუროს“ დირექტორმა თავი გააქნია, მხრები აიჩეჩა და ბანს უთხრა:
– ბან, თქვენი მონათხრობი უფრო ფანტაზიას ჰგავს, ვიდრე რეალობას. ასეთ დასკვნებს რის საფუძველზე აკეთებთ?
– გეტყვით, ბატონო დირექტორო. „პრაპორშჩიკი“ რომ „ჯიხვისგან“ წამოვიდა, გზიდან მან თავის პარტნიორ ქალს დაურეკა და უთხრა, სულ მალე მოვალ, ბევრ ფულს მოვიტან და ახალთახალი „პორშეს“ საყიდლად წავიდეთო. როგორც უკვე ვთქვი, „პრაპორშჩიკი“ იმავე დღეს გაუჩინარდა. ხოლო მეორე დღეს, როცა ის მოკლული აღმოაჩინეს ტყეში, მას ეს ბევრი ფული არ აღმოაჩნდა. სავარაუდოა, რომ ეს ფული მას „გიურზამ“ აართვა.
– იქნებ, ეს ფული მას იმ რუსმა პოლიციელებმა აართვეს, ვინც ის აღმოაჩინა ან, სულაც, ვინმემ გაძარცვა? – თქვა დირექტორმა.
– გამორიცხულია, ბატონო დირექტორო, – გაეცინა ბანს, – ერთ-ერთი წყარო ის პოლიციელია, ვინც „პრაპორშჩიკი“ აღმოაჩინა და მას ფული არ აუღია. გამორიცხულია ძარცვაც, რადგან „პრაპორშჩიკს“ სხეულზე უამრავი ოქროს სამკაული ჰქონდა და ისინი ხელუხლებელია. ასე რომ, რჩება მხოლოდ „გიურზა“.
– რას მიაჯინდით, ბან, ამ „გიურზას“? – თქვა დირექტორმა და დააყოლა, – იქნებ „პრაპორშჩიკმა“ სულ სხვა „ქილერი“ დააქირავებინა „ჯიხვს“, თუ ასეთი რამ საერთოდ, მოხდა.
– გარწმუნებთ, რომ ეს ასეა – „ჯიხვმა“ მკვლელი დაიქირავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაფრთხილებას არ გამოგვიგზავნიდა. ხოლო ის, რომ ქილერი „გიურზაა“ იმიტომ ვვარაუდობთ, რომ მასზე მაღალი კვალიფიკაციის მკვლელი არათუ რუსეთში, მთელ მსოფლიოშიც კი არ არსებობს.
– და, მაინც, ბან, ჩვენ ბევრად უფრო ზუსტი ინფორმაციები გვჭირდება და არა ასეთი ვარაუდები. მართალია, თივის ზვინში ნემსის მოძებნა ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ თივის ზვინში ნამდვილადაა ნემსი. ამ შემთხვევაში კი ხელში არაფერი გვიჭირავს შიშველი ვარაუდების გარდა, რითიც შორს ვერ წავალთ, მხოლოდ დავიბნევით, თავგზა აგვერევა, – უთხრა ბანს „ბიუროს“ დირექტორმა და ჩაფიქრდა.
– შეიძლება, ვთქვა, სერ? – სიტყვა ითხოვა იულიუს პუდინგმა.
– თქვით. გისმენთ, – უპასუხა დირექტორმა.
იულიუს პუდინგმა ჩაახველა და თქვა:
– მოგეხსენებათ, ბატონო დირექტორო, რომ როდესაც საბჭოურ-რუსულ კრიმინალურ სამყაროზე ნაშრომს ვწერდი, რამდენიმე წელი ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი და საკმაოდ ახლოს გავიცანი ეს, თუ შეიძლება ითქვას, საზოგადოება. სწორედ იმ პერიოდში გავიგე პირველად „გიურზას“ სახელი, ხოლო „პრაპორშჩიკი“ კი პირადად გავიცანი.
– პირადად იცნობდით „პრაპორშჩიკს“? – გაუკვირდა დირექტორს.
– დიახ, ბატონო დირექტორო, „პრაპორშჩიკს“ პირადად ვიცნობდი, ის ერთ-ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გამაცნო რესტორანში, სადაც თავადვე დამპატიჟა. ეს ავტორიტეტი საკმაოდ ენაწყლიანი, მოლაპარაკე ადამიანი იყო და თავის გამოჩენა უყვარდა. რომ გაიგო, ქურდებზე სამეცნიერო ნაშრომს ვწერდი, მაშინვე დამიახლოვდა და ბევრ რამეს მიყვებოდა, იმ იმედით, რომ ჩემს წიგნში მასაც მოვუძებნიდი ადგილს და მართლაც, ის საკმაოდ ვრცლად მყავს მოხსენიებული ჩემს ნაშრომში. ერთხელ ამ კაცმა სასტუმროში გამომიარა და მითხრა:
– გინდა, ნამდვილი კრიმინალური სამყარო იხილო? მაშინ რესტორან „მალინაში“ წამოდი და იქ შენ მთელ საბჭოურ ქურდულ ელიტას იხილავო.
„მალინა“, ქურდული ჟარგონით, ქურდულ კონსპირაციულ ბინას ეწოდება, სადაც შავი სამყარო იკრიბება. მოსკოვში მსგავსი სახელწოდების რესტორანია და იმ კაცმა სწორედ იქ დამპატიჟა, თან გამაფრთხილა, – იცოდე, ფოტოგადაღება იქ აკრძალულია და რომ შეგნიშნონ ფარულად „ჩალიჩობ“, შენც მოგკლავენ და მეცო. მოკლედ, მივედით „მალინაში“, დავსხედით და სუფრა გავაშლევინეთ. ჩემი ენაწყლიანი თანამგზავრი კიდევ უფრო მოლაპარაკე გახდა, როცა ერთი ბოთლი არაყი დალია. სწორედ მაშინ გამაცნო „პრაპორშჩიკი“, ის მეზობელ მაგიდასთან იჯდა ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან ცივი გამომეტყველება ჰქონდა, თანაც მომეჩვენა, რომ იმ კაცს პარიკი და გრიმი ეკეთა და სხეული ხელოვნურად ჰქონდა გასქელებული. სავარაუდოდ, ის ტანსაცმლის შიგნით სპეციალურ მოწყობილობას მალავდა. ჩემმა თანამგზავრმა ის კაცი ლამის ძალით მოიყვანა ჩვენს მაგიდასთან და მითხრა:
– გაიცანი, ეს „პრაპორშჩიკია“. თუ ოდესმე ვინმეს „დაბრედვა“ დაგჭირდება, ამას მოელაპარაკე და „მაყუთის“ სანაცვლოდ თვით რომის პაპსაც „გაასაღებსო“.
„პრაპორშჩიკი“ უხერხულად იღიმებოდა და ხელი მაგრად ჩამომართვა, თან, ჩემი თანამგზავრის დაშოშმინებას ცდილობდა. ის ჩემი თანამგზავრი კი შეუჩნდა, – შენი მეგობარი მოიყვანე მაგიდასთანო, ანუ, იმ კაცზე ეუბნებოდა, ვინც მე გრიმ-პარიკიანი და ხელოვნურად გასუქებული მომეჩვენა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ „პრაპორშჩიკი“ და მისი თანმხლები მამაკაცი რესტორნიდან მალევე წავიდნენ და ამის მიზეზი ჩემი მასპინძლის დაჟინება იყო, ჩვენს სუფრაზე გადმოსულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა. და, იცით, ახლა რას ვფიქრობ? ჩემი აზრით, „პრაპორშჩიკის“ თანხმლები „გიურზა“ იყო.
– „გიურზა“? – გაიმეორა დირექტორმა და დაამატა, – კი მაგრამ, ასე რატომ ფიქრობთ?
– ეს ცოტა რთული ასახსნელია, – თავი გააქნია პუდინგმა, – ინტუიციით მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. თანაც, მეორე დღეს ჩვენ ისევ „მალინაში“ წავედით, თუმცა ჩემი თანამგზავრი აღარ დამთვრალა და ჩვეულებრივზე ჩუმად იყო. „მალინაში“ კვლავ შევნიშნე ის გრიმპარიკიანი, ხელოვნურად გასქელებული კაცი. ამჯერად ის „პრაპორშჩიკის“ გარეშე, მარტო იყო. იმ დღეს „მალინაში“ მკვლელობა მოხდა – ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გამოასალმეს სიცოცხლეს. მკვლელმა მას ყელში შხამიანი ისარი მოარტყა და ადგილზევე გააფრთხობინა სული. ეს კი იმ დროს მოხდა, როდესაც რესტორანში შუქი ჩაქრა, მორიგი ნომრის წინ. ამ ნომერში სცენაზე სრულიად შიშველი გოგონები ცეკვავდნენ და მათ დიდი წარმატება ჰქონდათ. ცეკვის წინ რესტორანში შუქი ქრებოდა და სრული სიბნელე ისადგურებდა. ხოლო შუქი რომ ინთებოდა, გაჩახჩახებულ სცენაზე შიშველი გოგონები იდგნენ და ცეკვას იწყებდნენ. ჰოდა, შუქი რომ აინთო და გოგონებმა ცეკვა დაიწყეს, ის კრიმინალური ავტორიტეტი უკვე მკვდარი იყო. შუქის ჩაქრობის წინ ის გრიმპარიკიანი მამაკაცი რესტორანში იყო, ხოლო შუქი რომ აინთო, ის უკვე არ ჩანდა. მომდევნო დღეებში კი მოსკოვში ხმა გავრცელდა – მკვლელობა „გიურზამ“ ჩაიდინაო და აი, რატომ ვფიქრობ, რომ „პრაპორშჩიკს“ მაშინ „გიურზა“ ახლდა. ჩემი აზრით, „გიურზას“ „პრაპორშჩიკმა“ მომავალი მსხვერპლი და მისი ადგილი უჩვენა. მეორე დღეს კი მკვლელმა თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. რუსეთში ჩემი ყოფნის დროს, „გიურზას“ სახელმა კიდევ რამდენიმეჯერ გაიჟღერა: რომ მან საოცარი მკვლელობა ჩაიდინა და რომ მას ვერ იხელთებენ... იმასაც კი ამბობდნენ, რომ „გიურზა“ საბჭოეთის დროს „კაგებეს“ მიერ მომზადებული ტერორისტ-ქილერი იყო და რამდენიმე ძალიან სერიოზული დავალება აქვს შესრულებულიო. ამიტომ, ბატონო დირექტორო, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ ხაზს გავყვეთ და „გიურზას“ გამოაშკარავებაზე ვიმუშაოთ. სავარაუდოდ, „ჯიხვი“ ჩვენი ქვეყნის მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავს და არ გამოვრიცხავ, რომ სამიზნე თქვენც კი იყოთ.
– სამიზნე მე ვიყო? – გაიმეორა „ბიუროს“ დირექტორმა.
– დიახ, სერ, თქვენ. „ჯიხვი“ ხომ ამერიკას აბრალებს თავისი ვაჟის მკვლელობას და იმ ოპერაციაზე კი, თბილისში, ჩვენი უწყების სპეცჯგუფი მონაწილეობდა. ამიტომ სავსებით რეალურია, რომ „გიურზას“ მან სწორედ თქვენი მკვლელობა შეუკვეთა.
„გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორს უხერხულად გაეცინა და თქვა:
– ვინც არ უნდა იყოს სამიზნე, ჩვენი ვალია, ის დავიცვათ. ამიტომ ჩვენს გამოძიებაში „გიურზას“ ვერსიაც ჩართეთ და ეცადეთ, ამ სუბიექტზე ყველაფერი დაადგინოთ.
***
„ბიუროს“ დირექტორის კაბინეტიდან თათბირმა ალექს კარასთან გადაინაცვლა. შეფის მოადგილემ ოპერატიულ განყოფილებას დაავალა, სასწრაფოდ მოენახათ, თუკი რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ „გიურზას“ შესახებ. შედეგმაც არ დააყოვნა და ერთ-ერთმა ხელქვეითმა თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი მოუტანა, რომელშიც ეწერა, რომ „გიურზას“ სახელი ოცდახუთი წლის წინათ განხორციელებულ ტერაქტში ფიგურირებდა. კარამ ინფორმაცია ბოლომდე ჩაიკითხა და კაბინეტში შეკრებილებს მიმართა:
– მეგობრებო, „გიურზა“ „სპინოზას“ ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. ეს „სპინოზა“ კი ჩვენი აგენტის მეტსახელია, რომელიც ერთ-ერთი ლათინური ქვეყნის მეთაური უნდა გამხდარიყო და რადგან რუსებს არ აწყობდათ, ტერორისტული აქტი მოუწყვეს და მოკლეს. აქვე წერია, რომ მხოლოდ „გიურზამ“ მოახერხა იქიდან გაქცევა. ჯგუფის სამი ტერორისტი დაცვამ გაანადგურა. ერთი მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ მან დაასახელა „გიურზა“. კიდევ ერთი დაჭრილი, ვინმე „გორგასალი“, უკვე ოცი წელიწადია, ტეხასის საგანგებო ციხეში იხდის სასჯელს. „გორგასალი“ მისი ფსევდონიმია, ნამდვილი ვინაობა კი თორნიკე პატარიძეა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში