№42 კითხვა-პასუხი
კითხვა: დილით, ახალგაღვიძებულს, საშინელ მდგომარეობაში მაქვს თმა. საღამოს, ვიბან, ვიწესრიგებ და დილით აბურძგნულია და „ყალყზე“ დგას. იქნებ, არსებობს რაიმე საშალება, რომ ამის გამო, მუდმივად არ ვაგვიანო სამსახურში?
პასუხი: რასაკვირველია, არსებობს ხრიკები, რომელთა საშუალებითაც, დილით, თმის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ დროს დაგაზოგინებთ. კერძოდ, არასდროს დაწვეთ დასაძინებლად, სველი თმით. ასეთი თმა, გაცილებით მარტივად იმტვრევა. თუ თმის გასაშრობად ფენს იყენებთ, გამოიყენეთ ჰაერის გრილი ნაკადი. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ აბურდული თმა. არასდროს გაიშროთ ის ბოლომდე. დატოვეთ ოდნავ ნოტიო და თქვენი თმის ღერებიც არ გამოშრება. ყოველთვის დაივარცხნეთ თმა, დასაძინებლად წასვლამდე. თუ გრძელი თმა გაქვთ, აუცილებლად დაიწანით დაძინებამდე. ეს, კარგი მეთოდია აბურდულ თმასთან საბრძოლველად. მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებთ თმას სტატიკურ მდგომარეობაში, თანაც, ბუნებრივად დაიტალღება. ოღონდ, არ ჩაიწნათ თმა სველ მდგომარეობაში, ის უნდა იყოს მშრალი და ნაწნავიც მეტისმეტად მჭიდრო არ უნდა იყოს. შეიზილეთ ცოტა ქოქოსის ზეთი თმის ბოლოებში. ეს თმას ბზინვარებას მიანიჭებს. გამოიყენეთ აბრეშუმის ბალიშის პირები. დაწოლამდე ალოე ვერასა და მინერალური წყლის მიქსი შესანიშნავი ბალზამია თმისთვის, ის ატენიანებს თმის ბოლოებს. კარგია, თუ გამოიყენებთ საბავშვო პროდუქტებს – უფრო ნატურალური და ნაზია. სცადეთ, საბავშვო შამპუნი ან ზეთი და დილით ნაზი და ბრწყინვალე თმით გაიღვიძებთ.
კითხვა: არ მაქვს იმის საშუალება, რომ ძვირად ღირებულ სალონებში ვიარო და ვისწორო სახეზე გაჩენილი ნაოჭები. თუმცა, ძალიან არ მსიამოვნებს თვალის გარშემო ნაოჭები და თუ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც იაფია და სახლის პირობებში თავად შევძლებ მის გაკეთებას?
პასუხი: ყოველდღე, დილით, ნახევარი საათით, სახეზე გლიცერინი და ვიტამინი E წაისვით. მათი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ, თან, საკმაოდ იაფად. ნარევის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ 30 გრამი გლიცერინი და 10 კაფსულა ვიტამინი E. გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ და ნაზი მასაჟით, ვიტამინების ნარევის წასმით, კანი იმ დონემდე მიიყვანეთ, რომ ოდნავ გაწითლდეს. შედეგად, მცირე ნაოჭები გასწორდება, სახის კანი კი, ჯანსაღ ფერს მიიღებს. ეს მეთოდი, ეფექტური საშუალებაა თვალების გარშემო ნაოჭების გასასწორებლად.
მოამზადა
ნონა დათეშიძემ