№42 უცნაური სიკვდილი
ადრიან კონანი
მისტერ ჯონი მთელს მხარეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მიწათმფლობელი იყო. სამი თვით ადრე, ვიდრე სამოცდაათი წელი შეუსრულდებოდა, საკუთარ საწოლში მკვდარი ნახეს. არადა, საკმაოდ ჯანმრთელი და ენერგიული კაცი იყო. ადგილობრივმა ექიმმა, პოლ გრიფინმა გარდაცვალების მოწმობის გაცემაზე სასტიკი უარი განაცხადა. მკვლელობის ვერსია რომ გამოერიცხათ, გვამის გაკვეთა გადაწყდა. ექსპერტმა დაადგინა, რომ საცოდავი ტრელონი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, თუმცა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. ტრელონის ცოლი არ ჰყავდა, არც შვილები. მას ახლობლებიდან მხოლოდ ოცდაერთი წლის ნათესავი გოგო დარჩა – დოლორეს დეილი. ბოლო რამდენიმე წელი სწორედ ეს გოგო უძღვებოდა ტრელონის დიდ სახლში მეურნეობას. ყველას ეგონა, ბიძის ქონება სწორედ მას დარჩებოდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ტრელონიმ ანდერძი შეცვალა. მკაცრმა მოხუცმა, თავისი ნათესავი, რომელიც ქარაფშუტად მიაჩნდა, მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და ყველაფერი ექიმ პოლ გრიფინს დაუტოვა. ჰოდა, სწორედ მასზე მიიტანეს ეჭვი და გამოძიებაც დაიწყო. ეჭვმიტანილთა წრე დავიწროვდა. მოხუცი მკაცრი წესებით ცხოვრობდა. ჩვეულებად ჰქონდა ძილის წინ საძინებელში ბიბლიის კითხვა. შემდეგ თავის საათს მომართავდა და ზუსტად ათ საათზე დასაძინებლად წვებოდა. ძალიან იშვიათად ხდებოდა, ისე გართულიყო ბიბლიის კითხვაში, რომ გვიანობამდე არ დაწოლილიყო.
საგრაფოს დეტექტივმა საკუთარ თავზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ამიტომ სკოტლანდ-იარდის დეტექტივი, ლესტრეიდი გამოიძახეს. ორ დღეში ლესტრეიდს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მკვლელი სწორედ ექიმი პოლ გრიფინი იყო. მაგრამ ბრალდებას ვერ წაუყენებდა, თუ ვერ დაადგენდა, ექიმმა ეს როგორ გააკეთა. ამიტომაც დასახმარებლად სახელგანთქმულ კერძო დეტექტივს, ვინმე სომერსეტს მიადგა. ისინი ერთად გაემგზავრნენ ლონდონიდან საგრაფოში. როდესაც ტრელონის სახლში მივიდნენ, იქ დოლორესი, ანუ მოკლულის ნათესავი და მისი საქმრო დახვდნენ. სომერსეტმა ამბის მოყოლა ჯერ ქალიშვილს სთხოვა.
– სამშაბათ საღამოს, – დაიწყო დოლორესმა, – ბიძაჩემმა ჯეფრის, ჩემს საქმროს და ექიმ გრიფინს სადილად მოსვლა სთხოვა. თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ბიძია რაღაცით შეშფოთებული იყო. ეს მაშინ ჭექა-ქუხილს მივაწერე. მას არ უყვარდა და ეშინოდა კიდეც ჭექა-ქუხილის, ნერვიული ხდებოდა, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც სადღაც ახლოს ხეს მეხი დაეცა. გრიფინმა წასვლა დააპირა, ხოლო ჯეფრიმ თქვა: კარგია, რომ მე აქ ვრჩები, დარწმუნებული ვარ, ამ სახლს მეხამრიდი ექნებაო. ბიძაჩემი სავარძელში შეხტა. „თქვენ, ახალგაზრდავ, ძალიან უზრდელი ხართ! – იყვირა მან, – განა, არ იცით, რომ ჩვენ მეხამრიდი არ გვაქვს, მეხის დაცემის კი სასტიკად მეშინია?“ – ამის თქმის მერე ისე აკანკალდა, როგორც შეშლილი. შემდეგ დაიწყო წუწუნი, რომ კოშმარები აწუხებს და რომ მოხუცი ასეთ დროს სახლში მარტო არ უნდა რჩებოდეს. იგი ცოტათი დაწყნარდა, როდესაც ჯეფრი დაჰპირდა, ღამით ოთახში შემოვიხედავ ხოლმეო.
– ჯეფრი, რომელ საათზე შეხვედით მასთან? – ჰკითხა ახალგაზრდა კაცს გამომძიებელმა.
– პირველად, მგონი, თერთმეტის ნახევარზე, შემდეგ – შუაღამით და ბოლოს – პირველ საათზე.
– ელაპარაკეთ მას?
– არა, უკვე ეძინა. ხვრინვა გავიგონე.
დილის ხუთ საათზე კი მოახლემ თავისი პატრონი ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. საძინებელში თავი მოიყარეს დოლორესმა, ჯეფრიმ და ექიმმა გრიფინმა, რომელიც გამოიძახეს და გვამის დათვალიერებაც მოასწრო.
– უკვე ორი საათის მკვდარია, – თქვა მან, – მისი სიკვდილის მიზეზს კი, სამწუხაროდ, ვერ ვადგენ.
საძინებლის მაგიდაზე ტრელონის ოქროს საათი წამლების ფლაკონებსა და სანათს შორის იდო. მალამო ოთახში მძაფრ სუნს აფრქვევდა. სომერსეტს რატომღაც მოეჩვენა, რომ საათი გაჩერებული იყო. ყურთან მიიტანა და ასე არ აღმოჩნდა, საათი წიკწიკებდა. სრულიად მექანიკურად მოატრიალა, მოსამართი მოწყობილობა მხოლოდ ორ წრეზე დატრიალდა და ბოლომდე მოიმართა. ამ დროს რაღაცნაირი ხმა გამოსცა. დოლორესმა ნერვიულად იყვირა: „გეყოფათ, ეს ხმა სასიკვდილო ხროტინს ჰგავს...“
სომერსეტმა ითხოვა, ექიმი გრიფინიც მოსულიყო. მანამდე კი გამადიდებლი შუშა ამოიღო და თავახდილ კუბოზე დაიხარა. იგი ლუპის მეშვეობით გარდაცვლილის სახეს სწავლობდა. როდესაც გრიფინი მოვიდა, ყველანი გარდაცვლილის საძინებელში ავიდნენ. სომერსეტი ფანჯრებთან მუხლებზე დაეშვა და ლუპით თითოეული დუიმის შესწავლა დაიწყო.
– ეს ფანჯრები იმ დღეს არავის გაუღია, – თქვა ბოლოს, – ისინი ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გაღებული რომ ყოფილიყო, კვალს აუცილებლად ვიპოვიდი. თუმცა, მათი გაღების აუცილებლობა არც იყო.
– ეს რა ხმაა? – იკითხა ექიმმა.
– ეს გარდაცვლილი ტრელონის საათია, ის მაგიდაზე დევს და ისევ წიკწიკებს.
– სამი დღის განმავლობაში ხომ უნდა გაჩერებულიყო?
– გაჩერდა კიდეც, მაგრამ მე ისევ მოვმართე. ვიდრე გვამის თვალიერებას დავიწყებდი აქ ამოვედი. სიმართლე გითხრათ, ამ სახლში იმიტომ მოვედი, რომ ეს საათი ზუსტად საღამოს ათზე მომემართა. სხვათა შორის, ვიცი, რომ ძალიან ცნობილი ექსპერტი გყავდათ მოწვეული. როგორ მოახერხეთ? სადმე აქ ცხოვრობს?
– არა, უბრალოდ, სტუმრად იყო ჩამოსული. როდესაც მის მოსაყვანად მსახური გავაგზავნეთ, ლოგინში იწვა და ცხელ პუნშს სვამდა. გაციებული იყო.
დეტექტივმა სიხარულით შესძახა:
– როგორც იქნა, ეს საქმე გახსნილია. მოვითხოვ დილის ხუთ საათამდე ეს სახლი არავინ დატოვოს. იმ დროისთვის ყველანი ისევ ამ ოთახში შევიკრიბებით.
დილის ხუთ საათსა და ათ წუთზე გარდაცვლილის საძინებელი ისევ ხალხით გაივსო.
– მკვლელობა მარტივად ჩაიდინეს, – დაიწყო სომერსეტმა, – მისტერ ეპლიმ, ვინც ამ საქმეში ჩართვა მთხოვა, ჯერ კიდევ აქ გამომგზავრებამდე მიმაქცევინა მკვლელობის იარაღზე ყურადღება და სწორ კვალზე დამაყენა. საუბარში თქვა, რომ ექიმობა უნდოდა, მაგრამ მამა დასცინოდა, ავადმყოფს ქლოროფორმით დააძინებ და ოპერციას გაუკეთებო. სიტყვა, რომელმაც ამოცანის გასაღები მომცა სწორედ „ქლოროფორმი“ იყო. გახსოვთ, შარშანდელი, ადელაიდა ბარტლეტის გახმაურებული საქმე, რომელსაც ბრალი იმაში დასდეს, რომ მძინარე ქმარს პირში ქლოროფორმის ხსნარი ჩაასხა და ასე მოკლა. როგორც ჩანს, ჩვენი მკვლელი ამ საქმემ შთააგონა, ეს მეთოდი გამოეყენებინა.
– ჰო, მაგრამ ტრელონს ქლოროფორმი არ უყლაპია. ამაზე თავს დავდებ! – იყვირა ექიმმა გრიფინმა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ აბა გაჟღინთე ბამბა ამ ხსნარით და ოცი წუთის განმავლობაში ასუნთქე მძინარეს, რა მოხდება?
– რა თქმა უნდა, მოკვდება, მაგრამ კვალი დარჩება, ქლოროფორმი კანს წვავს.
– მაშინ წარმოვიდგინოთ ასეთი რამ – მძინარეს წინასწარ სახეზე ვაზელინი წავუსვი, მაშინაც გაჩნდებოდა დამწვრობა?
– არა, რა თქმა უნდა.
– ქლოროფორმი იოლად აქროლადი ნივთიერებაა. საკმარისი იყო, გვამის გაკვეთა ორი დღით დაგვიანებულიყო და ამ შემთხვევაში ასეც მოხდა, რომ სისხლში მისი კვალი ვეღარ ეპოვათ. ოთახში სუნი არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ სხვა წამლებისა და მალამოს მკვეთრი სუნი ფარავდა, რაც შეეხება გაკვეთის დროს ექსპერტმა იმიტომ ვერ იგრძნო, რომ სურდო ჰქონდა – სომერსეტმა ხელში ოქროს საათი აიღო, – მინდა, ამ საათს მიაქციოთ ყურადღება. წუხელ, საღამოს, ათ საათზე მე ის ბოლომდე მოვმართე. ახლა დილის ხუთი საათი და ოცი წუთია. თუ გახსოვთ, ზუსტად ამ დროს, როდესაც ტრელონი მკვდარი იპოვეს, საათი ღვთისმსახურმა მომართა. ახლა დამაკვირდით.
დეტექტივმა საათის მომართვა დაიწყო. საათის მოსამართი მოწყობილობა ბრუნავდა და არ ჩერდებოდა.
– მოიცადეთ, – წამოიძახა, ექიმმა გრიფინმა, – იმ დილით, როდესაც ღვთისმსახური ამ საათს მართავდა, მხოლოდ ორი წრე გააკეთა და გაჩერდა, რადგან ბოლომდე მოიმართა. თქვენ კი უკვე შვიდ-რვაჯერ შემოატრიალეთ და ისევ არ არის მომართული.
– ეს ასეა. ვერცერთ საათს, რომელიც საღამოს ათზე მომართეს, დილის ხუთზე ორი ბრუნით ვერ მომართავ. ანუ, მისტერ ტრელონი დასაძინებლად ათ საათზე არ დაწოლილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭექა-ქუხილის ეშინოდა, ალბათ, გვიანობამდე ვერ დაიძინა. მან საათი, როგორც ყოველთვის, დაწოლის წინ მომართა. სავარაუდოდ, დილის სამი საათისთვის. რადგან მხოლოდ ერთი ადამიანია, ვინც თქვა, რომ ტრელონი ათ საათსა და ოცდაათ წუთზე მძინარე ნახა, ამ ადამიანმა იცრუა.
ჯეფრი უინსუორტი კარისკენ გაიქცა. ექიმი უცებ გადახტა და პირდაპირ მასთან გაჩნდა. მალე ხელბორკილების დადების ხმაც გაისმა. მის დოლორეს დეილი ტირილით გაიქცა, მაგრამ არა დაკავებულისკენ, არამედ ექიმ გრიფინს ჩაუვარდა მკლავებში.
– მოტივი, რატომ უნდა მოეკლა ჯეფრი უინსუორტის ტრელონი.
– საქმე ისაა, რომ უინსუორტი ერთადერთი კაცი იყო, ვინც იცოდა, ტრელონმა ანდერძი ექიმის სასარგებლოდ კი შეცვალა, მაგრამ ჯერ ხელმოწერილი არ ჰქონდა, რადგან თავისი პროფესიიდან გამომდინარე, საბუთი სწორედ მან შეადგინა. მისი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ექიმი გრიფინი მთავარი ეჭვმიტანილი გამხდარიყო. ერთადერთი ადამიანი, ვინც ტრელონის სიკვდილისგან მოგებას ნახავდა, უინსუორტი იყო – დოლორესს მოიყვანდა ცოლად და ქონება დარჩებოდა. მე ჩემს ვერსიაში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, გარდაცვლილის სახე ლუპით რომ არ გამომეკვლია და მასზე მცირედი დამწვრობებისა და ვაზელინის კვალი არ აღმომეჩინა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ