№42 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2008 წლის 9 მარტს, დაახლოებით, ღამის პირველის ოც წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის მისთვის მომავალში სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენი ქალიშვილის კოსმიური მისია არის ის, რომ გამოავლინოს დადებითი თვისებები, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო წრე. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. გამოიყენოს დიპლომატია. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში. მომავალში, სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 9 ივნისს, დღის 12 საათზე. მაინტერესებს რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება? რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და, ასევე, რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან, მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი ატარეთ ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები წაგადგებათ სასიკეთოდ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, ყაირათიანად დახარჯავთ ფულს, ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწევთ. იყავით მიზანდასახული, რომ შეძლოთ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს – დემოკრატიული, სხვებსაც დაუტოვეთ თავისუფალი არჩევნის უფლება. იყავით უანგარო მეგობარი. დაიცავით ტრადიციები. ეს ყველაფერი თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანია.