№42 რატომ გაიხსნა ბოლშევიკური „ენზე“ სტალინის ბრძანებით და რას მოხმარდა ეს თანხები
იოსებ სტალინი რომ გენიალური, შორსმჭვრეტელი და ლენინის ყველაზე სანდო ადამიანი იყო, ეგრეთ წოდებული, „ბოლშევიკური ენზეს“ (ხელშეუხებელი მარაგი) საქმიდანაც ნათლად ჩანს... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პავლე ბულგაკოვი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნას ერთპიროვნულად ლენინს მიაწერენ, სტალინს ამ საქმეში ლომის წილი მიუძღვის. სწორედ სტალინს ჩააბარა ლენინმა ამ უმძლავრესი არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის ყველა ძირითადი სფერო და ამ მძიმე ამოცანას „კობამაც“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) ბრწყინვალედ გაართვა თავი. ჟენევაში ბოლშევიკური ორგანიზაციის სტრუქტურების შემუშავებისა და დახვეწის დროს ლენინს სწორედ სტალინმა შესთავაზა „ბოლშევიკური ენზეს“ ხელშეუხებელი მარაგის შექმნა, რაზეც ლენინი უპირობოდ დათანხმდა. ეს მოხდა 1905 წლის დასაწყისში, როდესაც ლენინმა ბოლშევიკური ორგანიზაციის მოდერნიზაციას მიჰყო ხელი და არაოფიციალურ, მაგრამ მთავარ მრჩევლად 25 წლის „კობა“ – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი – აირჩია. მართალია, ლენინი სულ ემიგრაციაში იმყოფებოდა და რევოლუციურ პარტიას იქიდან მართავდა, მაგრამ ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც რუსეთის იმპერიაში ხდებოდა. ამაში კი მას მისი ერთგული თანამებრძოლები ეხმარებოდნენ. ისინი რეგულარულად ჩადიოდნენ ილიჩთან და ვრცელი მოხსენებებით აცნობდნენ არსებულ ვითარებას. ყველაზე დაახლოებული და სანდო პირები ქართველი ბოლშევიკები იყვნენ – ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე. სწორედ მათგან მიიღო ლენინმა პირველი ინფორმაცია „კობაზე“. ამის შემდეგ მოხდა მათი შეხვედრა და გაცნობა. ლენინმა „კობა“ ყველაზე მეტად დაიახლოვა და მის წინსვლას პირადად კურირებდა. ფელიქს ძერჟინსკი წერდა: „ლენინი კარგად ერკვეოდა ადამიანებში. სტალინში მან მომავალი ბელადი დაინახა და მის პარტიულ წინსვლას პირადად უწყობდა ხელს...“ სწორედ ამიტომ გამოიძახა ლენინმა სტალინი ჟენევაში და მომავალი მმართველი პარტიის მოდერნიზაციის გეგმის შედგენაში მიაღებინა მონაწილეობა. შემდგომ, უკვე პარტიულ ყრილობაზე, ლენინი ერთპიროვნულ მმართველად აირჩიეს და იქვე დაიყო კომუნისტური პარტია მენშევიკებად და ბოლშევიკებად. მენშევიკები, ფაქტობრივად, თამაშგარე დარჩნენ. მაშინ, როდესაც ბოლშევიკებს უკვე გამზადებული სტრუქტურული სქემები ჰქონდათ და რაც მთავარია, კადრები, რომლებსაც სტალინი ედგა სათავეში. სწორედ ამ გაყოფის მერე დაიწყო, ეგრეთ წოდებული, „ექსპროპრიაციების“ სერია, რასაც პარტიულ სალაროში დიდი თანხები შეჰქონდა და რევოლუციურ-იატაკქვეშა პარტია სწრაფად იზრდებოდა და ძლიერდებოდა. ჟენევაშივე შემუშავდა გეგმა, რომელიც მხოლოდ სტალინის მიერ იყო მოფიქრებული და შესანიშნავად იმუშავა. „კობას“ დავალებით, „ექსებიდან“ თუ სხვა წყაროებიდან შესული თანხის მეოთხედი პარტიის ხელშეუხებელ მარაგში უნდა შეეტანათ და ძვირფასეულობის სახით, საიმედო ადგილზე გადაემალათ. კიდევ ერთი მეოთხედი კი საზღვარგარეთ სარფიან საქმეში უნდა ჩაედოთ და იქიდან მიღებული ყოველთვიური მოგების ნახევრით ძვირფასეულობა შეეძინათ და ისიც „ენზეში“ შეენახათ, ხოლო მეორე ნახევარი კი შუაზე გაეყოთ და ერთი ნაწილი საქმეში დაებრუნებინათ (დაეტრიალებინათ), მეორე ნაწილი კი, ცოცხალი ფულის სახით, პარტიული საჭიროებისთვის გამოეყენებინათ. საგულისხმოა, რომ ამ სქემამ 1905-1945 წლებში წარმატებით იმუშავა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ამ ორმოცი წლის განმავლობაში „ენზეს“ სახით სოლიდური ქონება დაუგროვდა, რომელიც 1945 წლის მონაცემებით, 42 მილიარდ მანეთად შეფასდა. ამ ხელშეუხებელი მარაგის ნაწილი – 4 მილიარდის ძვირფასეულობა და ოქროსა და პლატინის ზოდები თბილისში, ბოტანიკური ბაღის კლდეების მიდამოებში არსებულ საიდუმლო გამოქვაბულში ინახებოდა. დანარჩენი ქონება კი რუსეთის სამალავებში იყო შენახული. 1945 წლის მიწურულს, ყველა სამალავი სტალინის ბრძანებით გახსნეს. იქიდან ამოღებული განძი კი ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) ეკონომიკურ აღორძინებასა და ატომური ბომბის დამზადებას მოხმარდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მე ვიყავი იმ კომისიის წევრი (თავმჯდომარე ბერია იყო), რომელსაც „ბოლშევიკური ოქრო“ უნდა აღეწერა და „საქმეში გაეშვა“. ეს ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ და სწორედ ამიტომ დადგა ფეხზე მძიმე ომის მერე დანგრეული ქვეყანა და ამიტომაც შევქმენით ასე სწრაფად ატომური ბომბი“.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ „ექსებიდან“ და განვითარებული ქვეყნების კერძო ბიზნესში დაბანდებული ფულიდან შემოსული ფული საბჭოთა აღორძინებას ხმარდებოდა. საბჭოეთის მოძულე კაპიტალისტებს კი ამ დროს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი საწარმოს მოწილეები ბოლშევიკები იყვნენ და მათ ქვეყანაში ნაშოვნი ფულით მათვე ებრძოდნენ. სტალინის ეს გენიალური გეგმა ჯერ კიდევ 1905 წელს ამოქმედდა და დიდი წვლილი შეიტანა ბოლშევიკურ საქმეში. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეს ამ სტალინური სქემით უკვე რუსეთი მოქმედებს და ამით გარკვეულწილად სტალინურ ტრადიციებსაც აგრძელებს“.