№42 ექიმის რჩევები
კითხვა: 4 დღეა, 34 წლის მამაკაცს ჭიპიდან ცოტა სისხლნარევი სისველე გამოსდის. გთხოვთ გვირჩიოთ, ვის მივმაროთ ამასთან დაკავშირებით. საშიში ხომ არ არის?
პასუხი: შესაძლოა, იყოს ომფალიტი ანუ ჭიპის ანთება. ამ დაავადებას ქირურგი მკურნალობს. საშიში არა, მაგრამ საყურადღებოა, რადგან ომფალიტი შეიძლება გართულდეს.
კითხვა: რამდენიმე დღის წინ თვალის ტკივილი დამეწყო, ძირითადად ქვედა ქუთუთო მაწუხებდა, თან ძალიან მექავებოდა. მეორე დღესვე მივედი ექიმთან და მითხრა, ჯიბლიბო გაქვსო. ვისვამ მალამოს და ვსვამ იმუნიტეტის ვიტამინს. მაინტერესებს, რამდენ ხანში მომირჩება?
პასუხი: გაურთულებელ შემთხვევაში, სწორი მკურნალობისა და ჰიგიენის სწორად დაცვის დროს ჯიბლიბო 7-8 დღეში უნდა მოგირჩეთ.
კითხვა: ვარ ახლომხედველი. შეიძლება, ოპერაციით ისეთი მხედველობა გამიხდეს, როგორიც ნორმალურ ადამიანს აქვს?
პასუხი: წინასწარ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე პაციენტს ეუბნებიან, რამდენად გამოუსწორდება მხედველობა. ყოველთვის 100-პროცენტიანი კორექცია შეიძლება, არ მოხდეს.
კითხვა: მყავს ორწლინახევრის ბიჭი, მუცელზე გაუჩდა ლაქები, რომელიც დანასუსხივით გამოიყურება, ხელს რომ შეახებ ხორკლიანია. ჭიები არ ჰყავს, სისხლშიც ყველაფერი ნორმაში აქვს, ეოზინოფილის გარდა, რაც სულ მომატებული აქვს. რა კვლევები ჩავუტაროთ? გულზე ნაოპერაციებია და მეშინია, რამე არ გამომეპაროს.
პასუხი: ეოზინოფილების რაოდენობის მომატება გვხვდება როგორც პარაზიტოზის, ისე ალერგიული დაავადებების დროს, აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს.
კითხვა: როგორც ვიცი, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ექოსკოპია კეთდება მენსტრუაციიდან მე-10 დღეს, მაინტერესებს, თუ მოგვიანებით გაკეთდა, მაგალითად, მე-15 ან მე-20 დღეს, სურათი სრულყოფილი არ იქნება?
პასუხი: გამოკვლევის დაგეგმვა ექოსკოპიის მიზანზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ციკლის პერიოდს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, ეს საკითხი თქვენს ექიმთან უნდა დააზუსტოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე