№42 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა პასუხისმგებლობა აკისრია ნათლიას თავისი ნათლულის წინაშე?
პასუხი: ნათლია უფლის წინაშე აგებს პასუხს თავისი ნათლულის სულიერ აღზრდაზე. ნათლიამ ნათლულს უნდა ასწავლოს ყველაფერი, რაც სულის ცხონებისთვისაა აუცილებელი. მან თვალ-ყური უნდა ადევნოს ნათლულის ქრისტიანულ ცხოვრებას, ასწავლოს მარხვის დაცვა, ლოცვების კითხვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება და სხვა. ასევე, აუცილებლად უნდა დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში. ნათლია მუდმივად უნდა ზრუნავდეს ნათლულის სულიერებაზე და მათი ეს ურთიერთობა მიწიერი სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.
კითხვა: როდის არის მრისხანება მისაღები?
პასუხი: მრისხანება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ის ცოდვისკენ არის მიმართული. აქ იგულისხმება დანაშაული, მცნებების დარღვევა და სხვა. ამასთანავე, აუცილებელია ვიცოდეთ მრისხანების მოტივაცია, ანუ რას ემყარება ის – სიძულვილსა და ბოროტებას თუ მოყვასის სიყვარულსა და თანაგრძნობას. მრისხანებას მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს – ცოდვილის ხსნა.
კითხვა: მაინტერესებს, სად იმყოფება ადამიანის სული, როდესაც ის გონზე არ არის?
პასუხი: იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის, მის სხეულშივე იმყოფება. სულის სხეულიდან გაყრა გარდაცვალებას ნიშნავს. არის შემთხვევები, როდესაც მძიმე ავადმყოფი იტანჯება და სულს უჭირს სხეულთან გაყრა, ამ დროს არსებობს სპეციალური ლოცვები, რომელსაც მოძღვარი კითხულობს, რათა ეს პროცესი უმტკივნეულო იყოს და სული გათავისუფლდეს.
კითხვა: მახსოვს, კომუნისტების დროს მაქსიმალურად ცდილობდნენ, „გადაეკეთებინათ“ ყველა ადამიანი, ვინც ცაცია იყო. ახლა ძალიან ბევრი მემარცხენე მარცხენა ხელს ჩვეულებრივად იყენებს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ცაციამ პირჯვარი მარცხენა ხელით გადაიწეროს?
პასუხი: მარცხენა ხელით პირჯვრის გადაწერა არ შეიძლება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ მარჯვენა ხელი ადამიანს დაზიანებული აქვს და ვერ იყენებს. ასეთ დროსაც კი პირჯვრის გადაწერისას მიმართულება უნდა დაემთხვეს მარჯვენა ხელით პირჯვრის წერას.
კითხვა: როგორც ვიცი, ნალი ბედნიერებისა და წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევა. ცოდვას ხომ არ ჩავიდენ, ჩემი სახლის შესასვლელ კარზე რომ მივამაგრო?
პასუხი: ეს არასწორი საქციელი იქნება, რადგან ნალს კი არ მოაქვს ოჯახისთვის ბედნიერება, არამედ ქრისტიანულ ცხოვრებასა და მცნებების აღსრულებას. ნალისა და სხვა ამგვარი ნივთების გაკეთება წარმართული ჩვეულებაა და ბედნიერების ნაცვლად ბევრისთვის უბედურება და წარუმატებლობა მოაქვს. თქვენი ოჯახის დასაცავად სახლში ჯვარი იქონიეთ.