№42 რა აწუხებთ ქალებს ქმრის ღალატში ყველაზე მეტად და რას ვერ ივიწყებენ ისინი
ღალატის ფსიქოლოგია საინტერესო და მრავალფეროვანი თემაა. ერთი შეხედვით, ყველა ღალატი თითქოს ერთნაირია, მაგრამ ყველა წყვილს ღალატზე რეაგირების მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფორმატი აქვს. არიან ქალები, რომლებსაც უფრო მწვავედ ადარდებთ ფსიქოემოციური ფონი, რომელიც თან ახლავს მეუღლის ღალატს, ვიდრე ქმრის სხვა ქალთან სიახლოვის ფაქტი.
დიანა (34 წლის): როცა ვთხოვდებოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე და ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანზე გულაცრუებული საჯაროდ დავიწყებდი ლაპარაკს, თუ როგორ მატკინეს და თავმოყვარეობაც ფეხქვეშ გამითელეს.
– მეუღლეზე საუბრობთ?
– დიახ. ქალს ხომ ქმარზე ახლობელი არავინ ჰყავს და არც უარესი მტერი შეიძლება არსებობდეს. დიახ, ქმარიც შეიძლება გადაგექცეს მტრად, თუკი მის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდება.
– ანუ, ღალატის პრობლემაა.
– ღალატი, რბილად ნათქვამია. ეს არის კატასტროფა. სტიქიური უბედურება, რომელიც თავს გატყდება და განგრევს. ვერ წარმოიდგენთ, რა მემართება. ვიტანჯები, როცა მის მაისურს უცხო სუნამოს სუნი ასდის და საკუთარი თავიც მეზიზღება. ოთხი შვილი მყავს. ოჯახს ასე ხელაღებით ვერ დავანგრევ. ადვილი სათქმელია, „გააგდე“, „კარი მიუხურე“, „ასეთი უნდა მოიშორო“... ჯერ ერთი, ჩვენ შორის ათი წელი დგას, ათი წელია, ერთად ვართ და უბედნიერესი დღეები გვქონია. მეორე ის, რომ ვერაფერს ვუმტკიცებ. საკუთარ თავს ვეღარ ვიტან. არავინ არაფერი იცის, ყველას ჰგონია, რომ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. მე კი სიმართლეს ვერ ვამბობ, ვერ ვამბობ, რომ ჩემი ქმრის დანახვაზე უჰაერობა მიჭერს ყელში და მახრჩობს, ვიტანჯები. თავიდან ვტიროდი, საკუთარ თავთან ვჩხუბობდი, ახლა გული გავიქვავე. როგორ უნდა ვიცხოვრო ასე, გულგაციებულმა.
– არ დალაპარაკებიხართ ქმარს ამის თაობაზე? მასთან საუბარი არ გქონიათ?
– რა თქმა უნდა, მქონდა. როცა პირველი ეჭვები გამიჩნდა, პირველი ისტერიკაც დამემართა. ოღონდ არ მინდა ჭკუის დარიგება, რომ სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. რა სიმშვიდეზეა ლაპარაკი, როცა ფეხქვეშ მიწა გერყევა.
– ჩხუბი დაუწყეთ?
– არა. ჩხუბი არა, ტირილი დავიწყე: მღალატობ. შენ აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი. ტანსაცმელზე სხვა ქალის სუნი აგდის-მეთქი. სიცილი დაიწყო. მომეხვია, რა სულელი ხარ, საიდან მოიგონე, რატომ გაქვს ასეთი ფანტაზიები. მე არავინ მყავს და არც არავისთან ვაპირებ წასვლას. შენ ტყულიად არ იფიქრო ასეთ რაღაცებზე და ნერვები არ მოიშალო. სამსახურში იმდენი ქალია... ეტყობა, სუნამოს არომატები იმიტომ იგრძენიო.
– იქნებ, ნამდვილად ასეა?
– არა, რას ამბობთ. მართლა სულელი კი არ ვარ. იცით, რა არის ქმრის ღალატში ყველაზე დამამცირებელი და სულისშემძვრელი? დებილი რომ გამოყავხარ და ცდილობს, ამით უარესად დაგამციროს. რას ნიშნავს, სუნამოს არომატების „გადადება“. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი ძალიან ჭკვიანია და ფაქტებს არ მაძლევს მის წინააღმდეგ. მე კი ვეძებ და ვქექავ. მაგრამ არაფერი მაქვს, გარდა უცხო ქალის სუნისა, რომელიც ნამდვილად არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. დავიღალე ნერვიულობით. საკუთარ თავში ქალს ვებრძვი, რომელიც შეურაცხყოფილია და შურისძიება უნდა. რა გავაკეთო, როგორ ჩავახშო ჩემში პროტესტის ხმა. ამას მერჩივნა, ეთქვა, რომ მიღალატა და ბოდიში მოეხადა. მისი უტიფრობა მაგიჟებს. არაფერს იმჩნევს და კვალსაც შლის. ვერაფერში გამოვიჭირე.
– ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა თქვენი დაკარგვა. არც ოჯახის დანგრევას აპირებს.
– როგორი ნუგეშია? უნდა მიხაროდეს? მგონი, ეს კიდევ უარესია. თვალთმაქცი, მატყუარა და ნაძირალაა. კარგი ცხოვრება უნდა – ცოლიც, საყვარელიც, ოჯახიც, „გულაობაც“... ეს როგორ უნდა მოვითმინო. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ღალატში გულსატკენი თავად ფაქტი კი არა, მამაკაცის დამოკიდებულებაა ცოლის მიმართ. არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი წუხილი. ანუ, დარწმუნებულია, რომ არაფერს აშავებს და ასეც უნდა იყოს. თან, ვითომ მიფრთხილდება. გულისამრევია მისი საქციელი. გულწრფელად გეუბნებით, თუ დავინახავ, ნანობს და წუხს, ტკივილი რომ მომაყენა, ვაპატიებ, ეს უფრო შემიძლია. მსგავსიც კი არაფერი ხდება. შეფერებული აქვს ყველაფერი და ეს მანგრევს. მინდა, კარგად გამიგოთ – არ მივეკუთვნები „ისტერიჩკების“ კატეგორიას. არც უთავმოყვარეო ქალი ვარ, რომელსაც ოღონდ აჭამე და ყველაფერი სულერთია. მაქვს პრეტენზია ღირსებაზე. მინდა, მაფასებდნენ, პატივს მცემდნენ. ყველაფრის პატიება შეიძლება, თუ ხედავ, რომ ადამიანი ნერვიულობს იმაზე, რაც გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს ექნება ჩემნაირი პრობლემა. ვიცი, რომ ღალატზე რეაგირება ძირითადად ერთნაირია – მწვავე და ისტერიკული. მართლა შეუძლებელია იმ ნეგატიური ემოციის შეკავება, რომელიც ღალატის დროს ჩნდება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ – დიდი მნიშვნელობა აქვს, კაცი როგორ დაიჭერს თავს ამის შემდეგ. რამდენად ადეკვატური იქნება და რას გაგგრძნობინებს. შეიძლება, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, მაგრამ ისეთი იმპულსები წამოვიდეს მისგან, რომ აგრესია ჩაგიცხროს. ხვდებით, ხომ, რას ვამბობ – ღალატის, წყენის დავიწყება შეიძლება, თუ ადამიანისგან იგრძნობ თანადგომას შენს გასაჭირში, რომელიც ისევ მან გაგიჩინა. მე ჩემი ქმრისგან მსგავსს არაფერს ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, რა გავაკეთო.
– რადგან რადიკალური ზომების მიღება არ შეგიძლიათ, იქნებ, არ იფიქროთ ამაზე.
– მინდა, მაგრამ არ გამომდის. მტკივნეულია იმის ყურება, როგორი გულმოდგინებით იპრანჭება სარკესთან, სუნამოს ისხამს და კმაყოფილი ათვალიერებს თავის გამოსახულებას. ასეთ დროს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იმასთან არ მიდის. პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული. ხმას ვერ ვიღებ. რომ დავიწყო ლაპარაკი, უნდა შევყვე და რითი დამთავრდება, არ ვიცი. არადა, გული გამისკდება, რამდენს უნდა გავუძლო.