კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ვის სიმარტოვეში შეიჭრა დაუკითხავად გოგი ხარაბაძე და რატომ არ უყვარს მას მშობლების საფლავები

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

„მსახიობის პროფესია ტრაგიკულია... სიხარულის ერთი წამისთვის ცხოვრობ. ასეთი წამებიც იშვიათია, მაგრამ იმდენად ტკბილია, რომ თანახმა ვარ, ასჯერ ვცადო და ვეწამო, ოღონდ იმ წამმა ერთხელ გაიბრწყინოს”.
მსახიობმა გოგი ხარაბაძემ რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, როდესაც მასობრივ სცენებში იღებდა მონაწილეობას. მსახიობის თქმით, სწორედ, ეს წლები იქცა მისთვის თეატრის შეცნობისა და შეყვარების წლებად… (წყარო: opentexts.org.ge) „თავდაპირველად პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ, როდესაც ქალთა და ვაჟთა სკოლები გაერთიანდა, 47-ე სკოლაში აღმოვჩნდი. მოგვიანებით იმავე რუსთაველის გამზირზე, თეატრალურ ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა. მოღვაწეობაც რუსთაველის თეატრში დავიწყე. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, მთელი ჩემი ცხოვრება რუსთაველის გამზირს უკავშირდება. ძველი თბილისი სულ სხვა იყო, დღევანდელს არ ჰგავდა. ახალგაზრდები ოპერისა და ბალეტის თეატრის ან ლაღიძის წყლების წინ ვიკრიბებოდით, „ვბირჟაობდით“. შებინდებამდე ვიდექით ხოლმე ასე. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ საღამოს, როცა შეგვცივდებოდა (განსაკუთრებით ზამთარში), ან ოპერის, ან რუსთაველის თეატრში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. რა დამავიწყებს ამ საღამოებს! ოპერაში ხომ ჭაბუკიანი ცეკვავდა; გამრეკელი, ამირანაშვილი, კრავეიშვილი, ანჯაფარიძე მღეროდნენ; რუსთაველის თეატრის სცენაზე კი გამოდიოდნენ: ხორავა, ზაქარიაძე, ვასაძე, გეგეჭკორი, მანჯგალაძე... საბედნიეროდ, ჩემს თაობას გემოვნება, სწორედ, ამ დიდმა ადამიანებმა ჩამოუყალიბეს…“
იქ, სადაც დიდი ფული ტრიალებდა (გოგი ხარაბაძის დღიურებიდან)
მამა მთელი თავისი სიცოცხლე ნომენკლატურული მუშაკი იყო. იგი პატიოსანი კაცი იყო, ამიტომ ზოგჯერ უცნაურიც ჩანდა. მართალია, ამ პატიოსნების გამო საბჭოთა სისტემაში „მოძრაობა“ უჭირდა, მაგრამ მაინც აქტიურად მოღვაწეობდა. პატიოსნება მისი თვისება იყო. ყველა დროში არსებობს პატიოსანი ადამიანის დეფიციტი. მაშინაც ასე იყო... სულ ისეთ სფეროში მუშაობდა, სადაც ბევრი ფული ტრიალებდა, მაგრამ სულ გვშიოდა და გახეული ფეხსაცმლით დავდიოდი. მახსოვს, ერთხელ ჟინჟღლავდა. სასეირნოდ მაინც გავედი. რუსთაველზე, ოპერის წინ, გადახურულ ნაწილში, ჩემი თანატოლი გივი მარგველაშვილი იდგა. გვერდზე ჩავუარე და ვთხოვე, წამოდი, რუსთაველზე ერთად გავიაროთ-მეთქი. უარი მითხრა: ფეხსაცმელი დამანახა, გახვრეტილი მაქვსო. მეც ჩემი ვაჩვენე: რა მოხდა, მეც „დირკა“ მაქვს-მეთქი. აი, ასე ვიზრდებოდი. დედაჩემი მამაჩემისაგან სრულიად განსხვავდებოდა. წერეთლის ქალი იყო. მამა 24-ში შორაპანში დაუხვრიტეს. ქართველი ინტელიგენცია მატარებლის ერთ ვაგონში ჩაამწყვდიეს და ტყვიამფრქვევის ჯერით დაცხრილეს… დედა ღვთისმოსავი ქალი იყო. მახსოვს, ერთი ხატი ჰქონდა. კედელზე ჩამოკიდებდა ხოლმე. მამა, რომელიც სახლში გვიან დაღლილი ბრუნდებოდა, ხანდახან ვერც კი ამჩნევდა ამას. მაგრამ როცა შენიშნავდა, დედას სთხოვდა: გეხვეწები, ჩამოხსენი, დაგვიჭერენ, ბავშვები ცოდონი არიანო. დედაც ჩამოხსნიდა კედლიდან ხატს. მაგრამ გადიოდა სულ რაღაც ათი დღე და ხატს კედელზე ისევ კუთვნილ ადგილს მიუჩენდა ხოლმე. ხატის ეს ჩამოკიდება და ჩამოხსნა უსასრულოდ გრძელდებოდა… ჩემი მშობლები ჩემში ცოცხლობენ. საოცარია, არ მიყვარს მათი საფლავები. ჩემთვის არ არის თბილისში ამაზე უცხო ადგილი. მივდივარ, რასაკვირველია, ვუვლი, ყვავილებიც მიმაქვს, მაგრამ არ მიყვარს...
ლუკას სახარება
რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული. ცხადია, ვნანობ, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდება კაცი, რა აღმოჩნდება? ის, რომ ეს შეცდომები აძლევს ცხოვრებას
შინაარსს… ბუნდოვნად მახსოვს, ალბათ, ოთხი-ხუთიოდე წლის ვიქნებოდი, გავიღვიძე და ოდნავ გაღებულ კარში დედას მოვკარი თვალი – დედა დაჩოქილი ლოცულობდა... შევშინდი, ვიგრძენი, რომ დაუკითხავად შევიჭერი მის არაჩვეულებრივ სიმარტოვეში. მაშინ პირველად დავფიქრდი: რა შეიძლება, ეთხოვა დედას ღმერთისთვის. ამის შესახებ არასდროს მიკითხავს მისთვის; სულ კი ვფიქრობდი… რას სთხოვდა? იქნებ იმას, რასაც მე ვთხოვ ახლა… ჩემმა უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ გერმანიიდან ლუკას სახარება ჩამომიტანა. კარგი გამოცემა იყო – დართული ჰქონდა განმარტებები და ტექსტის ანალიზი… „... ძმაი ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა”... საოცრად მიმიზიდა ლუკას სახარებამ. რა არის ჩემი სისუსტე? ჩემო კარგო, ბევრი სისუსტე მაქვს. ერთადერთი, ის შემიძლია, გითხრათ, რომ, რაც ასაკი მემატება, უფრო და უფრო ვგრძნობ და ვხედავ მათ, უფრო აქტიურად ვიბრძვი ამ სისუსტეების დასაძლევად. მაგრამ კაცს რაც ნაკლები დრო რჩება, მით რთულია სისუსტეებთან გამკლავება. ახალგაზრდობაში გგონია, დაბრძენდები და წლებთან ერთად ყველაფერს დაძლევ. ასე არ არის! რაც ცოტა რჩება დრო, მით ძნელია ამ გზის გავლა. დღესაც ამ ძნელის გავლაში ვარ. გზიდან ჯერ არ გადამიხვევია და ამით ცოტას, ვამაყობ კიდეც…
ხარაბაძე, გალაკტიონი და სუკი
90-იან წლებში დადგმულ სატელევიზიო ციკლში, რომელშიც განვასახიერე აკაკი, ილია, ვაჟა და კლდიაშვილი, რუსთაველის პრემია მივიღე. 2000 წელს კი მხატვრულ ფილმში გალაკტიონის როლი შევასრულე. მაგრამ ნუ იფიქრებთ, როდისმე მიცდია, ვყოფილიყავი ერთ-ერთი ამ კლასიკოსთაგანი. არა! მე მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე ამ ზეადამიანების მიმართ. ჩემთვის მთავარია ის განცდა, რომელსაც ვგრძნობ მაშინ, როდესაც მათ ნაწარმოებებს ვკითხულობ. თუ ჩემ მიერ მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა ვინმეს აღელვებს, ვინმესთვის ახლობელი გახდა, მაშინ ბედნიერი კაცი ვარ! ესე იგი, არსებობს ადამიანი, რომელიც შენსავით ფიქრობს, რომელსაც შენსავით აწუხებს... მაგრამ ამ ციკლზე მუშაობა ძალიან რთული და დაძაბული პროცესი იყო. ეს დღეში 10-12 საათის მუშაობის შედეგია… მაგონდება გალაკტიონი: „კარგია ძილი რკინაზე მძიმე ან უცხოეთში უცხოდ დაკარგვა. კარგია თოვლი, კარგია წვიმა, მაგრამ უცნობო, შენ რა დაგარქვა?“ ლონდონში ვარ. მენატრება ძილი. არანაირი წამალი არ მშველის. მინდა, გავიდე ქუჩებში და უგზოდ ვიხეტიალო, დავიკარგო ამ მუქნაცრისფერ ქალაქში. თითქოს თოვლ-წვიმაც მოდის... „მაგრამ უცნობო, შენ რა დაგარქვა?“ დასში ამნაირი „უცნობი“, სამწუხაროდ, ძალზე ბევრი იქნება. გარეთაც ბევრი გითვალთვალებს. სუკი სუკობს... ერთი წიგნი ვიყიდე. დიდი არაფერია, მაგრამ კომუნისტურ ცხრაკლიტულში როცა შევალთ, უმჯობესია დავუმალო მჩხრეკელთ. ტელეფონი ავიღე. აგერ კოდებიც. აკრიფე კოდი და დარეკე, რომელ კონტინენტზეც გინდა. დარეკე და ეჟღურტულე, ვისაც გინდა. ოღონდ, ოღონდ სსრკ-ში არა, ნურას უკაცრავად. ისე, თუ სადმე დავრეკავ, მხოლოდ ხუთი წუთის საუბრის
ფული მაქვს... ეს არის და ეს.
რა ჰქვია ამას, არ ვიცი
თუ არ ვცდები, ფრანგული ანდაზაა: ზარმაცი ქალი მხოლოდ სიყვარულის გრძნობამ შეიძლება, საქმიანი გახადოს. ენერგიული ქალი კი მხოლოდ სიყვარულის ჟამს ზარმაცდება. რა ჰქვია ამას, არ ვიცი, კარგი კია. ისეთ ატმოსფეროში გავიზარდე, რომელშიც ქალს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს სიყვარული დედაჩემიდან მოდის. ვფიქრობ, სიყვარულის გარეშე არ შეიძლება, ადამიანი არსებობდეს. საკვირველია, მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც ეს გრძნობა არ განუცდიათ. მე ვიცნობ მათ, თუმცა მათთან ვერ ვახლობლობ. ასეთმა ადამიანმა შეიძლება, ჩათვალოს, რომ არ უცხოვრია. წუთები, დღეები, რომლებსაც კაცი ქალის სიყვარულის გარეშე ატარებს, ცხოვრებაში დაკარგული, გამოტოვებული დღეებია. სიყვარული ყველაფრისთვის დიდი სტიმულია. ამ გრძნობაზე უფრო ამაღლებული არაფერი არსებობს. მხოლოდ ღმერთი...
 გეგმებზე
 გეგმებზე საუბარი არ მიყვარს. არც წარსულს ვუბრუნდები ხოლმე. თუ გამიმართლა, შემოდგომაზე შევძლებ კინოპროექტის განხორციელებას, რომელიც თითქმის მზად მაქვს. ამაში ჩემი შვილებიც დამეხმარებიან, რადგან პროდიუსერები არიან. ერთ-ერთი მათგანი უკვე 14 წელია, ჰოლივუდში მოღვაწეობს. თავისუფალი ტრიბუნიდან რას ვიტყოდი? ბევრი რამის თქმის სურვილი მაქვს. მაგრამ, მოდი, ნახევრად იუმორისტულ ამბავს გავიხსენებ. საბჭოთა პერიოდში შატროვის პიესაში, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“, ვთამაშობდი. ლენინის როლს ვასრულებდი. კარგი სპექტაკლი იყო, სტურუამ დადგა რუსთაველის თეატრში. პიესა ასე მთავრდებოდა: ლენინთან შემოდის ბონჩ-ბრუევიჩი და ეკითხება ბელადს: ფული გამოჩნდა და ქვეყნის შენება საიდან დავიწყოთ, იქნებ, მძიმე ინდუსტრიას მივხედოთო? არაო, პასუხობს ლენინი, ჩვენ ფანქრების ფაბრიკა გვჭირდება, რომ ხალხს წერა-კითხვა ვასწავლოთო. ალბათ, ეს ლენინის ერთადერთი ფრაზაა, რომელიც დღემდე აქტუალურია. ჩვენც, სწორედ, ფანქრების ფაბრიკა გვჭირდება, რომ სიყვარული ბოროტებისაგან, კარგი ავისაგან გავარჩიოთ.
 ფიროსმანი უკუბოოდ
სულ ქვეშეცნეულად მიყვარდა ფიროსმანი. რატომღაც ჩემს სულიერ საზრდოს იქ ვერას ვხედავდი. დიდი ხანი არაა, რაც „განმეხვნა კარნი გონებისანი“. ახლა რა საოცრად ვგრძნობ ფიროსმანის ღვთაებრივ, უმანკო ნიჭიერებას, ხშირად თავზარდამცემია ამ ნიჭის გააზრება. საათობით შემიძლია თითოეულ სურათზე საუბარი... წავიკითხე კიდეც ყველაფერი, რაც ამ გენიალურ მხატვარზე დაწერილა. ისევ საშინელი უკმარისობის გრძნობა. როგორც სრულყოფილი ლიტერატურის ისტორია არა გვაქვს, ისე ხელოვნებისაც (მგონი, ეს მეორე საერთოდ არა გვაქვს). აქ არის სწორედ „სიშორის სიახლოვის შორეული“ განცდა. აქ არის „უტყვი მეტყველება“ და „სიხარულის წუხილი“. ვგიჟდები, როცა წარმოვიდგენ – მშიერ-მწყურვალი გენიოსი როგორ უპატრონოდ მოკვდა. შემდეგ კი რადგან ჭირისუფალი არ გამოსჩენია, რამდენიმე უპატრონო მკვდართან ერთად, სადღაც მიაბარეს მიწას, იქნებ უკუბოოდაც... ფიროსმანის ერთ-ერთი ყველაზე პირველად შემგრძნობი ლადო ასათიანია!
скачать dle 11.3