№42 როგორ აჯილდოებს კრემლი ჩეჩნეთს ინგუშეთის ტერიტორიით და რისთვის ემზადებოდნენ 2012 წელს ინგუშები შავნაბადას სამხედრო ბაზაზე
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა, 18 სექტემბერს, ჩეჩნეთს ოფიციალურად გადასცა ჩეჩნეთის ნავთობკომპანია, დამატებით, მიწის ნაკვეთიც უსახსოვრა – არც მეტი, არც ნაკლები, ინგუშების კუთვნილი. ამ ფაქტმა ინგუშეთში დიდი მღელვარება გამოიწვია და მასობრივი გამოსვლებიც. მეორე მხრივ, მოსკოვისთვის რთულად საწინასწარმეტყველო არ უნდა ყოფილიყო, რომ მიწის გაჩუქება ინგუშეთს ააღელვებდა, შესაბამისად, ან ჩეჩნებისადმი დემონსტრაციულად გამოხატა კეთილგანწყობა, ან ჩეჩნებისა და ინგუშების, ანუ ვაინახების დაპირისპირების მცდელობაა (პრინციპით: გათიშე და იბატონე). რატომ დაიჩაგრნენ ინგუშები და არის თუ არა ხელსაყრელი რუსეთის ხელისუფლებისთვის ჩრდილო კავკასიაში უმართავი დაძაბულობის შექმნა, თუ მომხდარი მაინც რამზან კადიროვის გაძლიერებას ემსახურება? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ნავთობის შემდეგ რატომ გახდა უცებ აქტუალური მიწის გაყოფის საკითხი?
– ტერიტორიების საკითხი ახლა არ წამოჭრილა, 1993 წლის თებერვალში, როდესაც მე გროზნოში დუდაევთან ინტერვიუს ასაღებად გახლდით, საუბრობდნენ იმაზე, რომ დუდაევმა და აუშევმა, ინგუშეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მოილაპარაკეს გაყოფაზე. ისე მოხდა, რომ, როდესაც ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ინგუშები, რადგან „პრიგოროდნის“ რაიონის გამო ოსებთან ჰქონდათ პრობლემა, რუსეთის შემადგენლობაში დარჩნენ, იფიქრეს, რომ პრობლემას ამ მეთოდით უფრო იოლად მოაგვარებდნენ. აი, მაშინ გადაწყდა, რომ მოლაპარაკება დაწყებულიყო ადმინისტრაციული საზღვრის სახელმწიფო საზღვრად გადაკეთებაზე, აუშევი აჰყვა ამ დიალოგს, მაგრამ საბოლოოდ ობიექტური მიზეზების გამო, ეს მოლაპარაკება ვერ დასრულდა.
– ობიექტურ მიზეზებში რას გულისხმობთ?
– ვერ მოახერხეს, დრო არ ეყოთ ამისთვის, თორემ რაღაც საკითხები შეათანხმეს. შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის თემა მუდმივად აქტუალური იყო, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნურ-ინგურუში საზღვარი ერთადერთია, რომელიც დღემდე დაუდგენელია. ინგუშები უკან იხევდნენ, რადგან რამზან კადიროვის გაპრეზიდენტების შემდეგ ჩეჩნები მუდმივად აცხადებდნენ პრეტენზიას, რომ მეტი ეკუთვნოდათ. იქ ბევრი სადავო საკითხია: თუ მოლაპარაკებებზე მიდგა საქმე, ძალიან რთულია, განსაზღვრო, რომელია ჩეჩნური ტერიტორია და რომელი – ინგუშური. მაგალითად, ყაბარდო-ბალყარეთში მექანიკურად გადაჭრეს პრობლემა: პირდაპირ გაავლეს საზღვრის ხაზი და არავის არაფერი ჰკითხეს, ანგარიში არავის გაუწიეს და ამიტომაა იქ დღესაც დაძაბული ვითარება. რადგან ჩეჩნეთ-ინგუშეთის შემთხვევაში რთულია მოლაპარაკებებით რამის დადგენა, რამზან კადიროვმა პრობლემის მოგვარება სხვანაირად გადაწყვიტა. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტერიტორიების გაცვლა შესაძლებელია, მაგრამ სამხრეთში რთულია, იმიტომ რომ ჩეჩენ-ინგუშეთის შუაში არის დიდი ნაკრძალი, რომლის ნაწილი, პირობითად ინგუშურია და შეჭრილია პირობითად ჩეჩნურ ნაწილში. ეს ზუსტად ის ადგილია, ცნობილი ჩეჩნური სოფელი, სადაც ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინეს, ზუსტად ის, რომელიც „როსნეფტმა“ გადასცა ჩეჩნეთს და რომელიც ძალიან მჭიდროდ ეკვრის ერთ-ერთ ინგუშურ სოფელს. რამზან კადიროვმა მოინდომა იმ ტერიტორიის მიღება, რომელიც ინგუშური სოფლის ბოლო სახლთან მთავრდება. ესე იგი, ისიც კი არ განუხილავთ, რომ საბადო გაყოფილიყო და ინგუშებსაც რაღაცით ესარგებლათ.
– ესე იგი, მხოლოდ ტერიტორია არ არის პრობლემა.
– საბადოებზეცაა ლაპარაკი. მოგეხსენებათ, ჩეჩნეთმა ცოტა ხნის წინათ თავისი „ომონი“ შეიყვანა და გზის დაგება დაიწყეს, ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ევროკუროვი, ინგუშეთის მეთაური, როგორც ჩანს, დაიყოლია მოსკოვმა, ტერიტორიის არამართლზომიერ გაცვლაზე, ინგუშეთის პარლამენტში კენჭისყრისას ხმების ფალსიფიცირება მოხდა, იმიტომ რომ დეპუტატების უმეტესობა წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რაც დღესაა.
– რუსეთის ხელისუფლებისთვის, როგორც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ალბათ, არახელსაყრელია არეულობა თავის რეგიონებში თუ მათ იმედი აქვთ, რომ ინგუშებს, უბრალოდ, დაჩაგრავენ?
– დიახ, სწორედ იმის იმედი აქვთ, რომ ინგუშებს დაჩაგრავენ. ზედაპირზე არ ამოდის, მაგრამ ინგუშები საკითხს ასე აყენებენ: ჩვენს ძმებთან (ვაინახები არიან ორივენი და ეს იგივეა, სასაზღვრო დავა იყოს იმერლებსა და გურულებს შორის), სადავო არაფერი გაქვს და მოსკოვს ეუბნებიან, იმისთვის, რომ ყველაფერი გადაწყდეს იმ ფორმით, როგორც თქვენ გინდათ, დააბრუნეთ პრიგოროდნის რაიონიო. მიტინგებზე ხმამაღლა არავინ ამბობს, თუმცა ამის შესახებ მოსკოვში ჩუმად მიდის გზავნილები. მოსკოვი, რასაკვირველია, ყურს არ იბერტყავს, ჩრდილო ოსეთი მათი მთავარი დასაყრდენია ჩრდილოეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, დღევანდელ ჩეჩნეთთან ერთად, თუმცა ჩეჩნეთი მოსკოვისთვის სანდო არ არის და არც არასდროს იქნება, მაგრამ მაინც მიღებული ფორმულაა. ჩრდილო ოსები მოსკოვის ტრადიციული მოკავშირეები არიან და პრიგოროდნის რაიონს ინგუშებს არასდროს დაუბრუნებენ.
– მთავარი ტრაგიზმი ის მგონია, რომ ჩეჩნები და ინგუშები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ერთობის რღვევისკენაც ხომ არ არის მიმართული კრემლის მიერ მიწების წართმევ-გაჩუქება, ანუ გათიშე და იბატონე?
– რასაკვირველია, რუსეთი კავკასიაში ყოველთვის ამ პრინციპით მოქმედებდა და შემთხვევითი არ არის ჩეჩნებისა და ინგუშების, ყაბარდოელებისა და ბალყარელების დაპირისპირება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კავკასიაში ფორმალურად შექმნილი დაპირისპირებებია.
– მხოლოდ კრემლის მიერ?
– არ არის გამორიცხული, რომ ჩართულები იყვნენ გარეშე ძალებიც, რომლებსაც კავკასიის არევა უნდათ. კრემლმა გადადგა შემდეგი ნაბიჯები: პირველი – ჩეჩნეთს გადასცა ნავთობსაბადოები; მეორე – დათანხმდა კადიროვის ზეწოლას და ინგუშეთის ტერიტორიები გადაეცა. არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ ეს დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა, მაგრამ, რადგან ეს დაუშვეს, ესე იგი, ჩათვალეს, რომ ეს გამართლებული იყო მათი სტრატეგიისთვის კავკასიაში.
– იმ მიზნით, რომ ყველა, ვინც ბოლომდე ჩეჩნეთივით კრემლის ერთგული არ არის, უნდა დაისაჯოს?
– ინგუშებზე ვერ ვიტყვით, რომ ერთგულები არ არიან, მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან ომი არ ჩაუტარებია რუსეთის იმპერიას, რომ ინგუშები გამოკლებოდნენ.
– მაგრამ ინგუშებსა და ბალყარელებს არც ჩვენ წინააღმდეგ უომიათ არასდროს.
– და არც დაღესტნის ხალხების დიდ უმრავლესობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინგუშები დღეს მაშინდელი უარის გამო ისჯებიან; ინგუშები უკვე დაისაჯნენ 1982 წელს, როდესაც პრიგოროდნის რაიონი დაკარგეს.
– აბა, რას ერჩიან მაინცდამაინც ინგუშებს?
– დღეს ან მოსკოვში ჩინოვნიკების ნაწილის პოზიციაა, რომ ინგუშები მაინც ხმას არ ამოიღებენ და მოდი, კადიროვს კოჭი გავუგოროთო, ან ჩათვალეს, არ იქნება ურიგო კიდევ ერთი დაპირისპირება კავკასიაში, რომ კავკასიელები ერთმანეთთან ჭიდაობით დაკავდნენო.
– და არ ეცალოთ მოსკოვთან ჭიდაობისთვის?
– დიახ. მთიელ ხალხთა კონფედერაცია სწორედ ანტიცენრისტული გაწყობების გამო შეიქმნა, მაგრამ მაშინ „კა გე ბემ“ დროზე ჩაიგდო ხელში ორგანიზაციის სადავეები, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად თავისი აგენტი მუსა შანიბოვი მიიყვანა და ყველანი საქართველოს დაუპირისპირა, ოღონდ ცენტრის წინააღმდეგ არ გაელაშქრათ და სულერთი იყო, ვის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. ამ დროს საქართველოს თემა ამოტივტივდა. კონფედერაციამ იბრძოლა აფხაზეთში და მას შემდეგ არაფერში და არსად გამოუჩენია თავი.
– რუსეთს აქვს პოტენციალი, დაპირისპირების ეს კერები ჩრდილო კავკასიაში უმტკივნეულოდ ჩააქროს, რომ უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს?
– სწორედ ეგაა პრობლემა. რასკვირველია, რუსეთს ამის პოტენციალი აქვს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რუსეთს სამხრეთ ოლქში, სხვა ოლქებისგან განსხვავებით, ორი სახმელეთო არმია ჰყავს – 39-ე და 58-ე. სხვაგან არსად ორი არმია არ არის. ამდენად, ჩრდილო კავკასიაში ნებისმიერი კონფლიქტის ჩაქრობის პოტენციალი აქვს. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებათ ეს აურზაური, დაძაბულობა და გვამების მთები. მაგრამ ეს არის მოსკოვის პოლიტიკის კლასიკა და ყოველთვის ასე იყო: თვითონვე ქმნიან პრობლემას და შემდეგ ძალისმიერად წყვეტენ.
– ჩვენს საზოგადოებაში მოვისმინე ასეთი მოსაზრებაც, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ინგუშ ძმებს. აქვე ვიტყვი, რომ ინგუშები, რა თქმა უნდა, ჩვენი მოძმე ხალხია გამორჩეულად, მაგრამ გაუაზრებლად მხარდაჭერა, ისიც არ ვიცით, რაში, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თქვენი აზრით?
– ჯერ ის ვთქვათ, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები. პირადად მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ინგუშები და ჩეჩნები ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ. შესაძლოა, იყოს ცალკეული შეტაკებები, მაგრამ მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას გამოვრიცხავ. ამიტომაცაა ინგუშური მიტინგის მთავარი გზავნილი არა ჩეჩნეთთან, არამედ თავის ხელისუფლებასთან დაპირისპირება. იქ არ ისმის ანტიჩეჩნური გამონათქვამები, იქ ისმის ანტისამთავრობო გამონათქვამები. რადგან ჩეჩნებისა და ინგუშების დაპირისპირებას გამოვრიცხავ, ამდენად, არც გვერდში დგომაზეა ლაპარაკი. ჩვენ 2012 წელს მაქსიმალურად დავუდექით ინგუშებს გვერდით, მათაც გვიპასუხეს. მაისის თვეში შავნაბადაზე არაერთი ინგუში ემზადებოდა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პრიგოროდნის რაიონისთვის ბრძოლაში და ბევრი სხვა რამითაც დავეხმარეთ, ჯერ კიდევ არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. საბოლოოდ, ჩვენი გვერდში დგომა შეიძლება, ზოგადკავკასიური იყოს. ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ ჩეჩნებსაც და ინგუშებსაც, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მოხდეს. აი, ესაა ჩვენი გვერდში დგომა და არა ერთი რომელიმეს შერჩევა და მისი მხარდაჭერა.