№42 ჭმუნვანი – ქართულად
ანუ ფარისევლური ვნებანი
საქმეს იმთავითვე ეტყობოდა, რომ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება, ადრე თუ გვიან, საეკლესიოშიც გადაიზრდებოდა. იმის გათვალისწინებით კი, რომ რუსეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებს შორის არც თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობაა, ცხადია, მსოფლიო პატრიარქი (ანუ იგივე კონსტანტინოპოლის) მომენტით ისარგებლებდა.
ან კი რატომ არ უნდა ესარგებლა, როდესაც ფილარეტი, უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსგან განდგომილი ეკლესიის მეთაური, კარგა ხანია, ავტოკეფლიისთვის იბრძვის.
მეორე მხრივ, ჩვენთვის, როგორც უკრაინელების მეგობრებისთვის, დიახაც რომ, მისასალმებელია, თუკი მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობაში ერთი მეგობარი შემოგვემატება – თუმცა ფილარეტისთვის არცერთ ქართველ ჟურნალისტსა თუ პოლიტიკოსს არ უკითხავს, ავტოკეფალიის მიღების შემთხვევაში უკრაინის ეკლესია იქნება თუ არა აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებისთვის ავტოკეფალიის ან მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში გადასვლის წინააღმდეგი, ისევე, როგორც არც მსოფლიო პატრიარქთან დაუზუსტებია ვინმე ჩვენიანს, ხომ არ აპირებს აფხაზეთის ან ცხინვალის, ან ორივესთვის ერთად ავტოკეფალიის მინიჭებას?! იმას გარდა, რომ არც არავის უმსჯელია ამ ჩვენს საზოგადოებაში, კოსოვოს პრეცედენტი აწ უკვე მართლმადიდებლურ სამყაროშიც ხომ არ განმეორდებაო (რფ-მ სწორედ კოსოვოს დამოუკიდებლობით შეგულიანებულმა და სერბების ჯავრის ამოსაყრელად აღიარა ეს ჩვენი სოხუმი და ცხინვალი).
აქედან გამომდინარე კი, ქართულ ჭმუნვას უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად და ქართული ეკლესიის ლანძღვა-კრიტიკას, ხმალამოღებული რატომ არ იბრძვის უკრაინის ეკლესიისთვისო (იმას გარდა, რომ მამადავიწყებულობაა), ფარისევლობის ელფერიც დაჰკრავს: შენი თუ არ გედარდება, სხვაზე როგორ დაიფლეთ გულ-ღვიძლს?!