№41 სად არ აპირებს შეტოპვას მერაბ სეფაშვილი და შეძლო თუ არა მან საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა
მერაბ სეფაშვილი ის მომღერალია, რომლის პოპულარობას, ხალხის სიყვარულსა და გარეგნობას დრომ ვერაფერი დააკლო. მიუხედავად იმისა, რომ მისი თაობის მომღერლები, პრაქტიკულად, სცენაზე აღარ ჩანან, მერაბი კვლავ საკმაოდ მოთხოვნადია. ხშირად იწვევენ უცხოეთშიც. ახლახან ვენაში მერაბის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა, ისრაელის ხშირი სტუმარია და სულ მალე, თავის ქვეყანაში, დიდ საკონცერტო დარბაზში, ერთგულ მსმენელს, საიუბილეო კონცერტზე ეპატიჟება. მართალია, მომღერალი ინტერვიუებზე ხშირად უარს ამბობს, თუმცა ჟურნალ „თბილისელებს“ ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება.
მერაბ სეფაშვილი: ცხოვრება საინტერესო რამაა, ადამიანი რომ იბადები, უკვე იღბლიანი ხარ. კი ამბობენ, ცოდვების მოსანანიებლად მოვდივართ დედამიწაზეო, მაგრამ ყველაზე მაგარი მონანიება ადამიანების სიყვარულია და შენი საქმის კეთება.
– ანუ, შენი ცოდვები დედამიწაზე, ამ მხრივ, გამოსყიდულია?
– ცოდვები, არ ვიცი გამოსყიდული მაქვს თუ არა, მაგრამ იღბლიანი ნამდვილად ვარ (იცინის). ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სამართლიანობა მახასიათებს. ნებისმიერ საკითხს ფაქიზად ვუყურებ, ვცდილობ, ჯერ კარგად შევისწავლო მოვლენა და მერე გამოვთქვა ჩემი აზრი. მოსმენა და ანალიზი უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი აზრების გადმოფრქვევა. ასე, შეცდომებისგანაც დაცული ვარ. თუმცა თუ არ აკეთებ რამეს, არც შეცდომას უშვებ.
– ბევრი შეცდომა დაგიშვია ცხოვრებაში?
– შეცდომების მეტი რა დამიშვია, მაგრამ გლობალური შეცდომები არა, ღმერთმა დამიფაროს. რთულია, მაგრამ ჩემი თავის კონტროლი შემიძლია და იღბალიც მშველის. იმდენ სიტუაციაში ვარ მოხვედრილი, ბედი და იღბალი რომ არ მწყალობდეს, აუცილებლად რამე დამემართებოდა.
– მერაბ, შენს ცხოვრებაში იყო როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი პერიოდები. როდის მოგაყენა ცხოვრებამ ყველაზე დიდი დარტყმა?
– რომ გითხრათ, ცხოვრებამ დიდი დარტყმა მომაყენა-მეთქი, მოგატყუებთ. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი პერიოდები და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტი დადებითი იყო, ვიდრე უარყოფითი. არც ამ წარუმატებელი პერიოდების გადალახვა გამჭირვებია და არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. უბრალოდ, ვიწყებდი მოქმედებას და გამოსავალსაც ადვილად ვპოულობდი. ერთი სიტყვით, მოქმედებით ვამარცხებ დეპრესიას (იცინის).
– ისე ახალგაზრდულად გამოიყურები, რთული დასაჯერებელია, რომ ბაბუა ხარ. როგორი გრძნობაა, იყო ახალგაზრდა ბაბუა?
– ხშირად ვხუმრობ, მივეჩვიე ბაბუობას-მეთქი (იცინის). ორი შვილიშვილი მყავს – ცხრა წლის და ორი წლის. ჩემთან არ ცხოვრობენ, მაგრამ როცა შესაძლებლობა მაქვს, ვნახულობ და რომ მეხუტებიან, ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება. სკოლაში რომ მიჰყავთ და მოჰყავთ, ასეთი ბაბუა ვერ ვარ, რადგან ვერ ვიცლი და სულ მენატრებიან. მგონია, ჩემი შვილები არიან (იცინის). ორი ბიჭი მყავს და გოგო შვილიშვილი ისეთი თბილი ყოფილა, ვერც წარმოვიდგენდი. ძალიან უყვარს ჩემთან მოსვლა და დარჩენა.
– როცა მამაკაცი ასაკში შედის, ოჯახური იდილია, ცოლ-შვილთან და შვილიშვილებთან გვერდით ყოფნა უნდა და საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრობს, უფრო სწორად, საკუთარ იმიჯსა და გარეგნობაზე. თუმცა, შენს შემთხვევაში, ასე არ არის. ხომ მეთანხმები?
– სცენაზე ვდგავარ, ხალხის წინაშე მიწევს გამოსვლა და არ მაქვს უფლება, ჩემს გარეგნობაზე არ ვიზრუნო. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა სულაც არ არის რთული, თუ კარგი და პოზიტიური ხასიათის ადამიანი ხარ. ვფიქრობ, არ მაქვს ცუდი ხასიათი და ამით, ბევრი პრობლემა გადამილახავს. გიჟი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, სულ პოზიტიურ განწყობაზე ვიყო (იცინის). იმდენი ცუდი რამ ხდება ჩვენ გარშემო, აღარ მინდა ამაზე ფიქრი და მირჩევნია, ოპტიმისტი ვიყო.
– მახსოვს, ადრე, საქართველოში თმა გადაინერგე. თუმცა, ახლა, ეს პროცედურა ისრაელში ჩაიტარე და გასაოცარი შედეგი გაქვს. აბსოლუტურად შეგცვალა თმამ და ასაკიც დაგიკლო. განიცდიდი თმის მოცულობის შემცირებას?
– უთმობას არ განვიცდიდი, მაგრამ ისეთი სისქის აღარ იყო, როგორც საჭიროა. სცენაზე რომ ვიდექი, არ ჩანდა კარგად. ადრე საქაართველოში გადავინერგე თმა, ახლა კი, ისრაელში და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმსიგრძე თმა გამეზარდა, ახლა შევიმოკლე კიდეც. მე მომწონს ჩემი გადანერგილი თმა და მგონი, ათი-თხუთმეტი წელი დამაკლო და ენერგია კი მომიმატა (იცინის).
– გარდა თმის გადანერგვისა, სხვა პროცედურებიც ხომ არ გაქვს ჩატარებული, მაგალითად, სახის კანის გადაჭიმვა?
– არა, თმის გადანერგვის გარდა, არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია. კანის გადაჭიმვის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ისე არ უნდა შეტოპო, მთლად ბავშვს დაემსგავსო (იცინის). ჩემი ასეთი გარეგნობა გენეტიკის ბრალია. მამასაც არ ეტყობოდა ასაკი და დედა 80 წლამდეა და უნდა ნახოთ, როგორი სახის კანი აქვს. მე ასაკს არ ვმალავ, უბრალოდ, ასე გამოვიყურები და ბევრი მეუბნება, გადანერგილი თმა ძალიან გიხდებაო.
– მერაბ, საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყავი, ამან თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობაზე გავლენა იქონია? თაყვანისმცემელი გოგონების ყურადღებამ, ამ მხრივ, იმოქმედა? იყო გაუგებრობები და ეჭვიანობები?
– სულ ვამბობ, ჩემი ცოლის სახით, ღმერთმა დიდი საჩუქარი გამიკეთა. ჩვენ შორის არანაირი გაუგებრობა და ეჭვიანობები არ ყოფილა. გარშემო ათასნაირი ადამიანი იყო და მათ რომ ავყოლოდით, გავაფრენდით. ნინო ძლიერი ქალია. ბოლო-ბოლო, ორი თაობა მაჩუქა – შვილები და შვილიშვილები და ეს, მისი დამსახურებაა.
– ოჯახურ საქმეებში თუ ეხმარები, მაგალითად, ონკანის მილი გამოგიცვლია ან ბაზარში თუ დადიხარ საყიდლებზე?
– მაღაზიაში ხანდახან ჩავსულვარ, მაგრამ ბაზარში წავიდე, ნათურა და ონკანის მილი გამოვცვალო, ეს ჩემი საქმე არ არის. ისედაც, სულ გარეთ ვარ და სად მცალია? (იცინის). ასე რომ, ოჯახის წევრები ოჯახური პრობლემებით არ მაწუხებენ და მადლობა მათ ამისთვის. მე, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, საჩუქრები გავუკეთო. მაგალითად, შვილისთვის სახლი და მანქანა მიყიდია. შეიძლება, მეტიც მინდა გავუკეთო, მაგრამ ჩემი პროფესიის ადამიანის შემოსავალი, მეტს ვერ გაწვდება.
– რადგან შემოსავლებს შევეხეთ, გკითხავ: ვიცი, ბევრი შემოთავაზება გქონდა უცხოეთიდან, წასულიყავი და იქ გაგეგრძელებინა კარიერა. ამაში კი, საკმაოდ კარგ ანაზღაურებას გთავაზობდნენ. რატომ თქვი უარი და არასოდეს გინანია?
– დიახ. ბევრ ქვაყანაში „მექაჩებოდნენ“, წავსულიყავი და დავრჩენილიყავი. კარგი შანსებიც მქონდა, მაგრამ ჩემი ადგილი აქ არის. მიმაჩნია, რომ ქართველი მომღერალი ვარ, იმიტომ გავჩნდი აქ, რომ აქ ვიმღერო. უცხოეთში ისედაც ხშირად მიწევს კონცერტების გამართვა. კი მქვია ქართველი მომღერალი, მაგრამ სულ ცაში ვარ, ვხუმრობ ხოლმე, სტიუარდესები უკვე ხელის აწევით მესალმებიან-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ისე მეშინოდა ფრენის, სულ ვსვამდი და ისე ვჯდებოდი თვითმფრინავში, მაგრამ ამასაც მოვერიე და ფხიზელი მგზავრობა „დავამუღამე“.