№41 რის გამო სტანჯავდა დანაშაულის გრძნობა სოფო მეძმარიაშვილს და რა იწვევს მასა და ოთო ნემსაძეს შორის კრიზისებს
ოთო ნემსაძე და სოფო მეძმარიაშვილი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია, თავისი ენერგეტიკით, ხასიათითა და „სიგიჟეებით“. მათ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და მათ გვერდით ყოფნა ადამიანებში ბევრ დადებით ენერგიას აღძრავს. ცოტა ხნის წინ წყვილი ევროპაში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ოთოს ალბომისთვის ერთობლივი დუეტი ჩაწერეს და სოფოს მუსიკალური დებიუტიც შედგა.
– ცოტა ხნის წინ ევროპაში იყავით. ეს თქვენი მეორე „თაფლობის თვე“ იყო?
ოთო: ეს „რაფლობის თვე“ იყო. ჯერ არის „თაფლობის თვე“, შემდეგ „აფლობის“ და მერე „რაფლობის“. „თაფლობის თვეში“ ამერიკაში ვიყავით და ახლა ევროპას „მივაწექით“. კონცერტი მქონდა უკრაინელების მიწვევით.
სოფო: როდესაც ოთოს კონცერტი აქვს, მე მაგ დროს ძალიან კარგად ვერთობი. სხვათა შორის, მაჩუქეს 400-ევროიანი სათვალე, რომელიც ექსკლუზიური მოდელია და ჯერ არ არის წარმოებაში ჩაშვებული. მითხრეს: მე და ჩემი მეუღლე ვამზადებთ, მაინტერესებს, თუ მოგიხდებაო. ფოტო გადამიღო და თავის მეუღლეს გადაუგზავნა: ნახე, როგორ უხდებაო და მაჩუქეს.
– ოთო, შენ მღერი და სოფოს საჩუქრებს სჩუქნიან?
ოთო: მე ჰონორარი მომცეს და ოჯახში შევიტანე.
სოფო: არც შენ გაკლია საჩუქრები. გუშინ ორი ნავი და შუქურა რომ გაჩუქე? ნავების კოლექცია აქვს.
ოთო: გემების. ერთი წელია, რაც ამ კოლექციას ვაგროვებ, საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. მალე გრანდიოზულ გემებზე გადავალ. ნავი მაქვს. გემით გორში ნადარბაზევის ტბაზე ჩავალ, თუ ფსკერი გამიშვებს, კრუიზი უნდა მოვაწყო.
სოფო: კოლექციის იდეა მე მეკუთვნოდა. მაღაზიაში შევედით: გიყიდი და შეაგროვე-მეთქი. უბრალოდ, პირველი გემი შენ იყიდე.
ოთო: უცებ კოლექციაც „დამახია“. მაგარი მატყუარა გოგო ხარ.
სოფო: არასერიოზული კაცია.
– თქვენ შორის, რომელი უფრო არასერიოზულია?
– მე უფრო არასერიოზული ვარ. რაღაცებით ვერთობი, ათას რამეს ვიგონებ, მათ შორის საჭმელებს. ჩხირკედელა ვარ. 28 წლის ვხდები და შევპირდი ოთოს, ახალ წელს სახლში ყველა ნივთს საახალწლო იერი ექნება, საპირფარეშოსაც, მათ შორის.
ოთო: პატარა სახლში ვცხოვრობთ და ნერვიულობს, ნაძვის ხე სად უნდა დადგას. მგონი, მე გარეთ დამაძინებს და ნაძვის ხეს დადგამს.
– ევროპული ვოიაჟის ამბები მომიყევით.
სოფო: ვერ ვისვენებთ, როცა უცხოეთში ჩავდივართ. 17 კილომეტრი დავდივართ ხოლმე. მონაკო ხომ არის ორკილომეტრ-ნახევარი და მე და ოთომ მთელი ქვეყანა ფეხით მოვიარეთ.
ოთო: სოფოს დედა რომ ჩამოვიდა, ძალიან უნდოდა სოფოსთან ერთად ყოფნა, რადგან რამდენი ხანია, ნანახი არ ჰყავდა. თან, ერთი დღე რჩებოდა. რატომღაც ცარიელ სასტუმროში გვითხრეს: არ არის ადგილიო. მოკლედ მაია შევაპარე ჩვენს ოთახში და დავაძინეთ.
სოფო: მეორე დღეს დაგვიჭირეს. თან სქემა მოვიგონე: ჩავალ დაბლა, ვეტყვი, რომ ფულის შესანახი სეიფი გაფუჭდა, ამ დროს დედაჩემი სხვა სართულზე ავა, ისინი ჩვენთან ამოვლენ და დედაჩემი გაიპარება-მეთქი. მოკლედ გაგვიგეს, ერთი ამბავი ატყდა, გამოგვიჭირეს, ტყუილებში ავიხლართე, ძალიან შერცხვენილები დავრჩით.
ოთო: ქრთამის მიცემა დამჭირდა, რომ გაჩუმებულიყო. ბოლოს ფულიც გადავიხადეთ, ღვინოც ვაჩუქეთ.
სოფო: ძალიან ვინერვიულე. დანაშაულის გრძნობა მქონდა.
– ამბობენ, თანაცხოვრების პირველი ეტაპი განსაკუთრებით რთულია და თან კრიზისები ახლავსო. თქვენ გქონდათ კრიზისები?
– კრიზისი არის ის, რომ მე ვჩხუბობ სულ.
ოთო: იმიტომ რომ, სადაც გავიხდი, იქვე ვყრი ყველაფერს. კარადა თუ დამრჩა ღია, ამხელა თავს მომაყოლებს კარში. ხომ შეიძლება, გამოვაღე და ცოტა ხანში კიდევ მინდა რაღაც ავიღო, ამიტომ იყოს ღია.
სოფო: არა, ისტერიკაში ვვარდები. გამოაღო კარადა, აიღო წინდა, დატოვა კარი ღია. შემდეგ გამოაღო სხვა კარადა, დატოვა კარი ღია. ჩაის იდუღებს, სამზარეულოში, კარადის კარი გამოაღო, დატოვა. მერე წავიდა საძინებელში, ჩაიცვა და დატოვა ყველა კარი ღია. ისტერიკა მემართება და ვჩხუბობ. თუ შეამჩნია, რომ კარადის კარი დარჩა გამოღებული და მე გავაპარე თვალი, გაივლის და ვითომ შემთხვევით მიარტყამს ხელს, დაკეტავს. ერთხელ ამის მეგობრები უნდა მოსულიყვნენ, საჭმელები უნდა მომეზადებინა. ერთი კარი დარჩა ღია, დავიწყე ჩხუბი და ყველა კარადის კარი გამოაღო. სტუმრები მოდიან და ვზივართ მე და ოთო, ყველა კარადის კარი გამოღებულია.
ოთო: მე ის მაღიზიანებს, რომ ამას ყველაფერი აღიზიანებს. კიდევ მე ღამე არ მძინავს და ამას სძინავს.
– რაზე ჩხუბობთ ხოლმე გემოვნებასთან დაკავშირებით?
სოფო: ყველაფერზე. ეს როგორ შეიძლება მოგწონდეს, შენ თვითონ ეს როგორ უნდა მოგწონდეს და მოკლედ, არის ერთი დაგადუგი.
ოთო: ყველაზე „სტრანნს“ უნდა დაადოს ხელი, მე არ მიყვარს „სისტრანნე“ და გული მისკდება ხოლმე. მოკლანჭული რაღაცა უნდა.
სოფო: ჰოდა, ამას აცვია ჩვეულებრივად და მე მაცვია „სტრანნად“.
– ქორწილის გადახდას არ აპირებთ?
– ჯერჯერობით არა. მთელი ცხოვრება მქონდა წარმოდგენილი ჩემი ქორწილი: მინდა, სტუმრებისთვის სანახაობრივი იყოს, ისეთი დასამახსოვრებელი, რომ თვეობით ილაპარაკონ. გრანდიოზული, ფაშფაშა თეთრი კაბა მინდა. ვერ ვიტან, პატარძალს მაკიაჟში ქვეყნის ფული რომ აქვს გადახდილი და საკურთხეველთან ორასი კაცი: მპა, მპა, კოცნის. იმხელა კაბას ჩავიცვამ, რომ ფიზიკურად ვერავინ მომიახლოვდეს. ოთოს მხარეს ამოვჭრი, რომ შემოვიდეს ხოლმე.
– ცოტა ხნის წინ დუეტი ჩაწერთ.
ოთო: კი, ჩემს ალბომში შევა ჩემი და სოფოს დუეტი. სიმღერა როგორც კი მოვისმინე, მივხვდი: მე და სოფოს უნდა გვემღერა. ზაზა ქოქრაშვილის სიმღერაა და ერთადერთი წყნარი სიმღერა ჩემს ალბომში.
სოფო: მაგ სიმღერის გარჩევაზე ვიყავი, როცა გაჩნდა იდეა და ძალიან გამიხარდა. ჩემი დებიუტია. პრეტენზია არ მაქვს მომღერლობაზე. სტუდიაში მუშაობისას ძალიან ვნერვიულობდი. საბოლოოდ, ჩავწერეთ და ახლა მასტერინგი დარჩა გასაკეთებელი.