№41 იყო თუ არა იერუსალიმი ქართველთა ქალაქი და როგორ ჩავიდა მირიან მეფე წმიდა მიწაზე დედოფალ ელენეზე ადრე
იერუსალიმი – ქალაქი სადაც ბიბლიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები ვითარდებოდა, ჯერ კიდევ აბრაამ მამამთავრის დროიდან... ქალაქი, რომელმაც დაიტია მაცხოვრის ჯვარცმაცა და მკვდრეთით აღდგომაც... უძველესი ქალაქი, რომელიც უდიდეს საიდუმლოს ინახავს, მათ შორის ქართველებთან დაკავშირებულს. იყო თუ არა იერუსალიმი ქართველების ქალაქი, რა პერიოდიდან ჩნდებიან იქ ქართველები, სად გაქრა ჩვენი დიდებული წარსული – გვესაუბრებიან საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებლის“ მცველები, ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა. ისინი უკვე არაერთი წელია, იერუსალიმისა და ზოგადად წმიდა მიწის თემაზე მუშაობენ, მათ პირველებმა აღადგინეს არა მხოლოდ ქართველთა ისტორია, არამედ იერუსალიმის რეალური ისტორიაც.
გიორგი ჭოლოკავა: თავდაპირველად იერუსალიმში, როგორც ხატის მცველები, ისე ჩავედით და ჩავაბრძანეთ საკვირველმოქმედი ხატი „დედოფალი“. ხატის მსახურების პარალელურად, დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების გადაღებაც. გადავიღეთ რამდენიმე ფილმი: „ხატი დედოფალის მოგზაურობა წმიდა მიწაზე“, „დაბრუნება“, „ვია დოლოროსა“... ვცდილობდით, რაც შეიძლება ზუსტი ადგილები გადაგვეღო, ასევე ის, რაც მაყურებელს აქამდე არასდროს ენახა და პარალელურად, ვიკვლევდით ისტორიის მიმალულ ფურცლებს. ზურაბი ამ საკითხების საუკეთესო მცოდნეა და რეალურად მან წამოიწყო როგორც წმიდა მიწის ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხების რესტავრაცია, ასევე, თავად ბიბლიური სურათების გაცოცხლებაც. ყოველთვის გვახსოვდა, რომ იერუსალიმში ქართველებიც ცხოვრობდნენ და დავიწყეთ ამ თემის ძირფესვიანად შესწავლაც. მალევე მივადექით ისეთ აღმოჩენებს, რომელთაც თამამად შეიძლება, ეწოდოს უნიკალური. – თქვენთვის რა აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო ან მნიშვნელოვანი, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგცათ ისტორიის აღსადგენად?
ზურაბ შიოშვილი: ეს იყო სრული შოკი. ჩვენ არც თუ ისე ურიგო ცოდნა გვქონდა პალესტინაში ქართველთა ისტორიის შესახებ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ვიღაცამ თითქოს სპეცოპერაცია ჩაატარა – ყველაფერი გამქრალია, ათასობით წიგნია დაწერილი წმიდა მიწაზე, მაგრამ ქართველებზე არსად არაფერი წერია. მაქსიმუმ, რისი ნახვაც ზოგან შეიძლება – ეს არის ჯვრის მონასტრის დაარსება, ისიც ძალიან გაკვრით. როგორ შეიძლება, ერს ამხელა ისტორია ჰქონდეს წმიდა მიწაზე და ის ყველგან და ყველამ გააქროს? ყველაფრის გასაღები მაინც ჯვრის მონასტრის დაარსებაში აღმოჩნდა, იქიდან დაიწყო ყველაფერი. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ წმიდა ნინოს რჩევით (308 წელს წმიდანის შემოსვლა ქართლში – ავტორი), მეფე მირიანი იერუსალიმში ჩასულა და შეუძენია მიწა, რომელზეც ახლა ჯვრის მონასტერი დგას. ეს იყო მეოთხე საუკუნეში. მირიან მეფის იერუსალიმში გამგზავრების თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ქართლის გაქრისტიანების შემდეგ ის ჯერ იმპერატორ კონსტანტინეს ეწვია, სავარაუდოდ, ტაძრის აშენების ნებართვის მისაღებად, ხოლო შემდგომ – იერუსალიმს და მოპოვებულ მიწაზე ჯვრის მონასტრის ადგილას ეკლესია აღაშენა. იმპერატორი კონსტანტინე 337 წელს გარდაიცვალა, შესაბამისად, მეფე მირიანი დედოფალ ელენეზე ადრე, გადმოცემის თანახმად 318 წელს ჩავიდა წმიდა ქალაქში და ტაძრის შენებაც დაიწყო. დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩადის 326 წელს და იწყებს ქრისტიანულ ექსპედიციას, სადაც მას უკვე ხვდება ძლიერი ქრიტიანული სათვისტომო, რომელიც ინფორმაციას აწვდის წმიდა ადგილების შესახებ. არსებობს მონეტები დედოფალი ელენეს გამოსახულებით, რომელიც სავარაუდოდ, მიანიშნებს მის უკვე ქრისტიანობას და დათარიღებულია 318-319 წლებით. ცხადია, რომ მირიან მეფისა და ქართლის გაქრისტიანება უსწრებს დედოფალ ელენეს გაქრისტიანებას. რაც შეეხება თავად ჯვრის მონასტრის აშენების ადგილს, ამ ადგილას ტაძრის დაარსებაც ერთგვარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მირიანი ელენეზე ადრეა ჩასული, ანუ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭებამდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მირიან მეფე იერუსალიმის ტერიტორიაზე ააშენებდა ტაძარს. დედოფალ ელენეს ჩასვლამდე, ქრისტიანობა საშინლად იდევნებოდა და, შესაბამისად, ალბათ, ძველი ქალაქის სიახლოვეს ეძებდა ადგილს, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო რომელიმე მნიშვნელოვან სიწმიდესთან. ჯვრის მონასტერი დგას იქ, სადაც იზრდებოდა ხე, რისგანაც დამზადდა ძელი, რომელზედაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი. თავად ეს ხე სათავეს ედემიდან იღებს, ის არის ნაწილი იმ ხისა, რომლის ნაყოფიც იგემა ადამმა. მირიან მეფისთვის, ალბათ, ეს იყო საუკეთესო ვარიანტი ტაძრის ასაგებად. ის იყო იერუსალიმის სიახლოვეს და იმავდროულად, უდიდესი წმიდა ადგილიც. თავად ამ ეკლესიის მშენებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მირიან მეფე, სავარაუდოდ, წმიდა მიწაზე პირველ ეკლესიას აგებს (პალესტინაში უძველესი, პირველი გამოქვაბული ეკლესია დათარიღებულია 330 წლით, შესაბამისად, ჯვრის მონასტერი პირველი ტაძარია). ამის შემდეგ მალევე ჩამოდის დედოფალი ელენეც და უკვე იერუსალიმში იწყება ტაძრების მშენებლობაც.
ისტორიიდან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენაა გამქრალი. წარმოიდგინეთ, რამდენმა მოციქულმა იქადაგა საქართველოში პირველივე საუკუნეში, ჯერ მარტო რაოდენ დიდი სასწაულები მოჰყვა ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებას, ხალხი თვითმხილველი იყო მკვდრეთით აღდგომისაც და ადიდებდნენ უფალს, მაგრამ რა მოხდა შემდეგ, წმიდა ნინომდე? უცებ გაქრა ყველაფერი? ჯვარცმის შემდეგ ჩამოაქვთ საქართველოში ქრისტეს კვართი და საერთოდაც, მაცხოვრის შობისა და ამაღლების პერიოდში ქართლის მეფე გახლდათ ადერკი, რომელიც იყო სიძე ედესის მეფე ავგაროზისა, სწორედ იმ ავგაროზისა, რომელსაც მაცხოვარმა საკუთარი ხელთუქმნელი ხატი გაუგზავნა და ეს ადერკმა არ იცოდა? პირველივე საუკუნიდან ქართველები ფლობდნენ უდიდეს საუნჯეს, კვართს და შესაბამისად, მათი კავშირი ახლად შობილ ქრისტიანობასთან არც გაწყვეტილა და არც გამქრალა.
გიორგი: მირიანის შემდეგ წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი დიდძალი მხედრობით მოსულა წმიდა მიწაზე, იერუსალიმიდან განუდევნია უსჯულონი და მრავალი მონასტერიც აღუშენებია. ვახტანგ გორგასალი იერუსალიმის პირველი განმათავისუფლებელი მეფეა, მან საქართველოდან ჩამოიყვანა ქართველები წმიდა მიწაზე, რომელთაგან ნაწილი იერუსალიმში დასახლდა, ნაწილი – მის შემოგარენში, სადაც რამდენიმე სოფელი დააარსეს, მათ შორის არის მალჰაც, და ეს ტოპონიმი დღესაც კი გვხვდება ახალი იერუსალიმის ტერიტორიაზე. ვახტანგის მიერ ჩამოსახლებული ქართველები აშენებდნენ ტაძრებს, იცავდნენ ქალაქს და ეწეოდნენ მეურნეობას. ისინი ამზადებდნენ საბარძიმე ღვინოსა და ვარდის ზეთს, რომელიც ექსპორტზეც კი გადიოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც, სწორედ ვახტანგ გორგასლის მიერ უნდა იყოს გოლგოთა ტაძრის შიგნით მოქცეული. დღევანდელი აღდგომის ტაძრის ადგილას იმ დროს კონსტანტინეს აშენებული ბაზილიკა იდგა, ეს იყო უზარმაზარი კომპლექსი, თუმცა გოლგოთა ეზოში იყო დარჩენილი. სწორედ ვახტანგის პერიოდს უკავშირდება გოლგოთის მოქცევა აღდგომის ტაძრის შიგნით, რაც ტაძრის რეკონსტრუქციას მოჰყვა. შესაბამისად, გოლგოთის განსაკუთრებულ წმიდა ადგილად მიჩნევა სწორედ ამ დროს მომხდარა. ყველა ის ადგილი, სადაც ქართული მონასტრები იდგა, ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიური სიწმიდე იყო.
ფაქტია, ქართველებს ჰქონდათ ზუსტი ცოდნა ამ ადგილებისა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ ისინი თავიდანვე იქ იქნებოდნენ, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი რამ იკარგებოდა. ქართველები ამ ადგილების მარკირებას აკეთებდნენ, ინახავდნენ ამ სიწმიდეებს და დიდ მონასტრებსაც აშენებდნენ. იერუსალიმში მთელ ეპოქას ქმნის პეტრე იბერი, თუმცა პეტრე იბერამდე იქ მისი პაპა, ბაკურ დიდი ჩადის და თავის კვალს ტოვებს. სურათი ნათელია: მეოთხე საუკუნეშივე ქართველებს არა მარტო სალოცავი ადგილი, არამედ მონასტრებიც ჰქონდათ. იერუსალიმის ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება ბირ ელ კუტის ასომთავრული მოზაიკური წარწერები, რომელიც სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის. ცხადია, რომ ყველა ეტაპზე ქართველებს იქ განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ, ისინი ფლობდნენ აღდგომის ტაძრის კარის გასაღებებს და მრავალი საუკუნე ტაძარზე თავად ბეენა ჩოლოყაშვილის კარი იყო შებმული. იერუსალიმში ცხენზე ამხედრებულებს გაშლილი დროშებით მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ შესვლა და თან, გადასახადებსაც არ იხდიდნენ. მაშინ, როცა ბერძნებიც კი იდევნებდოდნენ წმიდა ქალაქიდან... ეს გადამალული ისტორია ძალიან საინტერესო ამბებს ინახავს, რომელთა კვალიც, საბოლოოდ, მაინც მოვიდა ჩვენამდე. ხშირად თავად ქართველი მეცნიერებიც ამახინჯებენ ისტორიას. აუბრალოებენ და თარიღებს ცვლიან. მაგალითად, აღდგომის ტაძარში ქართველები უკვე მეხუთე საუკუნიდან არიან და როგორც აღვნიშნე, გოლგოთა გორგასალმა აქცია წმიდა ადგილად. არსებობს კიდეც იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის წერილი, სადაც ის ამას აღნიშნავს. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი მეცნიერი, ქართველების აღდგომის ტაძარში გამოჩენას მეათე და ზოგიც საერთოდ მე-16 საუკუნეს მიაწერს.
ზურაბი: არის ისეთი მიგნებები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, ბოლომდე არ გაგვისაჯაროებია. ჩვენს ხელთ აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ადგილი, ქართველთა მფლობელობაში ყოფილა. ეს დოკუმენტი უცხოენოვანია და ჩვენთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია... ასევე მნიშვნელოვანი ადგილი აბრაამის მონასტერია. ამ მონასტრის ტერიტორიაზე არის ადგილი, ანუ ის სამსხვერპლო, სადაც აბრაამს მსხვერპლად უნდა შეეწირა თავისი ძე ისააკი, რომელიც უფალმა არ დაუშვა და რითიც იწყება კაცობრიობის ისტორიის, ახალი ცივილიზაციების უდიდესი ნაწილი. ცხადია, ამ განსაკუთრებული წმიდა ადგილის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ქართველებს. იქაც საკუთარი მონასტერი ააგეს და საკმაოდ გვიანდელ პერიოდამდე მოღვაწეობდნენ.
– იერუსალიმის რა ნაწილს ფლობდნენ ქართველები და ზოგადად, პალესტინის მონასტრებისას?
გიორგი: დღევანდელი იერუსალიმის საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი ქართველების იყო, ანუ ძველ ქალაქში, სადაც გაიხედავ, ყველგან ქართველთა მონასტრებია, ამას ემატება ის ეკლესია-მონასტრები ან ნამონასტრალი ადგილები, რომლებიც დღეს სომხებსა და კათოლიკეებს აქვთ. ასევე იყო ისეთი ტაძრებიც, სადაც სხვებთან ერთად ქართველებიც მოღვაწეობდნენ, ქმნიდნენ ისტორიას. ასეთებია ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. იქ, ასევე, არის ქართველთა საფლავებიც და რაც მთავარია წიგნები. ჯვრის მონასტერი ფლობდა მსოფლიო მნიშვნელობის ბიბლიოთეკას. დღეს იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, ისევე როგორც ვატიკანისა და სინას მთის, უდიდეს საუნჯეებს ფლობს, უნიკალურ წიგნებსა და დოკუმენტებს და წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ქართველთა საკუთრებაში გახლდათ. ზოგჯერ ქართველი მეცნიერები მოიხსენიებენ ასე: „იერუსალიმის ქართველთა კოლონია“ – ეს მოვლენის დაკნინებაა. იერუსალიმში არის გერმანელთა და სხვათა კოლონიები, მაგრამ ქართველთა იქ ყოფნას არ შეიძლება კოლონია ეწოდოს, ეს უფრო დიდი მოვლენა იყო და ჩვენ მას „ქართული იერუსალიმი“ ვუწოდეთ. იერუსალიმის პატრიარქს დღესაც არ აქვს რაიმე განსაკუთრებული გასასვლელი აღდგომის ტაძართან, ის ჩვეულებრივი ქუჩით სარგებლობს. ძველ დროს კი, როდესაც იერუსალიმში ქართველები იყვნენ, ურბანულად ისე იყო დაპროექტებული, რომ ქართველებს საკუთარი ქუჩა „იბერთა ქუჩა“ ჰქონდათ, რომლითაც პირდაპირ ჩადიოდნენ აღდგომის ტაძარში, დღეს ეს ქუჩა ცოტა სახეცვლილად არსებობს და მას ახლა არარატის ქუჩა ჰქვია. საუკუნიდან საუკუნემდე ქართველი მეფეები და დიდებულები იყვნენ მაშენებლები მონასტრებისა და ამის შემდეგ როგორ არ უნდა ეწოდოს იერუსალიმს „ქართული“ და როგორ უნდა მოიხსენიო ის კოლონიად?!
– ძალიან ბევრი კვლევა გაქვთ ჩატარებული და მასალაც უსაზღვროდ დიდია. სად გაქრა ეს ყველაფერი, რაზეც ვისუბრეთ?
ზურაბი: ქართველების უდიდესი მტრები იყვნენ კათოლიკეები. როდესაც ისინი წმიდა მიწაზე ჩამოვიდნენ, არაფერს ფლობდნენ, არცერთ წმიდა ადგილს, ქართველები კი იქაურობას აკონტროლებდნენ. ამიტომ ხან აბეზღებდნენ, ხან უჩიოდნენ, ხან რა შარს უდებდნენ, რომ ხელთ ეგდოთ რაიმე წმიდა ადგილი. კათოლიკეებს მიჰყვნენ სხვებიც. შემდეგ საქართველოც დასუსტდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის დაკარგვაში, ისევე როგორც შექმნაში, უდიდესი როლი თავად ქართველებმა ითამაშეს.. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს ერთადერთი სიწმიდე, რაც ქართველებმა ბოლო, ლამის 4 საუკუნის განმავლობაში წმიდა მიწაზე შექმნეს, ესაა საკვირველმოქმედი ხატის, „დედოფლის“ ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. ეს მოვახერხეთ მცველებმა – შევქმენით „ქართველთა კუთხე“ ჯვრის მონასტერში. თანამედროვე ქართველებს მხოლოდ ეს გვაქვს წმიდა მიწაზე, მაგრამ ესეც სიკვდილ-სიცოცხლის ფასად დაჯდა... უკვე შექმნილ ამ წმიდა ადგილსაც ებრძოდა ქართველთა გარკვეული ნაწილი, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ამის გაკეთება. ასევე, უდიდესი და უძვირფასესი საეკლესიო ძღვენი მივართვით წმიდა მიწას და ამაში რიგითი ადამიანები გვეხმარებოდნენ, მეგობრები, ახლობლები... მაშინ, როდესაც იერუსალიმის ერთი გოჯისთვის ქვეყნები მთელ თავის რესურსს დებენ, ბიზნესმენები აფინანსებენ და დღემდე უდიდეს საქმეს აკეთებენ... იქ ჩვენ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი, თან ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მცირედი ხელშეწყობა თუ არ გვექნა, ვერაფერს ვიზამთ. ჩვენი ისტორია და დღევანდელობა არ უნდა დაიკარგოს! იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს მოხდება და გვერდში დაგვიდგებიან.