№41 რის გამო აღარ სძინავს ღამით ნინუცა ორჯონიკიძეს და როგორ გახდა ის რუსეთში გავლენიანი ოჯახის რძალი
„საზოგადოებირივი მაუწყებლის“ ახალი გადაცემის, „ნაშუადღევის“, ულამაზეს და პოზიტიურ წამყვანებს შორის, ერთ-ერთი ნინუცა ორჯონიკიძეა, რომელიც ტელევიზიაზე ბავშვბოდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ახლა მოახერხა. ნინუცა ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი – ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“, მამამთილი – სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. როგორც მედიაში წერენ, ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია. მათივე თქმით, მოსკოვის მერი, ლუჟკოვი იმდენად ენდობოდა ბორჯომელ კოლეგას, რომ თავის დროზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „შეთავაზებაც“ კი არ გაითვალისწინა და თანამდებობიდან არ გაათავისუფლა სოსო ორჯონიკიძე, რომელიც პუტინის „შავ სიაში“ მოხვდა. მის გარშემო არაერთხელ იყო ხმაურიანი ისტორიები და რამდენჯერმე მასზე თავდასხმაც განახორციელეს. სოსო ორჯონიკიძის მეუღლე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რუსული ყვითელი პრესის მთავარი „გატაცება“ იყო.
ნინუცა ორჯონიკიძე: მას შემდეგ, რაც ტელევიზიის არსებობის შესახებ გავიგე, მინდოდა იქ მემუშავა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა, გადავწყვიტე, ფინანსები მესწავლა და ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ვმუშაობდი. მაგრამ წლები რომ გავიდა და ჟურნალისტობის სურვილმა არ დამტოვა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში რიგით ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ საინფორმაციო სამსახური და მე ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით (იცინის). შუადღის შოუ ისეთი ფორმატია, რომელიც ძალიან მიზიდავდა, მაგრამ სულ რამდენიმე არხი გვაქვს და ყველა სივრცე დაკავებული იყო. მაისში მოულოდნელად დამირეკეს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ და ქასთინგზე დამიბარეს. ალბათ, იმიტომ რომ არ მჯეროდა, რომ რამე გამომივიდოდა, ამის შესახებ არავისთვის მითქვამს, მხოლოდ ჩემმა მეტყველების პედაგოგმა იცოდა. მხოლოდ ათი-თხუთმეტი პროცენტი მივეცი ჩემს თავს. ვიცოდი, რომ ბევრად უკეთესი გოგოები არსებობენ, ყველას უნდა ამ სფეროში მოღვაწეობა და ამიტომ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მითხრეს, რომ პროდიუსერებს მოვეწონე და მეორე ქასთინგზე დამიბარეს. მეორე ქასთინგის შემდეგ რომ დამირეკეს, საქართველოში არ ვიყავი, მითხრეს, სწრაფად ჩამოდი, დამტკიცებული ხარ და უკვე რეპეტიციებს ვიწყებთო. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. თავი ზღაპარში მეგონა. დაიწყო რეპეტიციები და დღის განმავლობაში ათსაათიანი მუშაობა. არ გვეძინა, არ ვჭამდით და არ ვსვამდით. ყველა შედეგს ხედავს, მაგრამ არავინ იცის, ამის უკან რამხელა შრომა დევს. თუმცა ერთი წუთითაც არ ვწუწუნებ, პირიქით, ძალიან მადლიერი ვარ.
– საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი ხარ?
– ყველაზე დიდი იმედი მქონდა, რომ პირველი ეთერი ნორმალური იქნებოდა სტრესისა და გამოუცდელობის ფონზე. ჩემთვის მთავარი განვითარებაა და იმედია, ყველაფერს სწრაფად ვისწავლი, ცნობილ „ყურს“ და კამერებს შევეჩვევი. იმედი მაქვს, უფრო დავიხვეწები. ეკრანზე საკუთარი თავის ყურება ჩემთვის წამებაა (იცინის). უბრალოდ ვერ ვუყურებ, ყველა ნიუანსს ვინიშნავ და ვცდილობ, გავაუმჯობესო.
– პირველი ემოციები გაიხსენე.
– ალბათ, გათხოვებისას და ბავშვის გაჩენისას მქონდა ისეთი ემოცია, როგორიც ახლა. ეს იყო მესამე დიდი ბედნიერება, როცა სერიოზული ხარვეზების გარეშე გავედით ეთერში. ეთერში ხუთ გოგოს ხედავთ, მაგრამ ჩვენ უკან ორმოცდაათი კაცი დგას, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, იმისთვის, რომ გადაცემა გამოვიდეს. პირველი არხი ჩემთვის უკვე სახლივითაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამბობენ, რომ არ გეტყობოდათო. ნელ-ნელა განცდების კონტროლსაც ვისწავლი (იცინის). მთავარია, მაყურებელს მოვეწონოთ და მიგვიღოს, რაც საკმაოდ რთულია. იმხელა შრომასთან არის ეს პროცესი დაკავშირებული, ვერც ვიაზრებ, რომ ის მოხდა, რასაც ყოველთვის ვნატრობდი.
– გასაგებია, ჟურნალისტობა ყოველთვის რომ გინდოდა, როგორი ბავშვი იყავი, კიდევ რა ინტერესები გქონდა?
– ხუთოსანი ვიყავი და ვარსკვლავებს ვწყვეტდი-მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუები. ვცდილობდი, მაგრამ საკმაოდ მიჭირდა სწავლა. მეცხრე კლასში ამერიკულ აკადემიაში გადავედი, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. თუ რამისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში, ამ სკოლის, მისი პოდაგოგებისა და დირექტორის დამსახურებაა. მერე წავედი ინგლისში და უნივერსიტეტში ფინანსებს ვსწავლობდი. წარჩინებით დავამთავრე, რითაც ვამაყობ.
– იქ ცხოვრება არ იყო რთული?
– იყო და თან არც იყო. საქმე ისაა, რომ დედაჩემი გამომყვა, ჩემი ძმა იმ ეტაპზე იქ სწავლობდა, ბიძაშვილებიც იქ იყვნენ. ჩვენ გვერდით ლაკო ბუკიას ჰქონდა ბინა ნაქირავები და დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ჩვეულებრივი ქართული დასახლება იყო (იცინის). ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, მაგრამ გართობა და დროსტარება არ გამომდიოდა, რადგან სულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი (იცინის).
– უნივერსიტეტის შემდეგ რა ეტაპი დაიწყო?
– მალევე გავთხოვდი და შვილი გამიჩნდა. ძალიან გამიმართლა, რადგან შემხვდა ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარია. ის, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია. პირველი დღიდან დღემდე ისე მოვედით, ვერ ვხვდები, თუ ცხრა წელი გავიდა. დღემდე ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორიც თავიდან, შეიძლება, უკეთესიც. მეუღლესა და შვილზე ბევრი საუბარი არ მიყვარს. თვითონ არიან ძალიან არასაჯარო, ჩვეულებრივი ადამიანები და რაღაცნაირად „კუთხეში“ მყვანან. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მეუღლე ჩემი გრანდიოზული და ზღაპრული სიყვარულია. მის მსგავსად ჩემი დიდი მხარდამჭერია მამა, რომელიც თავის დროზე წინააღმდეგი იყო, რომ ჩემი კარიერა ტელევიზიისთვის დამეკავშირებინა. დამთმობი, რბილი ხასიათის ვიყავი და მიაჩნდა, რომ ამ დატვირთვის გაძლება გამიჭირდებოდა. პირველ ეთერს მამამ ვერ უყურა, მაგრამ მოგვიანებით ნახა და მითხრა, შემოგევლოს მამაო (იცინის). ჩემი შვიდი წლის ბიჭიც ძალიან მგულშემატკივრობს. ხშირად დამყავს ტელევიზიაში და მგონი, რეჟისორი მეზრდება (იცინის).
– მეუღლის გვარზე გადასვლა როგორ გადაწყვიტე?
– ჩვეულებრივად, ბევრი არც მიფიქრია. მგონია, რომ ძალიან ნორმალურია, ჩემ ირგვლივ ბევრი აკეთებს ამას. უბრალოდ, სოციალურ ქსელში ორი გვარი – ორჯონიკიძე-ბიბილეიშვილი მიწერია, სკოლის ამხანაგები და ძველი ნაცნობები რომ არ დავაბნიო.
– მეუღლის დედა ჟურნალისტია, როგორი იყო მისი შეფასება, როცა ეკრანზე გნახა?
– კი, ჩემი დედამთილი „პირველი არხზე“ მუშაობდა და ის ფანტასტიკურად ნიჭიერი ქალბატონია. არაჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო და ორივეს ერთად ძალიან გვიხარია, რომ მე, ფაქტობრივად, მის გზას გავყევი. ყველასგან და მათ შორის, მისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და კომპლიმენტები მივიღე.
– გარეგნობას, თავის მოვლასა და ჩაცმის სტილს, ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ.
– განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ჯანსაღი ცხოვრების წესს. სწორი კვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვჭამ ცომს, ვერიდები ცხიმს და ვიღებ ბევრ ხორცს. მხოლოდ კრემებით კარგი კანი ვერ გექნება და რაც არ უნდა ლამაზი სამოსი გეცვას, ის შენს ზედმეტ კილოგრამებს ვერ დაფარავს. რაც შეეხება ჩაცმას, ძალიან გამიმართლა, რომ ბევრი ჩემი მეგობარი წარმატებული დიზაინერი გახდა. ისინი მაძლევენ რჩევებს და მეხმარებიან სტილის შერჩევაში. ვერ ვიტყვი, რომ მე მაქვს კარგი გემოვნება, ისინი მეუბნებიან, რა მომიხდება (იცინის).