№41 წარმატებული მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე – მომავალი დედების ჯანმრთელობის სამსახურში
გამოცდილი მეან-გინეკოლოგი, მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი – ბატონი მამუკა ნემსაძე, წლების განმავლობაში სხვადასხვა წარმატებულ სამედიცინო დაწესებულებაში ორსულთა ჯანმრთელობის სამსახურში მოღვაწეობს. მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის მიუხედავად, დღემდე შემეცნების პროცესშია და მაქსიმალურად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს.
მამუკა ნემსაძე: 1984 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ორი წელი ჯარში ვიმსახურე და 1987 წლიდან დავუბრუნდი სასწავლო პროცესს. 1989 წლიდან, მე-4 კურსის სტუდენტი, ვმუშაობდი თბილისის მეოთხე სამშობიარო სახლში და მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიულად იქ ავიდგი ფეხი და მადლიერი ვარ იქაური მედპერსონალის, რომელმაც, ვფიქრობ, დიდი გავლენა იქონია ჩემი საექიმო სპეციალობის არჩევაში. ჩემს კაბინეტში, სამუშაო მაგიდაზე დღემდე ვინახავ მაშინდელ გულისცემის მოსასმენ მოწყობილობას – სტეტოსკოპს, წარწერით – „მეოთხე სამშობიარო“, რომლის შეხედვისასაც მახსენდება, საიდან მოვდივარ.
– როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული კარიერა?
– შემდეგ გადავედი მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით კლინიკურ ორდინატორად ქალაქის მესამე სამშობიარო სახლში, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ პედაგოგებთან ერთად იყო ძალიან კარგი ახალგაზრდული კოლექტივი, რომელთა დიდი უმრავლესობა დღეს შემდგარი და წარმატებული მეან-გინეკოლოგია. მესამე სამშობიარო სახლიდან მოღვაწეობა განვაგრძე ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც 2003-2016 წლებში ვმუშაობდი. ეს იყო პირველი პერინატალური ცენტრი საქართველოში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა დედათა და ბავშვთა მკურნალობის სერვისების გაუმჯობესებაზე. ისეთი დისციპლინების ურთიერთშეთანხმებული მუშაობით, როგორიცაა: რეანიმატოლოგია, ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი და ასე შემდეგ, პაციენტებს კომფორტულ გარემოში მაქსიმალურად მაღალკვალიფიციურ დახმარებას ვუწევდით და ერთჭერქვეშ მოქცეული მთელი რიგი სერვისების ერთობლიობა ორსულის სხვაგან გადაყვანის საჭიროებას გამორიცხავდა. იქ ჩამოყალიბდა საკმაოდ ძლიერი და საინტერესო გუნდი, რომლის მუშაობის შედეგად 2003-2006 წლებში ჩვენს ქვეყანაში დედათა სიკვდილობა 55 პროცენტით შემცირდა.
– მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში როგორ მოხვდით?
– ქალაქის მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ანალოგიური სერვისის გაძღოლა შემომთავაზეს და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო ამ კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს პროფილით განსაზღვრული პაციენტების, მათ შორის მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მიღებას, მათი მდგომარეობის მართვას, მშობიარობის დაგეგმვას, განხორციელებას და ბავშვით ხელდამშვენებული დედების მშვიდობიანად გაცილებას.
– რითი გამოირჩევა მეხუთე კლინიკური საავადმყოფო?
– ჩვენ ვართ პოლიპროფილური კლინიკა, სადაც ერთ ჭერქვეშაა მოქცეული: კარდიოლოგია, ახალშობილთა და მოზრდილთა რეანიმაცია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, ნეფროლოგია, ფსიქიატრია, მეანობა-გინეკოლოგია, ანუ ყველა ის სერვისი, რაც ორსულსა და მის პირმშოს უქმნის მაქსიმალურად უსაფრთხო მშობიარობის გარემოს. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირ გართულებას გავუმკლავდეთ.
კლინიკაში არსებობს სრული კარდიოლოგიური სპექტრი, კარდიოქირურგიის ჩათვლით, საიდანაც საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს. ცნობილია, რომ ორსულთა 1-4 პროცენტს სხვადასხვა ტიპის გულის პათოლოგია აღენიშნება და ეს მდგომარეობა დედათა სიკვდილობის არაპირდაპირ მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა. ჩვენი კლინიკის ძლიერი კარდიოლოგიური დეპარტამენტი საშუალებას გვაძლევს, ჩივილების გამოვლენისთანავე, ადრეულ ეტაპზე მოხდეს კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება, ორსულობის მართვის სათანადო გეგმის შემუშავება კარდიოლოგებთან და კარდიოქირურგებთან ერთად, მშობიარობის ვადების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში, მომზადება შემდგომში კარდიოლოგიური ოპერაციისთვისა თუ კონსერვატიული მკურნალობისათვის და ასე შემდეგ. საქმე ეხება, არა მხოლოდ პაციენტებს გულის პრობლემებით, არამედ ისეთ ორსულებს, რომელთა მუცლადმყოფი შვილები დაავადებულები არიან გულის მანკით, ჩვენთან ბავშვთა კარდიოლოგების საკმაოდ ძლიერი კორპუსია. წელიწადში 5-ჯერ შვეიცარიიდან ჩამოდის ჩვენი თანამემამულე, ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბატონი თორნიკე სოლოღაშვილი, რომელიც საკმაოდ მძიმე ოპერაციებს აკეთებს, მორიგი ვიზიტის დროს ის 4 დღეში 20 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.
დღეს გინეკოლოგიური ოპერაციული აქტივობა მთელს მსოფლიოში მინიმალური ქირურგიული ინვაზიის რეჟიმზე – ანუ ლაპარასკოპიულ ოპერაციებზეა გადასული, ჩვენი დაწესებულებაც არ ჩამორჩება ამ მხრივ თანამედროვე მიმართულებებს – ვაკეთებთ ყველა ტიპის გინეკოლოგიურ ოპერაციებს, როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიული ტექნიკის გამოყენებით.
– რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ უცხოელ კოლეგებთან და რაში გეხმარებათ მათთან ურთიერთობა?
– ჩვენ ავირჩიეთ საერთაშორისო გამოცდილების გზა და ვფიქრობ, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებთან, მათი კარდიოქირურგები წლებია, ჩამოდიან ჩვენთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. წელს მათი რიგით 45-ე ვიზიტი იყო ჩვენს კლინიკაში. ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთობლივი ოპერაციები ცნობილ შვეიცარიელ ქირურგთან, ბატონ პიერ მეიერთან ერთად ტარდება.
არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოსა და ტარტუს საუნივერსიტეტო კლინიკას შორის, ჩვენი ექიმები მივლინებით ჩადიან ტარტუს საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხშირად ჩამოდის მათი მედპერსონალიც და ერთად ვატარებთ რთულ ოპერაციებს. მდიდარი და მრავალმხრივი საერთაშორისო კავშირები ჩვენი ძლიერი მხარეა.
– დღეს ჩვენს ქვეყანაში რა დონეზეა განვითარებული მეან-გინეკოლოგიის სფერო?
– ხშირად გვესმის, თითქოს სამეანო მომსახურება საქართველოში დაბალ დონეზეა და პაციენტებს არ აქვთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, რეალურად კი საკმაოდ დიდი სამუშაოებია შესრულებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ამას მოწმობს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტატისტიკა.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს კლინიკას, გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენთან მკურნალობის ისეთივე ხარისხიანი სერვისების მიღებაა შესაძლებელი, როგორიც ევროპის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. ამისთვის გვაქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მდიდარი ადამიანური რესურსი და ჩვენს მიერ არჩეული განვითარების სწორი კურსი. ეს არის ევროპული ტიპის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვმკურნალობთ ყველა ტიპის პათოლოგიების მქონე პაციენტებს. ჩვენთან თითოეული პაციენტი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და მათი ჯანმრთელობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.