№41 რატომ მივიდა არჩილ მეფე არაბებთან, ვინ მოიპარა მისი ცხედარი და სად დაკრძალეს ის
მურვან ყრუს იბერიაში შემოსევიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ („გარდახდეს… წელიწადნი ორმეოცდაათნი“) ჩვენს სამშობლოში შემოიჭრა არაბთა ხალიფას სარდალი ჭიჭნაომ ასიმი, ქართულ წყაროში – ჭიჭნაუმი. ფიქრობენ, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ხუზაიმა იბნ ხაზიმი. სხვა მოსაზრებით, ჰაზიმ იბნ ხუზაიმა, „რომელიც ალ-რაშიდმა დანიშნა მერვე-მეცხრე საუკუნეთა მიჯნაზე“ (კორნელი კეკელიძე). მუსხელიშვილის აზრით, ეს შეიძლება ყოფილიყო ასიმ იბნ აბდულაჰი, რომელიც მურვან ყრუმ დატოვა კავკასიაში.
ჭიჭნაუმმა მოაოხრა და შემუსრა, რაც კი ახალი აშენებული იყო ქართლში და მერე გადავიდა კახეთში. კახეთიც მოაოხრა და უამრავი ადამიანი დახოცა. იბერიის მთავრებს არ შეეძლოთ მის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა, არაბთა ჯარი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო. მათ სამხედრო ძალებში სხვადასხვა ქვეყნებიდან გადმოყვანილი ჯარიც იყო, ვასალები. მურვან ყრუმ რამდენიმე ათეული წლის წინ დიდი დემოგრაფიული და ეკონომიკური ზარალი მიაყენა ჩვენს სამშობლოს. მართალია, რამდენიმე ათეული წელი გავიდა, მაგრამ, დანაკლისი ჯერ ვერ აენაზღაურებინა ქვეყანას.
არჩილ მეფემ გადაწყვიტა, ხლებოდა არაბთა სარდალს, რათა მშვიდობა ეთხოვა თავისი ქვეყნისთვის – ეკლესიების შეურყვნელად დაცვა და მოსახლეობის გადარჩენა.
მიენდო ღმერთს და გაემგზავრა ქრისტესმოსავი მეფე. თუ საჭირო იქნებოდა თავის სიცოცხლესაც გასწირავდა ქრისტესთვის და ქართველებისთვის, ქართველთა მოხუცი ხელმწიფე. „მივიდა ჭიჭანაუმს თანა, რომელსა ეწოდა ასიმ“.
ასიმ არაბს ძალიან გაუხარდა ქართველთა მეფის მისვლა, მიეგება და პატივით მოიკითხა. აქო მისი ვაჟკაცობა, გონიერება, მოეწონა ვაჟკაცი და მშვენიერი გარეგნობის ქართველი არაბთა სარდალს.
რამდენიმე დღის მერე არაბთა სარდალმა ტკბილი სიტყვებით დაუწყო საუბარი ჩვენს მეფეს და მაჰმადის რჯულზე გადასვლას სთხოვდა, უამრავ საჩუქარს ჰპირდებოდა, დიდებასა და ხელისუფლების შენარჩუნებას. მაგრამ ჩვენი წმინდა ხელმწიფე არ წამოეგო მის სიცრუეზე და მტკიცე გადაწყვეტილებით უარს ეუბნებოდა:
„არ გინდა, არ დავიჯერებ შენს სიტყვებს, არ ვუღალატებ ქრისტე მაცხოვარს, რომელიც არის ჭეშმარიტი ღმერთი. რომელმაც ჩვენი ხსნისათვის სიკვდილი მიიღო. თუ შენ დაგიჯერებ, ისეთი სიკვდილით მოვკვდები, რომ საუკუნოდ დავიტანჯები. მაგრამ თუ შენ მომკლავ ქრისტეს ერთგულებისთვის, აღვდგები მკვდრეთით, როგორც ჩემი ღმერთი და მასთან ერთად ვიქნები დიდებით“.
ეს რომ გაიგონა ურჯულო დამპყრობელმა და ნახა ჩვენი მეფის სიმტკიცე, ძალიან გაუკვირდა. არჩილ მეფის დაპატიმრება და საპყრობილეში შეყვანა ბრძანა, რათა ამგვარად, ძალით გადაეყვანა ისლამზე. არ უნდოდა არაბთა სარდალს ქართველთა მეფის სიკვდილი. მას მეფის გატეხვა და გამაჰმადიანება სურდა, ამგვარად, სხვა ქართველების გამაჰმადიანებაც გაადვილდებოდა და ქართლიც უფრო მორჩილი იქნებოდა. არ უნდოდა არაბთა სარდალს მშვენიერი მოხუცი ხელმწიფის გაწირვა. მაგრამ, მისი დამპყრობლური ინტერესი არჩილ მეფის გატეხვას ითხოვდა.
საპყრობილეში არჩილ მეორე ადიდებდა უფალს და მისგან შეწევნას ითხოვდა, რათა მოწყალე ღმერთს ნება მიეცა მისთვის ღირსი გამხდარიყო მასთან მიახლებისა და მისი დაუსრულებელი ნათლის ახლოს დამკვიდრებისა, მსგავსად სხვა წმიდანებისა, რომლებმაც ქრისტესთვის სიკვდილით უკვდავება მოიპოვეს.
ასიმ არაბის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომელიც სარკინოზთა სარწმუნოებაზე გადასულიყო. მისი ბიძა, მამის ძმა მოეკლათ წანარებს, ხოლო მკვლელები არჩილ მეფის პაპას, ადარნასე მთავარს შეეწყალებინა და გაეშვა. შური აღიძრა გამაჰმადიანებული გადრაბნელის გულში, რა შუაში იყო მეფე არჩილი, მაგრამ, გადაწყვიტა, ამგვარად გამოედო თავი და მოახსენა ასიმს:
„არ იცი ვინ არის არჩილი? ეს არის სტეფანოზის ძე, დიდი მეფე ვახტანგის შთამომავალი, რომელიც იყო ჩამომავალი მირიან ქასრეს ძისა („ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მირიანი იყო სპარსეთის შაჰის, ქასრეს ძე). ის იყო მამამისთან ერთად, როცა დამარხეს ქართლის სამეფოს საგანძური. მან ისიც იცის, სად დამარხა ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ თავისი საგანძური. ჰერაკლემ მათაც გაუმხილა თავისი საიდუმლო, თუ სად დამალა განძი“.
ეს რომ ასიმმა გაიგო, მოაყვანინა მეფე არჩილი და უთხრა:
– შენ შენი მშვენიერი გარეგნობითა და სიდარბაისლით მოგვხიბლე. ახლა მითხრეს, რომ ხარ დიდი ხოსროიანის მეფეების შთამომავალი. უფრო მეტად დაფასდები ჩემს თვალში, თუ დამიჯერებ და იქნება შენი სამეფო შენს ხელქვეით. შენი წინაპრების საგანძურსაც შენ დაგიტოვებ. მაჩვენე, სად არის ბიზანტიელთა განძი შენახული, გადმოდი ჩვენს სარწმუნოებაზე, გახდი სარკინოზი და ქართლის სპასალარად, მეფედ და მბრძანებლად დაგნიშნავ.
უპასუხა ჩვენმა წმიდა მეფემ:
– კარგად იცოდე, მცირეწლოვანი ვიყავი, როცა ჰერაკლე კეისარმა გაიარა ჩემს ქვეყანაში. მამაჩემმა და ჩემმა უფროსმა ძმამ ის საგანძური იმ ციხეებში შეინახეს, მერე რომ მურვან ყრუმ დაიკავა. ახლა იმ ციხეებში ბიზანტიელები დგანან. მე არ ვუღალატებ ჩემს უფალ ღმერთს. არ გავყიდი წარმავალი დიდებისათვის წარუვალ და სამარადისო დიდებას!
ჰკითხა ასიმმა ჩვენს მეფეს:
– აფხაზეთში ჩვენი ჯარის შემოსევის დროს იქ იყავი?
მიუგო გულადმა ქართველმა:
– იქ ვიყავი, როცა დაამხო ისინი ღმერთმა!
ჰკითხა ასიმმა:
– რომელმა ღმერთმა დაამხო?
– ცხოველმა ღმერთმა, რომელიც არის ცისა და ქვეყნის შემოქმედი, რომელიც გარდამოხდა ზეცით ამქვეყნად ადამიანთა ხსნისათვის და თავისი სიკვდილით აღგვადგინა და უკვდავება მოგვანიჭა. მან დასცა და დაამდაბლა არაბები!
გაბრაზებულმა ასიმ სარდალმა უთხრა ჩვენს თავგანწირულ ხელმწიფეს:
– რომელთა ღმერთიც მოკვდავია და ვისაც აქვს იმედი მოკვდავის მიმართ, მასაც სიკვდილი უნდა!
უბრძანა ქვეშევრომებს თავი მოეკვეთათ წმიდა არჩილისთვის. არ მოერიდა არაფერს, არც არჩილის სიკეთეს. არც შერცხვა, რომ ასეთ წარჩინებულ ადამიანს კლავდა.
გაიყვანეს გარეთ წმიდა არჩილი და მოჰკვეთეს თავი. ეს მოხდა მირკანის თვეში, მარტში, ოც რიცხვში.
ღამით მივიდნენ ტბელი გოდერძიანები და მათთან ერთად სხვა მამეანი აზნაურები, მოიპარეს წმიდა მეფის ცხედარი, წამოასვენეს, სცხეს ნელსაცხებელი და დიდი პატივით დაკრძალეს მის მიერ აღშენებულ ეკლესიაში, ნოტკორაში (თიანეთთან ახლოს).
არჩილის ცოლმა, დედოფალმა, ამ დიდი სამსახურისთვის მათ კახეთში სოფლები უბოძა.