№41 დაანონსებული შურისძიება
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39-40(927)
„პრაპორშჩიკი“ იმ კაცის სახელი იყო, ვინც „გიურზა“ „ჯიხვს“ შეახვედრა
– „პრაპორშჩიკი“ საიქიოში გავისტუმრე. მას იაღლიში მოუვიდა და თქვენთან ჩემთან შეუთანხმებლად გამშიფრა. ეს კი დაუშვებელია. ასე რომ, მოკითხვას ვერ შეუთვლით. თუ შეიძლება, საქმეზე ვილაპარაკოთ, – მიუგო „გიურზამ“
„პრაპორშჩიკი“ ძველი „კაგებეშნიკი“ იყო. „გიურზა“ კი – „კაგებეს“ უშტატო შემსრულებელი და მასთან კავშირზე მხოლოდ „პრაპორშჩიკი“ გადიოდა, მას შეკვეთებს აძლევდა და შესრულებული სამუშაოსთვის ფულსაც მხოლოდ ის აძლევდა ხელზე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და „კაგებეს“ გაუქმების შემდეგ, „პრაპორშჩიკი“ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდა. თავად კი „ქილერების“ ერთგვარი კანტორა ჩამოაყალიბა და სახელმწიფოს მაგივრად, უკვე ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებებზე მუშაობდა. მათგან იღებდა მკვლელობების შეკვეთებს და ძველ, გამოცდილ კადრებს ასრულებინებდა. „გიურზა“ მათ შორის ყველაზე კვალიფიცირებული „ქილერი“ იყო. პრაქტიკულად, არ არსებობდა შეკვეთა, რომელსაც ის თავს ვერ გაართმევდა. „გიურზასა“ და „პრაპორშჩიკს“ შორის არსებობდა შეთანხმება, რომ „გიურზას“ ვინაობას „პრაპორშჩიკი“ არავისთან არავითარ შემთხვევაში არ გაამჟღავნებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „გიურზა“ იტოვებდა უფლებას, რომ „პრაპორშჩიკი“ მოეკლა. როდესაც „ჯიხვმა“ პრაპორშჩიკი“ იხმო, უთხრა:
– ძალიან სერიოზული შემსრულებელი მჭირდება, რომელიც არაფერზე დაიხევს უკან და ნებისმიერ ადამიანს „გააგორებს“. გყავს ასეთი?
– კი. მყავს. უმაღლესი კვალიფიკაციის „მექანიკოსია“, – მიუგო „პრაპორშჩიკმა“ „ჯიხვს“.
„მექანიკოსი“ ქუჩურ ჟარგონზე „ქილერს“, დაქირაებულ მკვლელს ნიშნავს.
– ხვალ ჩემთან მოიყვანე. უნდა დაველაპარაკო.
– ეს შეუძლებელია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ მის ვინაობას არავის გავუმჟღავნებ. შეკვეთა მე მომეცი და გადავცემ. „ატვეჩაი“ ვარ, რომ ყველაფერს უმაღლეს დონეზე შეასრულებს.
– გასაგებია, მაგრამ ჩემი შეკვეთა სპეციფიკურია და პირადად უნდა დაველაპარაკო.
– ბოდიშს გიხდი, ავთო, მაგრამ ეს შეუძლებელია, – თქვა „პრაპორშჩიკმა“. წამოდგა და წასვლა დააპირა. „ჯიხვმა“ კი უთხრა:
– ამ საქმეში დიდ „მაყუთს“ ვიხდი, რადგან იოლი ასაღები და გასაკეთებელი არაა. ამიტომაც მჭირდება მასთან პირისპირ შეხვედრა და დალაპარაკება. ნაწყენი არც ის დარჩება და არც შენ. ხოლო ამაში რომ დარწმუნდე, აი, ნახევარი მილიონი დოლარი. აიღე, შენია და მასთან შეხვედრა მომიწყვე. ვფიქრობ, ეს ფული ცოტა არ უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანს შემახვედრო.
ასდოლარიანების ორმოცდაათი დასტა მაცდურად იზიდავდა „პრაპორშჩიკს“. ერთხანს კუპიურებს უყურა, ბოლოს მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას, თანხა ტყავის შავ ქეისში ჩაალაგა, ჩემოდანი ჩაკეტა და „ჯიხვს“„ქილერის“ ვინაობა დაუსახელა:
– მეტსახელად „გიურზა“ ჰქვია. ნამდვილი სუპერპროფესიონალია. დღესვე დაველაპარაკები და ამ ფულს რომ შუაზე „გავუტეხავ“, ვფიქრობ, არ გამიბრაზდება.
– კეთილი, გელოდები. დამირეკე, – მიუგო „პრაპორშჩიკს“ „ჯიხვმა“ და მზერა გააყოლა.
„პრაპორშჩიკი“ კი პირდაპირ „გიურზასთან“ გაემგზავრა, რომელიც ბინას მოსკოვის გარეუბანში ქირაობდა და მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ „პრაპორშჩიკმა“ იცოდა. ასეთი სტუმრობაც შეთანხმების დარღვევა იყო და „პრაპორშჩიკს“ მხოლოდ მას მერე ჰქონდა „გიურზასთან“ მისვლის უფლება, როდესაც მას ტელეფონით წინასწარ შეუთანხმდებოდა, ამიტომ „გიურზასთვის“ მოულოდნელი იყო „პრაპორშჩიკის“ ვოიაჟი. თუმცა, არაფერი შეიმჩნია და სტუმარი ბინაში შეუშვა. კარი მიიხურა. სავარძელზე მიუთითა, დაჯექიო და ჰკითხა:
– რამე ექსტრემალური მოხდა, ჩვენი შეთანხმება რომ დაარღვიე?
„პრაპორშჩიკმა“ „გიურზას“ თავიდანვე „აყვანა“ სცადა. ფულით სავსე კეისი მაგიდაზე დადო. გახსნა და „გიურზას“ უთხრა:
– ეს მაყუთი „ჯიხვმა“ მომცა და ნახევარი შენია. ხოლო ძირითად თანხაზე და საქმეზე ლაპარაკი კი პირადად შენთან უნდა. მე არ მითხრა. რას იტყვი, შეხვდები მას?
– ჩემი ვინაობა გაუმხილე? – მშვიდად ჰკითხა „გიურზამ“.
– არ დაგიმალავ და, კი, გავუმხილე. მაგრამ დარდი ნუ გაქვს. მას არ ჩვევია ლაყბობა და მხოლოდ შენთან შეხვედრა და პირადი საუბარი სურს. მიუგო „პრაპორშჩიკმა“.
– როდის უნდა ჩემთან შეხვედრა?
– რაც შეიძლება, მალე.
– კეთილი. დაურეკე და უთხარი, რომ მაზეგ მცალია. ადგილი თვითონ დაასახელოს.
„პრაპორშჩიკს“ გულზე მოეშვა და „ჯიხვს“ დაურეკა, რომელმაც მას „გიურზასთან“ შეხვედრის ადგილი და დრო დაუსახელა. ტელეფონი რომ გათიშა, „პრაპორშჩიკმა“ „გიურზას“ მომავალი შეხვედრის დრო და ადგილი აუწყა და უთხრა:
– აქ ნახევარი მილიონი „ბაქსია“. შენს წილს დაგიტოვებ და წავალ.
– სადოვოე კოლცომდე მიმიყვან? – ჰკითხა „გიურზამ“ „პრაპორშჩიკს“, რომელიც დოლარების დასტებს მაგიდაზე აწყობდა და მასპინძელს მიუგო:
– რა თქმა უნდა, მიგიყვან. რაზეა ბაზარი?
ფულის განაწილება რომ დასრულდა, სტუმარ-მასპინძელი ბინიდან გამოვიდა და „პრაპორშჩიკის“ ახალთახალი „ჯიპით“ მოსკოვის ცენტრისკენ გაემგზავრნენ. ეგრეთ წოდებული, „კოლცევოის“ ავტომაგისტრალზე რომ გავიდნენ, „გიურზამ“ „პრაპორშჩიკს“ უთხრა:
– ტყის პირას შეაჩერე, თორემ ჩავიფსამ და მანქანას წაგიბილწავ.
„პრაპორშჩიკმა“ „ჯიპი“ ორმოცდაათიოდე მეტრში გააჩერა. „გიურზამ“ კი მას მოულოდნელად ხორხში ხელი მიარტყა და გათიშა.
შემდეგ ძირს დააგდო. მანქანა ტყეში შეიყვანა და ასიოდე მეტრში, უკაცრიელ ადგილზე შეაჩერა. „პრაპორშჩიკი“ გადმოათრია და უზარმაზარ ბუჩქებში ჩააგდო. მაყუჩიანი პისტოლეტიდან თავში ორჯერ ესროლა. მკვდარი იქვე დატოვა და გზა მანქანით გააგრძელა და „სველი“ იარაღი მდინარე „მოსკვაში“ ჩააგდო. „ჯიპი“ გაჩერებაზე დააყენა. შავი ქეისი აიღო, გზა ფეხით განაგრძო და სახლში მეტროთი დაბრუნდა. ორი დღის მერე კი „ჯიხვს“ დათქმულ დროსა და ადგილზე შეხვდა...
– თუ შეიძლება, საქმეზე გადავიდეთ. „პრაპორშჩიკი“ უკვე წარსულშია და აღარაფერში გამოგვადგება, – თქვა „გიურზამ“.
– რას ვიზამთ, ღმერთმა აცხონოს, – ხელები გაშალა „ჯიხვმა“ და დაამატა, – ალბათ, გაიგებდით, რომ ამ ორიოდე თვის წინ თბილისში ერთადერთი შვილი მომიკლეს.
– დიახ. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, – მშვიდად და უემოციოდ თქვა „გიურზამ“.
– ჰო და ჩემო კარგო, ამის საპასუხოდ, შურისძიების მიზნით, ჩემი მსროლელები გავგზავნე თბილისში და მათ თორმეტი ადამიანი გაანადგურეს. იმ სპეცდანაყოფის ყველა წევრი, ვინც ოპერაციაში მონაწილეობდა. პირადად ჩემი შვილის მკვლელი კი გაიტაცეს, აქ ჩამომიყვანეს და მე საკუთარი ხელით, საშინელი წამებით მოვკალი, მისი ხორცი კი ვირთხებს შევაჭამე. იმ მებრძოლების ვინაობების გაგება კი არ გამჭირვებია. კარგად იცი, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს. მილიონი დოლარი გადავუხადე პოლიციის მაღალჩინოსანს და მან დაწვრილებითი ინფორმაცია მომაწოდა. მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. მთავარი შურისძიება ჯერ კიდევ წინაა და სწორედ ამაზე უნდა გელაპარაკოთ. თავი და თავი, ჩემი შავლეგის მკვლელობის მთავარი მიზეზი ამერიკაშია. ამ ჩემთვის საძულველ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ბატონობას ჩემულობს და ამისთვის ყველაფერზე მიდის, უმანკო სისხლის დაღვრასაც კი არ ერიდება. თანაც, მათი ძალოვანი სტრუქტურების მიერ საშიშ დამნაშავედაც ვარ გამოცხადებული და ვფიქრობ, ჩემი შავლეგის მკვლელობაც მათ მიერ იყო სანქცირებული ჩემს გასამწარებლად და დასასუსტებლად. აბა, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს სად აქვს ამხელა ტრაკი, რომ მე მებრძოლონ და ამერიკელების წაქეზებითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამიტომ, გადავწყვიტე, ამერიკელებზე ვიძიო შური და თქვენ სწორედ ეს მისია უნდა შეასრულოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, – „ჯიხვმა“ ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, „გიურზას“ გადასცა და უთხრა – აი, გაეცანით.
„გიურზამ“ კონვერტიდან წარწერიანი ფოტოსურათი ამოიღო და დაათვალიერა, თან წარწერაც წაიკითხა. შემდეგ „ჯიხვს“ დაუბრუნა და ჰკითხა:
– ესაა სალიკვიდაციო ობიექტი?
– დიახ. შეძლებთ ამ საქმის გაკეთებას? – თქვა „ჯიხვმა“. ფოტო და კონვერტი ანთებულ ბუხარში შეაგდო და „გიურზას“ მიაჩერდა, თან დააყოლა, – ამასთან, წინასწარ დავაანონსებ, რომ საშინელი შურისძიება ელოდებათ და რომ ამ ლაქას ისინი ვერასდროს ჩამოირეცხავენ. მე კი ფეხებსაც ვერ მომჭამენ.
– „გიურზას“ გაეცინა და თქვა:
– ჰმ. გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა, ხომ? გასაგებია. დიახ. შევძლებ ამ საქმის გაკეთებას, მაგრამ ამის მერე სამუდამოდ უნდა გავქრე. ამიტომ, ამ საქმეში ოცი მილიონი ამერიკული დოლარი მჭირდება. ფული ქეშად უნდა მომცეთ და წინასწარ. გაწყობთ?
– მაწყობს. ფულს ახლავე მიიღებთ, – მიუგო „გიურზას“ „ჯიხვმა“.
– ამ შეკვეთის შესახებ ჩვენ ორის გარდა, კიდევ ვინ იცის? – იკითხა „გიურზამ“.
– მეტი – არავინ.
– ჰოდა, არც არავინ უნდა გაიგოს, – თქვა „გიურზამ“ და დაამატა, – გირჩევთ, ფრთხილად იყოთ. როგორც კი ამერიკელებს მუქარის შეტყობინებას გაუგზავნით, მაშინვე დაფაცურდებიან და მიზანში ამოგიღებენ.
– ფეხები არ მომჭამონ. აქ მოსკოვია და არა თბილისი, ან ვაშინგტონი, – თავდაჯერებულად მიუგო „გიურზას“ „ჯიხვმა“.
***
„გამოძიების ფედერალური ბიუროს“ მესვეურები საკმაოდ შეფუცხუნდნენ, როდესაც „ჯიხვის“ შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ეწერა: „საქართველოს თორმეტი სპეცრაზმელის განადგურება ბავშვური ხუმრობაა იმ საშინელებასთან შედარებით, რაც თქვენ მოგელით და ამ მკვლელობის ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხავთ, რამეთუ ხელს ვერ შეუშლით ჩემს სამართლიან შურისძიებას“. ავთო ხვადაგიანის ეს გზავნილი ხელმოუწერელი იყო, თუმცა „ეფბეერში“ ყველამ იცოდა მისი ავტორის ვინაობა. „ჯიხვმა“ კი ეს იმიტომ გააკეთა, რომ რუსეთის ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეგდო, რომელთანაც „ჯიხვს“ კარგი, მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა. „ჯიხვს“ რომ გზავნილისთვის ხელი მოეწერა, „ეფბეერი“ რუსეთს ოფიციალურად მოსთხოვდა „ჯიხვის“ დაკითხვასა და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას. ეს კი რუსეთს პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობდა, რადგან ეს ქვეყანა ისედაც ბევრ სკანდალში იყო გახვეული და დასავლეთი მას ტერორისტებისა და ორგანიზებული დანაშაულის მსხვილი ბოსების მფარველობაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ ასეთ ბოსად ავთანდილ ხვადაგიანი, მეტსახელად „ჯიხვი“ მიიჩნეოდა, რომელსაც მსოფლიო ნარკობიზნესში სოლიდური წილი ჰქონდა.
„ჯიხვის“ გზავნილზე სამსჯელოდ „ბიუროს“ შეფის კაბინეტში მისი მოადგილეები და ეგრეთ წოდებული, რუსეთის მიმართულების კურატორი, სპეცაგენტი იულიუს პუდინგი იყვნენ შეკრებილები. 43 წლის პუდინგს ისტორიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხიც ჰქონდა. დისერტაცია მას საბჭოთა კავშირის ორგანიზებული დანაშაულის, ეგრეთ წოდებული, „კანონიერი ქურდების“ თემაზე ჰქონდა დაცული და მისი სქელტანიანი ნაშრომი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სპეციალისტებს შორის. პუდინგს, დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, ორი წელი რუსეთში ჰქონდა გატარებული და კარგად იცნობდა როგორც ამ სფეროში მომუშავე რუს ძალოვნებს, ასევე, უკვე რესეთის, ეგრეთ წოდებული, მაფიის ზოგიერთ ბოსსაც, მათ შორის, „ჯიხვსაც“, რომელთანაც პუდინგი ორჯერ სტუმრობდა „ნიკოლინა გორას“ სასახლეში და ერთობ გაოცებულიც კი იყო ამ ადამიანის მანერებითა და საქციელით. პუდინგს ხშირად იწვევდნენ ხოლმე ამათუ იმ საკითხზე საკონსულტაციოდ. ხოლო თუ საქმე რუსეთს ან პოსტსაბჭოურ სივრცეს ეხებოდა, პუდინგი შეუცვლელი ადამიანი იყო, რადგან ამ სივრცის მცოდნე ექსპერტად მოიაზრებოდა და ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. ამჯერედაც, სწორედ იულიუს პუდინგს „მიჰყავდა პარადი“ და „ჯიხვის“ შესახებ ხელმძღვანელობის ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა მთავარი კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა. ეს კითხვა იყო – ვის ლიკვიდაციას, ვისზე შურისძიებას აპირებდა „ჯიხვი“. პუდინგმა რომ კითხვებზე პასუხები დაასრულა, თავის მხრივ, დაუმატა:
– ძალიან სამწუხაროა, ბატონებო, მაგრამ დარწმუნებით ვამბობ, რომ სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, თუ ვინაა ის უცნობი სამიზნე და დროულად შევაჩეროთ მკვლელი. „ჯიხვი“ კავკასიელია. ქართველი. ამ ხალხში კი შურისძიების გრძნობა სხვა ხალხზე მეტადაა განვითარებული. ოჯახისა და შვილების სიყვარულიც განსაკუთრებული აქვთ და უკან არაფერზე იხევენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ჯიხვს“ ამისთვის ყველა საშუალება აქვს. ხომ გახსოვთ, რა ეგზეკუცია ჩაატარა მან თბილისში, როდესაც თორმეტი სპეცრაზმელი დაახოცინა?
– თერთმეტი, ბატონო პუდინგ, – შეუსწორა იულიუსს შეფის ერთ-ერთმა მოადგილემ.
– დიახ. თერთმეტი. მეთორმეტე კი, ვინც მისი შვილი დაცხრილა, საკუთარი ხელით, წამებით მოკლა და მისი ცხედარი ვირთხებს შეაჭამა, რაც ფირზე გადაიღო და საქართველოს მთავრობას გაუგზავნა, – თქვა იულიუს პუდინგმა.
– ბატონებო, როგორც აშკარად იკვეთება, ეგ „ჯიხვი“ თავისი შვილის მთავარ მკვლელად ჩვენს ქვეყანას მიიჩნევს და საშინელ მუქარაში, ალბათ, რომელიმე ჩვენი მთავრობის ძალოვანი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციას გულისხმობს. ასეთი საქმისთვის კი განსაკუთრებული რანგის პროფესიონალია საჭირო, რომელსაც „ჯიხვი“, სავარაუდოდ, უკვე შეუთანხმდა. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებას უნდა გავყვეთ და უმაღლესი კლასის რუსი „ქილერი“ ვეძებოთ, – თქვა „ბიუროს“ დირექტორმა და თავის მოადგილეს, ალექს კაბას უთხრა:
– ამ კუთხით თუ არის რაიმე სიახლე, ალექს?
გაგრძელება შემდეგ ნომერში