№41 ქმარს გაშორებული ვარ, მაგრამ სიკვდილს გადამარჩინა და დღესაც ის მარჩენს
მე და ჩემი ქმარი, უკვე წლებია, გაშორებულები ვართ. მას სხვა ოჯახი ჰყავს, თუმცა, დღემდე ყოფილად ვერ მოვიხსენიებ. ის რომ არა, ალბათ, დღეს ცოცხალიც არ ვიქნებოდი. უბრალო მიზეზის გამო დავშორდით. მეც ეჭვიანი ვიყავი, ისიც და ვერ შევეწყვეთ. ცივილურად დავშორდით-მეთქი, ვერ ვიტყვი, საშინლად ვიკამათეთ და გავლანძღეთ ერთმანეთი. რაღაც პერიოდი მისი დანახვაც არ მინდოდა. თუმცა, განგებამ გამოცდა მომიწყო. ძალიან ცუდად გავხდი, ფაქტობრივად, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან და ამაში დიდი წვლილი, სწორედ, ჩემმა ქმარმა შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ვიყავით და დახმარება არც მითხოვია, გვერდით დამიდგა, ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხზე დავეყენებინე და გადამარჩინა. დღესაც ის მპატრონობს და მისი იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო შვილი არ გვყავს, მაინც არ მტოვებს. ცოლი რომ მოიყვანა, ძალიან განვიცადე, თუმცა, მის ცოლთანაც კარგი დამოკიდებულება მაქვს და იცის, მის ქმარს არც საწოლში ჩავუწვები და არც წავართმევ. მათ შვილებთანაც ახლოს ვარ და ყველაფერში ვგულშემატკივრობ. ალბათ, ასეთი ბედი მქონდა, რომ მამაკაცი მყვარებოდა და მასთან შორს ვყოფილიყავი. თუმცა, არ ვდარდობ. მთავარია, ის ბედნიერია. რომ დასჭირდეს, მის გამო გულს ამოვიღებ და სულს მივცემ. ჩემს დედმამიშვილს არ გაუკეთებია იმდენი, მან რომ გამიკეთა და დღესაც მიკეთებს. რამდენიმე წლის წინ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი. ვერ გეტყვით, ერთი ნახვით გადავირიე და შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ მარტოობა რომ შემევსო და ცხოვრება გამელამაზებინა, მასთან დავიწყე შეხვედრები. თუმცა, მალევე მივხვვდი, არაფერი მაკავშირებდა, ვერც შევიყვარებდი და შევეშვი. სტაბილური სამსახური არ მაქვს და ეკონომიკურად მიჭირს, თუმცა, ჩემი ქმარი, რაც შეუძლია, ყოველთვე, მეხმარება. ერთხელ ვკითხე: ჩვენ ხომ ერთმანეთს წლების წინ დავშორდით და რატომ მეხმარები-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? არადროს დამავიწყდება, როგორ გიყვარდი, რამდენი ბედნიერი წამი და წუთი მაჩუქე და დედაჩემს როგორ მოუარე და დაიტირე... ამას, მართლა ვერ დაგივიწყებო. ახალი გათხოვილი ვიყავი, დედამთილი რომ გარდაიცვალა. პირველად დედა რომ დავუძახე, იტირა. მითხრა, გოგო არ მყავს და სულ იმაზე ვოცნებობდი, რძალს მაინც დაეძახაო. ავად რომ იყო და ლოგინად ჩავარდა, ვუვლიდი, არაფრი დამიკლია და გარდაცვლილიც გულით დავიტირე. ეს არ იყო პირფერობა და სხვების თვალში ქულების დაწერა. უბრალოდ, მის მიმართ მართლა ასეთი დამოკიდებულება მქონდა. არასდროს უწყენინებია, თბილი სიტყვის მეტი არაფერი მახსოვდა და ვალი კი არ მოვიხადე, უბრალოდ, ჩემი მხრიდან რაც საჭიროდ მიმაჩნდა, ის გავაკეთე. ეს ჩემს ყოფილ ქმარს დღესაც ახსოვს და სწორედ ამის გამო არ მტოვებს. მისი იმედი სულ მაქვს, თუმცა ვერაფერს დავავალდებულებ. ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან რთული ყოფილა ცხოვრება, წინასწარ არავინ იცის, რა ელის. რას წარმოვიდგენდი, თუ საყვარელ ქმარს გავშორდებოდი, მის გარეშე მომიწევდა ცხოვრება და ყოფილი ქმარი შორიდან მარჩენდა. ეს რომ ვინმეს ეთქვა ან სადმე წამეკითხა და გამეგო, არ დავიჯერებდი. მაგრამ, ფაქტია, ეს ჩემი ცხოვრებაა და ვეღარ შევცვლი.
მარიკა, 48 წლის.