№41 „გარყვნილი“ ცოლის ჩანაწერები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-40(927)
... ვიწექი და ვფიქრობდი (რა დამაძინებდა): ნუთუ არაფერი მეჩვენება. ნუთუ შესაძლებელია, კაცს ასე შეუყვარდე და უბრალოდ, ბედნიერი იყოს ამით-მეთქი. კაცის თითოეულ სიტყვას ვწონიდი, მის მოძრაობას ვაკვირდებოდი, მზერას ვაანალიზებდი. უნდა ვაღიარო, რომ გამიხარდებოდა, უმნიშვნელო სიყალბე მაინც რომ აღმომეჩინა. მისი გულწრფელობა უკვე სერიოზულად მაფრთხობდა იმ მარტივი მიზეზით, რომ საკუთარ თავსაც ვატყობდი ცვლილებას. ყინულის მყარი ნატეხი რომ დადო მზეზე, ადრე თუ გვიან, ხომ მაინც დადნება?! კოტე არც ძალას მატანდა, არც ზღვარს გადადიოდა, არც არაფერს ითხოვდა, მხოლოდ ბედნიერებას მიზიარებდა, ბედნიერებას, რომელსაც თავად ქმნიდა და მე უკვე ვაღიარებდი რეალობას – მის გვერდით ყოფნის უდიდეს სურვილს. კიდევ უფრო მეტი სიახლოვის ინიციატივაც რომ გამოეჩინა, თავს ნამდვილად არ გამოვიდებდი. უკვე მენანებოდა ყოველი გასული დღე და შიშით ველოდი ჩემი ზღაპრული, ჯადოსნური შვებულების დასრულებას.
კარზე მორიდებულმა კაკუნმა მიმახვედრა, რომ მორიგი სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ორმოცდაშვიდი წლის ქალისთვის ყოველდღიურობაში ნაკლებად არის პატარ-პატარა „სიხარულები“, მაგრამ ემოცია, რომელიც თავს ახალბედა შეყვარებულად გაგრძნობინებს, იშვიათი გამონაკლისია. ვერ ვიტყვი, რომ „სიხარულები“ არ მქონია, მაგრამ დიდ ემოციას, რომელიც მიწისძვრასავით „შეარყევდა“ ჩემს არსებას, უკვე აღარ ველოდი. შევეგუე კიდეც იმას, რომ ჩემმა „ვარდისფერმა“ მატარებელმა ჩაიარა. მიშას ღალატი სტრესი იყო, მაგრამ ისეთიც არა, როგორიც წარმომედგინა. მეტკინა, მეწყინა და სინანულით მაფიქრებინა – ნუთუ ფინალი ეს უნდა ყოფილიყო-მეთქი. როგორ ავხსნა ის, რაც განვიცადე, არ ვიცი. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ შოკი არ მიმიღია, უნებლიეთ ვადარებდი ჩემს და ნატალიას რეაქციას. მართალია, იმან ფაქტზე გამოიჭირა ქმარი, მე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიცოდი, რომ მიღალატეს, მაგრამ მწვავედ მაინც არ გამომიხატავს ემოცია. ნატალიამ თავზე დაიმხო სამეგობროც და სანაცნობოც. არც ქმრის ნათესავი დაუტოვებია და არც საკუთარი. მთელ ქვეყანას მოსდო, რომ უღალატეს. მე ამას ვერ ვაკეთებდი. მარტო იმიტომ არა, რომ ღალატის დამადასტურებელი ფაქტი არ მეჭირა ხელში, უბრალოდ, არ შემეძლო, საჯაროდ გამომეფინა ჩემი პირადული. რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, ეტყობა, ძალიანაც აღარ მიყვარს მიშა, მოდუნებული რეაქციაც იმიტომ მაქვს-მეთქი. ახლა უკვე ის მაინტერესებდა, რა იქნებოდა, კოტეს ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპზე რომ შევხვედროდი. მაგალითად, როცა საკუთარი ქმარი იმ საიმედო დასაყრდენად მიმაჩნდა, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. მაშინაც მოვიხიბლებოდი მისი გალანტურობით? მაშინაც შევადარებდი ჩემს მეუღლეს და აღმოვაჩენდი იმ უპირატესობებს, რაც გულს დამწყვეტდა? ვინ მოვატყუო, როცა ვხედავ, რომ საკუთარ თვათან მარტო დარჩენილი სიტუაციას ვეღარ ვმართავ. ნეტავ, ჩემს სახლში რა ხდება. ალბათ, ჩემი ქმარი ამ დროებით მინიჭებული თავისუფლებით ტკბება და არჩევნის გასაკეთებლად ემზადება. ან იქნებ, უკვე აირჩია. აი, მე კი ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე დავდექი: ვუთხრა კოტეს, რას ვგრძნობ მის მიმართ? ვთხოვო, რომ მაგრად მომხვიოს ხელები და აღარ გამიშვას? უცებ საოცრად მომინდა, მეგრძნო მისი სხეულის სითბო, სუნი, ჩახუტება მომინდა, მის ფართო მკერდზე თავის მიდება და მთელი სამყაროსგან მოწყვეტა.
სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ამ საშიშ ადგილს. ამ ადამიანს უნდა გავცლოდი, რომ ჩემი რეპუტაციის უბადრუკი ნარჩენები გადამერჩინა. კარადიდან ჩემოდანი გადმოვიღე. ის იყო, ტანსაცმლის ჩასალაგებლად შევბრუნდი, რომ თავში რაღაც აზრმა გამიელვა და შემაჩერა: ჰო, მაგრამ, სად გავრბოდი, ვისთან ან რატომ? მიშას, ალბათ, საერთოდ არ უნდოდა, მისთვის მყუდროება დამერღვია. საგზური მიყიდა, გამიშვა... რატომ? კარგად რომ დამტკბარიყო საყვარელთან გატარებული წუთებით, ხელი რომ არაფერს და არავის შეეშალა. მე კი რას ვაკეთებდი? ჩემი ერთგულების სადემონსტრაციოდ ვაპირებდი, მოულოდნელად გამოვცხადებოდი და მეთქვა: შემომხედე, გავუძელი ცდუნებას, დაგიბრუნდი და აპლოდისმენტებს ვითხოვ-მეთქი. რა სასაცილო ვიქნებოდი...
... ნატალიამ ცრემლიანი თვალები მომაპყრო და მივხვდი, რომ მე არ მიყურებდა.
– ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, – თქვა და ტუჩის კუთხეები ღიმილმა მოუბრიცა, – უნდა ვუღალატო. ჰო, ვუღალატებ! მიხვდება, რას ვგრძნობ და ეს იქნება ჩემი შურისძიება.
თიკომ შიშით შემომხედა. მანიშნა, რამე მიშველე, თორემ, მგონი, სულ გაგიჟდაო.
– ნატალია, საყვარელო, დარწმუნებული ხარ, რომ შენ ეს გინდა?
– რა, რა მინდა? – ჩემმა მეგობარმა ისე ამომხედა, მისი დისა არ იყოს, მეც დავრფთხი, მართლა ხომ არ აურია-მეთქი.
– ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შენი ქმარი კი იმსახურებს ღალატს, მაგრამ შენ რამდენად ხარ მზად, უცხო კაცს ჩამოეკიდო კისერზე?
– გვანცა, რანაირად მელაპარაკები?
– ჰო. უნდა ვუღალატოო, ხომ თქვი? გყავს კაცი, ვისთანაც ამას გააკეთებ?
– რას გავაკეთებ, გოგო, გაგიჟდი?
– თავად არ თქვი, შური უნდა ვიძიოო? ნატალია, რა გემართება?
– აბა, რა ვქნა, ვაპატიო? თავზე დავისვა და მის ძუკნას ვათქმევინო, რომ ჩემზე ფეხები გაიწმინდეს?
– „ის ძუკნა“ საერთოდ რა შუაშია. შენ ქმარს მოსთხოვე პასუხი.
– დიახ, მოვთხოვ კიდეც. რქები რომ მოეფხანება და შეაწუხებს, მერე კარგად გაიგებს, რას ვგრძნობ მე ახლა.
– ნატალია, შენ მართლა შეგიძლია, გაიჩინო ადამიანი, რომელიც გაგიგებს და გეყვარება... – მეც არ ვიცი, რამ მათქმევინა ეს სიტყვები. თიკომ პირი დააღო. ნატალია შეცბა.
– რა? რას მეუბნები?
– გეუბნები, რატომაც არა? შენც შეგიძლია, გაიჩინო ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს ბედნიერად, კომფორტულად იგრძნობ.
– მეღადავები, ხომ?
– არა, არ გეღადავები. რასაც შენ ამბობ, რომ ქმარს ჯიბრით უნდა უღალატო, სისულელეა, მაგრამ ბედნიერების უფლება ნამდვილად გაქვს.
... მაშინ ჩემმა სიტყვებმა ნატალიას შურისძიების მიზნით განზრახულ ღალატზე ხელი ააღებინა, ქმარსაც აპატია და შეურიგდა, მაგრამ „ბედნიერების უფლება“ ღრმად ჩარჩა ჩემს აზროვნებაში. ახლა ზედაპირზე ტივტივებდა და მოსვენებას არ მაძლევდა.
... კოტემ თვალის ერთი შევლებით შეაფასა ჩემში მომხდარი ცვლილება.
– მოხდა რამე? სახლიდან დაგირეკეს?
– არაფერი განსაკუთრებული. ყველაფერი წესრიგშია და საგანგაშოდ საქმე არ მაქვს.
– ჰო?! – შევატყვე, დიდად არ დამიჯერა, – მივდივართ? ულამაზესი ადგილია, ძალიან მოგეწონება. მანქანა უკვე მოიყვანეს. სანამ აქ იქნები, გეყოლება. კიდევ ბევრ რამეს დაგათვალიერებინებ. ჰო, მართლა, შენს ოთახს არ ალაგებენ?
უნებლიეთ საწოლზე გადახსნილი ჩემოდნისკენ გამექცა მზერა.
– წასვლას ვაპირებდი.
– მივხვდი. მაინტერესებდა, შენ თავად თუ მეტყოდი ამას.
მხრები ავიჩეჩე.
– რატომ უნდა დამემალა?
კოტემ გამიღიმა. ახლოს მოვიდა და თმაზე ალერსით გადამისვა ხელი, – როგორი განსხვავებული ხარ. კიდევ და კიდევ ვრწმუნდები, რომ არც შენს შეფასებაში შევმცდარვარ. მართლა მომწონხარ, ძალიან, ძალიან მომწონხარ...
– მეც მომწონხარ.
– ამასაც ვხვდები. გინდა, გითხრა, როცა მიყურებ, რაზე ფიქრობ?
– არა, – ისე წამოვიძახე, თითქოს რაღაცის შემეშინდა.
ისევ თავზე მომეფერა. ვგრძნობდი, როგორ „ვეშვებოდი“ შინაგანად, როგორი დამყოლი და ხელმისაწვდომი ვხვდებოდი.
– მოდი, აღარ გვინდა. შენ არ წახვედი, დარჩი... ამით ბევრი მითხარი.
– კოტე, უნდა ვილაპარაკოთ.
– არა, არ მჭირდება. არც შენ გჭირდება. ალბათ, ამის დროც მოვა. ახლა მარტო სიამოვნებაზე, დაუვიწყარ დასვენებასა და შთაბეჭდილებებზე უნდა ვიფიქროთ.
აღარ მიკითხავს, როდის ვილაპარაკებდით. აღარ იყო საინტერესო ჩემთვის... მძაფრი შთაბეჭდილებები მინდოდა, დადებითი ემოციები და სიამოვნება ერთად გატარებული წუთებისგან.
დღეები ერთმანეთს კიდეც ჰგავდა და არც ჰგავდა. უსიტყვო, უწყინარი ალერსი. მხოლოდ დადებითი ემოციები და მზერით ახსნილი სიყვარული. ბევრჯერ აღმოვჩნდით წითელ ხაზთან, აკრძალულ ზონაში, მთავარ ცდუნებასთან ძალიან ახლოს. ვერ დავიტრაბახებ, რომ ჩემი თავშეკავება იყო მიზეზი, რამაც აკრძალული ხილი არ გამასინჯა. ყოველთვის კოტე იხევდა უკან და ცოტათი იმედგაცრუებულს მტოვებდა. ბოლო ორი დღე, ანუ იმ ორ დღეს, რაც გამგზავრებამდე დამრჩა, საერთოდ ვეღარ ვცნობდი. ხელს არ მიშვებდა. ნომერში რამდენიმე წუთით ტანსაცმლის გამოსაცვლელად რომ ავიდოდი, კართან მელოდა და მოუთმენლად სცემდა ბოლთას. არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ სიტყვები არც იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ეძნელებოდა ჩემთან განშორება. თუმცა, რაც ჩემი გამგზავრების დილას მოხდა... მაგრამ ჯობს, თანმიმდევრულად მოვყვე. ბოლოს მიხვდებით, რატომაც.
ჩემი ხელები დიდხანს ჰქონდა მოქცეული თავის ფართო ხელისგულებში. სახეში არ მიყურებდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა. აუზთან ვისხედით. ერთბაშად ისე მომინდა, მაგრად ჩავხუტებოდი, რომ აღარაფერზე ვიფიქრე და მხარზე მივეკარი. დიახ, შეიძლებოდა, ამას გაგრძელება მოჰყოლოდა. იქვე, აუზზე, ვინ დაგვიშლიდა ან ვინ დაგვაკვირდებოდა... კალთაში ჩამიდო თავი. გული შემეკუმშა და გამალებით დაიწყო ფეთქვა. მხოლოდ თითებზე მკოცნიდა და მეხუტებოდა. ამით დასრულდა. ჰო, დილით, როცა ტრანსფერის მძღოლმა მომაკითხა, კოტე ვერ ვიპოვე. გაქრა, აორთქლდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. დამტვრეული ინგლისურით მეუბნებოდა მძღოლი, რომ ძალიან გვაგვიანდებოდა. მე ბუნდოვნად ჩამესმოდა მისი ხმა. სმენა დამეხშო. მეჩვენებოდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. რობოტივით დაპროგრამებული მანქანასავით ვმოქმედებდი. ცრემლები თვითმფრინავში წამომივიდა. ღმერთო, რა იყო ეს...
***
ჩემი ქმარი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩემს მწარე რეალობაში დავბრუნდი. მწარე რა – რაც იყო, ეს იყო. უნდა დავშვებულიყავი დედამიწაზე. მეღიარებინა, რომ ისევ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან და პრობლემასთან. მიშამ გამიღიმა და ისე გამოექანა ჩემკენ, კოტესგან მიღებული სტრესისგან დათრგუნული და განადგურებული რომ არ ვყოფილიყავი...
– არაჩვეულებრივად გამოიყურები. მოიცა, კარგად შემოგხედო. გახდი? თმას რა უყავი? რაღაც გაქვს შეცვლილი, ოღონდ, რა, ვერ ვხვდები. რუჯი გიხდება ძალიან? შეიძლება...
– მიშა, ფრენამ დამღალა, სახლში მინდა. ბავშვები როგორ არიან?
– ჰმ, რომელია ბავშვი. გგონია, რამეს მეკითხებოდნენ? ახლა მივხვდი, რას უძლებ. გინდა, სახლში მისვლამდე სადმე ვისაუზმოთ? ვერაფერი მოვიფიქრე, რომ დამეხვედრებინა. მგონი, ყავაც კი აღარ გვაქვს. თეოს დავავალე, მაგრამ რა იყიდა და რა არა, წარმოდგენა არ მაქვს.
– არ მშია. მივიდეთ სახლში, ცოტას დავისვენებ და მე თვითონ წავალ საყიდლებზე. პირველად ხომ არ ხდება ასე, რაღაც არ მახსენდება, სახლში დაბრუნებულს ან წესრიგი დამხვედროდა ან სავსე მაცივარი.
მიშამ დამნაშავესავით გაიღიმა.
– მართალი ხარ, ვატყობ, დასვენებით კმაყოფილი ხარ. არ მეჩხუბები.
გამეცინა. რისთვის უნდა მეჩხუბა ადამიანთან, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის აღარც ვფიქრობდი. ჩემი გონება მთლიანად კოტეთი, მისი უცნაური და აუხსნელი საქციელით იყო დაკავებული. ვცდილობდი, რაღაც ახსნა, გამართლება მომეძებნა. რამე ისეთი გამეხსენებინა, რაც ასეთ ფინალს პროგნოზირებდა. არაფერი, სრულიად არაფერი. ხელი ვერაფერს ჩავჭიდე. ვერაფერს მოვებღაუჭე. ერთი აბღავლება ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ თავი ვაიძულე, არაფერი შემტყობოდა. კოტეს შესახებ ხომ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. არ ვიცოდი არც მისი საცხოვრებელი ადგილი, არც ტელეფონი და არც საქმიანობის სფერო. რატომ არცერთხელ არ დავინტერესდი ამ ყველაფრით? იმიტომ, რომ თავს ძალიან, ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.
სახლში შესულს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი არსება მოცული იყო სევდით, მაშინვე უჩვეულოდ მენიშნა განსაკუთრებულად მონდომებული სისუფთავე და წესრიგი.
– დამლაგებლების ბრიგადა გყავდათ გამოძახებული? – ვცადე ხუმრობა და ვთქვი ის, რაც ბუნებრივად მომწიფდა ჩემს გონებაში, – ისე დაგისუფთავებიათ აქაურობა, თითქოს რაღაც კვალს შლიდით.
მიშა გაფითრდა. თვალების ხამხამს მოჰყვა და ნირწამხდარი მომაჩერდა. მერე გაურკვევლად აბლუყუნდა.
– ეს, ეს... თეომ იპოვა რაღაც კომპანია, ვერ წარმოიდგენ, აქ რა ხდებოდა. ისა, შენც ხომ იცი, როგორი უწესრიგოები და ფეთხუმები ვართ. ასე ვერ დაგახვედრებდით. მოკლედ, ფული მე მივეცი და თეო, თეო... აი, საჭმელი კი მართლაც არაფერი გვაქვს. სია ჩამომიწერე, წავალ და მოვიტან.
– მიშა, ყველაზე ნაკლებად ახლა საჭმელი მაღელვებს.
– ჰო, დაღლილი ხარ, მესმის... კარგი, რამეს ჩემითაც მოვახერხებ.
აღარ ვუსმენდი. ბარგი იქვე, შემოსასვლელში მივყარე, ფეხშიშველმა გავიარე ვრცელი მისაღები და ჩემს საძინებელში შევედი. კარი შიგნიდან ჩავკეტე და საწოლზე პირქვე მივეგდე. ვნანობდი, ძალიან ვნანობდი, კოტესთან ფიზიკური სიახლოვე რომ არ მქონდა. იმან არ მოინდომა? ჰო, ნამდვილად არ დაუძალებია. მაგრამ მე რატომ არ გამოვიჩინე ინიციატივა... ერთბაშად ბრაზმა შემიპყრო, ვბრაზობდი მიშაზე, რომელმაც ის არ იკმარა, რომ მიღალატა, ყველა პირობა შემიქმნა, მეც დავეყენებინე ცდუნების წინაშე და ასეთ დღეში ჩამაგდო. ოჰ, როგორ მომეშვებოდა გულზე, რომ შემძლებოდა, პირში მიმეხალა მისთვის, მე შენ გიღალატე-მეთქი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში