№41 ექიმის რჩევები
კითხვა: ვიკეთებ ცოფის საწინააღმდეგო აცრებს, ზეგ მესამე ვიზიტი მიწევს. ხომ ვერ მეტყვით, რომელი ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება მივიღო თავის ტკივილის დროს? ვეგეტონევროზი მაქვს და თავის ტკივილები ხშირად მაწუხებს.
პასუხი: ტკივილგამაყუჩებელი პრეპრატის მიღება არ არის უკუნაჩვენები ანტირაბიული აცრის დროს. ასეთ დროს მხოლოდ სპირტის შემცველ პრეპარატებს არ ურჩევენ ხოლმე.
კითხვა: დაახლოებით რამდენი პროცენტით ზუსტია 3 თვეზე გაკეთებული ტესტი აივ-ინფექციაზე?
პასუხი: 3 თვეზე ჩატარებული ანალიზის პასუხი სარწმუნოდ ითვლება (თითქმის 98 პროცენტით გამორიცხავს დაინფიცირებას). თუმცა, ორგანიზმის ინდივიდუალობის გათვალისწინებით, ანალიზი შეიძლება გამეორდეს 6 თვის და ერთი წლის შემდეგ.
კითხვა: ვარ გლუტენის დიეტაზე, ვინაიდან ახლახან აღმომაჩნდა ცელიაკის დაავადება მაინტერესებს ბრინჯი და წიწიბურა თუ შეიცავს გლუტენს ან შეიძლება თუ არა გაზიანი სასმელების დალევა?
პასუხი: ბრინჯი, სიმინდი, წიწიბურა არ შეიცავს გლუტენს. გაზიან სასმელებში შეიძლება იყოს გლუტენის დანამატი, ამიტომ ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას.
კითხვა: სად აკეთებენ ნახველის საერთო ანალიზს და უფასოდ თუ ხდება სადმე?
პასუხი: ნახველის გამოკვლევა შესაძლებელია ნებისმიერ თანამედროვე ტიპის ლაბორატორიაში. რაც შეეხება უფასო კვლევას, თუ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ უტყუარი ეჭვი იქნება ტუბერკულოზზე, ამ შემთხვევაში გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯებს ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფარავს და მომსახურება პაციენტისთვის უფასოა.
კითხვა: ვარ 34 წლის ქალი. ხშირად მაქვს ექსტრასისტოლები. რამდენად საშიშია ეს გულისთვის?
პასუხი: თუ გამორიცხულია გულის დაავადების არსებობა, ეს არ არის საშიში.
კითხვა: ჩემს ქმარს ჩაძინებისას ეწყება და მთელი ღამის განმავლობაში მარჯვენა ფეხი უკრთის, და ეს ხდება 2 წუთში ერთხელ. თვითონაც გრძნობს, მაგრამ ვერ აკონტროლებს, თვითნებურად მოსდის. რისგან არის ეს გამოწვეული ან რითი შეიძლება ეშველოს ან რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
პასუხი: მიოკლონიები, უეცარი კუნთოვანი შეკუმშვა, რომლებიც მხოლოდ ჩაძინების ფაზაში აღმოცენდება, მოიცავს კიდურებს, ზოგჯერ კი სხეულსა და თავსაც და უნებლიე მოძრაობით არის თანხლებული, ფიზიოლოგიურია და მათ ჩაძინების შეკრთომები ეწოდება. მიოკლონიები ძლიერდება ემოციური რეაქციების დროს – გადაღლის, სტრესის, ალკოჰოლის მიღების და სხვა შემთხვევებში. თუმცა არ არის გამორიცხული, მიზეზი ეგრეთ წოდებული, მოუსვენარი ფეხების სინდრომი იყოს; უმჯობესია, თუ რეალური მიზეზის დასადგენად ნევროპათოლოგს მიმართავთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე