№41 როგორ დავიცვათ პნევმოკოკური ინფექციისგან თავი
პნევმოკოკური ინფექციების გამომწვევია ბაქტერია Streptococcus pneumonia, რომელსაც ასევე, პნევმოკოკსაც უწოდებენ. პნევმოკოკური დაავადების ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინება პნევმოკოკური პნევმონიაა. ფილტვების ანთების გარდა პნევმოკოკი, ასევე, ხშირად იწვევს მენინგიტს, ბაქტერიემიას, სეპტიცემიას, შუა ყურის ინფექციას, სინუსიტებსა და ბრონქიტს.
პნევმოკოკი ჯანმრთელი ადამიანების 70 პროცენტის ცხვირსა და ხახაში დროის ნებისმიერ პერიოდში ბინადრობს და ადამიანიდან ადამიანს ახლო კონტაქტისას წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა, მიუხედავად სასუნთქ გზებში ბაქტერიის მოხვედრისა, აუცილებელი არ არის ადამიანი დაავადდეს.
ზოგიერთი ადამიანი ხდება პნევმოკოკის მატარებელი. პაციენტებში იშვიათად ხდება ჯერ კოლონიზაცია, ხოლო შემდეგ დაავადების გამოვლენა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს რისკ-ფაქტორებით განპირობებული იმუნური სისტემის დასუსტება. ჯანმრთელი მატარებლობის ხანგრძლივობა ბავშვებში 3-4 კვირაა, მოზრდილებში – 2 კვირამდე. ინკუბაციური პერიოდი 1-დან 5 დღემდე გრძელდება. პნევმოკოკური დაავადების განვითარებისა და ლეტალური გამოსავლის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ასაკის, განსაკუთრებით კი, ორ წლამდე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები.
სხვა რისკის ჯგუფებს შეადგენს:
1. ბავშვები და მოზრდილები, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ღვიძლის ციროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰოჯკინის (ლიმფოგრანულომატოზი) დაავადება, სპლენექტომია, ნამგლისებული ანემია, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები;
2. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები;
3. აივ-ინფიცირებულები;
4. ალკოჰოლდამოკიდებული პირები;
5. მწეველები;
6. 65 წელზე უფროსი ასაკის პირები.
პნევმონიის გართულებებია:
* პლევრული გამონადენი;
* პლევრის ემპიემა;
* ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია/აბსცედირება;
* მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი;
* სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
* სეპტიკური შოკი, მეორეული ბაქტერიემია, სეფსისი;
* პერიკარდიტი, მიოკარდიტი;
* ნეფრიტი და სხვა.
პნევმოკოკური დაავადების და გარდაცვალების რისკი შესაძლოა შევამციროთ:
* ხელების ხშირი დაბანით;
* მხოლოდ ძუძუთი კვებით პირველი 6 თვის განმავლობაში;
* სახლის პირობებში ჰაერის დაბინძურების შემცირებით;
* სიმპტომების შესაბამისი მკურნალობით;
* საუკეთესო პრევენცია კი ვაქცინაციაა.
რეკომენდაციები:
* პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფს უნდა მიეცეს რჩევა წოლითი რეჟიმის, სიგარეტისთვის თავის დანებების, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღების შესახებ;
* პლევრული ტკივილის საწინააღმდეგოდ საკმარისია მარტივი ანალგეტიკების მიღება, ისეთებისა, როგორიც არის, მაგალითად, პარაცეტამოლი;
* ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოქსიგენოთერაპია;
* საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სითხის ინტრავენური შევსება;
* სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, პულსი, სისხლის წნევა, ცნობიერება, ჟანგბადის სატურაცია დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა შეფასდეს, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – უფრო ხშირადაც;
* განმეორებით უნდა ჩატარდეს CRP დონის გამოკვლევა და გულმკერდის რენტგენოგრაფია, თუ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკა არ შეესაბამება ჩატარებულ მკურნალობას.