№41 გული – ადამიანის უმაღლესი სულიერი ცხოვრების ადგილი
საჭიროა, თავიდან გულში ჩახვიდე. ამჟამად ღმერთზე ფიქრი თქვენ თავში გაქვთ, თვითონ ღმერთი კი, თითქოს, მის გარეთაა. გამოდის, რომ თქვენი შრომა გარეგნულია. სანამ თავში ხართ, აზრები მშვიდად ვერ დალაგდება, ყოველთვის არეული და აზელილი იქნება, როგორც თოვლის გუნდა ან კოღოების გუნდი ზაფხულში.
***
თქვენ მწერდით, რომ ყურადღების დაძაბვისგან თავიც კი აგტკივდათ. დიახ, თუ მხოლოდ თავით იმუშავებთ. ხოლო გულში თუ ჩახვალთ, მაშინ არანაირი სამუშაო არ დაგაწვებათ – თავი დაცარიელდება და ზრახვებსაც ბოლო მოეღება. ისინი ყველა თავშია, ერთმანეთს დასდევენ და მათ ვერ ვუმკლავდებით. თუკი იპოვით გულს და შეძლებთ იქ დგომას, მაშინ ყოველ ჯერზე, როგორც კი ზრახვები შეწუხებას დაგიწყებენ, საკმარისი იქნება, გულში ჩახვიდეთ, რომ ზრახვები მაშინვე გაიფანტოს. ეს მყუდრო ადგილი იქნება, უსაფრთხო ნავსაყუდელი. ნუ შეგეზარებათ იქ ჩასვლა. ცხოვრება გულშია და სწორედ იქ უნდა იცხოვროთ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს სრულყოფილთა საქმეა. არა! ეს საქმე ყველასია, ვინც უფალს ეძებს.
***
როგორ მოიაზრება გამოთქმა – გონების გულში მოკრება? გონება იქ არის, სადაც ყურადღებაა. მოვიკრიბოთ გულში გონება, ესე იგი, მოვაქციოთ ყურადღება გულში და გონივრულად ვუმზიროთ ჩვენ წინაშე მყოფ უხილავ ღმერთს, მივმართოთ მას დიდებისმეტყველებით, მადლობითა და თხოვნით. ამასთან, ფხიზლად ვიყოთ, რომ არაფერი საზიანო გულში არ შემოვიდეს. ამაშია სულიერი ცხოვრების მთელი საიდუმლო.
***
ყველა წმიდა მამა თანხმდება ერთმანეთში, რომ გული არის ადამიანის უმაღლესი სულიერი ცხოვრების ადგილი.
***
გული – ეს არის უშინაგანესი ადამიანი, ანუ სული, სადაც არის თვითცნობიერება, სინდისი, იდეა ღმერთის შესახებ – მასზე ყოველმხრივი დამოკიდებულების გრძნობით, და საერთოდ, მთელი მარადიულ-ფასეულობითი სულიერი ცხოვრება.
***
როდესაც მამებთან კითხულობ გულის ადგილის შესახებ, რომელსაც გონება ლოცვით პოულობს, უნდა მოიაზრო გულის სიტყვიერი ძალა, რომელიც შემოქმედმა განათავსა გულის ზედა ნაწილში (დიაფრაგმაში); ძალა, რომლითაც ადამიანის გული განსხვავდება პირუტყვთა გულისგან, რომლებსაც აქვთ ნების, ანუ სურვილის ძალა. სიტყვიერი ძალა გამოიხატება სინდისში, ანუ ჩვენი სულის გაცნობიერებაში გონის ჩარევის გარეშე; ღვთის მოშიშებაში; ღმერთისა და მოყვასის სულიერ სიყვარულში; სინანულის, სიმდაბლის, სიმშვიდის გრძნობაში; სულის შემუსვრილობაში, ანუ ღრმა წუხილში ცოდვების გამო და სხვა სულიერ გრძნობებში, რომლებიც უცხოა ცხოველებისთვის. სულის ძალა არის გონება, სიტყვიერების ძალა. ადამიანის სული მდებარეობს გულის ზედა ნაწილში, მკერდის მარცხენა ძუძუსთავის ოდნავ ზემოთ. გონების გულთან შეერთება ნიშნავს გონების სულიერი ზრახვების შეერთებას გულის სულიერ გრძნობებთან.