№41 რა მეთოდებით მოქმედებენ რუსული, მეზობელი სახელმწიფოებისა და ჩინეთის სპეცსამსახურები საქართველოში და როგორ უწყობენ ხელს საქართველოს მოქალაქეები მათ ინფორმაციის იოლად მოპოვებაში
უკრაინის მოვლენების შემდეგ ჰიბრიდული ომის ცნებაც გააქტუალდა და რუსეთსაც დაუკავშირდა, როგორც ამ ომის მწარმოებელ უბადლო ოსტატს, იმ დონემდეც კი, რომ იქით აშშ-ს არჩევნებში ეძებენ რუსული სპეცსამსახურების კვალს და აქეთ – ევროპულების. მეორე მხრივ, რუსული სპეცსამსახურები აქტიურად არათუ მუშაობდნენ საქართველოში, რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული, აშკარად აგროვებდნენ ინფორმაციას და ერეოდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში, ამდენად, სულ რომ არც ერთი ცოცხალი აგენტი აღარც ჰყავდეს საქართველოში, სიტუაციის მართვას მაინც შეძლებს. ისინი თანმიმდევრულად განაგრძობენ თავიანთ პოლიტიკას, ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან საფუძველჩაყრილს, თუმცა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურის მოქმედების არენა არ არის საქართველოს ტერიტორია: თურქეთიც აქტიურად უნდა მუშაობდეს, ირანიც, ჩვენი უშუალო რეგიონული მეზობლებიც – სომხეთი და აზერბაიჯანიც და რასაკვირველია, ჩინეთიც. ბრიგადის გენერალთან, ანალიტიკოს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედების თავისებურებებს.
– დავიწყოთ რუსეთის სპეცსამსახურებით, თუნდაც, რაც ღია წყაროებიდან ჩანს, რა მეთოდებით მოქმედებენ ისინი საქართველოში?
– საკმაოდ გააქტიურდა რუსეთი დასავლეთის მიმართულებით, განსაკუთრებით „ნატოს“ წევრ სახელმწიფოებში. რაც შეეხება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევას, პირადად მე ასე არ გავაბუქებდი ამ თემას, რადგან ქმნის გაზვიადებულ მითს რუსეთის ძლევამოსილების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, არ იყო მომგებიანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს ჩარევის მცდელობები არ ჰქონია. მაგრამ, თუ რუსეთს შეუძლია, გავლენა იქონიოს ამერიკის საარჩევნო სისტემაზე…
– ჩვენ თეთრი დროშები უნდა ავაფრიალოთ და დავნებდეთ.
– დიახ, ეს საკმაოდ მაღლა სწევს თამასას და არაა მომგებიანი. მოგვიანებით მიხვდა ამერიკის მთელი ელიტა, ორივე პარტიას ვგულისხმობ, ალბათ, მედიაც და ახლა უკვე მხოლოდ ჩარევის მცდელობებსა და რუსეთთან კავშირებზეა მეტი აქცენტი. ამისთვის გარდა პირადი კონტაქტებისა, აქტიურად გამოიყენება ინტერნეტი და სოციალური ქსელები. ჩვენ გვჩვევია ზერელეობა რუსეთთან დამოკიდებულებაში მთელი ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და არაერთხელ დამიწერია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ბევრი დასკვნა გააკეთა ყველა მიმართულებით: არმიის მოდერნიზებით დაწყებული და საინფორმაციო ომების წარმოებით დამთავრებული. ჩემი აზრით, არასწორად იყენებენ ტერმინს „ჰიბრიდული ომი“ და მისი თავდაპირველი განსაზღვრებაც დავიწყებას მიეცა. ჰიბრიდული ომი არის კომბინირებული ომი. მაგრამ დავანებოთ თავი ტერმინებს და ჩვენკენ გადმოვინაცვლოთ: მართებულად შენიშნეთ, რომ მეფის რუსეთიდან მოყოლებული დღემდე არსებობს ტრადიცია და სპეცსამსახურების მუშაობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაგროვილ ცოდნასა და ტრადიციებს. თუმცა ვიტყოდი, რომ, ამის მიუხედავადაც, რუსეთმა მაინც ვერ შეიცნო საქართველო.
– მეც ეს მიკვირს და ვერ ვხსნი ამ ფენომენს.
– ეს გასაკვირია, იმიტომ რომ მათ აქვთ ჩვენთან ურთიერთობის ორ საუკუნეზე მეტხნიანი გამოცდილება, უფრო ზუსტად, დაპყრობის და მაინც ვერ შეიცნეს ქართველი ერი და ვერც სხვა ნაციები. ისინი სხვებს არ ცნობენ იმის ღირსად, რომ უკეთ შეისწავლონ და თითოეულს შემდეგ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე მოექცნენ. ასეთივე უდიერი დამოკიდებულება აქვთ ჩვენდამიც.
რაც შეეხება მეთოდებს: სპეცსამსახურებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ – ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციის გამოყენება. ინფორმაცია გროვდება სამი მეთოდით: ტექნიკური საშუალებებით, აგენტურული დაზვერვით და ღია წყაროების მონიტორინგით. არავინ დაობს იმაზე, რომ სადაზვერვო ინფორმაციის 95-96 პროცენტი და ხშირად უფრო მეტიც მოიპოვება ღია წყაროებით. ამ პროცესს საკმაოდ შეუწყო ხელი ინტერნეტისა და მოგვიანებით, სოციალური ქსელების განვითარებამ. ადამიანებმა სოციალურ ქსელებში დაკარგეს იმის განცდა, თუ რაზე შეიძლება და არ შეიძლება საუბარი, რის გამოქვეყნება შეიძლება და რის – არა. ადამიანებს არ ჰყოფნით იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება, გამოიყენონ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია: მცირე ჩანაწერი, ანუ პოსტები, ოჯახური ფოტოები, ვიდეომასალები.
– გავშიფროთ სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდები.
– ტექნიკურ დაზვევრაში ამ ბოლო დროს რუსეთი საკმაოდ გააქტიურდა. არა მარტო მიწის ზევით, არამედ კოსმოსური დაზვერვის მხრივაც. აძლიერებს თავის კოსმოსურ დაჯგუფებას და ამას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ასევე, თავის დაჯგუფებებს ჩვენ გარშემო: ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული ბაზები იქნება თუ მეზობლად სომხეთში განლაგებული გიუმრის სამხედრო ბაზა. შეაქვთ სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დაზვერვის საშუალებები და, ფაქტობრივად, ხელის გულზე ვყავართ. ეს სუფთა სამხედრო დანიშნულების საშუალებებია. რაც შეეხება ინტერნეტს: ის შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ტექნიკური დაზვერვის საშუალება და ეს ეხება მობილურ კავშირგაბმულობასაც. ჩემი აზრით, არ იყო მართებული გადაწყვეტილება „ბილაინის“ შემოყვანა საქართველოში.
– აქვე გავიხსენეთ, რომ, როდესაც ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონზე იყო ლაპარაკი, მეორე გასაღების ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის გადაცემა განიხილებოდა არასამთავრობო სექტორის მიერ, როგორც მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება.
– ამ კანონის შესაბამისად, იძულებული ხარ, ერთნაირი გადაწყვეტილება მიიღო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების მიმართ. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ითვალისწინებს, ამ მხრივ, რუსეთის კანონმდებლობა. ნებისმიერი მობილური კომპანია ვალდებულია, პირველივე მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ყველა ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებს. ამას გარდა, ყველა კომპანიაში დგას სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იძლევა საშუალებას, რუსულმა სპეცსამსახურმა ამ კომპანიის დაუკითხავადაც მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია, რაც მას ესაჭიროება. სულ ახლახან კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს, რომლებიც აქამდე ერთი თვის განმავლობაში ინახავდნენ მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებებსა და აუდიომასალებს, ავალდებულებს, რომ ახლა უკვე სამი თვის განმავლობაში შეინახონ, როგორც ტექსტური შეტყობინებები და აუდიომასალები, ანუ საუბრების ჩანაწერები, ასევე, ვიდეო და ფოტომასალები, რომლებსაც მომხმარებლები მობილური ტელეფონებით ცვლიან.
– გასაგებია, რომ საქართველოში საქართველოს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს ყველა მობილური ოპერატორი, რუსული იქნება თუ სხვა, მაგრამ ვინ გააკონტროლებს, აქვს თუ არა „ბილაინს“ ან სხვა კომპანიას მსგავსი აპარატურა?
– როგორ უნდა გააკონტროლოთ?! „თვითერს“ ვერ გააკონტროლებთ და „თვითერი“ ვერ გააკონტროლებს თავის პროდუქტს, რადგან რეგიონული სერვერები რუსეთშია განთავსებული. აქ ისეთი ტექნიკური საკითხებია, რომელთა კონტროლი თითქმის შეუძლებელია. ეს საკითხები მისახედია და გასაკვირია, რომ ერთი და იგივე ჯგუფები, ერთი მხრივ, უშვებენ ასეთ კომპანიას საქართველოში და, მეორე მხრივ, საუბრობენ მოსმენებისა და გასაღებების შესახებ. ჩვენ, ფაქტობრივად, ვაშიშვლებთ ჩვენს სპეცსამსახურებს და ამიტომაც, ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. მე მუდმივად მხარს ვუჭერდი ჩვენს სპეცსამსახურებს და ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ისინი არ უნდა იყვნენ შეწზღუდულები თავიანთ მოქმედებებში რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ და არა მხოლოდ რუსეთის.
– ხშირად ჩვენთან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ, თითქოს სხვა ქვეყნებს არ აქვთ თავიანთი ინტერესები და არ ცდილობენ მათ გატარებას.
– სხვა უამრავი ტექნიკური საშუალებაცაა, რაზეც დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება აგენტურულ საქმიანობას: რუსეთი არ არის ერთადერთი საფრთხე ამ კუთხით, თუმცა რუსეთის სამეზობლო პოლიტიკიდან და ოკუპაციის ფაქტიდან გამომდინარე, რუსეთი პრიორიტეტია. თქვენ სწორად ჩამოთვალეთ სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ ინტერესები საქართველოში. ჩინეთს სერიოზული ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში, რადგან მათი პოლიტიკა და ბოლო ინიციატივა: „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ითვალისწინებს, რომ ჩინური პროდუქცია ამ სარტყელის გავლით მოხვდეს დასავლეთში და მთელი ეს მარშრუტი ჩინეთიდან დანიშნულების ადგილამდე ჩინეთის ინტერესის არეალია, შესაბამისად, ჩვენ, როგორც სატრანზიტო სახელმწიფო, ჩინეთის ინტერესებში ვხვდებით. იგივე ეხება ჩვენს მცირე მეზობლებსაც – სომხეთი და აზერბაიჯანი ახსენეთ. დიახ, ერთია სახელმწიფოს მასშტაბები, მაგრამ არც ჩვენ ვართ დიდი სახელმწიფო და ჩვენნაირებს, რომლებიც გვესაზღვრებიან, საკუთარი ინტერესები აქვთ და ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სპეცსამსახურები სამეზობლოში თავიანთ ინტერესებს ატარებენ. მეორე საკითხია, როგორ, რა მეთოდებით, თუმცა სპეცსამსახურებს ძირითადად, ერთი და იგივე მეთოდები აქვთ და ამდენად, ყველა უნდა აღვიქვათ, როგორც პოტენციალური ობიექტი საიმისოდ, რომ არ დავუშვათ მათი სპეცსამსახურის მოქმედებები და გავლენები ჩვენს ქვეყანაში. ვლაპარაკობ ნებისმიერზე, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზეც.
– ამჯერად აღარ ვახსენე ისინი, თუმცა ფაქტია, ისინიც მოქმედებენ.
– მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ჩვენ არ ვიცით, რა პოლიტიკას წარმართავენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და ამიტომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა არ უნდა დაუშვან არც ერთი სახელმწიფოს გავლენა. თუ რუსეთი აშკარად გვებრძვის, აგრესიულია და ტერტორიებს გვართმევს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სხვა მეთოდებს მიმართავენ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქ არ აქვთ ინტერესი და არ იქმნიან გავლენებს. ანუ ამ სფეროში ნდობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები, მათი დაცვა და სხვისი გავლენის არდაშვება იმ ფორმით, რაც საფრთხეს მოუტანს ქვეყანას.
და ბოლოს, რაც შეეხება ღია წყაროების მონიტორინგს, როგორც სპეცსამსახურების მიერ ინფორმაციის მოპოვების საშუალებას: აქაც საკმაოდ მოშვებულები ვართ. არის საკითხები, რომელთა განხილვა ღია სივრცეში არ შეიძლება: სიტყვის თავისუფლებიდან ინფორმაციის გაცემამდე ზღვარი მყიფეა და შეიძლება, იძლეოდეს სრულ სურათს ძალიან ბევრ თემაზე, რაც მეზობელი სახელმწიფოების ინტერესია. ამ მიმართულებითაც ძალიან წინდაუხედავები ვართ და ვფქვავთ ყველაფერს, რის თქმაც შეიძლება და არ შეიძლება. იმავე სოციალურ ქსელში ხშირად შევსწრებივარ დისკუსიებს, რაც შეიცავდა მეზობელი სპეცსამსახურებისთვის საინტერესო ინფორმაციას, რბილად რომ ვთქვა. მარცვალ-მარცვალ გროვდება ინფორმაცია და ხშირად მცირე პუბლიკაცია გაძლევს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე შეიძლება, აგენტურული გზებით მოიპოვო. თუ გარე სახელმწიფოებმა გარკვეული რესურსი უნდა დახარჯოს სხვადასხვა ინფორმაციის მოსაპოვებლად, ჩვენ ხშირად უფასოდ ვაწვდით მათ ამ ინფორმაციას საინფორმაციო საშუალებებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით.