კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ არის მოსკოვისთვის ხელსაყრელი ფაშინიანის პროდასავლური მისწრაფებები და რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის მოსკოვი-ბაქოს ტანდემი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სანამ ჩვენ კვლავ არჩევნებით ვართ გართულები, რეგიონში აქტიური პოლიტიკური მანევრებია: რფ-ის პრეზიდენტი (თუმცა წინასწარ ვიცოდით) ჯერ ბაქოს ეწვია და მოგვიანებით, ერევანს ესტუმრება. ამის პარალელურად, ალიევი და ფაშინიანი ყარაბაღში დაძაბულობის ვარდნაზე შეთანხმდნენ. მეორე მხრივ, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაც ცნობილია და ბაქო-მოსკოვისაც, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მეტად აქტიური და თბილი გახდა. იმდენადაც კი, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ენერგოგზაჯვარედინის როლსაც ირგებს: დასავლეთისკენ (საქართველოს გავლით) ენერგოდერეფანი უკვე მოქმედებს, სამომავლოდ კი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ამოქმედებაც იგეგმება (რაც, წესით, საქართველოს ფუნქციაა). ცხადია, ზემონახსენები სამის საქმეა, როგორი ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან, მაგრამ, რაკი საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემი სტრატეგიულია და დასავლურ ბლოკში მოიაზრება, ბაქოს გადახრა რუსეთისკენ ნიშნავს, რომ საქართველოც, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსულ ორბიტაზე მოექცევა. ერთი იმედი ისაა, რომ ბაქო და ერევანი ყარაბაღზე ვერ მორიგდებიან. რამაზ საყვარელიძესთან ერთად გავაანალიზებთ სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნისა და რფ-ის სამკუთხედის მიზნებსა და მოტივებს.
– თუკი ალიევი აქამდე აბალანსებდა ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას, უკვე აშკარად გადაიხარა ჩრდილოეთისკენ. ამ თუ სხვა მიზეზით, პუტინი ჩავიდა ბაქოში და ჩავა ერევანშიც. ცოტა მაშფოთებს, რომ თავისი ხეირის გამო, რომლის მიღებასაც იმედოვნებს რუსეთისგან, აზერბაიჯანი საქართველოსთან პარტნიორობას სათავისოდ გამოიყენებს და არა ტანდემისთვის. რა კონტექსტია პუტინის ჩამოსეირნებაში, მერკელს იმეორებს?
– მერკელის ფაქტორი იქნება, იმიტომ რომ პუტინს უყვარს სარკისებური რეაქციები, რასაც უცხოელები აკეთებენ, იმის გამეორება, მაგრამ თავისთავად კავკასიური თემა მისთვის, ალბათ, აქტუალურია, ოღონდ არა საქართველოს ხაზით, ამჟამად – საბედნიეროდ. ბაქოს თემაზე პუტინი დიდი ხანია, მუშაობს. მოგეხსენებათ, რუსეთს ანალიტიკოსები არ აკლია და მათგან ოპოზიციურად განწყობილები იმასაც ამბობდნენ, რომ ფაშინიანის რევოლუცია რუსეთის ხელშეწყობით მოხდა. ფაშინიანი ორმაგ თამაშს თამაშობს: თითქოს რუსეთის ხელშეწყობით მოვიდა და ევროპულ ორიენტაციაზე აქცენტს უფრო აკეთებს, ვიდრე მანამდე ვინმეს ჰქონია ერევანში.
– იმას მიანიშნებთ, რომ ამიტომაც ფაშინიანს დააბრალებენ ყარაბაღის დაკარგვას?
– ყოველ შემთხვევაში, ვერსია იყო ასეთი: რუსეთს ახლა ბაქო უფრო აინტერესებს, ვიდრე ერევანი და იმისთვის, რომ სომხეთში ბაქოსთან დიალოგისუნარიანი გუნდი ჰყავდეს, მმართველობას ყარაბაღის კლანის ელიტა უნდა მოაშოროს, რაც მოხდა კიდეც და უნდა მოიყვანოს ხალხი, რომელსაც ყარაბაღზე უფრო რაციონალური ლაპარაკი შეეძლება. ასეთი სვლა გააკეთა პუტინმაო და თუ გავიხსენებთ ალიევის პირველ რეაქციას ფაშინიანზე, ისიც რუსი ანალიტიკოსების ვერსიაზე ასხამდა წყალს. თუ ეს ინტერესი აქვს და ეს ინტერესი რუსეთს უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ერევანი დიდად აღარაფერში სჭირდება, ბაქოზე კი ყველა კარდინალური მნიშვნელობის ტრანზიტი გადის, რომლებიც რუსეთის ინტერესია, ამდენად, ბაქოს მოშინაურება რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
– მკითხველს შევახსენებ, რომ ბაქოს მოშინაურება რუსეთს საშუალებას აძლევს, ირიბად გააკონტროლოს ბაქოდან ევროპისკენ საქართველოს გავლით მიმავალი მილსადენები, რომლებიც ჯერჯერობით რუსეთის გვერდის ავლით გადის დასავლეთისკენ. და ამას უმატებს ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანსაც, თუმცა გზაჯვარედინი ჩვენი ფუნქციაა.
– რუსული პოლიტიკისთვის ბაქოს მნიშვნელობა იზრდება. შევხედოთ ამ პროცესებს ერევნიდან: პუტინს პრობლემები აქვს იმ მხრივ, რომ, ვიცით, ერევანს აწვება სომხური დიასპორა და მოითხოვს სომხეთის რუსული ორბიტიდან მოწყვეტას, მით უმეტეს, მას მერე, რაც მსოფლიო პოლიტიკის თვალში პუტინი უარყოფით პერსონაჟად ჩამოყალიბდა და რუსეთის სატელიტობა დიდად სატრაბახო აღარ არის. სომხური დიასპორა კი ერევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამიტომ ფაშინიანს ევროპული ორიენტაცია გაუჩნდა, ამავე მოთხოვნით ქუჩებში გამოსვლებმაც იმატა და პრინციპში, რუსეთმა უკვე უნდა მიხედოს ერევანს, რომ თვალსა და ხელს შუა არ გაექცეს. მით უფრო, რომ მისთვის სომხეთის გამოცლით ევროპაც დაინტერესებულია. საკამათოა, არის თუ არა ნამდვილი ერევნის ევროპული ორიენტაცია, იმიტომ რომ ერევანს სხვა გზა არ აქვს, იმას გარდა, რომ რუსეთის ახირებები დააკმაყოფილოს, მაგრამ ამავე დროს, თუ სომხეთი შექმნის იმის ილუზიას, რომ თითქოს ევროპისკენ მიილტვის, ალბათ, ბევრ რამეს მიიღებს დასავლეთისგან და შეიძლება, ეს სომხეთისთვის საკმარისიც იყოს.
– ყარაბაღის სანაცვლოდ?
– სანამ ყარაბაღის თემამდე მივა, თუ რამეს მიიღებს, კმაყოფილი იქნება, ამიტომ პროცესის ბოლომდე მიყვანა სომხეთისთვის აუცილებელი არ არის. მთავარია, დაიწყოს რაღაც პროცესი ევროპისკენ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. მეეჭვება, ყარაბაღის თემას ხელი ახლოს სომხეთმა და მისი გამოყენების უფლება ვინმეს მისცეს.
– მაგრამ მაშინ ბაქო არ შედის ჩიხში? მათ ჰყავთ ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები სამხრეთ კავკასიაში, აქვთ ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი და საუკეთესო შეიარაღება. ალიევი მეგობრობს პუტინთან და რაში სჭირდება ეს ყველაფერი, თუ არ შეუძლია, დაიბრუნოს არათუ ყარაბაღის ავტონომიის, საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორია?
– დღეს არ შეუძლია, დაიბრუნოს ეს ტერიტორია.
– და პერსპექტივაში შეძლებს კი?
– მსოფლიოში ბევრი პოლიტიკური ლიდერი ელოდება იმ დღეს, როდესაც პუტინი აღარ იქნება რუსეთის მეფე და მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის ფაქტორი შემცირდება. ამ დღის მოლოდინის გამოხატულებაა სანქციებიც, რათა რუსეთში პუტინის მიმართ დამოკიდებულება გამძაფრდეს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ, ამ მოლოდინის მიუხედავადაც, ელაპარაკებიან რუსეთს კორექტულად და საფრანგეთისა და გერმანიის შემთხვევაში კი – ხაზგასმით თავაზიანადაც, მაგრამ, როგორც კი, პუტინის სახით, რუსული ძალადობა აღარ იქნება, დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან სხვაგვარ ქცევას. სავარაუდოა, რომ ანალოგიურია ალიევის პოზიციაც: ის არის კორექტული, პოზიტიურად და მეგობრულად განწყობილი პუტინის მიმართ, მაგრამ იმავდროულად, ემზადება იმ დღისთვის, როდესაც პუტინს აღარ შეეძლება, გახდეს ყარაბაღის პრობლემის ფაქტორი.
– ალყა არ ვიწროვდება ჩვენ გარშემო? ხომ არ ვრჩებით მხოლოდ სახელად სტრატეგიული მოკავშირეების ამარა.
– მხოლოდ სახელად რატომ?! აზერბაიჯანს ჩვენი მიმართულებით საქმით არაფერი შეუცვლია.
– მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ შეცვლის ახალ კონფიგურაციაში, რომელსაც პუტინთან ალაგებს?
– რა თქმა უნდა, სცენარი, რომლითაც ჯერჯერობით, პროცესი მიდის, ჩვენთვის დიდად სასიხარულო არ არის, მაგრამ არც საგანგაშოა. თქვენ ახსენეთ, რომ აზერბაიჯანისთვის შეიარაღება აქტუალური თემაა, მაშინ, როდესაც თოფის გასროლა არ შეუძლია. როგორ გგონიათ, ქვეყანა, რომელსაც დღეს თოფის გასროლა არ შეუძლია და იარაღს იმარაგებს ხვალისთვის, არ დაფიქრდება, რომ დღეს თუ შეგვიქმნის სირთულეს, ხვალ მას ეს წინ დახვდება იმით, რომ, თუ, მაგალითად, საქართველოს ჩაკეტავს, დაღუპულია?!
– ისინი ავითარებენ ვერსიას, რომ ბაქო გახდა დამოუკიდებელი ენერგომოთამაშე, მაგრამ გახდა საქართველოს გზით, თუ არადა იქნებოდა მეორე თურქმენეთი. ეს ესმით ბაქოში?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ვითვლით და ისინი, ვისთვისაც თავის ტკივილია, როგორ გაიტანოს ნავთობი, არ დაითვლიან?! უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს დროსთან ისეთი დამოკიდებულება, როგორიც აზიელებს. მათ შეუძლიათ, დაიცადონ. ჩვენ კი დაცდა არ გვინდა. ალიევი იცდის, ოღონდ იცდის ისე, რომ ემზადება მომავლისთვის. თუკი ერთი გზაა მომზადება, მეორეა გასასვლელის შენარჩუნება. იმაზე შფოთი, რომ ალიევისა და პუტინის ალიანსმა შეიძლება, ჩვენს კისერზე გადაიაროს, ნაადრევი მეჩვენება.
– თუმცა ის ტენდენციაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, გახდეს სამხრეთ კავკასიის ლიდერი, ზოგიერთი მაჩვენებლით, არის კიდეც, თუმცა ჩვენ ეს ისტორიულად და გეოგრაფიულად ინერციითაც მოგვყვება.
– ვერ ვხედავ მაგ ტენდენციას, იმიტომ რომ ამას უკვე რეალურად მაიღწია, იმ მხრივ, რომ ინტერესი ბაქოსადმი, უდავოდ, უფრო დიდია. შენ ხარ გზა – ეს მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ ამ გზაზე რამაც უნდა გაიაროს, იმის პატრონი ბაქოა.
– ამ გზასაც არ ჰყავს კარგი პატრონი, ანუ ვერ ვპატრონობთ. რა სიმაღლეებსაც უნდა მიაღწიოს ბაქომ, ნავთობი აქ უნდა გაატაროს. ამდენად, გზაც არანაკლები რესურსი მგონია, ვიდრე ნავთობი.
– გზა არის რესურსი და უფრო მნიშვნელოვანიც, იმიტომ რომ ენერგომატარებლები ოდესმე დასრულდება, გზა კი გზაა და არ გამოგელევა. რა თქმა უნდა, ყველამ თავისი პლუსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო კავკასიის ცენტრი იყო იმ პერიოდში, როდესაც ბევრ რამეს წყვეტდა სამხედრო პოტენციალი და სტრატეგიული მდებარეობა. დღეს გეოსტრატეგია ჩაანაცვლა ეკოსტრატეგიამ. სიტუაციაც იცვლება და შეცვლილ სიტუაციაში ცენტრის როლის შენარჩუნებას მხოლოდ ისტორიულ გამოცდილებაზე ლაპარაკი არ ეყოფა. აწმყოს უნდა შევხედოთ. შეგახსენებთ ერთ დეტალს: სოხუმი რომ დაეცა, შევარდნაძეს ეგონა, რომ დასავლეთი გვერდით დაუდგებოდა, ალბათ, იმიტომ რომ თავად ბევრი რამ ჰქონდა გაკეთებული დასავლეთისთვის. როცა აღმოაჩინა, სოხუმი ისე დაამხეს თავზე, რომ დასავლეთს წარბი არ შეუხრია, მერე დაფიქრდა იმაზე, იყო თუ არა მისი მოლოდინი სწორი და მიხვდა, მას აგარიშს გაუწევდნენ, თუკი საქართველოს მნიშვნელობა ექნებოდა თანამედროვეობაში. ამის შემდეგ გაჩნდა ის საინტერესო საერთაშორისო ენერგოპროექტები. შევარდნაძის პირველი რეაქცია, როდესაც ხუმრობით უთხრეს ეს იდეა, ასეთი იყო: ხომ არ გაგიჟდით, რუსები გადაირევიანო, მაგრამ თხუთმეტი წუთის შემდეგ დაურეკა, დაიწყეთ იმ პროექტზე მუშაობაო. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯებია გადასადგმელი, მოსაძებნია ახალი პროექტები, რომლებსაც ანალოგიური მნიშვნელობა ექნება მსოფლიოსთვის, რათა გამყარდეს საქართველოს პოზიცია. მე და თქვენც ისევ ვამბობთ, რომ გზა ვართ ევროპასა და აზიას შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოდელი არ არის საკმარისი. რაღაცები უნდა დაემატოს.

скачать dle 11.3