№41 სეპარატისტული კვანტი
ანუ უღონობა უმწეოთა
ოკუპანტებისა და სეპარატისტების მორალი იქამდე მივიდა, რომ 29 სექტემბერს კონფლიქტის ზონის მიმდებარედ მაია ოთინაშვილი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, დააკავეს, ოკუპაციასავით ძველი მოტივით: „საზღვრის“ უკანონო კვეთა და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულის დედა, გალინა ქელეხსაევა, ამტკიცებს, რომ მისი შვილი ნაცემია და ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო არ აძლევენ არც საერთაშორისო დამკვირვებლებს და არც ნათესავებს მაია ოთინაშვილის მონახულების უფლებას.
გათავისუფლებასაც იმიტომ აჭიანურებენ (ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს), რომ ძალადობის ნაკვალევმა მოშუშება მოასწროს.
თუ გადავხედავთ ოკუპანტ-სეპარატისტების მცოცავი ოკუპაციის ლოგიკას (გეოგრაფიას რომ თავი დავანებოთ), ჯერ ქართველების სასაფლაოები მოიქციეს „იუჟნაია ოსეტიას“ საკუთრებად, შემდეგ მოხუცებს ეზოები გაუყვეს: სახლი „იუჟნაია ოსეტიაში“ მიითვისეს, ეზო – აქეთ დატოვეს, არჩილ ტატუნაშვილი ძალადობრივად მოკლეს და მისი შინაგანი ორგანოებიც არ დაგვიბრუნეს და ახლა უკვე სამი შვილის დედა დააკავეს, ნათელია, რომ ყველა მტკივნეულ ადგილას მასირებულად გვირტყამენ, საკუთარი უმწეობის მძაფრად შესაგრძნობად.
და რადგან ამის შეფასება ადამიანურ ძალებს აღემატება, ისღა დაგვრჩენია, არ დავუბეჩავდეთ, იმიტომ რომ, როგორც მწერალი ამბობს, ცხოვრება იმად არ ღირს, შიშს მონად გაუხდეო.