№40 როგორ მოარჯულა ბუბა მირცხულავამ შეყვარებული და რატომ არის ის პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრე
ბუბა მირცხულავა 15 წლის იყო, როცა ეკრანზე ბაქარის როლით გამოჩნდა. მას შემდეგ წლები გავიდა და მიუხედავად წარმატებისა და დაგროვებული გამოცდილებისა, როგორც თავად ამბობს, მისი შეხედულებები ბევრ რამეში არ შეცვლილა.
ბუბა მირცხულავა: ზაფხულის არდადეგები ზღვით დავიწყე. ქობულეთში, მეგობრებთან ერთად ვიყავი ორი კვირით. ზღვა და სიცხე არ მიყვარს, მაგრამ მეგობრებთან ერთად მაინც კარგი იყო. იქიდან რაჭაში წავედით. პირველად ვიყავი და ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.
– ზღვასთან ერთად, საკურორტო რომანებიც არ გიყვარს?
– ერთი ღამის ურთიერთობები ძალიან არ მიზიდავს. უფრო სტაბილური, მონოგამიური ურთიერთობის მომხრე ვარ. როცა ასეთი ურთიერთობა გაქვს, შეგიძლია ზღვაზეც პარტნიორთან ერთად წახვიდე და სხვაგანაც.
– შენს ცხოვრებაში თუ არსებობს პარტნიორი?
– ვერ ვიტყვი, რომ არსებობს, მაგრამ რაღაცები ხდება.
– ეკრანზე გამოჩენის შემდეგ გაიზარდე, გოგონებთან მიმართებაში როგორ შეიცვალა შენი დამოკიდებულებები?
– დიდი განსხვავება არაა, მაშინდელ და ახლანდელ ბუბას შორის. ზუსტად იმ პერიოდში, როცა სერიალში მოვხვდი, ერთი გოგო მიყვარდა და მთლიანად მასზე ვიყავი გადართული. პატარა ასაკიდანვე მონოგამიური ვიყავი და ამის გამო თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ურთიერთობა პლატონური სიყვარულის ნიშნებით დაიწყო, რაც ალბათ, 16 წლის ასაკისთვის ბუნებრივიცაა. იყო პერიოდი, როცა მიყვარდა, მაგრამ ერთად არ ვიყავით. მასაც ვუყვარდი, მაგრამ ცოტა „გოგოური მომენტი“ ჰქონდა, მაწვალებდა (იცინის). ცოტა იპრანჭებოდა, მაგრამ მერე მოვარჯულე (იცინის). მაგრამ მთავარი ის იყო, რომ როცა მის მიმართ გრძნობები მქონდა, მაგრამ ერთად არ ვიყავით, არც თვალი გამქცევია სხვისკენ და არც ფიზიკურ მოთხოვნილებებს გადავუძლევივარ. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ პოლიგამიურობა ჩემგან შორს იყო.
– თანამედროვე გოგონებში რა მოგწონს და რა არა?
– არ მომწონს, რომ პირად ურთიერთობებში რადიკალურები არიან. დავუშვათ, ადამიანის გაცნობას და დაახლოებას ცდილობ, ზოგი დაგელაპარაკება და ადამიანურად გაგრძნობინებს ან გეტვის, რომ შენთან ურთიერთობა არ უნდა. ზოგი კი ისე ცივად გიპასუხებს, თავს დამნაშავედ იგრძნობ. ეს ძალიან არ მომწონს, არ შეიძლება, ადამიანი ასე ეკლიანი იყო. ზოგადად, ადამიანებში არ მომწონს ის, რომ საკუთარი თავის და ძალების არ სწამთ. რეალურ მეს არ უსმენენ და ისეთები ხდებიან, როგორებიც სხვებს უნდათ, რომ იყვნენ. იმიტომ რცხვენიათ თავის საქციელის, რომ ვიღაცამ უთხრა, ცუდიაო და ისე იღებენ ამ შეფასებას, რომ არგუმენტსაც კი არ ითხოვენ, რატომ არის ცუდი და არა კარგი. ეს მხოლოდ გოგოებს არ ეხებათ, ზოგადად მარტივად მანიპულირებადი ხალხი ვართ, კოლექტიური აზროვნებით, რისი მიზეზებიც გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნეში რაღაცები უნდა გადავაფასოთ.
– ქალიშვილობის ინსტიტუტი...
– არ შეიძლება ადამიანი იმ დონემდე მიიყვანო, რომ საკუთარი თავის რცხვენოდეს. არიან გოგოები, რომლებიც ამბობენ, რომ აქვთ ფიზიკური მოთხოვნილებები და შესაბამისად, სექსიც. ასევე, გოგოები, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაცები და ვიღაცები ავალდებულებენ, რომ მხოლოდ გათხოვების შემდეგ ჰქონდეთ სექსი. არიან ისეთებიც, რომლებსაც თავად უნდათ, რომ ქორწინებამდე არ ჰქონდეთ სექსუალური ურთიერთობა და არა იმიტომ, რომ ოჯახს ან ვინმე სხვას სურს ასე და გოგოები, რომლებიც გეუბნებიან, რომ ქმარს ქალიშვილები უნდა ჩაბარდნენ, მაგრამ აქვთ ორალური და ანალური სექსი. ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა. თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ადამიანებისგან შედგებოდეს, ესე იგი თითოეული ინდივიდი უნდა იყოს ასეთი. თუ ადამიანს უნდა და აქვს სექსი, მაგრამ ამბობს, რომ ქმარს ქალიშვილი უნდა ჩაბარდეს და ამიტომ უფრო ბინძურ და ამორალურ ხერხებს მიმართავს, ეგ საშინელებაა. ამით თავსაც ატყუებს და სხვებსაც. არიან გოგოები, რომლებიც გეუბნებიან „მე ასეთი ვარ“ და მორჩა – გინდა მიიღე და გინდა – არა. მგონია, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს – საკუთარი თავის არ უნდა შეგვრცხვეს და სხვებს არ უნდა მოვერგოთ, იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. მე პირადად ბედნიერების არ მჯერა, ეს, უბრალოდ, კომფორტისა და ცხოვრებით ტკბობის მიზეზია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, გოგო ქალიშვილი იქნება თუ არა. მთავარია, გოგომ საკუთარი თავის ფასი იცოდეს და შინაგანი პატიოსნება გააჩნდეს. პრობლემა არაა, თუ 25 წლის გოგოს, დავუშვათ, სამ ბიჭთან ჰქონდა თითო-თითოწლიანი ურთიერთობა. ეს ჩემთვის მისაღებია, ესე იგი შეძლებია ის, რაც მე მინდა და სტაბილური ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ტყუილს თავიდანვე სიმართლის თქმა სჯობს.
– ბედნიერების რატომ არ გჯერა?
– ჩემი აზრით ბედნიერება არ არსებობს. ეს სიტყვა კარგად ყოფნის ყველაზე მაღალ ხარისხს გამოხატავს, რაც ჩემთვის სრულყოფილებასთან ასოცირდება. სრულყოფილება კი, მგონია, რომ მიუღწეველია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბედნიერება ჩემთვის მიუღწეველია. ყველაფერი რომ საუკეთესოდ მქონდეს, ქუჩაში რომ გამოვალ და ულუკმაპურო ადამიანს დავინახავ, შეიძლება, იმ დონეზე განვიცადო, ჩემი ემოცია ყველა გარშემო მყოფს გადავდო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემთვის ბედნიერება არ არსებობს.
– მილიონერი ბიჭის სტატუსი რეალურ ცხოვრებაშიც მიგყვება?
– კი (იცინის). ხშირად მეუბნებიან ხოლმე, მილიონერ ბიჭს აქ რა გინდაო?! ქობულეთში, მაღაზიაში, მეტროში თუ სხვაგან. მართლა ყველას მილიონერი ვგონივარ, რაც კარგია, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის. თუმცა უარყოფითი მხარეც აქვს, ერთგვარი შტამპია და ძალიან მინდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემს კარიერაში განსხვავებული რაღაც გამოჩნდეს, რომ მაყურებელმა სხვა კუთხითაც დამინახოს.
– ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ, მარიხუანასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ცვლილებებზეც მაინტერესებს შენი აზრი.
– რა თქმა უნდა, მარიხუანის თუ სხვა ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ. ჩემი აზრით, ციხე არ არის სწორი მიდგომა. მიხარია, ლეგალიზება რომ მოხდა და ველოდები, რომ რეალიზების ლეგალიზებაც მოხდება, ეს ძალიან წაადგება სახელმწიფოს ფინანსური კუთხით. პიროვნული თავისუფლებიდან გამომდინარე – ვისაც უნდა მოწევს, ვისაც არა – არა, ეს არავის საქმე არაა. თუმცა გარკვეულ რეგულაციებს, მათ შორის ასაკობრივს, მივესალმები. თან, კარგია, რომ ამას სახელმწიფო გააკონტროლებს, შედეგად, შავი ბაზარიც გაქრება, რაც ძალიან კარგია. თამამად ვიტყვი იმასაც, რომ კარგი იქნება, თუ პროსტიტუციის დაკანონებაც მოხდება. რეალურად, ესეც შემოიტანს ცოტაოდენ თანხას ბიუჯეტში. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი სახელმწიფოს გვერდის ავლით. ბევრისთვის ეს ამორალურია, მაგრამ როცა რთული ფინანსური მდგომარეობა გვაქვს და ბევრი ფაქტორის გამო ფეხზე ძლივს ვდგავართ, ადამიანები ფინანსურ პროგრესზე უნდა ვფიქრობდეთ, რადგან ეს ნებისმიერი სფეროს განვითარებას განაპირობებს, ეს ყველაფერი კი ფინანსების წყაროა.