№40 როგორ უნდა მოახდინოს მშობელმა შვილის სურვილების მოტივირება და რა შეიძლება, იყოს ბავშვის მოტივაციის არქონის მიზეზი
სასწავლო პროცესი ახალი დაწყებულია და როგორც მშობლებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის ძალიან აქტუალურია თანმდევი შფოთვა. მათ წინ ახალი გამოწვევები, ახალი სირთულეები და ახალი შესაძლებლობები ელით. მშობლისა და მასწავლებლისთვის მთავარი საფიქრალია, როგორ მოახერხონ მოსწავლის სასწავლო პროცესით დაინტერესება, მასში ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გამოწვევა. ეს ყოველივე კი მოტივაციასთან პირდაპირ კავშირშია. როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლის მოტივაციის ამაღლებაში – გვესაუბრა ფსიქოლოგი ანა ქურდაძე-კუხაშვილი: მოტივაცია – ეს არის იმპულსი, რომელიც გვიბიძგებს, ვიპოვოთ რესურსი და განვახორციელოთ ჩვენთვის სასურველი აქტივობა. მოტივაცია ჩნდება ან ჩვენი ინტერესების შესაბამისად, ან აუცილებლობით. მაგალითად, თუ ჩემი ავტომობილი დაზიანდა, მაქვს მოტივაცია, რომ ის მალე შევაკეთო, რადგან აუცილებელია ჩემი გადაადგილებისთვის.
– რა შეიძლება გახდეს ბავშვის მოტივაციის არქონის მიზეზი?
– ბავშვისთვის უინტერესო ან ნაკლებად საინტერესო დასასწავლი მასალის ჭარბი რაოდენობა, ბავშვის დაბალი თვითშეფასება და თვითრწმენის ნაკლებობა, შეფასებითი დამოკიდებულება უფროსების მხრიდან, ბავშვის წინსვლისა და პროგრესის აუღიარებლობა, ბავშვის პიროვნების პირობითი მიღება და მისი უნარების დაუფასებლობა, ბავშვისა და მისი მიღწევების სხვა ბავშვებთან (სხვა ბავშვების მიღწევებთან) მიმართებაში განხილვა და სხვა.
– რამდენი სახის მოტივაცია არსებობს?
– არსებობს მოტივაციის ორი ტიპი – შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაციის დროს, ქცევას საფუძვლად უდევს ადამიანის ინტერესები, მოთხოვნილებები, როდესაც ის შინაგანად არის მოტივირებული და არ სჭირდება წახალისება ან დასჯა. შინაგანი მოტივაციის დროს ბავშვს აქვს წარმატების მიღწევის მოთხოვნილება, ახალი ცოდნის მიღების ან წარუმატებლობის თავიდან აცილების სურვილი. გარეგანი მოტივაციის დროს კი სწავლობს კარგი შეფასების მიღებისთვის, დასჯის თავიდან აცილებისთვის, შექებისთვის. მაგალითად, სკოლაში კარგი შეფასება ბავშვისთვის მშობლის სიხარულთან ასოცირდება, მაშასადამე ასე იქცევა, იმიტომ რომ რაიმეს მოლოდინი აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ან მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი მუდმივად შინაგანი მოტივაციით უნდა ხელმძღვანელობდეს, ეს თავისთავად მცდარი მოლოდინია. არის სიტუაციები, როდესაც ბავშვს გარემოსგან მხარდაჭერა, სტიმული, წახალისება ესაჭიროება.
– სწავლის დროს, რა არის ბავშვისთვის ყველაზე დიდი სტიმული?
– სწავლის დროს ბავშვისთვის ძალიან დიდი სტიმულია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. როდესაც მან დავალება წარმატებით შეასრულა და მიიღო წახალისება, შექება ამ დროს ჩნდება გამარჯვების, წარმატების შეგრძნება, წამყვანი ხდება ფიქრი: „მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა“. შესრულებულ დავალებაზე მიღებული რეაქციით კი მყარდება ბავშვის დადებითი თვითშეფასება, რაც თავის მხრივ, ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხს ზრდის. თუმცა, შეიძლება, დავალება ყოველთვის გამარჯვებით არ დასრულდეს. ამ დროს კი დიდი სიფრთხილე გვმართებს.
– როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, როდესაც დავალება წარმატებით არ სრულდება?
– ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვს ავუხსნათ, რომ სირთულეები აღიქვას ისე, როგორც ახალი გამოწვევები და ახალი მოტივაცია. განიხილეთ შეცდომები, როგორც ნორმალური და საჭირო მოვლენა, ისაუბრეთ თამამად, გაუზიარეთ ბავშვებს საკუთარი გამოცდილება, აჩვენეთ შეცდომების ღირებულება, რომ შეცდომამ შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გახსნას. ბავშვებთან მომუშავე ადამიანები მუდმივად ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე – დავაინტერესოთ ბავშვი სწავლის პროცესით.
– როგორ უნდა მოახდინოს მშობელმა ბავშვის სურვილების მოტივირება და გაიუმჯობესოს ბავშვთან კომუნიკაცია?
– დღევანდელი ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფია. ხშირად მშობლებს, ენერგია არ ჰყოფნით შვილების გამუდმებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვებთან გატარებული დრო არასდროს არის დაკარგული. მიუხედავად დაღლილობისა, გარკვეული დრო და ენერგია ბავშვს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ პასუხგაუცემელი კითხვა არ დაუტოვოთ, წაახალისეთ და შეაქეთ მისი ყოველი ახალი ინტერესი. ასწავლეთ, როგორ მოიპოვოს პასუხები მისთვის სასურველ კითხვებზე. სხვადასხვა ასაკში ბავშვს განსხვავებული გატაცებები აქვს. მაქსიმალურად წაახალისეთ მისი ინტერესები, თუნდაც ისინი თქვენთვის არაპერსპექტიული და ნაკლებ საინტერესო იყოს. თუ თქვენი ბავშვი გატაცებულია ასტრონომიით, შეიძინეთ შესაბამისი ლიტერატურა, ესტუმრეთ ობსერვატორიას, ერთად ნახეთ ფილმები ასტრონომიის შესახებ და შემდგომ განიხილეთ. მიეცით ბავშვს თავისუფლება, თავად იპოვოს ჰობი, რომელიც შესაძლოა, მისი პროფესიაც კი გახდეს. ეცადეთ, ნაკლებად გაუსვათ ხაზი მის წარუმატებლობებს სკოლაში, არ შეადაროთ მისი სასკოლო შეფასებები ძმებს, დებს, ახლო ნათესავებს ან კლასელებს. ბავშვები უკეთ ისწავლიან, თუ მათ შესაბამისი გარემო ექნებათ. მოამარაგეთ საჭირო ნივთებით, ერთად მოაწყვეთ სამეცადინო კუთხე და აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი არჩევანი. ესაუბრეთ საკუთარ მიღწევებზე, მოუყევით, როგორ მიაღწიეთ წარმატებებს, გაუზიარეთ სირთულეებთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება. დაინტერესდით მისი კუმირებით, თუ თქვენს შვილს ჰყავს საყვარელი ფეხბურთელი, აუცილებლად შეიძინეთ ბიოგრაფიული წიგნი მასზე. თუ მეცნიერებითაა დაინტერესებული, იზრუნეთ, რომ მისი ბიბლიოთეკა წარმატებული მეცნიერების შესახებ გამოცემული ლიტერატურით გაამდიდროთ. იფიქრეთ, რა გაგაბედნიერებდათ თქვენ და რა გააბედნიერებს თქვენს შვილს. ამ ფიქრებითა და განხორციელებული ქმედებებით კი გაზრდით მის ცხოვრებით კმაყოფილებას, გაუადვილებთ სასწავლო პროცესს და ამავდროულად, მოახდენთ, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის სტიმულირებას.
– რა რეკომენდაციებს მისცემდით მასწავლებლებს, როგორ დაეხმარონ ბავშვს სწავლის მოტივაციის ამაღლებაში?
– გაკვეთილების განრიგი და მიმდინარეობა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს. შესასწავლი მასალა მოსწავლეებს სხვადასხვა სახით უნდა შესთავაზოთ – გამოიყენეთ პრეზენტაციები, მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები. უმცროს სასკოლო ასაკში უფრო ეფექტურია ზღაპრებით სწავლება. შეცვალეთ კლასის გარემო. ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ ის, გადააადგილეთ მერხები, განაახლეთ მასალები. შეაქეთ მოსწავლეები დავალების შესრულების პროცესში, გადაუხადეთ მადლობა მონაწილეობისთვის. ჯილდოდ გადაეცით სერტიფიკატები, დიპლომები და ასე შემდეგ. ღონისძიებების, თუნდაც, გაკვეთილისთვის მზადებისას დახმარება სთხოვეთ ბავშვებს, ხაზი გაუსვით მათ წვლილსა და მნიშვნელობას როგორც თქვენთვის (მასწავლებლისთვის), ასევე, კლასელებისთვის.