№40 ეგვიპტის ფარაონებთან დაკავშირებულ რა საიდუმლოს გასაღებს ინახავდნენ სვანი „განდობილები“ და არის თუ არა ხეოფსის პირამიდა ქართული იდეით შექმნილი
რა როლი აქვთ იბერიულ ტომებს ეგვიპტური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, არის თუ არა მსოფლიო საოცრებად აღიარებულ პირამიდებში ქართული კვალი და რა ფაქტები ადასტურებს ქართველური ტომების კავშირსა და დიდ გავლენას ეგვიპტეზე, ამაზე დეტალურად მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე გვესაუბრება: ჩატარებული ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ეგვიპტის ფარაონები გენეტიკურად არ არიან ახლანდელი ეგვიპტის მაცხოვრებლების იდენტურები. ისინი არ წარმოადგენდნენ მკვიდრ მოსახლეობას. ჩატარდა კვლევები ტუტანჰამონის მუმიაზე და მისი გენომი უფრო მეტად კავკასიური აღმოჩნდა, ვიდრე სემიტური და ქამიტური. გარდა ამისა, ამერიკაში, ფლორიდის მუზეუმში გამოიკვლიეს ორი ფარაონის მუმია და ერთ-ერთს აღმოაჩნდა ჟღალი ფერის თმა, ღია ფერის თვალები და თეთრი კანი, რაც არანაირად არ ემთხვევა ახლანდელი ეგვიპტელი მოსახლეობის გარეგნობას. ასევე, გვაქვს გამოჩენილი მეცნიერების კვლევები. მაგალითად, ივანოვი და სხვები, ამბობენ, რომ ეგვიპტის ორი უდიდესი ღვთაება თოთი და ოსირისი არ არის ადგილობრივი, ისინი კავკასიიდან უნდა იყნენ შესულნი და სწორედ მათ ასწავლეს ეგვიპტელებს წერა-კითხვა, მიწათმოქმედება, მადნეულის მოპოვება და ასე შემდეგ, ანუ აზიარეს კულტურასა და ცივილიზაციას. ჩვენ გვხვდება თოთის მწვერვალი კავკასიონზე (სვანეთი), თოთის უღელტეხილი და სოფელი თოთი ყაზბეგის რაიონში. ცხადია, რომ მიწათმოქმედება, მადნეულის მოპოვება-დამუშავება, განათლების სისტემა, მედიცინა და ცივილიზაციის სხვა ატრიბუტები ჩრდილოეთიდან შევიდა ეგვიპტეში და ეთიოპიამდე, აბისინიამდე მიაღწია, სადაც დღემდე შემორჩა იბერიული კვალი: „აბისინიის მთიანეთი“ (რუკები), ტოპონიმი „ბერბერი“ ეთიოპიაში, ჯიბუტსა და მაროკოში ეთნოსის აღმნიშვნელია. ბერბერები მაროკოს მოსახლეობის 40 პროცენტს წარმოადგენენ. მრავალი მეცნიერი უკავშირებს ერთმანეთს ბერბერების, მინოსის, ბასკებისა და ქართველთა ენებს. ამ კულტურათა არეალს განეკუთვნებიან კოპტებიც, ისინი ეგვიპტისა და ეთიოპიის ქრისტიან-ორთოდოქსულ სამყაროს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი იბერიულ ძირებზე აღმოცენდა და ერთი ენის განშტოებაა. იმას, რომ ამ პირველი ენის სამშობლო კავკასიაა, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ყველა საერთო სიტყვას, რომელიც იბერიულიდან მთელს მსოფლიოშია გაბნეული, მხოლოდ კავკასიური ენები ხსნის. მაგალითად: ნილოსის დელტასთან არსებული ქალაქი ონი, იგივე დასახელების ქალაქი გვხვდება საქართველოში (რაჭა) და ხათების სახელმწიფოში (მცირე აზია. შავი ზღვა). „ონი“ ქართული ანბანის მე-16 ასო-ნიშანია და „მზის სახლს“ აღნიშნავს. რაჭის ონზეც იქაურები გეტყვიან მზის ქალაქიაო, იგივე განმარტება ჰქონდა ეგვიპტის ონსაც, ამიტომაც ალექსანდრე მაკედონელმა ამ ქალაქს უწოდა „ჰელიოპოლისი”, რაც ბერძნულად „მზის ქალაქს“ ნიშნავს.
ასევე, პოეტ კობა არაბულის ჟურნალში – „მითი და ტრადიცია“, თავმოყრილია უამრავი უნიკალური მასალა იბერიული მოდგმის შესახებ, თუ როგორ გავრცელდა ქართულ-შუმერული ღვთაება ათენა ქიმეთში (ეგვიპტეში). ქართულსა და მითანის ქვეყნებიდან ამენხოტეპ მეოთხის დროს, მან დაირქვა სახელი ენქიათენა, მისმა მეუღლემ – ნეფერტიტი-ათენა, შვილებს კი უწოდეს თუთა-ანქი-ათენა და ანქი-სეპა-ათენა. ათენა მიიჩნეოდა მზის, ანუ უმაღლესი სიკეთის მომნიჭებელ ღვთაებად და მზე-ქალის სახით (გათენება) გამოისახებოდა, მისი დღესასწაული – ათენგენობა (გათენების გენი) დღემდეა შემორჩენილი ხევსურეთში. ამ ტერიტორიაზე არსებული სალოცავები – ნიშები იდენტურია შუმერულისა, ეგრეთ წოდებული, ინანას ქუდი. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბრილის გათხრები, რომლის დროსაც ძალიან დიდი ოდენობის ეგვიპტური სამკაული აღმოაჩინეს. ეგვიპტურად ითვლება, თორემ ჯერ კიდევ საკითხავია, ეგვიპტურია თუ ქართული. ნაპოვნია ქართული თეთრი, რომელზეც გამოსახულია ისიდა – ეგვიპტური ღვთაება. რაც, ასევე, მათ კავშირზე მიუთითებს. იგივეს ადასტურებენ ისტორიის მამები, ისინი წერენ, რომ კოლხები და ეგვიპტელები ერთი და იგივე ხალხია. სელის დამუშავების საერთო ტექნიკა მხოლოდ მათთვისაა ცნობილი.
– ხვამლის მთასთან როგორ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ეს ადგილიც იძლევა ცნობებს იბერიული ტომების როლზე ეგვიპტის ცივილიზაციაში?
– ხვამლის გამოქვაბულის ნიშნები არის ქართულ-შუმერული წელთაღრიცხვის დასაწყისის აღმნიშვნელი 5604 ძველი წელთაღრიცხვით, ხვამლის მთის თავზე შემორჩენილია ობსერვატორიის ნაშთები. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, ხვამლის მთაზე იყო ისეთი განვითარებული ხალხი, რომლებიც ძალიან კარგად ერკვეოდნენ ასტრონომიაში, რომ ჩვენ და შუმერებს ყველაზე ძველი წელთაღრიცხვა გვაქვს და ჩვენი ცივილიზაცია ეგვიპტურს ათასი-ათასხუთასი წლით უსწრებს. ეს დრო საკმარისი იყო, რომ ეს ხალხი ჩასულიყო ეგვიპტეში და საკუთარი ცოდნა გაევრცელებინათ.
– რაც შეეხება ხეოფსის პირამიდას, რა ადასტურებს მისი იდეის ქართულობას?
– „ქურ“ შუმერში მთას ნიშნავდა და ურჩხულსაც, რადგან მთა დროდადრო ცეცხლს (ლავას) აფრქვევდა, ქართულშიც „ქურ“ მთას ნიშნავდა, საინგილოში – კახში „ქურ-მუხი“, ანუ „მთა-მუხნარით“ მნიშვნელოვანი სალოცავია. ქართული სიტყვა „ქურა“ აღნიშნავს დანადგარს, რომელიც მთის ანალოგია, მის შუაგულში, როგორც მთისაში, ვითარდება დიდი ტემპერატურა, რაც გამოიყენება სხვადასხვა ლითონის გადასადნობად... ზიქურათი იყო მსოფლიოში პირველი პირამიდა-სალოცავი, რომელიც შუმერებმა ააგეს ბუნებრივი მთის მსგავსად, ეს იყო ხსოვნა კავკასიის მთებზე არსებული ნიშებ-სალოცავებისა. რაც ბუნებრივად ჰქონდათ კავკასიაში, ის ხელოვნურად გააკეთეს შუამდინარეთში – მთა სიცოცხლისა. „ზი-ქურა“ ნიშნავს „ზე-მთას“ და „თი“ არის სიცოცხლის ქალღმერთი (შუმ), მასში არსებული არხებისა და სტრუქტურის დანიშნულება ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია თანამედროვე მეცნიერებას. ცოტა ხნის წინ იალბუზის ძირში, ბაქსანის ხეობაში მიაგნეს მთაში გამოკვეთილ ისეთივე გვირაბების სისტემას, როგორიც ხეოფსის პირამიდაშია და ირკვევა, რომ კავკასიისა უფრო ადრინდელია, ვიდრე ეგვიპტის. მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია ადრე საქართველოს – სვანეთს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა უკვე ყაბარდოშია და რუსეთის ფედერაციაში შედის. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს სურდათ, კავკასიაში ამ ხეობისა და ხვამლის მთის გამოკვლევა. მათ ამისთვის იალბუზზე გადმოსვეს სპეცრაზმი „ედელვაისი“. ამ ფაქტში მთავარი ისაა, რომ ჯერ კიდევ ორმოციან წლებში ჰიტლერმა და სტალინმა იცოდნენ ამ ადგილების შესახებ. რაც შეეხება ბაქსანის ხეობის გვირაბების სისტემას, ის ზუსტად იმეორებს ხეოფსის პირამიდების განლაგებას და ათასი წლით ძველია ხეოფსის პირამიდებზე. იბერიელებმა შევიტანეთ ცივილიზაცია ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც აქ იყო. თავისთავად შეიქმნა მოთხოვნილება, გაკეთებულიყო, ისეთი სახის სალოცავები, რაც კავკასიაში იყო – „ცოცხალი მთა“. ჩვენ გვაქვს მთები, იალბუზს შექმნა აღარ სჭირდებოდა და როგორც იალბუზზე, ასევე სვანეთის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის უამრავ მთაზე ნიში დღესაც დგას. გორის თავზე, უბრალოდ, ნიშის დადება იყო საჭირო და იმ თეთრი ქვის – კრისტალის, რაც პირამიდებს ახასიათებს. რადგან ეგვიპტეში მთა არ იყო, ხელოვნურად აშენებდნენ მთა-პირამიდებს და თეთრ კრისტალს თავზე ადგამდნენ. ეს რაღაც გენერატორების როლს ასრულებდა, თორემ იქ არც სამარხია და არც არაფერი მსგავსი... მეფეთა სამარხები ცალკეა.
– კიდევ რა ფაქტები არსებობს?
– კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია „სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნი“. ერთ-ერთი პოლონელი გრაფი – ვალენსკი, ანტიკვარიატით ვაჭრობდა და მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, თან, იოგით იყო გატაცებული. როცა ის ტიბეტში ჩავიდა, ადგილობრივმა ლამებმა უთხრეს, თუ უნდოდა, მეტი ინფორმაცია მიეღო იოგას შესახებ, კავკასიაში უნდა ჩასულიყო. 1920 წელს ის მართლაც მოდის კავკასიაში და ორი წელი ჩვენს მთაში ცხოვრობს. მან იპოვა ორი სვანი „განდობილი“, რომელთაგანაც ბევრი ინფორმაცია მიიღო და ეს ინფორმაცია ფარდას ხდის მეცნიერებისთვის უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს. მისი ხელნაწერები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეგვიპტოლოგ ვლადიმერ კოვტუნის მეშვეობით. მისი მიზანი არ ყოფილა ეგვიპტელებისა და კოლხების საერთო ძირების ძიება, იგი იკვლევდა, ეგრეთ წოდებულ; „ფარაონის ცილინდრებს“ და მხოლოდ წიგნ ,,კავკასიური იოგას” აღმოჩენის შემდეგ გაიგო მათი რაობა, სადაც აღწერილია ცილინდრების დამზადებისა და მოხმარების წესი. ეს ფაქტი მეცნიერისთვის სენსაცია იყო, ფარაონების საიდუმლოს „კავკასიური იოგა“ ხსნიდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კოლხებსა და ეგვიპტელებს შორის კავშირების ძიება. კერძოდ, ყველა გამოსახულებაზე ეგვიპტის ფარაონებს ხელში უჭირავთ ცილინდრები. მთელი ეგვიპტოლოგია გაურკვევლობაში იყო, არავინ იცოდა ამ ცილინდრების მნიშვნელობა. „სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნში“, რომელსაც დაერქვა კავკასიური იოგა, გარკვევით არის აღწერილი ამ ცილინდრების დანიშნულება. ეს ყოფილა ერთი სპილენძის და ერთი კალის ცილინდრი, ერთში მაგნიტი იყო, მეორეში კი ნახშირი. მათ მზისა და მთვარის ცილინდრები ერქვა და ეს იყო ლითოთერაპიიის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ხელს უწყობდა შინაგანი ორგანოების მუშაობას, რითაც ფარაონები სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ. ცნობილია, რომ მაშინ ეგვიპტეში ჩვეულებრივი ხალხი, საშუალოდ, 40 წლამდე ცოცხლობდა ფარაონები კი – 80-90 წლამდე. მთელი მსოფლიო იკვლევდა ამ ცილინდრების რაობას და აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ კავკასიაში, ჩვენს მთაში სვან „განდობილებს“ ჰქონდათ. იცოდნენ მათი დამზადებაც და გამოყენებაც. არა მგონია, რომელიმე ფარაონი გამოქცეულიყო ეგვიპტიდან, სვანეთში დასახლებულიყო და ეს ცოდნა მოეტანა. ასე რომ, ეს ფაქტია, რომელსაც ვერ უარვყოფთ.