კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ დაიწერეს ჯვარი ნატო ჩხეიძემ და ზაზა ოქუაშვილმა ნათხოვარი ბეჭდით და რა „ვესტერნები“ ჰქონდათ მათ

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერიას“ ირგვლივ სკანდალური აუდიოჩანაწერები გახმაურდა, პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე  ხმაურიანი მოვლენების  ეპიცენტრში მოხვდა. ცხოვრების კიდევ ერთი რთული პერიოდი მას პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვებადაც კი დაუჯდა, პოლიტიკური გზები გაიყო ადამიანებთან, ვისთან ერთადაც წლები გაატარა. თავად ამბობს, რომ ქმართან თანაცხოვრების პერიოდში ბევრი რთული პერიოდის გავლა მოუხდა, მაგრამ ზაზა ოქუაშვილს ბრძოლის ხაზზე არასდროს მიუტოვებია. ჯვრისწერაზე ნაჩუქარი ლატარიის ბილეთი, სამი გახმაურებული გაყრა და შეყრა, „ვესტერნები“, რომელიც წარმატებულ წყვილს  პირად ცხოვრებაში ჰქონდა... ნატო ჩხეიძის კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებს, თავად  ჩვენი რესპონდენტი გაგიმხელთ, რომელიც კომფორტული და გულწრფელი ადამიანია.     
ნატო ჩხეიძე: ასეთი რთული  და მძიმე პერიოდი, რაც ახლა  გვაქვს,  მე და ზაზას ადრეც გაგვივლია, ეს უკვე მესამედ ხდება ჩვენს ცხოვრებაში – შევარდნაძის დროს გვქონდა, მერე – წინა ხელისუფლების პერიოდში და ახლა გვაქვს.  მე ვფიქრობ,  რომ ჩვენ ისევე გავივლით ამ რთულ პერიოდს, როგორც გაგვივლია, ერთადერთი ძალა, რაც ასეთი პერიოდების გადალახვაში გვეხმარება  და არა მხოლოდ ჩვენ, მათაც, ვინც ჩვენ  გვერდით არიან და მათ დიდ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ, ეს არის სიმართლე.
– თქვენ უფრო აქტიურად ჩანხართ ამ პროცესებში, ვიდრე თქვენი მეუღლე, რატომ? ქმარმა  ქალი გაგიშვათ ბრძოლის წინა  ხაზზე?  
–  მე აქ ვარ, ზაზა არ არის საქართველოში და ამანაც განაპირობა, ჩემი აქტიურობა. როდესაც კომენტარი, გამოსვლა არის საჭირო, მე ადვილად მნახულობს ყველა, გარდა ამისა, ფალავნები ბოლოს გამოდიან ხოლმე.  ზაზას ბრძოლის ველზე მარტო არასდროს დავუტოვებივარ, ჩვენ ვცდილობთ, ღირსეულად გადავიტანოთ ეს განსაცდელი. იბრძვის ზაზა და ჩვენ ყველა ვართ მის გარშემო. ბრძოლა ზაზას ხასიათში აქვს, ასეთი იყო სულ. მან იცის, რომ მართალი საქმისთვის იბრძვის, საქმისთვის, რომელიც მარტო მისი არაა. ეს საქმე, რასაც ახლა ვაკეთებთ, ქვეყნის საქმეა. „ომეგა“ დიდი კომპანიაა,  ის პრობლემები, რაც დღეს  „ომეგას“ თავზე ტრიალებს,  საქვეყნო პრობლემებია,  ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება – როგორც კარგი, ასევე ცუდი, „ომეგაზეც“ აისახება. ერთი საკითხია, ის, რაც ხდება ქვეყანაში და მეორე,   როდესაც გაქვს ძალა, ხასიათი, პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი გამოიტანო და თქვა.  
– ეს ბრძოლა პარტიის დატოვებად დაგიჯდათ, ასე გაგანაწყენეს თანაპარტიელებმა?
– ამას წყენას ვერ დავარქმევ, ეს სიტყვა, 14 წლის  ასაკში   დავივიწყე,   ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვაფასებთ ერთმანეთის მოქმედებებს, მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღება – დამეტოვებინა  პარტია, მარტივი იყო.   მე ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობები მაქვს ყველასთან, ადას ჯერ კიდევ მეოთხე მოწვევის პარლამენტიდან ვიცნობდი, ირმა ინაშვილი კიდევ უფრო ადრე გავიცანი. ჩვენ საერთო შეხედულებები გვქონდა, რის გამოც ერთად აღმოვჩნდით პოლიტიკაში. ახლა რაც მოხდა, ალბათ,  ცოტა დროში ჩამორჩენაა. მარტივი არ იყო ჩვენი გზების გაყრა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური გაყრაა, პოლიტიკაში ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთება, მაგრამ ჩვენი ადამიანური ურთიერთობები არ დასრულებულა.
– უკვე მეორე მოწვევის  დეპუტატი ხართ, ამის მიუხედავად, არასდროს მოყოლილხართ სკანდალებსა და ხმაურიან ისტორიებში, როგორ მოახერხეთ ეს. ყველაზე გამორჩეული შეფასება, რაც თქვენზე თქმულა, თქვენი ქონებრივი დეკლარაციია – ერთადერთი მილიონერი ქალი დეპუტატი ხართ.
– მე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები პარლამენტს, ჩემს საქმიანობას, გაცნობიერებული მაქვს და  ვიცი, რა არის საპარლამენტო ინსტიტუტი.  რაც შეეხება ჩემს მილიონერობას, ზუსტად ვერ გეტყვით, იმ მონაცემებით, რაც  ჩემს დეკლარაციაში იყო, მილიონერი როგორ გამხადეს, როგორ  დათვალეს.   როგორც ჩანს,  ჩემს ქონებაზე რაღაც  თავისი ფასები ჰქონდათ  დადებული,  ცოტა უცნაური კალკულაცია გამოვიდა. (იცინის). ჩვენ არასდროს ვმალავთ ჩვენს ქონებას, მეც და ჩემი ქმარიც საჯარო პირები ვართ და კანონი პირდაპირ გვავალდებულებს. შარშან, ჩემმა უმცროსმა შვილმა, გიორგიმ, რომელიც მალე 18 წლის გახდება მითხრა: დე, თქვენი მოქმედება უკვე არის უპასუხისმგებლობა შვილების მიმართო. როგორც კი გიორგიმ ეს მითხრა, რეკორდულ დროში გავარემონტე სახლი, რომელიც  გიოს დაბადებამდე გვქონდა ნაყიდი, მაგრამ რემონტს ვერ დავაყენეთ საშველი – 18 წელი გრძელდებოდა.  გიორგის ნათქვამი სიტყვა – უპასუხისმგებლობა, ისე მომხვდა გულში, ყველაფერს თავი დავანებე და სახლის რემონტი დავიწყე, რადგან ჩემთვის სიტყვა უპასუხისმგებლობა ისეთი მძიმე სიტყვაა, ვერ მოვუყრუებდი. არასდროს არავის და არაფრის  მიმართ არ ვყოფილვარ  უპასუხისმგებლო,  მით უმეტეს, რთულია, როცა ამ სიტყვას შვილი გეტყვის.  ჩვენ  წლები არ გვქონდა ჩვენი პირადი სახლი, ყველაფერს ბიზნესში, ოფისებში ვდებდით და სახლისთვს ვერ ვიცლიდით. 15 წელი „იბერიაში“  ვიცხოვრეთ, გიორგი და რატი თითქმის ამ შენობაში გაიზარდნენ, სადაც ტელევიზიაც იყო  განთავსებული და ზედა, მესამე სართულზე,  ჩვენ ვიყავით. სახლი  ისე  იყო  გადაკეთებული, მაინცდამაინც, სტუდიით რომ არ გაგვევლო.  წლები ვიყავით აქ იჯარით.  ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე, იცინოდა ხოლმე, ერთი ილია ჭავჭავაძე ვიცი, „ივერიაში“ რომ ცხოვრობდა, მეორე თქვენ ხართ, „იბერიაში“ რომ ცხოვრობთო. გიორგი პატარა იყო, როცა  მითხრა, დედა, თეფში სად უნდა გავტეხოო, გულისხმობდა, ქორწილის დროს თეფშის გატეხვას, როგორც ჩანს,  ფილმში  ჰქონდა ნანახი და იფიქრა, რომ  სახლში, რომელსაც სადარბაზოც არ ჰქონდა და  სადაც  ტელევიზიაც იყო, თეფშს ვერ გატეხდა.   
– როგორ დაიწყო თქვენი და ზაზა ოქუაშვილის ოჯახური ისტორია?
– ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით, ზაზა სამი წლით ჩემზე უმცროსია, ჩემი სტუდენტი იყო, მის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვიყავი, მაღალ ნიშნებს არ ვუწერდი, მაშინ ძალიან ობიექტური ვიყავი. მერე  კი გავხდი სუბიექტური, როცა ზაზა ჩემი სტუდენტი აღარ იყო, ცხოვრებაში,  ძირითადად  ხუთების დაწერა მიწევდა.
– საკუთარი სტუდენტი შეგიყვარდათ?
– სტუდენტს შევუყვარდი (იცინის) ადრე ვთქვი, ზაზას რომ არ შევხვედროდი, ალბათ, გაუთხოვარი დავრჩებოდი-მეთქი, ბიჭებთან გაშინაურებული
ურთიერთობა არ მქონდა, სამედიცინო უნივერსიტეტშიც ისეთ ბიჭებთან ვამხანაგობდი, ვისაც ლიტერატურა და თეატრი უყვარდა.  როცა ჩემი და ზაზას ურთიერთობა უკვე აფიშირებული გახდა, ის  უკვე აღარ იყო ჩემი სტუდენტი. როცა თანაცხოვრება დავიწყეთ, მე ექიმი ვიყავი, პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე ვმუშაობდი. ჩვენი თანაცხოვრების დასაწყისი ძალიან ჩვეულებრივი იყო: გვქონდა ბინა, რომელიც მშობლებმა მზითევში მომცეს, ზაზას ჰყავდა ავტომობილი. კათედრაზე ჩემი ხელფასი 140 ლარი იყო, ზაზას  სტიპენდია – 50 ლარი და მშობლებიც აძლევდნენ ხოლმე თანხას. არც ერთი არ ვიყავით ერთმანეთის მიმართ მომთხოვნი, რაც გვქონდა, ის უნდა გვეკმარა. ზაზა ყოველთვის აქტიური იყო, რისკიანი,  სიახლეს ალღოს იოლად უღებდა. როგორც კი „პერესტროიკის“ პერიოდი დაიწყო, მივხვდით, მარტო ექიმის ხელფასით ვერ გავწვდებოდით ცხოვრებას, თუმცა რაღაცის გაკეთება შესაძლებელი იყო და ზაზამ გახსნა თონე საბურთალოზე.  დილით 6 საათზე დგებოდა ხოლმე, მცხობელთან ერთად თვითონაც უწევდა ფიზიკურად შრომა.  ისიც კი ისწავლა,  როდის უნდა  ჩაეყარა ცომში მარილი, რომ პური კარგი გამოსულიყო. ყველა მის ექსპერიმენტს თამამად მივყვებოდი და გვერდით ვედექი. ერთად ბევრი ქარტეხილი გადავიარეთ.  იმდენად რთული პერიოდები გვქონდა, რომ  სამჯერ გავიყარეთ წესებისა და რიგის მიხედვით და სამჯერ შევიყარეთ. (იცინის) სასამართლოში ჩარტყმული შტამპებით გავიყარეთ და მერე ისევ სასამართლოში ჩარტყმული შტამპებით შევიყარეთ. სხვათა შორის, ზაზა არც ერთ სასამართლოზე არ მოსულა,  მერე ვიცინოდით ხოლმე, კიდევ კარგი, დამთავრდა ის დრო, როდესაც ასეთი პასპორტები იყო, თორემ  შტამპის ადგილი აღარ გვექნებოდაო.   
– რატომ იყრებოდით?
– პირად ურთიერთოებებში ჩნდებოდა პრობლემები, იცით, როგორ ვიყავით? მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა, ეს იწვევდა ხოლმე გარკვეულ პრობლემებს. ახლა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, ალბათ, არ ვიყავით ისე  მიმტევებლები,  როგორც უნდა ვყოფილიყავით, არ მქონდა ნდობა – ამას ცხოვრება გასწავლის. ისე  ვერ გეტყვით,  რომ რომელიმე შევიცვალეთ, ორივე ისეთები ვართ, როგორებიც ადრე ვიყავით.  გაყრები  არ იყო ხოლმე მარტივი,  ერთხელ ერთი წელი გრძელდებოდა ჩვენი დაშორება, მაგრამ მარტივი ქალის და კაცის ცხოვრება ხომ არასდროს არ არის. მახსოვს, ჩემი კათედრის ხელმძღვანელმა, ჩემთვის ძალიან ძვირფასმა, თამარ დეკანოსიძემ, რომელმაც თავისებური ნუგეში იცოდა, მორიგი შეყრა-გაყრის შემდეგ მითხრა: იცი, რა, ნატა, რაღაცები გექნება გასახსენებელი, აბა, მშვიდი ცხოვრება რა არისო. შეყრას საოცარი  „ვესტერნები“ მოჰყვებოდა ხოლმე.  
– ქორწილიც სამჯერ გქონდათ?
– არა, ქორწილი გვქონდა ერთხელ და ჯვრისწერა კი – საკმაოდ გვიან.   ჩვენ ქორწინებიდან 12 წელი შვილი არ გვყავდა და გადავწყვიტეთ, სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად უცხოეთში წავსულიყავით. წასვლის დღეს უკვე მანქანაში ვზივართ, აეროპორტისკენ მივდივართ და ზაზას ვუთხარი,   იმასაც მეუბნებიან, ჯვარი რომ არ გვაქვს დაწერილი, შვილი იმიტომ არ გყავთო, მერე მაგას რა უნდაო, მითხრა ზაზამ და უცებ, წუთებში დავგეგმეთ ჯვრისწერა. ბეჭდებიც კი არ გვქონდა, ჩემს მამიდაშვილს ვთხოვე ბეჭედი, რომელმაც უკან აღარ გამომართვა – შენი ჯვრისწერის არის და  უნდა დაიტოვოო. ზაზას კი ჩემი ბეჭედი ეკეთა, ამოტრიალებული. (იცინის). ჩემს ძმას დავურეკე, ნაცნობი მღვდელი არავინ იცი-მეთქი და მან ვერაზე, სამების ეკლესიაში,  როსტომ ლორთქიფანიძესთან გაგვიშვა. ზაზას მეჯვარე იყო ჩვენი მეგობარი, რომელსაც აეროპორტში მივყავდით, მე კი მეჯვარე არ მყავდა. მლოცველ ქალებში ერთი ქალი გამოვარჩიე და მას ვთხოვე, ჩემი ხელისმომკიდე ყოფილიყო. იმ დღის მერე ამდენი წელი გავიდა და ვერ ვივიწყებ იმ ჩემთვის უცხო ადამიანის საქციელს. როდესაც ჯვრისწერა დასრულდა, მანანამ მომცა ლატარიის ბილეთი და მითხრა, ამის მეტი აქ არაფერი მაქვს. გაჩუქებთ და თუ რამეს მოიგებთ, ის იყოს ჩემი საჩუქარიო.  იმ  ლატარიის ბილეთს  დღემდე ვინახავ.  ბედნიერ ხელზე მაჩუქა – მას შემდეგ ჩვენი „ვესტერნებიც“ დამთავრდა. (იცინის) ყველა ოჯახის ცხოვრება ასეა – აღმასვლებით, დაღმასვლებით. რაც უფრო მეტი ტვირთი აქვს ადამიანს, მით მეტი ზიგზაგი აქვს ცხოვრებას.
– დღეს ოჯახში ფალავანი ვინ არის? პოლიტიკურ კარიერაში თქვენ აშკარად აჯობეთ.  
– მე დიდ პარლამენტში ვარ, ის პატარა პარლამენტშია, ალბათ, ამიტომ მე უფრო ვჩანვარ.  ჩვენ არ ვართ კონკურენციაში,  რომელმა რომელს ვაჯობოთ.  ჩემი საქმეა, მაქსიმალურად ბევრი რამე გავაკეთო და რასაც ვაკეთებ, კარგად გავაკეთო.  დღეს ჩვენს ოჯახში ფალავნები ჩვენი შვილები არიან.  გიორგი და რატი  ლონდონში სწავლობენ. იმის მიუხედავად, რომ გვქონდა საშუალება,  მთელი ოჯახი წავსულიყავით, ბიჭები მხოლოდ 15 წლის ასაკში გავუშვით.  ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება იყო. ბავშვებს უნდა ესწავლათ აქ, აქ უნდა ჰყოლოდათ მეგობრები, საქართველო უნდა ჰყვარებოდათ. ინგლისში რომ გაზრდილიყვნენ, ის გრძობა, რაც მაქვს მე ჩემი სოფლის, ყელქცეულის მიმართ  ან ზაზას – გორის მიმართ, მათ არ ექნებოდათ. ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი მათაც არ დაკარგონ.    
– თქვენი  მეუღლეც უფრო ხშირად იქით არის, არ გიჭირთ თბილისში მარტო?
–  მიჭირს მათ გარეშე, „სკაიპი“ და საკომუნიკაციო საშუალებები მშველის. ახლა უკვე მამას აქვს შვილებთან ხშირი კონტაქტი და მშვენივრად გამოსდის მათზე ზრუნვა, მე აქედან, შორიდან ვახერხებ მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას, ესემესი რომ მომივა – „დეე“,  ეს ნიშნავს, რომ როგორც მოვიცლი, მაშინვე უნდა დავურეკო ბიჭებს. რაც პარლამენტის სხდომები დაიწყო, უფრო დაკავებული ვარ და ლონდონში ისე ხშირად ვერ მივდივარ, თუმცა ყველა არადადეგებზე თვითონ ჩამოდიან. ამ დროს ვცდილობთ, ყველა ერთად ვიყოთ, ბიჭებთან ერთად მივდივართ ყველა იმ ადგილზე, რაც ჩვენ გვინახავს ბავშვობის დროს და  გვინდა, რომ მათაც  ნახონ. ოჯახური ექსკურსიები არ გამოგვდის – ნათესავები, მეგობრები ყველა ჩვენთან ერთად არიან,   დასასვენებლადაც კი  15 ადამიანზე ნაკლები არ მივდივართ (იცინის).
 
скачать dle 11.3