№40 როგორ ვერ მოკლა კნეინა ჯორჯაძისამ თავადი ჩოლოყაშვილი და რატომ ამართლებდა დამნაშავეს საზოგადოება
თუკი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მამაკაცების მხრიდან ქალებზე, ესე იგი, დედაკაცებზე ძალადობა თითქმის ნორმად იქცა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, კერძოდ, 1885 წელს თელავში გახმაურებული მკვლელობა, უფრო ზუსტად, მკვლელობის მცდელობა მომხდარა. კნეინა ევგენია ჯორჯაძეს, არც მეტი, არც ნაკლები, რევოლვერით უცდია თავად ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მოკვლა. მკვლელობის მცდელობა დიდად გახმაურებულა და სასამართლო პროცესებზე ხალხის ტევაც არ ყოფილა.
„ივერია“ დიდი ინტერესით აშუქებდა ამ სასამართლო პროცესს, რუბრიკით „სასამართლოს მატიანე“.
„ცხრა საათიდანვე დაიწყო დენა ხალხმა: მთელი დარბაზი დაჭერილი აქვს თელავის არისტოკრატიას, ინტელიგენციას და საპატიო მოქალაქეთ. მომეტებულ ნაწილს საზოგადოებისას მანდილოსანნი შეადგენენ. გარშემო მოაჯირები და ფართო ეზო სავსეა გლეხობითა და მდაბიო ხალხით. ათი საათია და ბოქაულმა დაიძახა: „მსაჯულნი მობრძანდებიანო“, ხალხი წამოიშალა და შემდეგ თავმჯდომარის სიტყვაზედ „დაბრძანდით“, დალაგდა თავ-თავისს ადგილზე. მარცხნივ, საბრალდებო სკამზე, ზის ბრალდებული კნ. ევგენია ჯორჯაძე, რომელსაც სახე გაფითრებული აქვს. ეტყობა მღელვარება. პროკურორისა და ვექილის სიტყვის დროს სახეზე ფერი მოსდის, სახე უმშვიდდება. იმის გვერდით ზის მისი გაჭაღარავებული ქმარი, თავადი დ. ჯორჯაძე, რომელსაც ღრმად აღბეჭდია სახეზე ვარამი და მწუხარება.
სიტყვა პროკურორის: „გამოძიებაში აჩვენა დამნაშავე კნ. ევგენია ჯორჯაძისამ: მე არა მახსოვს რა, ჩავიდინე რამე დანაშულობა თუ არა. ე. ი. მინდოდა თუ არა ჩოლოყაშვილის მოკვლაო. ქმარმა დავით ჯორჯაძემაც მოახსენა გამოძიებას, რომ: „ჩემი ცოლი, კნ. ევგენია, სულით ავადმყოფია ორსულობის გამო და ჰმოქმედობდა ისე, რომ არა გაეგებოდა რაო“. 1885 წელს ევგენია ჯორჯაძისა იქნა შემოწმებული, მართლა ჭკუათმყოფლობისას ჩაიდინა ეს დანაშაული თუ არაო და რადგან მსაჯულნი იმ აზრს დაადგნენ, რომ კნეინა ევგენია ჯორჯაძისა ჰმოქმედებდა არა ჭკვათამყოფლობის დროსაო, სამსჯავრომ გაამართლა იგი, ხოლო სამსჯავროს ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიწყნარა პალატამ და 1887 წლის ღვინობისთვეს ხელმეორედ დაიწყო საქმე. ამ საქმის ხელახლად გარჩევისათვის მე შევადგინე გამამტყუნებელი ოქმი. იმ აზრამდე მივედი, რომ კნეინა ევგენია ჯორჯაძეს დანაშაული ჩაუდენია ჭკუათმყოფელობის დროს. საზოგადოება იმიტომ თანაუგრძნობს ასე მხურვალედ, რომ ა) ის არის ქალი და ამასთანავე, განათლებული ბ) კარგი გვარისა გ) ორიგინალური და ლამაზი დ) ჩოლოყაშვილს არა დაუშავდა-რა და ცოცხალი გადარჩა. მაგრამ ეს ჩვენთვის სულერთია.“
ერთი სიტყვით, კნეინას თავადი ვერ მოუკლავს, ამ უკანასკნელს ტყვია „პაგონში მოჰხვედრია“. კნეინას კი თავადი ჩოლოყაშვილი თავისი ქმრის გამო ამოუჩემებია და შურისძიება გადაუწყვიტავს.
მოამზადა
ნინო ხაჩიძემ