№40 ვის მიათხოვა არჩილ მეფემ თავისი ძმის შვიდი ასული და ვის მისცა ბიზანტიის კეისრის მიერ მისი ძმისთვის გამოგზავნილი გვირგვინი
მიჰრ (მირ) მეფეს შვიდი ასული დარჩა. ძე კი არ ჰყავდა. ამიტომ, მეფე მირის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის და ეგრისის სამეფო ტახტზე ავიდა მისი ძმა, არჩილი.
არჩილ მეორეს, სტეფანოზის ძეს, გარდაცვალების წინ მისმა ძმამ, მეფე მირმა ანდერძად დაუბარა, გაეთხოვებინა მისი ასულები ქართლის ერისთავებზე. მართალია, ადრე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, მეფეები თავის ასულებს მხოლოდ მეფეთა შთამომავლებზე ათხოვებდნენ. მაგრამ, როგორც მეფე მირმა გარდაცვალების წინ აღნიშნა, არაბთაგან აოხრებულ ქვეყანაში ხალხი შემცირებული იყო და გარკვეული ცვლილებები უნდა გატარებულიყო. ალბათ, მეფე მირს უნდოდა მისი ასულები საქართველოში დარჩენილიყვნენ და ქართველებზე გათხოვილიყვნენ. მათთვის ძმას ანდერძად მთიანი მხარეების გამოყოფაც დაუბარა, რათა, შიშიანობის დროს მთებისთვის შეეფარებინათ თავი.
არჩილ მეორემ იხმო ქართლის ერისთავები და თავისი ძმის ასულები ცოლად მისცა. ერთი მიათხოვა თავის მამის ძმისწულს, გვარამ კურაპალატის შვილს, რომელსაც კლარჯეთი და ჯავახეთი ჰქონდა. მეორე პიტიახშს – ფეროზის ნათესავს, რომელიც მთავრობდა თრიალეთში, ტაშირსა და აბოცში. მესამე ძმისშვილი მიათხოვა ნერსე ნერსესიანს, რომელიც ვახტანგ მეფის წარჩინებული იყო. მეოთხე ასული მეფე მირისა, მისცა ადარნასეს ადარნასიანს და ორივეს გაუყო ზედა სოფელი, ქართლი. მეხუთე ძმისშვილი მიათხოვა ვარზმანს და კოტმანიდან ქურდის-ხევამდე მისცა. ვარზმანი სპარსთა ერისთავის, ბარდაველის, ვახტანგ გორგასლის პაპის, დედის მამის, ნათესავი იყო. მეექვსე ასული მირისა მიათხოვა ჯუანშერ ჯუანშერიანს, რომელიც იყო ნათესავი მირიან მეფისა, რევის შვილებიდან და მისცა ჯვარი და ხერკი, ყოველი მთიულეთი, მანგლისის მხარე და ტფილისი.
მეფე მირის ანდერძით, ნახევარი სამფლობელოებისა უნდა მიეცა ერისთავებისთვის, ნახევარი თვითონ დაეტოვებინა, ამიტომ, არჩილის წილი – ნახევარი, ყველა ამ კუთხიდან გამოყვეს. აღმოჩნდა, რომ ჯუანშერს უფრო მეტი ნაწილი მისცა. ეს სხვებს ეწყინათ. მეფემ ერისთავები ცოლებითურთ თავ-თავის ადგილებში გაუშვა. ასე აასრულა არჩილმა მირის ანდერძი და დააფასა ერისთავები.
შემდეგ არჩილმა იხმო ლეონ აფხაზთა ერისთავი, რომელიც მას და მის ძმას არაბებთან ბრძოლაში ეხმარებოდა და უთხრა:
„ღმერთმა დაგლოცოს, რადგან კარგად გაისარჯე ჩვენი შენთან სტუმრობის დროს და გვიცავდი შენს ადგილებში მშვიდობით. ახლა დაწყებულია ჩვენი ადგილების შენება კლისურის ზემოთ. მე დავსახლდები ციხეგოჯში და ქუთათისში. შენი პატიოსანი სამსახურისთვის მთხოვე, რაც გნებავს.“
ლეონმა უპასუხა:
„კეისარმა აფხაზეთი სამკვიდროდ მომცა თქვენი სიმხნით. ამიერიდან არის ჩემი სამკვიდრებელი მამული კლისურიდან ხაზარეთის დიდ მდინარემდე (მდინარე ყუბანამდე), სადაც კავკასიონის წვერი იწყება. მეც შენს მსახურად მიმიღე, შენს მსახურებთან ერთად და ღირს მყავი შენს შვილად და ძმად ვიწოდებოდე. არ მინდა შენგან რაიმე ნაწილი ქვეყნისა, არამედ ჩემიც შენი იყოსო“.
ეს გახლდათ ლეონის მხრიდან ვასალიტეტის, ყმადნაფიცობის მოთხოვნა, თავისი სუზერენისგან, არჩილ მეფისგან. ამასვე ურჩევდა ბიზანტიის კეისარი თავის ვასალს, ლეონს, წერილში, რომელიც იმ ხანებში გამოუგზავნა: ქართლის ხელმწიფეებს დაემორჩილეო.
არჩილ მეფემ მიათხოვა თავისი ძმის ასული, გურანდუხტი ლეონს და გადასცა მირისთვის გამოგზავნილი გვირგვინი, ერთი გვირგვინი, იმ ორი გვირგვინიდან, რომელიც ბიზანტიის კეისარმა მასა და მის ძმას გამოუგზავნა. ფაქტობრივად, ლეონი მეფედ იქცა, ოღონდ ქართლის მეფის ყმადნაფიც მეფედ.
დადეს აღთქმა და ფიცი საშინელი, რომ მათ შორის იქნებოდა მშვიდობა და არ იქნებოდა მტრობა, რომ ლეონი დაემორჩილებოდა არჩილს.
წამოვიდა არჩილ მეფე და დაემკვიდრა ეგრისში შორაპნამდე. განაგო ციხეები და ქალაქები. ააშენა ციხე გურიისა და საბერძნეთის (ბიზანტიის) საზღვარზე. ამასობაში გავიდა თორმეტი წელიწადი. დაიწყო ქართლმა მოშენება. მცხეთა აოხრებული იყო და მეფის სამკვიდროდ ვერ გამოდგებოდა. გადმოვიდა ქართლში არჩილ მეფე და დაემკვიდრა ხიდრისის ნაციხარში.
მაშინ ერთი მთავარი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლის მამა იწოდებოდა ბაგრატიონადაც და ბიზანტიელების მიერ დადგინებული იყო სომხითის მიწების მთავრად (მურვან ყრუს შემოსევის დროს, შვილებთან ერთად, ის მისულიყო გუარამ კურაპალატის შთამომავლებთან კლარჯეთში და იქ დარჩენილიყო), მივიდა არჩილ მეფესთან და სთხოვა:
„ინებე და მიმიღე შენ ქვეშევრდომად და მომეცი მამული“.
მისცა არჩილ მეფემ შულავერი და არტაანი.
მერე არჩილ მეფე მივიდა კახეთში და თავის ტაძრეულის წევრებს უბოძა მიწები კახეთში და ისინი აზნაურებად აქცია. აღაშენა ეკლესია საძმორს. ცოლად შეირთო გუარამ კურაპალატის შთამომავალი, რომელიც ვახტანგ გორგასლის შთამომავალიც იყო, ვახტანგის ბერძნის ცოლის მიერ ნაშობი ასულისგან. დაჯდა წუქეთში (ჰერეთის ნაწილი) და აღაშენა ციხე კასრი. ლაკუასტის ხევში (ლაგოდეხში) ააშენა ციხე. წუქეთში იპოვა მთავრების შთამომავლები, რომელთაც ვახტანგ მეფემ უბოძა წუქეთი. იყო ერთი, რომელიც მთავრობდა მაშინ თუშთა და ხუნძთა შორის და მთის სხვა წარმართებზე, სახელით აბუხუასრო. არ ჩამოართვა არჩილმა მას წუქეთი. ააშენა ციხა-ქალაქი ნუხპატს, ორ მდინარეს შუა. ადრე ნუხპატელნი იყვნენ წარმართები და ველურები. მურვან ყრუს მრავალი მათგანი დაეხოცა. არჩილმა იძულებით მონათლა ისინი.
რანში არაბები იყვნენ გაძლიერებულნი. დაეპყროთ გაზირი და სომხითი. მასლამა სარდალი ებრძოდა ბიზანტიელებს. ადარნასე ბრმის ძმისწულნი, სამი ძმა, რომლებმაც თავის ბიძას, მამის ძმას, თვალები დაუწვეს, წამოვიდნენ ტარონით შაკიხში და არჩილის ბრძანებით დაემკვიდრნენ იქ. რადგან კავკასიის ვრცელი მიწები, რანშიც, უმკვიდრო იყო შემოსევების გამო, ჰერეთში კი ჭალები და ტყეები გამრავლებულიყო ხალხის შემცირების გამო, დაემკვიდრა ეს სამი ძმა გულგულამდე.
იმ ხანებში პიტიახშები ვერ დამკვიდრდნენ კლარჯეთში. ნახევარი მათგანი წამოვიდა და დაიკავა ტაოში ერთი კლდე, რომელსაც ერქვა კალმახი და ააშენენეს იქ ციხე. მეორე ნახევარი კი წამოვიდა კახეთში არჩილთან. არჩილმა ერთ მათგანს ცოლად მისცა აბუხუასროს შთამომავალი, რადგან დაქვრივებული იყო და არ ჰყავდა ქმარი. უბოძა წუქეთი ციხით და კასრითურთ.