№40 დაანონსებული შურისძიება
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39(926)
– როგორ მოვიქეცი, ავთო, რას გულისხმობ? – კითხვა შეუბრუნა ჯონდომ უფროს ძმას და შეშინებული თვალებით მიაჩერდა მას.
„ჯიხვი“ შუა ოთახში შეჩერდა და უმცროს ძმას უთხრა:
– რატომ არ დაიცავი შენი ძმისშვილი. როგორ დაუშვი, რომ მას ოთხი ტყვია მოხვდა. შენი კოტიკო რომ ყოფილიყო, ხომ გადაეფარებოდი საკუთარი სხეულით და რატომ შავლეგს არ გადაეფარე?
– მე, მე... – ენა დაება ჯონდოს, – მე გათიშული დავეცი ძირს და გონს მაშინ მოვედი, როცა ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო.
– სხეულზე ერთი ნაკაწრიც კი არ გაქვს, – ირონიით თქვა ავთომ და დაამატა, – მართალი ხარ, ყველაფერი დასრულდა. აღარც შვილი მყავს და აღარც ძმა.
ძმის სიტყვებზე ჯონდო შეცბა და „ჯიხვს“ შეხედა, რომელსაც თვალებში ბოროტი სხივი უელავდა. მცირე პაუზის მერე კი უთხრა:
– ავთო, ძმაო, ნუ გამწირავ. არ ვარ დამნაშავე!
– ჩვენ აქ ყველანი უდანაშაულონი ვართ, – ირონიით მიუგო უფროსმა ძმამ უმცროსს. შემდეგ ქამრიდან პისტოლეტი ამოაცურა, ჯონდოს ოთხჯერ დაახალა და ადგილზევე მოკლა.
სუფრასთან მსხდომებს კრინტი არ დაუძრავთ. გაუნძრევლად ისხდნენ და მონუსხულები უყურებდნენ „ჯიხვს“. მან კი პისტოლეტი შეინახა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, თქვა:
– ტრუპი ჩუმად გაიტანეთ და ისეთ ადგილზე დადეთ, რომ მალე იპოვონ. აქაურობა მოაწესრიგეთ, რომ კვალი არ დარჩეს. რაც მთავარია, ენას კბილი დააჭირეთ და ეს ამბავი არავისთან წამოგცდეთ, განსაკუთრებით კი, კოტიკოსთან.
***
ჯონდო ხვადაგიანის ცხედარი ვოლოკოლომსკის გზატკეცილზე აღმოაჩინეს და ისიც დიდი პატივით დაკრძალეს. მოსკოვში კი ხმა გავარდა, რომ „ჯიხვის“ კლანს კონკურენტებმა შემოუტიეს და მას ერთგულ ადამიანებს აცლიდნენ ხელიდან. ეს ხმები ავთოს მითითებით ვრცელდებოდა და „ჯიხვისთვის“ ალიბის შექმნას ემსახურებოდა. ხოლო კიდევ უფრო რომ გაემყარებინა ეს ჭორები და მის მიერ ჩადენილი „კაენის ცოდვის“ მოწმეებიც რომ მოესპო, ის ხუთი ხელქვეითიც საიქიოს გაისტუმრა, რომლებიც შავლეგის დასაფლავების დღეს ჯონდოს მკვლელობას შეესწრნენ. ამგვარად, ავთოს „ჯიხვის“ კლანში უახლოესი ადამიანი 27 წლის კოტიკო ხვადაგიანი დარჩა. ჯონდოს ერთადერთი ვაჟი და „ჯიხვის“ ერთადერთი ძმისშვილი. ისევე, როგორც დაღუპული შავლეგი, კოტიკოც პროფესიით იურისტი იყო და სორბონის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. თუმცა, ბიძაშვილისგან გასხვავებით, უცოლშვილო იყო და არც კლანის საქმეებში ერეოდა, რადგან არ აინტერესებდა. კოტიკოს მისწრაფება მეცნიერება იყო, ის ფუნდამენტურ ნაშრომს წერდა იურისპრუდენციაზე და მის გამოქვეყნებას საფრანგეთში გეგმავდა. ამიტომ ძირითადად პარიზში ცხოვრობდა, იქვე მუშაობდა და მოსკოვში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩადიოდა. შავლეგოსა და მამის დაღუპვის შემდეგ კი დროებით შეწყვიტა მუშაობა, მოსკოვში დარჩა და „ნაკოლინა გორაზე“ ბიძის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა.
ჯონდოს ორმოცი პრესტიჟულ რესტორანში გადაიხადეს და შინ რომ დაბრუნდნენ, „ჯიხვმა“ ძმისშვილი კაბინეტში იხმო. სავარძელში ჩასვა და ჰკითხა:
– როგორ ხარ, კოტიკო, ხომ არ დაიღალე?
– კარგად ვარ, ძია ავთო. ცოტა კი დავიღალე, მაგრამ გამოვიძინებ და დავისვენებ, – მიუჯგო კოტიკომ ბიძას.
„ჯიხვს“ გაეცინა და უთხრა:
– დღევანდელ დაღლას არ ვგულისხმობ, ბიჭო.
– აბა, რას, ძია ავთო? – ჰკითხა კოტიკომ.
– ზოგადად, საერთოდ. ამ ბოლო ორ თვეში იმდენი რამ მოხდა, ამ ყველაფერმა ხომ არ დაგღალა-მეთქი? – განმარტა „ჯიხვმა“.
– ჰო. ამ მხრივ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო მდგომარეობაში ვარ და დისკომფორტს განვიცდი, – შედარებით „ლაითად“ უპასუხა ბიძამისს კოტიკომ, რომელიც ბიძისა და მამის საქმიანობას ბავშვობიდანვე გმობდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არასდროს ულაპარაკია.
კოტიკო ხვადაგიანი, ბიძის წყალობით, პატარაობიდანვე პარიზში ცხოვრობდა და სწავლობდა. უმცროს კლასებში მას დედა ახლდა და უვლიდა. რომ წამოიზარდა და პრესტიჟულ კოლეჯს ამთავრებდა, დედ-მამა მას მხოლოდ თვეში ერთხელ აკითხავდნენ. ისიც ორიოდე დღით და კვლავ უკან, მოსკოვში ბრუნდებოდნენ. ამიტომ, კოტიკო თხუთმეტი წლის ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ბიძისა და მამის გავლენას მოკლებული იყო და სხვა თავისი თანამემამულეებისგან განსხვავებით, ევროპული მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა. თუმცა, როდესაც ოჯახს სტუმრობდა, ცდილობდა, მათ ყაიდაზე გადაწყობილიყო და ბოლომდე რომ ვერ ახერხებდა ამას, ამ „მოუხერხებლობას“ დუმილით ავსებდა.
„ჯიხვი“ თავის ძმისწულს ბავშვობიდანვე აკვირდებოდა და ხედავდა, რომ ჭკვიანი, წესიერი ადამიანი იზრდებოდა, ამიტომ მის „ვერბოვკას“ არ ჩქარობდა. „ისწავლოს, გაიზარდოს, „პალაჟენია“ გაიკეთოს და მერე მოვკიდებ ხელს. ახლა კი ადრეა. ჯერ შავლეგის ჯერია“, – ფიქრობდა „ჯიხვი“ და ძმისწულის „ვერბოვკას“, ანუ გადაბირებას, ოცდაათი წლის ასაკში გეგმავდა. ამხელა იყო შავლეგიც, როდესაც თავის კაბინეტში დაიბარა. დაისვა, ელაპარაკა და საქმეში ჩააბა. ახლა სწორედ „დასავერბოვკებლად“ მიიწვია „ჯიხვმა“ კოტიკო თავისთან. მართალია, ბიჭი ჯერ მხოლოდ ოცდაშვიდის იყო, მაგრამ იმდენად ექსტრემალური სიტუაცია იყო, რომ „ჯიხვი“ სამ წელიწადს ვერ მოიცდიდა. გვერდით აუცილებლად უნდა ჰყოლოდა უახლოესი, მასთან გენებით დაკავშირებული ადამიანი. შავლეგის ვაჟი ჯერ ძალიან პატარა იყო. რჩებოდა კოტიკო და „ჯიხვს“ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
„ჰმ, დისკომფორტს განიცდის“, – ჯიხვმა გუნებაში გაიმეორა ძმისშვილის პასუხი და უთხრა:
– კოტიკო, შვილო, უნდა გითხრა და სწორად გამიგე, – ეს დისკომფორტი არაა. ესაა უდიდესი უბედურება, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა. სიტუაცია უმძიმესია. გამოსწორებას საჭიროებს. ერთგული და უახლოესი ადამიანის გვერდში დგომა მჭირდება. ასეთი კი ახლა მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ. ხვდები, რას ვგულისხმობ?
კოტიკო მშვენივრად მიხვდა, თუ რას ამბობდა ბიძამისი, მაგრამ უნდოდა, რომ მას კარტები გაეხსნა და მიუგო:
– ვხვდები, როგორ ვერ ვხვდები, ძია ავთო. დიდი დარტყმა მიიღეთ და გინდათ, გვერდით ახლო ნათესავი გყავდეთ, რომელიც დავიწყებით ვერა, მაგრამ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებთ ამ მდგომარეობას. მე მზად ვარ, გემსახუროთ და რასაც შევძლებ, თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
„ნუთუ ეს ბიჭი ასეთი მიამიტია და ვერ ხვდება, რას ვეუბნები, თუ იმდენად ეშმაკია, რომ უნდა, ღიად ველაპარაკო? ორივე შემთხვევაში გამომადგება“, – გაიფიქრა „ჯიხვმა“ და ძმისშვილს უთხრა:
– კოტიკო, შვილო, სხვა გვერდში დგომას ვგულისხმობ.
– სხვას, რას, ძია ავთო? – ჰკითხა კოტიკომ.
„ჯიხვმა“ მწველი მზერა მიაპყრო ძმისშვილს და უთხრა:
– საქმეში უნდა შემოხვიდე, კოტიკო.
„ჯიხვის“ მიერ ნათქვამი სიტყვები მკაფიოდ და გასაგებად ჟღერდა. კოტიკოს კი „გადამლაშება“ არ უნდოდა და ბიძამისს პირდაპირ უთხრა:
– მაფიოზობას მთავაზობთ, ძია ავთო?
„ჯიხვს“ გაეცინა და კოტიკოს უპასუხა:
– რა საჭიროა ასეთი ტერმინები. საქმეში, ოჯახის ბიზნესში შემოსვლას გთავაზობ.
– თქვენ ხომ იცით, ძია ავთო, რომ მე სულ სხვა მისწრაფებები მაქვს.
– მერე და ვინ გიშლის? – მხრები აიჩეჩა „ჯიხვმა“ და დაამატა, – წერე შენი წიგნები და გაიღრმავე ცოდნა. ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
– ძია ავთო, დიდ წინააღმდეგობაში ჩავვარდები და არ გამოვა. ამით თქვენს საქმესაც გავაფუჭებ და ჩემსასაც. ასე არ გამოვა, თეორიულად კანონიერებას ვქადაგებდე, პრაქტიკულად კი უკანონობას ვემსახურებოდე. არა, მე ეს არ შემიძლია, ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
– კარგია, რომ პირდაპირ და გულწრფელად მპასუხობ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. მაგრამ ახალგაზრდა ხარ. ცხოვრებისეული გამოცდილება გაკლია და ბევრი რამ არ იცი, ამიტომ შევეცდები, ჩემი სათქმელი გითხრა და რაღაც-რაღაცები ერთად გავარკვიოთ. თანახმა ხარ?
– დიახ. ბრძანეთ, ძია ავთო, – უთხრა „ჯიხვს“ კოტიკომ და თვალებში მიაჩერდა.
ავთო ხვადაგიანმა სიგარა გააბოლა და ძმისშვილს უთხრა:
– კოტიკო, შვილო, შენ ის არ მოგწონს, რომ ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ბიზნესით ვშოულობ ფულს. ხომ მართალი ვარ?
– დიახ. მართალი ხარ, ძია ავთო, – დაუდასტურა „ჯიხვს“ კოტიკომ.
– კეთილი. უფრო წინ წავიწიოთ, – თქვა „ჯიხვმა“ და დაამატა, – ეს ბიზნესი, ანუ ნარკოვაჭრობა იმ საზოგადოებრივი სისტემის მიერაა სანქცირებული, რომელ სისტემასაც შენ ემსახურები, სრულყოფილ კანონებს უწერ და აცხადებ, რომ ნარკოტიკებს არ გავყიდიო. ამით კი აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ნარკოტიკული საშუალებები მაინც მზადდება და იყიდება. დიდი „მაყუთი“ კეთდება. ყველა თავის წილს იღებს. ყველა კმაყოფილია და არც არავინ ფიქრობს ამ სისტემის მოსპობას. პირიქით, სისტემა უფრო ვითარდება. იხვეწება და სრულყოფილი ხდება. აქედან კი დასკვნა – მე რომ არ გავყიდო, ჩემს ადგილს სხვა დაიკავებს და ის გაყიდის. მე კი „ტრუპი“ ან მათხოვარი გავხდები. ეს კი ნამდვილად არ მსურს. მინდა, ვიყო ცოცხალი და მდიდარი. ერთ მაგალითს მოგიყვან და შენ თვითონ მიხვდები, რომ მართალი ვარ. ავიღოთ ავღანეთი. შენ რა გგონია, რატომაა ეს ქვეყანა სულ ომში და თითქმის ორასი წელიწადია, მშვიდობა არ მყარდება? რატომ და იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ოპიუმის ყაყაჩო იზრდება. მისგან კი საუკეთესო ჰეროინი მზადდება და ნახევარ მსოფლიოს ჰყოფნის. ეს კი უზარმაზარი შემოსავალია. პირველად ამას ბრიტანეთი მიხვდა და სწორედ მან დაიწყო იქიდან ჰეროინის ზიდვა და ვაჭრობა. პირველი ჰეროინის ფაბრიკებიც მათ შექმნეს. შემდეგ იყვნენ საბჭოელები. ახლა კი ამას ამერიკელები აკეთებენ. ეს, ვითომდა არალეგალური ბიზნესი, სავსებით ლეგალურია და სახელმწიფო „კრიშავს“. არავის უნდა მისი მოსპობა, თორემ ამაზე ადვილი რა არის? ავღანეთის მთებში რომ ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციებია, საკმარისია, ისინი ვერტმფრენიდან დაბომბონ ან, სულაც, ჰაერიდან საწამლავი მოასხან, მოსავალი განადგურდება და შესაბამისად, არც ნარკოტიკები დამზადდება. მაგრამ, ამას არც რუსები აკეთებდნენ და ახლა – არც ამერიკელები. პირიქით, იცავენ და სწორედ იმათ გაანადგურებენ, ვინც ამ პლანტაციების განადგურებას შეეცდება. ასეა მთელ მსოფლიოში. ნარკოვაჭრობის სისტემა მთელი დატვირთვით მუშაობს და მისი მოსპობა არავის უნდა. ასე რომ, თვითონ სისტემა გვთავაზობს სიმდიდრეს და სულელი უნდა იყო, რომ მათხოვრობა არჩიო. ეს იგივეა, მოქმედი ვულკანის შეჩერებას რომ ეცადო, რაც შეუძლებელია. ვულკანს, უბრალოდ, უნდა მოერიდო და კი ბატონო, მოერიდე ნარკოტიკებს, ნუ მიეკარები და ძალით არავინ გაგიკეთებს ან დაგალევინებს. მსურველი ისედაც ბევრია და ეს ბიზნესი არასდროს ჩაწვება. აბა, რას იტყვი, კოტიკო, თანახმა ხარ, საქმეში შემოხვიდე?
„ჯიხვის“ დემაგოგიამ ბიჭს თავბრუ დაახვია და ბიძამისს უთხრა:
– ძია კოტე, ნება მომეცი, ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო და ისე გიპასუხოთ. ეს ისეთი საქმეა, რომ სიჩქარე არ მოუხდება.
„ჯიხვმა“ ძმისწულს გაუღიმა და უთხრა:
– კეთილი. მასე იყოს. მოსაფიქრებლად სამ დღეს გაძლევ და აქ შევხვდებით ერთმანეთს.
– დიახ, სამ დღეში პასუხს გეტყვით. ახლა კი წავალ და დავიძინებ. ძალიან დავიღალე, – უთხრა კოტიკომ „ჯიხვს“. გამოემშვიდობა და კაბინეტი დატოვა.
***
კოტიკო რომ წავიდა, „ჯიხვმა“ თავისი პირადი მცველი იხმო და უთხრა:
– მოემზადე. ათ წუთში გავდივართ. საჭეს შენ მიუჯდები და გაბაზრება საჭირო არაა. მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და არავინ უნდა გაიგოს.
ათიოდე წუთის შემდეგ „ჯიხვის“ დაჯავშნილი „მერსედესი“ ეზოდან გავიდა. კიდევ ორმოცდაათი წუთი რომ გავიდა, ავთო ხვადაგიანი მოსკოვის გარეუბანში მდებარე, ერთ-ერთ სახლში მივიდა, რომელსაც კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდა. პირადი მცველი მის მანქანაში დარჩა. ოთახში რომ შევიდა, ტყავის სავარძელში ორმოციოდე წლის მამაკაცი დახვდა. ის მშვიდად იჯდა და მისალმებაზე ახალმოსულს მხოლოდ თავი დაუკრა. „ჯიხვი“ მის მოპირდაპირე სავარძელში ჩაეშვა და დამხვდურს უთხრა:
– ბატონო...
– მხოლოდ „გიურზა“. სხვა სახელების დაძახება არასასურველია, – სიტყვა გააწყვეტინა „ჯიხვს“ დამხვდურმა.
– გასაგებია, „გიურზა“. ხომ არ გაგიჭირდათ ბინის მოგნება? – თქვა „ჯიხვმა“.
– არა. და, თუ შეიძლება, საქმეზე ვილაპარაკოთ, – მშვიდად უთხრა „გიურზამ“ „ჯიხვს“.
ავთო ხვადაგიანი ჩვეული არ იყო ასეთ პასუხებს და ირონიულად ჩაეცინა. მაგრამ მხოლოდ ჩაეცინა, რადგან მის წინ მჯდომი მამაკაცი უსერიოზულესი ჩანაფიქრის განსახორციელებლად სჭირდებოდა და მასთან „იაზვობა“ არ გამოადგებოდა. თანაც, „გიურზა“ ის კაცი არ იყო, ვისთანაც ვინმეს „იაზვობა“ და მსგავსი რამ გაუვიდოდა. ეს კარგად იცოდა „ჯიხვმა“, ამიტომ საქმეზე „ეტაპობრივად“ გადასვლა განიზრახა, რომ ღირსება არ შელახვოდა და „გიურზას“ უთხრა:
– „პრაპორშიკი“ მომიკითხეთ, რომ ნახავთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში