№40 მინდა, ვიყო მკვლელი
ლოურენს ბლოკი
უორენ კატელტონი თავისი ბინიდან გამოვიდა. კუთხეში დილის გაზეთი იყიდა და როგორც ყოველთვის, კაფეტერიაში შევიდა, სადაც დილით საუზმობდა ხოლმე. როცა დილის სიახლეებს ჩაჰკირკიტებდა, მესამე გვერდზე დაბეჭდილმა სტატიამ დააინტერესა და განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხა სტატია ქალზე, რომელიც წინა ღამით ცენტრალურ პარკში მოკლეს. ქალი სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც პარკში ვიღაც თავს დაესხა, მიწაზე დააგდო და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. უორენ კატელტონი დიდხანს უყურებდა მოკლულის სურათს... და გაახსენდა: აი, პარკშია. მიდის ღამეა, ბნელა და სიჩუმეა. ხელში გრძელი და ცივი დანა უჭირავს. დანის ტარი ოფლისგან დასველდა. გაახსენდა ქალის ტკივილისგან დამანჭული სახე და დანა, რომელსაც ზევიდან ქვევით იქნევდა. ქალის კივილი კი არემარეს აყრუებდა.
თავბრუ დაეხვა. სულ გაოფლიანდა. ხელიდან ნამცხვრის ნაჭერი გაუვარდა. ის ხომ მკვლელია, პოლიცია იპოვის და ელექტროსკამზე დასვამენ.
იმ დღეს სამსახურში არ წასულა. მთელი დღე ოთახში გამოკეტილმა გაატარა. დასაძინებლად რომ დაწვა, შუღამე გადასული იყო. ცუდად ეძინა. თავში ისევ წინა ღამის კადრები უტრიალებდა. დილის შვიდ საათზე გაეღვიძა. ერთიანად დასველებულიყო. მიხვდა, რომ ასე ვერ იცხოვრებდა. კოშმარები არ მოასვენებდა.
კატელტონი პოლიციაში მანამდე არასოდეს ყოფილა. ის გამომძიებელი მოითხოვა, რომელიც მარგარეტ უოლდოკის მკვლელობას იძიებდა. სერჟანტი რუკერი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. მან კატელტონს სახელი და მისამართი გამოჰკითხა. მხოლოდ ამის მერე იკითხა მისვლის მიზეზი.
– დანაშაული უნდა ვაღიარო – ის ქალი მე მოვკალი, – თქვა კატელტონმა.
სერჟანტი ჯერ გაოცებელი მიაჩერდა, თუმცა მალევე მოეგო გონს. მან და კიდევ ერთმა პლიციელმა კატელტონი სხვა ოთახში გაყვანეს და ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს.
– რატომ მოკალით მაინცდამაინც ეს ქალი?
– არ ვიცი, უბრალოდ, ეგ შემხვდა.
– კი მაგრამ, თავს რატომ დაესხით?
– იმიტომ, რომ ამის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა. რაღაც დამემართა. იმპულსი იყო. თითქოს სხვა გზა აღარ მქონდა.
– ანუ, მკვლელობა თავიდანვე დაგეგმეთ?
– მგონი, კი.
– დანა სადაა? რომლითაც მკვლელობა ჩაიდინეთ
– არხში გადავაგდე.
– ზუსტად სად?
– არ მახსოვს.
– თქვენს ტანსაცმელზე სისხლი უნდა იყოს. სად არის ის ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის ღამეს გეცვათ?
– ნაგვის დასაწვავ ღუმელში შევყარე.
– სად ნახეთ ასეთი ღუმელი. თქვენს სახლში?
– არა. რომელიღაც სხვა სახლის სარდაფში ჩავედი. მერე ჩემს აბაზანაში ვიბანავე. მახსოვს, რომ სისხლი ფრჩხილების ქვეშაც მქონდა.
– ის ქალი იკაწრებოდა, – თქვა სერჟანტმა. მის ფრჩილებში ბევრი რამ ვიპოვეთ. თქვენ კი ერთი ნაკაწრიც არ გაქვთ.
თითის ანაბეჭდები მაინც აიღეს, სურათი გადაუღეს და როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დააპატიმრეს. ოთხი საათის შემდეგ მასთან, კამერაში, სერჟანტი რუკერი შევიდა:
– თქვენ არ მოგიკლავთ ის ქალი, რატომ დაიბრალეთ? ჯერ ერთი, ალიბი გაქვთ. რომლის შესახებაც არაფერი გვითხარით. იმ საღმოს ხომ კინოში იყავით. მოლარემ ფოტოზე ამოგიცნოთ. კინოთეატრიდან შუაღამის შემდეგ გამოხვედით და სახლისკენ გაემართეთ. ერთმა ქალმა დაგინახათ, ის თქვენს სახლში ერთი სართულით ქვევით ცხოვრობს. მან, ასევე, გვითხრა, რომ ოთახში პირველ საათამდე შეხვედით, ხოლო თხუთმეტი წუთის შემდეგ შუქი ჩააქრეთ. აგვიხსენით, თუ შეიძლება, რამ გაიძულათ იმ ქალის მკვლელობა გეღიარებინათ? ჩვენ დავაკავეთ ნამდვილი მკვლელი. მას ალექს კანსტერი ჰქვია. ადრე ორჯერ იყო ნასამართლევი. ვიპოვეთ სისხლიანი დანაც, სახე ამ ალექსს სულ დაკაწრული აქვს. მან უკვე მკვლელობაც აღიარა. რატომ ცდილობდით ჩვენს მოტყუებას?
პოლიციელებმა მისი სიცრუის დეტექტორზე შემოწმება გადაწყვიტეს და დეტექტორმა დაადასტურა, რომ მართლაც არ ცრუობდა.
– ეს რა ხდება? – გადაირია სერჟანტი, – ორი მკვლელია?
– საქმე ისაა, – უთხრა სერჟანტს მეორე პოლიციელმა, – მას მართლა სჯერა იმისი, რასაც ამბობს. შენ ხომ იცი, ზოგჯერ როგორ ატყუებს ადამიანებს წარმოსახვა? მან წაიკითხა სტატია მკვლელობის შესახებ და დაიჯერა, რომ ის არის მკვლლელი.
პოლიციელები იძულებული გახდნენ, ამ უცნაური კაცისთვის აეხსნათ, რომ ძალიან განვითარებული აქვს დანაშაულის გრძნობა, რომ სადღაც ქვეცნობიერში დამარხულია მოგონება ოდესღაც ჩადენილი ცუდი საქციელის გამო, რამაც აიძულა დაეჯერებინა, რომ ის ქალი სწორედ მან მოკლა. ნელ-ნელა პოლიციეების ჩიჩინმა შედეგი გამოიღო. მათ დაუმტკიცეს, რომ იგი ვერაფრით ჩაიდენდა იმ დანაშაულს, რასაც აღიარებდა.
ოთხ თვეში ეს ამბავი განმეორდა. ისევ დილა, ისევ „დილის გაზეთი“ და ისევ მკვლელობა. ვიღაც კაცმა თოთხმეტი წლის გოგონა სადარბაზოში შეათრია და ყელში სამართებელი გამოუსვა. მისტერ კატელტონს ყველაფერი თვლაწინ დაუდგა. ღამით ისევ კოშმარებმა გააწვალეს. ისევ მიხვდა, რომ ვერ მოისვენებდა. ამიტომ პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა. იქ ხომ დაუმტკიცებდნენ, რომ გოგონა მას არ მოუკლავს.
სერჟანტმა უოკერმა ყურადღებით მოუსმინა. შემდეგ გავიდა და ცოტა ხანში დაბრუნდა.
– იმ განყოფილებაში დავრეკე, სადაც ამ მკვლელობას იძიებენ. თქვენ გახსოვთ, რა სიტყვა ამოკაწრეთ მოკლულის მკერდზე?
– ზუსტად არ მახსოვს.
– თქვენ დაწერეთ, – „მე შენ მიყვარხარ“, ახლა გაგახსენდათ?
მას გაახსენდა, როგორ ამოაკაწრა მოკლულს მუცელზე ეს სიტყვები.
- მისტერ კატელტონ, მკვლელმა მოკლულს სხვა სიტყვები ამოაკაწრა – გინება, ამიტომაც ეს სიტყვები გაზეთებში ვერ მოხვდა.
აგვისტოში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. ყველაფერი ისევ განმეორდა. ქალი საკუთარ ბინაში გაგუდეს. მისტერ კატელტონიც პირდაპირ უოკერთან გაიქცა. პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდა, პოლიციამ ნამდვილი მკვლელი მალევე დააკვა. მან მკვლელობა აღიარა. კატელტონს კი პოლიციელებმა განსაკუთრებული ფორმის შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.
სექტემბრის ბოლო იყო, როცა ერთ დილით კატელტონმა მაღაზიაში სადგისი იყიდა, ჯიბეში ჩაიდო და ბროდვეისკენ გასწია. 86-ე ქუჩაზე მეტროში ჩავიდა და ვაშინგტონ-ჰეისში გაემგზავრა. პარკში შევიდა და ლოდინი დაიწყო. მალე სიჩუმე ქუსლების ხმამ დაარღია. ახალგაზრდა, ტანადი ქალი გამოჩნდა. კატელტონი რობოტივით მოქმედებდა. სწრაფი ნახტომით მივარდა, ერთი ხელი პირზე ააფარა, მეორე წელზე შემოხვია და სიბნელეში შეათრია. ვიდრე ქალი თავის დახსნას ცდილობდა, მან სადგისი პირდაპირ გულში გაუყარა. როცა მსხვერპლმა ფართხალი შეწყვიტა, კატელტონმა გაიღიმა.
სადგისი სადრენაჟე არხში ჩააგდო, სახლში ავიდა, იბანავა და დაიძინა. ღრმად და უშფოთველად ეძინა. დილით კი მხნედ გაიღვიძა, ტრადიცია არ დაურღვევია – იყიდა „დეილი მირორი“ და მესამე გვერდზე გადაშალა. ქრონიკა იუწყებოდა: ახალგაზრდა მოცეკვავეს ვაშინგტონ-ჰეისში თავს დაესხნენ და გულში სადგისის ჩარტყმით მოკლეს. სერჟანტმა მეგობრულად გაუღიმა.
– მოხვედით არა? თქვენი საფირმო დანაშაული მოხდა? გინდათ მოვყვე, ახლა როგორი დიალოგი გვექნება? – სერჟანტმა თავი სიბრალულით გადააქნია. კარგი. სად არის სადგისი? არხში ჩააგდეთ. როდესაც სადგისი გაუყარეთ, სისხლმა იჩქეფა, არა? მისმინეთ, ეს გოგო გულში სადგისის დარტყმით მოკლეს. სიკვდილი მომენტალურად დადგა. სხეულზე უწვრილესი ჭრილობა დარჩა. იქიდან წვეთი სისხლი არ გამოსულა. ასე რომ, თქვენი ვერსია სველი თოვლივით გაქრა. ახლა უკეთ ხართ? – სერჟანტმა რუკერმა თავი გადააქნია, – ძალიან მეცოდებით. საინტერესოა, ეს რამდენი ხანი გაგრძელდება? იქნებ გაზეთების კითხვისთვის თავი დაგენებებინათ. აღარ გაგიჩნდებოდათ განცდა, რომ მკვლელი ხართ.
კატელტონმა ამოიოხრა:
– ვეცდები, მაგრამ ახლა მე მართლა მკვლელი ვარ.
სერჟანტმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა
თარგმნა
ნინო წულუკიძემ