№40 რა იწვევს ართროზს და ვის ემუქრება ეს საფრთხე ყველაზე მეტად
ართროზი სახსრების დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის ნელი რღვევა უკავშირდება. ფაქტობრივად, ართროზის დროს, სახსარში ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შედეგად, ძვლების სასახსრე ზედაპირები იცვლება, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილები დეგენერაციას განიცდის. რეალურად, ტერმინი ართროზი აერთიანებს სახსრების დეგენერაციულ-ანთებითი ხასიათის დაავადებებს, რომელთაც აღმოცენების სხვადასხვა მიზეზი აქვთ, თუმცა განვითარების მექანიზმით ერთმანეთს ემსგავსებიან. ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ართროზით დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი იტანჯება. ამ ტიპის დაზიანებანი ფართოდ არის გავრცელებული და გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ მესამე ადგილზეა. ართროზის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. დაავადება თანაბრად გვხვდება ქალებთან და მამაკაცებთან. გამონაკლისია მხოლოდ ფალანგთაშუა სახსრების ართროზი, რომელიც უფრო ხშირად ქალების პრობლემაა.
ართროზი სახსარში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება, რაც, თავის მხრივ, სახსარშიდა ხრტილებს ელასტიკურობას უკარგავს. პათოლოგიურ პროცესს შეიძლება, ხელი შეუწყოს ხრტილის შემადგენლობიდან პროტეოგლიკანების სრულად ან ნაწილობრივად დაკარგვამ. ეს, როგორც წესი, ხრტილში საკმაოდ ღრმა ნახეთქების განვითარების შედეგია. თუმცა პროტეოგლიკანების შემცირებას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს: მაგალითად, სახსრის უჯრედთა მიერ მათი სინთეზის შეფერხება. სახსრების ხრტილოვანი ნაწილების რღვევას სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონული დარღვევები, სახსრის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მემკვიდრული ფაქტორი, ხანდაზმული ასაკი, ტრავმა, ასევე ისეთი დაავადებები, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი. და მაინც, ყველაზე ხშირი და ფართოდ გავრცელებული მიზეზი ართროზისა სახსრებზე არანორმირებული დატვირთვაა, როდესაც ხრტილები ვეღარ უმკლავდება თავის ფუნქციას.
მის განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: გადატანილი ტრავმა (ეს შეიძლება იყოს მოტეხილობა, ამოვარდნილობა, ღრძობა, მყესების გაწყვეტა და სხვა სახის დაზიანება); ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; სხეულის ჭარბი წონა, რომელიც დამატებით დატვირთვას იწვევს სახსრებზე; ანთებითი პროცესი სახსრებში – მწვავე ჩირქოვანი ართრიტი; ხანდაზმული ასაკი; დაბალხარისხიანი და არარაციონალური კვება; გადაცივება; აუტოიმუნური ხასიათის დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა; ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია; სპეციფიკური ანთებები – სიფილისი, ტუბერკულოზი, გონორეა, ტკიპისმიერი ენცეფალიტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; სისხლის შედედების დარღვევები – ჰემოფილია; ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგების დარღვევა – პერტესის დაავადება.
ართროზი სხვებზე მეტად ემუქრებათ მეშახტეებს, მეტალურგებს, მეთევზეებს, ქვაზე მომუშავეებსა და, საზოგადოდ, იმ პირებს, რომელთა შრომაც დიდ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული.
ართროზის ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ტკივილი, რომელიც ძლიერდება სახსარზე დატვირთვისას და ნელდება სახსრის მოსვენებისას, სახსარში მოძრაობის შესუსტება-შეზღუდვა, ხრაშუნი (ჭრიალი), კუნთების დაძაბულობა-დაჭიმვის შეგრძნება სახსრის მიდამოში. ართროზით დაავადებული სახსარი პერიოდულად სივდება, დროთა განმავლობაში კი დეფორმირდება.