№40 რა უნდა ვიცოდეთ ინტოქსიკაციური ფსიქოზის შესახებ
მოწამვლა შესაძლებელია, საკმაოდ მძიმედ აისახოს არა მარტო ადამიანის ორგანიზმზე, არამედ მის ფსიქიკაზეც. სწორედ საწარმოო ან კვებითი შხამებით, ქიმიური ნივთიერებებით, ნარკოტიკებით, წამლებით მწვავე ან ქრონიკული მოწამვლების შედეგად წარმოიქმნება ინტოქსიკაციური ფსიქოზები. ინტოქსიკაციური ფსიქოზები შეიძლება იყოს მწვავე და პროტრაგირებული.
მწვავე ინტოქსიკაციური ფსიქოზები წარმოიქმნება მწვავე მოწამვლების დროს და ვლინდება გონების დაკარგვით, რომლის სტრუქტურა და სიღრმე დამოკიდებულია ტოქსიკური აგენტის ხასიათზე, ორგანიზმის კონსტიტუციურ და შეძენილ თავისებურებებზე. მოწამვლების დროს გონების დაკარგვის ყველაზე ხშირი ფორმებია გონების დაბინდვა, სოპორი, კომა. გაბრუებასა და სოპორს შესაძლებელია, თან ახლდეს ქაოსური მოძრაობები. ხშირად ინტოქსიკაციური ფსიქოზები ვლინდება გონების დელირიული დაბინდვითა და ჰალუცინაციური მოშლილობებით. მძიმე შემთხვევებში გონების დაკარგვა ამენციის სახეს იღებს.
ფსიქოორგანული დარღვევები შეიძლება შემოიფარგლოს ასთენიურ-ნევროზული მოვლენებით. შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ინტელექტუალური დაქვეითება, პიროვნების ფსიქოპათიური ცვლილება. და ბოლოს, ფსიქოორგანულმა დარღვევებმა შესაძლებელია, მიაღწიოს ჭკუასუსტობამდე, რაც გამოვლინდება მეხსიერების უხეში დარღვევებით, ამაღლებული განწყობითა და მოსულელო მოქმედებებით. აღნიშნულ დარღვევებს შეიძლება, თან ახლდეს ეპილეფსიური გულყრებიც, შერწყმული კონკრეტული ტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლისთვის დამახასიათებელ ნევროლოგიურ და სომატურ დარღვევებთან. მწვავე ინტოქსიკაციური ფსიქოზები წარმოიქმნება ორგანიზმში შხამის მოხვედრისთანავე ან ლატენტური პერიოდის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
მწვავე ფსიქოზის ჩაცხრომის შემდეგ, შესაძლებელია, დარჩეს სხვადასხვა სიმძიმისა და სტრუქტურის ფსიქოორგანული დარღვევები.
ქრონიკული მოწამვლების დროს ფსიქიკური დარღვევები მატულობს ნელა და უმთავრესად ფსიქოორგანული სინდრომით ვლინდება. შხამიან ნივთიერებებთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია, ფსიქიკური პროცესების როგორც რეგრედიენტული მიმდინარეობა, ასევე მისი შემდგომი ზრდა.
როგორც თავის ტვინის მწვავე, ასევე ქრონიკული ტოქსიკური დაზიანების დროს გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიტამინები, განსაკუთრებით B ჯგუფის, ასევე მეტაბოლური მოქმედების პრეპარატები. ფსიქოორგანული სინდრომების გახანგრძლივებული მიმდინარეობისას, საჭიროა ჩატარდეს დეჰიდრატაციული თერაპიის პერიოდული კურსები, ვიტამინოთერაპია, მკურნალობა ნოოტროპებით. ნევროზული და ფსიქიკური დარღვევების დროს რეკომენდებულია ტრანკვილიზატორები.