№40 რა შემთხვევაში გაჰყავს ღმერთს ადამიანი ამქვეყნიდან ნაადრევად და როდის აცილებს ქრისტიანს თავიდან მძიმე ცოდვასა და განსაცდელს
დღეს ადამიანებს განსაცდელების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ირგვლივ უამრავი პრობლემა და სანერვიულოა, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქრისტიანი, რომ სიმშვიდე, სიყვარული, უფალთან სწორი ურთიერთობა შეინარჩუნოს – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– დღეს ყველა ტელევიზია იმაზე მუშაობს, რომ ხალხი დააინტრიგოს. ტელევიზიით გამოდიან სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, რომლებიც მოვლენების ანალიზს აკეთებენ და არ ფიქრობენ იმაზე, როგორ დავეხმაროთ განსაცდელებში მყოფ ადამიანებს. განკითხვა, ხატზე გადაცემა ხომ არ არის გამოსავალი. ჩვენ მათ კითხვებზე უნდა გავცეთ პასუხები, შევახსენოთ: დილა რომ გათენდა, თქვი „მამაო ჩვენო“. ზოგი კი ამბობს, მაგრამ მის მნიშვნელობას არ უკვირდება. ხშირად უნდა ვევედროთ ღმერთს დაგვიცვას განსაცდელებისგან, ვთქვათ „იესოს ლოცვა“, „მამაო ჩვენო“, ოღონდ არა საღეჭი რეზინის ღეჭვით, სხვისი განკითხვით, სხვების შეფასებით, არამედ საკუთარ თავზე ბევრი ფიქრით – რა არის ჩემი ბრალი, რაში ვარ დამნაშავე.
– დღეს ბევრს აინტერესებს, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, რა გვეშველება და ზოგადად, თუ გვეშველება რამე.
– ასეთ კითხვებს ხშირად სვამენ. ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რატომ ვერ გამოვდივართ ამ სიტუაციიდან, რატომ ცხოვრობენ სხვა ერები ჩვენზე უკეთ, ვისი ბრალია – ეს კითხვები არ ასვენებს ხალხს. საეკლესიო სწავლების მიხედვით, არსებობს სამი საფეხური, რომლის დახმარებითაც უნდა გამოვიდეთ ჩიხიდან. ჩიხში კი ნამდვილად ვიმყოფებით. თითქმის ყველა სატელევიზიო შოუ იწყება სასულიერო პირების განკითხვით, ან განსჯით, ან მათი გამონათქვამების გამეორებით. ყველანი განსაცდელში ვართ. დაბადებიდანვე განსაცდელშია ადამიანი. ჩვენ ხომ განსაცდელში სიხარულით არ შევდივართ. ვამბობთ: რატომ, უფალო, მე რატომ და სხვა რატომ არა. განსაცდელი იწვევს მწუხარებას და მინდა, მამათა სწავლებიდან მოგიყვანოთ იმ მწუხარებიდან გამოსავალი სამი საფეხურის სახით.
– როგორ უნდა მოძებნოს ადამიანმა გამოსავალი?
– როდესაც განსაცდელში, მწუხარებაში ვვარდებით, მაშინვე ვიწყებთ წუწუნს: ღმერთო, სად ხარ, რატომ მიმატოვე, მე ხომ არაფერი დამიშავებია? ან მოყვასს ვაბრალებთ: ეს იმის ბრალია, ეს – ამის. როცა ქრისტიანი საკუთარ თავში იგრძნობს მწუხარებას, არც ღმერთი უნდა განიკითხოს და არც მოყვასი. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა დაიწყოს შემეცნება. აპოლონის ტაძარზე ეწერა: შეიცან თავი შენი. ეს არის ყველაზე დიდი სწავლება, რაც ქრისტემდე იყო. ადვილია სხვისი დადანაშაულება, სამაგიეროდ, საკუთარი თავის შეცნობაა ძნელი. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის დადანაშაულებით უნდა დავიწყოთ – რაშია ჩემი ბრალი. წინასწარ ვითხოვ შენდობას სასულიერო პირებისგან, მაგრამ მინდა, ერთი რამ ვთქვა: დღეს ტელევიზიით გამოვდივართ, ბევრს ვსაუბრობთ მარიხუანის თემაზე, რომ საშინელება ხდება და ასე შემდეგ. ჩვენ, თანამედროვე ერმა და ბერმა, ჩვენი ნებით მოვიყვანეთ არსებული კოალიცია ქვეყნის სათავეში. ბევრი მოძღვარი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ხალხს ლურჯი მაისურებით მოუძღოდა და ამბობდნენ: ამ ხალხს დაუჭირეთ მხარიო. ახლა, როდესაც არსებული ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ: ისინი ხომ ჩვენ მოვიყვანეთ სათავეში, უმრავლესობამ. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ საკითხი: აღარ შეგვეშალოს, მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ. სასულიერო პირები კარგად უნდა დავუკვირდეთ, რას ვაკეთებთ. საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. სასულიერო პირს არ ეკადრება სხვების ლანძღვა, განკითხვა. წმიდა სინოდი იღებს დადგენილებას: ამა და ამ ტელევიზიას ინტერვიუ არ მისცეთო, ჩვენ კი მივდივართ და ვაძლევთ ინტერვიუს. ვისი ბრალია, რაც ხდება? რა თქმა უნდა, ჩვენი. ჩვენ ბევრ რამეს ვაშავებთ და სხვებს ვაბრალებთ. თუ გვინდა, რომ განსაცდელსა და მწუხარებაში თავი კარგად ვიგრძნოთ, საკუთარი თავი უნდა დავადანაშულოთ. თუ ხელისუფლებას ერის უმრავლესობა ირჩევს, ნებისმიერი კანონის მიღებაში ერია დამნაშავე. არ შეიძლება, არჩევნების დროს პატრიარქი, სასულიერო პირები დაიყენო გვერდით, ან შენ დაუდგე და მერე უთხრა: კარგად იყავიო.
– რას მიხვდება ადამიანი საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ?
– როდესაც საკუთარ თავს შევიცნობთ, მივხვდებით, რომ ყველაფერი ჩვენი საზღაურია. არსებულ მდგომარეობაში სხვებმა კი არ მიგვიყვანეს, ჩვენ მივედით. ამაზე დიდი აღსარება არ არსებობს. მივიდეთ მოძღვრებთან და სულიერი ცხოვრება დავიწყოთ იმით, რომ ვაღიაროთ, არსებულ მდგომარეობაში ყოფნა ჩვენი ბრალია, არა მეგობრების, არა ღმერთის. ამის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრების დაწყება, სულიერი სიმშვიდე. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, უფრო მშვიდი, მიმტევებელი იქნება, არავის განიკითხავს. ადამიანს მადლიერების გრძნობა მუდმივად უნდა ჰქონდეს და ყოველდღიურად მადლობდეს უფალს. მაგრამ ჩვენ მადლობას მაშინ ვიხდით, როცა ახალ მანქანას ვიყიდით, დავქორწინდებით, სამსახურს შევიცვლით. ამ დროს გვახსენდება ღმერთი: მამაოსთან ავალ და პარაკლისს გადავახდევინებ, ისიც, თუ მამაო შემახსენებს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ღმერთს ბავშვი გაჰყავს ამქვეყნიდან ან რომელიმე ადამიანი ნაადრევად, ეს ღმერთის ნებაა. თუ ბავშვი იბადება, გვიხარია, რომ უფლის ნებით დაიბადა, მაშინ, როცა გაჰყავს ამქვეყნიდან, რატომ არ ვამბობთ, რომ ესეც უფლის ნებით მოხდა. ღმერთი ბოროტი არ არის, მან ის ბავშვი რაღაც დიდ განსაცდელს აარიდა. როდესაც ღმერთს დროზე ადრე გაჰყავს ადამიანი, ბუნებრივია, ეს დიდი მწუხარებაა, მაგრამ უფლის ნებაში ნუ ჩავერევით და კარგად დავფიქრდეთ: რატომ გაიყვანა ღმერთმა ესა თუ ის ადამიანი ამქვეყნიდან.