№40 რატომ აკრიტიკებს ლევან ღვინჯილია საქართველოს ჰიმნის ტექსტს, რა „შეუკვეთა“ მიხეილ სააკაშვილმა დავით მაღრაძეს და რატომ შეცვალა ედუარდ შევარდნაძემ ზვიად გამსახურდიას მიღებული ჰიმნი
14 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი –„თავისუფლება“ აქვს. მძიმე ხვედრი დაებედა ჰიმნს – წლებია, არ წყდება კრიტიკა, როგორც მუსიკის, ასევე ტექსტის მიმართ. ჯერ იყო და ჰიმნის მუსიკალურ ნაწილზე ვერ შეჯერდა მუსიკალური საზოგადოება, ჰიმნის მუსიკა ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერის, „დაისის“ მიხედვითაა შექმნილი, მუსიკის რედაქტირება კი კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს ეკუთვნის. მერე ისიც კი ითქვა, მუსიკა, რომელიც დღეს საქართველოს ჰიმნს წარმოადგენს გამოყენებულია 1944 წელს გადაღებულ ქართულ ფილმში, როცა იოსებ კეჭაყმაძე მცირეწლოვანი იყო და ვერაფრით ვერ შეძლებდა გენიოსი ქართველი კომპოზიტორის მუსიკის რედაქტირებასო. რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი გამოვიდა სახელმწიფო ჰიმნის შეცვლის იდეით... მოკლედ, ასეა თუ ისე, ვნებათაღელვა ჰიმნის ირგვლივ არ წყდება. ამ ისტორიას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ მაინცდამაინც დიდი მოწონებით ვერც ტექსტი სარგებლობს ფილოლოგებსა და ენათმეცნიერებს შორის, მთლად კარგად არ უნდა იყოს ჩვენი ჰიმნის საქმე. ტექსტის ავტორს ზოგმა პლაგიატობა დასწამა, ზოგმა „წილნაყარი“ დაუწუნა, ზოგმა თქვა, ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ვარსკვლავი კი არა მზე და მთვარე ამოდის, ვარსკვლავი კი ჩნდებაო, მოკლედ, ჰიმნის მუსიკისა თუ ტექსტის შეცვლა, დღის წესრიგში რომ ძალიან ხშირად დგება, ფაქტია. სახელმწიფო სიმბოლიკების – ჰიმნის, დროშის, გერბის – შეცვლას თავისი წესი აქვს და კონსტიტუცია და საპარალამენტო უმრავლესობა წყვეტს, რომელთაც ჯერ სხვა უფრო მძიმე საკითხები აქვთ გადასაწყვეტი, თუმცა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ჩვენი სახელმწიფო სიმბოლიკების შეცვლის პროცედურა, კონსტიტუციით 76 დეპუტატზე რომ არის დამოკიდებული, ასე აღარ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა გართულდესო და ბეჭედი დაუსვა, რამდენიმე ხელოვანის თუ მეცნიერის კრიტიკა ვერც გაზაფხულს მოიყვანს და ვერც ჰიმნს შეცვლისო. ჰიმნოგრაფები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ, ყველაზე თამამი ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილიაა, რომელიც ჰიმნის ტექსტის კრიტიკოსთა სიაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაღრაძის ტექსტში რელიგიური, მითოლოგიური და გრამატიკულ უზუსტობები აღმოაჩინა.
ლევან ღვინჯილია: ამ თემაზე წლების წინ საკმაოდ ბევრი ვისაუბრე. ყველაფერი ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი, ამის მეტი რა უნდა ვთქვა? მე იმას კი არ ვამბობდი, მაღრაძე როგორი პოეტია, ვსაუბრობდი მხოლოდ ამ ტექსტზე, მის შინაარსზე; რელიგიურ, მითოლოგიურ და გრამატიკულ უზუსტობებზე. ტექსტებში ლაფსუსები დიდ პოეტებსაც ემართებათ, აკაკი წერეთელს, ირაკლი აბაშიძეს, ვაჟა ფშაველას გაქცევიათ კალამი, ერთი რამის თქმა უნდოდათ და მეორე თქვეს. ეგ დაემართა მაღრაძესაც, მაგალითად, იქ რომ არის განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანაო, მაგას მარიამ ღვთისმშობელი ღმერთი ჰგონია? ამაზე იფიქრა ვინმემ საერთოდ? თუ იქ მამა ღმერთი იყო, ზარს აგორებდნენ და წილი ყარეს? როგორ იყო იქ მამა ღმერთი, ან ქრისტე სად იყო იქ, როცა წილი ყარეს? ამის ცოდნას არ აქვს მნიშვნელობა? „თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას“ – რა ლექსია ეს, გრამატიკულად რომ გავარჩიოთ, სრული აბდაუბდაა. თავისუფლება გამოდის სუბიექტი, თავისუფლება უმღერის მომავალს დიდებას, დიდება არის ის, რასაც უმღერიან, მომავალი არის ის, ვისაც უმღერიან, შემსრულებელი ვინ არის ამისი? თავისუფლება, მაგრამ ბოლოში, დიდება თავისუფლებას, თავისუფლება დიდებასო, რომ ამბობს, აქ თავისუფლება უკვე ხოტბის ადრესატია, ჯერ თვითონ არის მოქმედი პირი, მერე ხდება ხოტბის ადრესატი. მე მქონდა ჩემი მოსაზრებები ცისკრის ვარსკვლავთან დაკავშირებით, რომ გადაშალოთ ნებისმიერი ენციკლოპედია, ნახავთ, რომ ცისკრის ვარსკვლავი არის ლუციფერი, სინათლის მომტანი, ლუციფერი არის დაცემული სატანა. მე არ ვარ თავგადაკლული მორწმუნე, მაგრამ თუ გწამს რაღაც, მაშინ ლუციფერს არ უნდა უმღერო. როდესაც ის იყენებს აკაკი წერეთლის სიტყვებს, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, ხატი არის ქრისტიანული რელიგიის ატრიბუტიკა, ებრაელს ხატი არ აქვს, მუსლიმანს ხატი არ აქვს, მათ რომ ამღერებ, ჩემი ხატია სამშობლო, ეთიკური თვალსაზრისით სწორი არ არის, ამ მხრივაც შეუსაბამობაა.
– ტექსტის ავტორთან ამ თემაზე არ გქონიათ პრივატული საუბარი?
– მას შემდეგ, რაც მან უხამსი კომენტარი გააკეთა, ამ თემაზე მასთან აღარ მილაპარაკია. მე მაღრაძე კი არ გავაკრიტიკე, მე გავაკრიტიკე ტარიელ ჭანტურია, ის კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო. როცა თქვა, მე სხვა ტექსტები არ მინახავს, მაგრამ რომც მენახა, მაინც ამ ტექსტს მივცემდი ხმასო. ამაზე გავბრაზდი და მკვახე რეპლიკა მქონდა სატელევიზიო გამოსვლაში, კომისიის წევრი ვალდებული ხარ, ყველა მასალა ნახო და მერე განიხილო. ამას მოჰყვა მაღრაძის კომენტარიც. მან თქვა: ღვინჯილია ენის პალატის თავმჯდომარე იმიტომ კი არ იყო, რომ იმან ყველაზე კარგად იცის ენაო, ანუ მე კულტურის მინისტრი იმიტომ კი არ ვიყავი, რომ ყველაზე კულტურული მე ვარ საქართველოშიო. ამისთანა აბსურდზე გავბრაზდი და მოვთხარე მაღრაძე, ჩვენ შორიდან კი ვესალმებით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ მთლად ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს. ამ წლების განმავლობაში მას ხმა არ ამოუღია და არც თავი უმართლებია.
– რამდენად რეალურია დღეს ჰიმნის ტექსტის შეცვლა? როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა?
– რად გვინდა სხვა ქვეყნები, ჩვენ გვქონდა საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, რომლის ავტორიც იყო ოთარ თაქთაქიშვილი. მასში ნახსენები იყო სტალინი, როცა სტალინის კულტის ამბავი ამოტრიალდა, გრიგოლ აბაშიძემ გადააკეთა ის ლექსი და ახლიდან დაწერა. ტექსტი შეიცვალა. ბოლო წლებში, სანამ საბჭოთა ხელისუფლება იყო, საქართველოს ჰიმნში სტალინი უკვე აღარ იყო ნახსენები. ასეთი რამეები ხდება. რუსეთმა მთლიანად შეცვალა ტექსი, მაგრამ ჰიმნი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა, უცვლელი დატოვა. ზოგადად ჰიმნი არის მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება, ჰიმნი არ არის ტექსტი. ჩვენს სასკოლო სახელმძღვანელოებში ყველგან წერია, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, და დაბეჭდილია ტექსტი, ჰიმნი არ არის ტექსტი. ჩვენი ჰიმნის ავტორია ზაქარია ფალიაშვილი, მუსიკალური რედაქტირება ეკუთვნის კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს. შევარდანაძის მმართველობის დროს, როცა ელდარ შენგელაია იყო სახელმწიფო ჰიმნის კომისიის თავმჯდომარე, იმ კომისიაში მეც ვიყავი. როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა, მას ჰიმნის მუსიკა დამტკიცებული დახვდა, მან მხოლოდ ტექსტის კონკურსი გამოაცხადა. რეალურად კონკურსიც არ ყოფილა. ერთ-ერთ გამოსვლაში სააკაშვილმა თქვა: „ბავშვობაში ბებიაჩემს ოპერაში დავყავდი, „დაისს“ ვუყურებდი, კარგად მახსოვდა კიაზოს არია და მაღრაძეს ვუთხარი, სასურველია, ჰიმნის მეორე სტრიქონი სიტყვა თავისუფლებით დაიწყოს-მეთქი“. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა ცხვირი ჩაყო დახურული კომისიის საქმეში და მან წინასწარ გადაწყვიტა, ვინ იქნებოდა ავტორი. ამ გამოსვლის გამო მაღრაძის ტექსტი საერთოდ უნდა მოხსნილიყო კონკურსიდან, მაგრამ მაღრაძე ვახუშტი კოტეტიშვილისა და მზეოს მეჯვარე იყო. მიდიოდა საუბრები, მიშას ასე უნდაო, ამიტომაც სულ ჭუკჭუკით დამტკიცდა ეს ტექსტი, რაც ასე კი არ უნდა მომხდარიყო, ჰიმნის ტექსტზე ფართო განხილვები უნდა გამართულიყო. უფრო მეტიც, ტექსტის განხილვა მიდიოდა და კომისიაში არც ერთი ლინგვისტი არ ყოფილა.
– ყველა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს თავისი ჰიმნი უნდა ჰქონდეს? ჯერჯერობით გამონაკლისი მოქმედი ხელისუფლება აღმოჩნდა.
– გააჩნია სიტუაციას, რა ხდება ქვეყნაში – ამისი ახსნა გასაგებია. რა თქმა უნდა, არ არის წესი, ყველა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ ჰიმნი შეცვალოს, მაგრამ როდესაც ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში, საბჭოთა საქართველოს ჰიმნი გვქონდა და იძულებული იყო, ეს ჰიმნი შეეცვალა. რით უნდა შეეცვალა, ადგა და მენშევიკების დროინდელი ჰიმნი ფოცხვერაშვილის „დიდება“ აღადგინა. სხვა პრეზიდენტმა თქვა, ეს მენშევიკების დროშა და ჰიმნი საქართველოსთვის შესაბამისი არ არის და ახალი ჰიმნი უნდა შეიქმნასო. რამდენიმე წელი ზვიადისდროინდელი ჰიმნი იკვრებოდა. მერე, როგორც გითხარით, შეირჩა მუსიკა, მაგრამ ტექსტის დამტკიცება ვერ მოასწრო. მერე მოხდა, რაც მოხდა, სააკაშვილმა ტექსტი პირდაპირ მაღრაძეს დაუკვეთა.
– რა პოზიცია აქვს ამ თემაზე ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიას?
– ჰერალდიკის სახელმწიფო კომისია თითქოს არსებობს, მაგრამ მხოლოდ – ქაღალდზე, ასე ბევრი კომისია გვინახავს. ამდენი წელი ჩავაქციე სიცოცხლე ენის პალატას, ადგნენ და იქ ვიღაც დანიშნეს, პალატა აღარ ჰქვია, დეპარტამენტია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გაოცდებით, რომ გაიგოთ, რაზე მუშაობენ? სუმოს ტერმინოლოგიას ადგენენ. როგორც ჩანს, დღეს განსაკუთრებით საჩქაროა ეს საქმე. დღეს ჩვენ ქვეყნაში არავის არაფერი აინტერესებს იმის მიხედვით, რა უნდა იყოს. ვისაც რა უნდა, ის არის. ამიტომაც ვერ გაიგო ქვეყანამ იმ მცენარეს რა ჰქვია – ჰაშიშია ეს ანაშა, კანაფი, „პლანი“ თუ მარიხუანა. ერთსა და იმავე გამოსვლაში ამბობენ, რომ მარიხუანის ექსპორტისთვის აშენებენ კანაფის პლანტაციებსო, ბოლობოლო, შეთანხმდნენ. სამართლებრივ დოკუმენტში არჩეული უნდა იყოს ტერმინი. ჩვენ უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ სამართლებრივ დოკუმენტში ერთი ტერმინი უნდა გვქონდეს. როცა შენ კანაფი გაქვს უკვე, რამდენიმე საუკუნის წინ არის ნასესხები ლათინურიდან, ასეთ შემთხვევაში მარიხუანის სახით ჟარგონის შემოტანა რაღად გვინდოდა? ამაში ჩანს იმ ხალხის მატრაკვეცობა, ვისაც გამოთქმა მარიხუანა მოსწონს.