№40 სუნთქვის უფლება?!
ანუ შარო, ჩრდილოეთიდან მოდიხარო
რაკი ოკუპანტმა რფ-მ ეს ჩვენი ტერიტორია, რაც შეეძლო, უკვე მიიტაცა თავისი მოქალაქეების დაცვის მოტივით, საქართველოს სხვა კუთხეებში კი ჯერჯერობით ჯგუფ-ჯგუფად აღარ ცხოვრობენ რუსულპასპორტიანები (ჯერჯერობით, იმიტომ რომ რფ-ს გამზადებული აქვს მორიგი სამოქმედო გეგმა საქართველოს მოქალაქეების გადასაბირებლად, რაზეც, იმედი მაქვს, პასუხი გვექნება!), მანამდე შარის მოდებას სხვა მიმართულებიდან ცდილობს.
და თუკი აქამდე იმას მოთქვამდნენ კრემლში, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მათთვის საყვარელ ქართველ ხალხზე უვარგისი კაპიტალისტები, ანუ აშშ, ექსპერიმენტებს ატარებენო, აწ უკვე მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადეს, რომ თურმე, არ დაუშვებენ თავიანთ საზღვრებთან აშშ-ს მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას.
ეს ყიჟინა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა (ვინმე ვლადიმირ ერმაკოვმა) დასცა. ყიჟინის საფუძველი კი, მოგეხსენებათ, იგორ გიორგაძის განცხადებებია (რომელსაც ჩრდილოელები ბოსტნის საფრთხობელასავით აფრიალებენ ხოლმე პერიოდულად), თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო ბიოლოგები მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ.
ჰოდა, ერმაკოვის პირით ჩრდილოელმა ამერიკელებს შეუთვალა, „მათი სამხედროების მიერ ჩვენს საზღვრებთან ექსპერიმენტების ჩატარებას არ დავუშვებთ (ნეტავ, თავისუფალი სუნთქვის უფლებას როდემდე დაგვიტოვებენ თავიანთ საზღვრებთან?!).“
გამომდინარე იქიდან, რომ რუსები ის კაცები არ არიან, ამერიკელებს ესროლონ, ჰა და ჰა, ჩვენ თუ მოგვერევიან, პრევენციის მიზნით, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელები მუდმივად ვიყოლიოთ.