№39 რატომ ვერ ეკარებოდნენ ახლოს ბერა ივანიშვილის დანიშნულ გოგონას ბიჭები და რაში აპირებს ის დაქორწინების შემდეგ მამისთვის მიბაძვას
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და მისი რეპერი ვაჟის, ბერას პირადი ცხოვრება, ყოველთვის საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების ცენტრშია. ახლახან, გაირკვა, რომ მილიარდერი სამამამთილო ქორწილისთვის ემზადება და მისი შვილი, ულამაზეს გოგონაზე დაინიშნა. ქართველი რეპერის გვერდით სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოდელი გოგონების ფოტოები ვრცელდებოდა. მათ შორის იყვნენ უცხოელი მოდელებიც. რეპერმა არჩევანი ახლაც მოდელზე გააკეთა, ოღონდ ქართველ ლამაზმანზე და მას ცხოვრება დაუკავშირა. ამჯერად საქმე ნიშნობამდე მივიდა და სულ მალე ქორწილსაც გადაიხდიან. ბერას რჩეული მოდის ბლოგერი ქართველი გოგონა ნანუკა გუდავაძეა.
ეს ამბავი, გასულ კვირას, ბერა ივანიშვილმა თავად გაასაჯაროვა – სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „რაც ადრე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი – And she said yes“. ამ პოსტის ადრესატი მისი საყვარელი გოგონა – ნანუკა გუდავაძე აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, მათი სიყვარული ზაფხულში განვითარდა და სულ მალე, ნიშნობითაც დასრულდა. ამ ამბავს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჩვენ ვცადეთ გადამოწმება და ამბის გამოკითხვა, თუმცა წყვილი ამ ეტაპზე არაფერს ასაჯაროებს. სატელეფონო საუბრისას, ნანუკა ადასტურებს, რომ ის ბერა ივანიშვილის რჩეულია და მალე ქორწილსა და თანაცხოვრებას გეგმავენ.
– ნანუკა, გილოცავ ნიშნობას! სად გაიცანი ბერა და როგორ შეძლო მან შენი გულის მოგება?
– მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, გეტყვით, რომ ბედნიერები ვართ.
– მართალია, რომ მამაშენი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია?
– გთხოვთ, არ მინდა ამაზე საუბარი. ვხვდები, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი ამბით, მაგრამ არაფრის გასაჯაროება არ მინდა.
– ის მაინც მითხარი, ქორწილს როდის გეგმავთ?
– ალბათ მალე, მაგრამ არც მე და არც ბერას არ გვინდა ჩვენს მომავალ გეგმებზე საუბარი. მოლოცვისთვის კი, დიდი მადლობა.
როგორც საუბრიდან შევიტყვეთ, წყვილი საკუთარ ბედნიერებას არ ასაჯაროებს, თუმცა ფაქტია, ისინი დანიშნულები არიან და სულ მალე ქორწილსაც გეგმავენ. ამბობენ, ნანუკას მამა და ბერას მამა – ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხნის ახლო მეგობრები არიან და სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.
ბერასა და ნანუკას ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. თუმცა, ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნება და ბიძინა ივანიშვილი, მამამთილის ამპლუას მოირგებს.
მომღერლის დანიშნულ გოგონას, მილიარდერისა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ქართველი რეპერის ბერას საცოლეს, სამოდელო ბიზნესში კარგად იცნობენ, ის ადრე მოდელი გახლდათ, მერე კი, მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. მანამდე, 14 წლის ასაკში, ნანუკა გუდავაძე ქართველი დიზაინერის, ბიჭოლას სახეც იყო.
23 წლის საპატარძლომ კარგად იცის საკუთარი გარეგნობის ფასი და ძალიან უყვარს კამერების წინ პოზიორობა. ამას მის „ინსტაგრამ-გვერდზე“ გამოქვეყნებული ფოტოები მოწმობს. ყველა ეს ფოტო კი ბერას ნანახი და მოწონებული აქვს.
დადიოდა ხმები, რომ ნანუკა გუდავაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო და წყვილი, არც ისე დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა ამაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „გავიგე ბერასა და ნანუკას ამბავი, მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცი. ნანუკასთან დაშორების შემდეგ, არანაირი კონტაქტი, აღარ მაქვს. თუმცა, ერთი რამ დადასტურებულად შემიძლია ვთქვა – ბერა არ ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი“.
მეგობრები ბერას და ნანუკას სოციალურ ქსელში ულოცავენ გაბედნიერებას. ჩვენ ნანუკას ყოფილ თანაკურსელს დავუკავშირდით და მასზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
– სად სწავლობდა ნანუკა და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას თანაკურსელებთან?
თორნიკე (ნანუკას ჯგუფელი): ნანუკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობდა. ჩვენ კურსელები ვიყავით და არ
დამავიწყდება, პირველივე ნახვისას მივხვდი, რომ გამორჩეული, გაწონასწორებული და „დასტოინი“ გოგო იყო. ეს მის ხასიათშიც ჩანდა და გარეგნობაშიც. სულ „გადაზმანული“ და მოწესრიგებული დადიოდა. ჯგუფელებთან დიდად არ კონტაქტობდა. ლექციების მერე, „მაკდონალდსში“ ნაყინის საჭმელად რომ დავგეგმავდით წასვლას, ის არასდროს მოდიოდა. ხომ იცით, ბიჭები გოგონებში ყველაფერს ამჩნევენ და ნანუკაში იცით რა მომწონდა? ფრჩხილები სულ მოწესრიგებული ჰქონდა, ყოველდღე ახალი „მანიკური“ ესვა და ეტყობოდა, რომ სალონში იკეთებდა (იცინის).
– ამბობენ, ნანუკა საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილია. ამაზე რას მეტყვი?
– მამიკო და დედიკო რომ შეძლებული ჰყავს, ეს აშკარაა. თან, როგორც ვიცი, გარეგნულად – ძალიან ლამაზი, ისეთი, როგორიც თავადაა. როცა ვსწავლობდით, ბახტრიონის ქუჩაზე ცხოვრობდა, ახლა – არ ვიცი. მე მის სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ ამბობენ, დიდი, ბუხრიანი სახლი აქვს, აუზიანი „დაჩები“ და მისი მშობლები დიდი „ჯიპებით“ გადაადგილდებიანო. იმასაც ამბობდნენ, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ნანუკას მანქანა ემსახურებოდა, თუმცა, მე არ დამინახავს.
– მისი მშობლები რას წარმოადგენენ?
– ნანუკა არასდროს ყვებოდა ოჯახის ამბებს. ლექციების შესვენების დროს, ერთ თანაკურსელ ბიჭთან ჩამოდგებოდა და საუბრობდა. თავად კარგად სწავლობდა და ის ბიჭიც საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო. ერთად განიხილავდნენ ლექციების ამბებს. რაიონებიდან და სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა. ზოგადად, უნივერსიტეტში ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა, „გამარჯობასაც“ კი არ ეუბნებოდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არ ვამტყუნებ – ნანუკა ძალიან ლამაზი, გამორჩეული და დახვეწილი გოგოა და იცის თავისი ფასი. ამიტომ, ბიჭები, ვერც კი ეკარებოდნენ (იცინის).
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კონტაქტი აღარ გქონია?
– არა. როგორც გითხარით, კარგად სწავლობდა და მაგისტრატურაში ჩაბარებას აპირებდა, თუმცა რა ქნა, არ ვიცი. არც „ფეისბუქი“ ჰქონდა. თქვა, გამიტეხეს და იმის მერე აღარ შემიქმნიაო. თუმცა, „ინსტაგრამზე“, მის ფოტოებს ხშირად ვხედავ და მინდა, მთელი გულით მივულოცო საყვარელი ადამიანის პოვნა და მასზე ნიშნობა. ქორწილს დაველოდები და იმედია, იმ კურსელებს, ვისაც „გამარჯობას“ გვეუბნებოდა, დაგვპატიჟებს (იცინის).
ბერა ივანიშვილმა წლების წინ „თბილისელებთან“ ინტერვიუში, კითხვაზე – დაახლოებით როგორი უნდა იყოს ბერას მეუღლე, ასე უპასუხა:
– კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ნამდვილი ქართული ოჯახი შევქმნა. ქართველი გოგოს გარდა ჩემს მეუღლედ ვერავინ წარმომიდგენია, თუმცა ყველაფერი მაინც ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. არავინ იცის, ბედი რას გვიმზადებს. ჩემთვის მამაა სამაგალითო და ვისურვებდი, როგორც მან შეძლო ქართველობის, ტრადიციებისა და ოჯახური ჰარმონიის შექმნა, მეც ასეთივე სამაგალითო მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის.
ჟურნალი „თბილისელები“ უერთდება მილოცვებს, ბერასა და ნანუკას ბედნიერებასა და ულევს სიხარულს უსურვებს ერთობლივი ცხოვრების გზაზე.