№39 როგორ გახდა გიორგი გაბუნია უცნობი გოგოს საკუთრება და რატომ გადაიკიდა მან თხუთმეტკაციანი სექტა
„ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ „მაესტროდან“ „იმედზე“ გადავიდა. „ბახუტას შოუ“ კი, რომელიც აქამდე „იმედზე“ გადიოდა, დაიხურა და გიორგი ბახუტაშვილი გიორგი გაბუნიამ ჩაანაცვლა.
გიორგი გაბუნია: ალბათ, ვიღაცებს ჩემი შოუ უფრო მოსწონდათ, ვიდრე გიორგი ბახუტაშვილის, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ნიჭიერი ადამიანია. თუმცა, შეიძლება, მომდევნო სეზონზე ჩემი ადგილი ვინმე ლექსო თავართქილაძემ დაიკავოს.
– ანუ, არც ისე ამბიციური ბიჭი ხარ?
– ამბიციები მაქვს, მაგრამ ზომიერად. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რაც მოხდა. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ჩემთან ერთად კარგი გუნდი მუშაობს და რასაც ვაკეთებ, მეც კარგად ვაკეთებ. ჩვენი შოუს რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, თან, იმის გათვალისწინებით, რომ „მაესტრო“ ამ ეტაპზე ძალიან რეიტინგული არხი არ არის. მაყურებლისგან და თავად იუმორისტებისგან, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულები არიან ხოლმე, კარგი შეფასებები გვქონდა. ალბათ, „იმედის“ უფროსობასაც მოეწონა ეს გადაცემა და გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათ არხზე გავიდოდა. დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, რა იყო ამისთვის საჭირო. ტექნიკურ საკითხებზე მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩემი გადაცემისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ნებისმიერი გადაცემის რეიტინგი „იმედზე“გაცილებით მაღალია, ვიდრე „მაესტროზე“.
– „ბახუტას შოუ“ ჩაანაცვლე. ეს ცოტა უხერხულობის მომენტს გიქმნის?
– გიორგის ახლოს არ ვიცნობ. ვიცი, რომ კარგი ადამიანი და ნიჭიერი მსახიობია. ალბათ, მანაც იცის ჩემ შესახებ. ამ სფეროში, ზოგადად, ასე ხდება. რაღაც მომენტში, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცით აჯობოს. დარწმუნებული ვარ, ეს არც „გაუტყდა“ და არც ეწყინა. ჩვენ სფეროში ეს „მოსულა“. ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიხარულო არაა, მაგრამ მე, მაგალითად, მზად ვარ იმისთვის, რომ შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც ამ ამპლუაში მაყურებელი უკეთესად დაინახავს და მე სხვა ადგილას გადავინაცვლებ. არასასიამოვნოა, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ. მე რომ ვიღაცამ ჩამანაცვლოს, პირადად ამ ადამიანისგან, რა თქმა უნდა, არ მეწყინება. უბრალოდ, საკუთარ თავთან მექნება უსიამოვნება, ესე იგი, ბოლომდე კარგად ვერ გავაკეთე ჩემი საქმე ან, შეიძლება, მე მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ სხვაში კიდევ უფრო მეტი დაინახეს.
– საინტერესოა, შალვას ფაქტორიც. „პოსტვში“ მუშაობ, შალვა რამიშვილის გუნდის წევრი ხარ. გვახსოვს, როგორ წამოვიდა შალვა „იმედიდან“, შენი ამ არხზე გადასვლა უხერხული ხომ არ არის?
– მიუხედავად იმისა, რომ „პოსტვში“ ვმუშაობთ, ეს კონკრეტული გადაცემა დაევალა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ბოლომდე „პოსტვსთან“ არ ასოცირდება. ეს არის კერძო პროდუქტი, რომელიც რამდენიმე ადამიანმა შევქმნებით „მაესტროზე“, მაგრამ ამ არხის შემდეგ კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდა და ახლა ის „იმედის“ პროდუქტია. რაც შეეხება შალვას, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, შალვა რამიშვილისა და ზვიად ბლიაძის დამსახურებაა. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, შალვასთან ამაზე საუბარი არ მქონია და ზუსტად რას ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, უხერხული იყოს.
– „იმედზე“ მაყურებელს უკვე შედარებითობის პრინციპიც ჩაერთვება. შენს „ფეისბუქ-გვერდზე“ კომენტარებს ვკითხულობდი – „სულ რომ არაფერი იხუმრო, ბახუტაშვილს მაინც აჯობებ“, როგორია მეორე მხარის შეფასებები?
– კი, იყო ასეთი კომენტარებიც, შენ რომ არაფერი თქვა, ბახუტას მაინც აჯობებო და მოწინააღმდეგე ბანაკიდანაც წერდნენ, ეს ვინ არის ბახუტა დააბრუნეთო. წარმატებებსაც მისურვებენ და ბახუტაშვილის დაბრუნებასაც ითხოვენ, რაც ნორმალურია. იმედი მაქვს, ამ ამპლუაში მაყურებელს მე უფრო მოვეწონები, რადგან ეს ჩემს სამომავლო არჩევანს განაპირობებს.
– ერთი წელიც არ გასულა ჯერ, რაც შენი შოუ შეიქმნა. რა შეიცვალა შენ გარშემო?
– რაც არ მომწონს, შეიცვალა ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არ ვახსოვდი, ახლა უცებ გავახსენდი (იცინის). „მერწყული“ ვარ და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თუ ავხსნით, ალბათ, ყველაზე მაგარი პერიოდი მაქვს (იცინის). ფაქტია, რომ კარიერული ზრდის თვალსაზრისით, ძალიან კარგი წელია. ბევრი საფეხური გავიარე დიდი ნახტომებით. გავიზარდე, სხვათა შორის, პირდაპირი მნიშვნელობითაც – სიმაღლეში მოვიმატე (იცინის). პიროვნულადაც შევიცვალე – თავში აღარ მიქრის. იყო პერიოდი, როცა ყირაზე გადავდიოდი, თუნდაც გოგოსთან ურთიერთობაში – ვცდილობდი, რაღაცები დამემტკიცებინა. ახლა დავდინჯდი, მივხვდი, რომ რამის მისაღწევად ბევრი ტანჯვა-წამება და ყირაზე გადასვლა არ არის საჭირო. გარდა ამისა, მეტი ვალდებულებები გამიჩნდა, მეტი ვალდებულება კიდევ მეტ თავის ტკივილს აჩენს (იცინის).
– ამ თვეების განმავლობაში კრიტიკაც იქნებოდა.
– არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ყველა ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ მე არ ვვარგივარ, მაქვს პროვინციული იუმორი და ასე შემდეგ. ერთი და იგივე, ათი-თხუთმეტი კაცია, ყოველთვის „ანლაიქებს“ უკეთებენ ვიდეოებს და შემდეგ იწყებენ ლანძღვას. თხუთმეტკაციანი სექტა მყავს გადაკიდებული, რომელსაც „ანტიგიორგიგაბუნიებს“ ვეძახი და ეს ხალხი ჩემი სტიმულია (იცინის).
– ზოდიაქო ახსენე, გჯერა ასტროლოგიის?
– მჯერა, მაგრამ ფანატიკოსი არ ვარ. არის პერიოდი, როცა კარგი ამბები მიეწყობა ერთმანეთს და პერიოდი, როცა სულ ცუდი ხდება. ამის ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ცხოვრებაში. მაგალითად, მარტი ჩემთვის ყოველთვის უარყოფითი თვეა, მუდმივად ცუდი ამბები ხდება. დავაკვირდი, რომ რაც უფრო ყურადღებას ვამახვილებ ამაზე, მით უფრო ცუდი ხდება და თუ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, შედარებით მარტივად ჩაივლის ხოლმე, ასე რომ, თავდაცვის მექანიზმი გამოვიმუშავე (იცინის).
– გოგოების ამბავში რა შეიცვალა? წარმატება ამ თვალსაზრისითაც ზრდის ასპარეზს.
– ასეა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ბიჭი ხარ და გიხარია, ბევრ გოგოს რომ აქვს შენდამი ინტერესი. თუმცა ჯერჯერობით ისეთს არავის მოვწონებივარ, მეც რომ მომწონებოდა და პირადი ცხოვრების დაკავშირება მეფიქრა (იცინის).
– როგორ გამოხატავენ სიმპათიებს?
– ერთი გოგონა სისტემატურად აზიარებს ჩემს ვიდეოებს და წერს ხოლმე: ჩემი გაბუსუნა, ჩემი სიცოცხლის წვეთი და სინათლის ნაპერწკალი ამ სიბნელეშიო (იცინის). ვიღაც სხვა გოგო თუ დაწერს, რა კარგი ბიჭიაო, მაშინვე პასუხობს: ეს ჩემია და თავი დაანებეო. ვიღაცის საკუთრება ვარ ისე, რომ არ ვიცი. თუმცა კი მიწერს, რომ მხოლოდ მისი ვარ (იცინის).
– შენთვის რა არის ურთიერთობაში მთავარი?
– ალბათ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მომწონს, როცა გოგოს ისეთი ხედვები აქვს, როგორიც მე. შეიძლება, ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ ისე არ მიაჩნდეს სწორად, როგორც მე, დაახლოებით მაინც, თორემ ყველაფერში ვერ დავემთხვევით. ამ შემთხვვევაში, ვერ შევეწყობი. ძალიან მომწონს უბრალო გოგოები, მაგრამ ისეთები, თან თავისი ფასი რომ იციან.