№39 რის შემდეგ აღარ აქვს შეცდომის დაშვების უფლება ნია წივწივაძეს და ვისთან ჩხუბობდა ის ნივთების სროლით
„მის საქართველო“ ნია წივწივაძე „მის მსოფლიოზე“ წასასვლელად აქტიურად ემზადება. კონკურსი ნოემბერში კუნძულ სანიაზე გაიმართება, სადაც მშვენიერი „მისი“ დაახლოებით სამ კვირას დაჰყოფს.
ნია წივწივაძე: როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს, იმის მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდი – ჩემთვის განსხვავებულ და საინტერესო სამყაროში. ბავშვობიდან არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მერჩივნა, კულისებში ვყოფილიყავი და უცებ, რომ ყველა გირეკავს, გადაღებას გთხოვენ, გეპატიჟებიან, ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო. განსაკუთრებით სასიხარულოა მაშინ, როდესაც უცხო ადამიანები გწერენ, გილოცავენ, კარგ სიტყვებს გეუბნებიან, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი და რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი.
– ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც ახლდა?
– არა. ნამდვილად ღირდა, რომ გამერისკა და კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. არცერთი წამით არ ვნანობ არაფერს. პირიქით, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ბევრი რამ დამაკლდებოდა. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი, მათ შორის, სააგენტოს წევრები და გარდა ამისა, მივიღე დიდი გამოცდილება. მანამდე არანაირ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა და უცებ სცენაზე აღმოვჩნდი. ეს გამოცდილებაც კი ბევრ რამედ ღირდა. მაშინ ისე ვნერვიულობდი, ნიკაპი მიკანკალებდა. უკვე ვიცი, რომ აღარაფერზე ვინერვიულებ. ახლა, როცა კულისებში აღარ ვარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და უფრო მეტი ადამიანი მაკვირდება. შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, რადგან უფრო მეტი ადამიანი მაკრიტიკებს. უფრო მეტად რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო.
– მახსოვს, ამბობდი: საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარო და ახლა ამ კუთხით შეიცვალა რამე?
– ყველაზე მეტად, რაც საკუთარ თავში არ მომწონდა და ახლაც არ მომწონს, ეს არის სიზარმაცე, რომელიც შემომეპარება ხოლმე. ამას ვებრძვი, ვცდილობ, სადმე წავიდე, რაღაც ვაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „მის საქართველომ” გამომასწორა, რადგან სულ რაღაცის კეთება მიწევს.
– რა გიფუჭებს ყველაზე მეტად ხასიათს?
– როდესაც მშია, მაშინ ვარ ყველაზე ცუდ ხასიათზე. ჩემთან დალაპარაკება არ შეიძლება. თუ ვინმეს ვეჩხუბები, ესე იგი, მშია და რომ შევჭამ, მერე ვხვდები, რატომ ვიჩხუბე და ბოდიშს ვიხდი ხოლმე. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ როცა ვვარჯიშობ, ვცდილობ, ცხიმიანი არაფერი ვჭამო. გარეთ მიყვარს ჭამა, „ფასტ ფუდები“. რომ შევამჩნევ, წონა ცოტა გამექცა, ვცდილობ, ნორმალურ, ადამიანურ კვებაზე გადავიდე.
– რამდენად ხშირად განიცდი სინანულის გრძნობას?
– ბოლო დროს რაღაცებს უფრო მეტად განვიცდი, სენტიმენტალური გავხდი. ვერ გეტყვით, რომ რაც გავაკეთე, რამეს ვნანობ. შეიძლება, მქონდა ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც არ მინდოდა, მაგრამ ეს ერთგვარი ჭკუის სწავლება იყო. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ეს არის დრო, რომელიც არასწორად გამოვიყენე. უაზრობაში დავხარჯე და შემეძლო, მეტი გამეკეთებინა. არ ვარ ჯიუტი და შეცდომის აღსარებაც შემიძლია, შეცდომებზე ყოველთვის ვსწავლობ.
– ბექა შენზე უფროსია. ბავშვობაში ჩხუბობდით ხოლმე?
– გვქონდა პერიოდი, როცა სულ ვჩხუბობდით, ვხოცავდით ერთმანეთს. კივილი, წივილი, სროლა გვქონდა, მაგრამ მეორე წუთში არ გვახსოვდა. განსაკუთრებით ფეხბურთის გამო ვჩხუბობდით. ის „რეალისკენ“ არის, მე – „ბარსელონასკენ“. ბოლოს სახლში გადაწყვიტეს: ფეხბურთისთვის მე სხვა ოთახში უნდა მეყურებინა და მას – სხვა ოთახში. ოღონდ ბექა უმცირესობაში მოხვდა, რადგან ჩემი მშობლები ჩემს მხარეს იყვნენ.
– განებივრებულიც იყავი?
– კი. მშობლებისა და ჩემი ძმის მხრიდან ვიყავი განებრივრებული, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ერთადერთი, გიო იმაზე ეჭვიანობდა თუ ვინმეს მოვეწონებოდი, უნდა გაერკვია, ეს ვინ არისო. როცა სადმე ერთად ვიყავით და ვინმე ჩემთან მოვიდოდა, ისიც გვერდით დამიდგებოდა ხოლმე. ის ვიღაც რომ მიმხვდარიყო და წასულიყო. ახლა გიოსთან ერთად რომ გავდივარ ქუჩაში, მეუბნება: იმ ბიჭმა შემოგხედა, დღეს რა ლამაზი კაბა გაცვიაო. სხვათა შორის, სადმე რომ მივდივარ, ვეკითხები: ეს მიხდება თუ ეს.
– თაყვანისმცემელები თუ აქტიურობენ?
– კი, სოციალურ ქსელში მწერენ, მაგრამ მე არ ვცემ პასუხს. სოციალურ ქსელში არასდროს არავინ გამიცნია. თან, შეყვარებული მყავს. ხომ ამბობენ: კონკურსები იმიტომ უნდათ, რომ გათხოვდნენო, მე კი სულ მეხუმრებიან: მიხვედი და უკვე გყავდა შეყვარებულიო. ჯერ არც გავთხოვილვარ. ჩემზე მეტად გამოცდილია და რჩევებს მაძლევს. სპორტსმენია და 15 წლის ასაკიდან საკუთარ თავზეა დამოკიდებული, მე ისეთი არ ვარ, როგორიც ის. მეუბნება, რომ უფრო გახსნილი ვიყო, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული. ზოგჯერ, როცა ვამბობ: დღეს ვერ ვარ ფორმაში-მეთქი, ის მეჩხუბება: რა ვერ ხარ ფორმაში, მიდი, ილაპარაკეო. თავად არ უყვარს გამოჩენა, მაგრამ მე სულ მეუბნება, შენ უნდა გამოჩნდეო. არასდროს არაფერი დაუშლია. ზოგი შეყვარებული ხომ უკრძალავს მოკლე კაბების ჩაცმას, მე ასეთი რამ არ მახსოვს. სულ ერთად ვართ, მაგრამ ხომ არის შემთხვევა, რომ ცალ-ცალკე მივდივართ მეგობრებთან ერთად და ამაზეც არანაირი შეზღუდვა არ მაქვს.
– გაცნობიდან მალევე შეგაყვარა თავი?
– რომ გავიცანი, დაახლოებით 3-4 თვეში. ამ ხნის განმავლობაში მწერდა ხოლმე, ვკონტაქტობდით. ადამიანთან ვერ დავიწყებდი სიარულს, თუ არ გავიცნობდი. თავიდანვე მივხვდით, საერთო აზრები გვქონდა, ინტერესები, შემდეგ ეს გრძნობაც მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ძირითადად, ერთ აზრზე ვართ. მე მიყვარს ხმაურიან ადგილებში გართობა, მას შეუძლია დაჯდეს ისეთ ადგილას, სადაც არავინ არის. ყოველდღე 11 საათზე იძინებს, მე – გვიან. მე უფრო აქტიური ვარ, ის უფრო მშვიდი. თავიდან უფრო გვქონდა რამდენიმეწუთიანი გაბუტვები. ძირითადად იმაზე, რომ სახლთან მელოდება, 2 წუთი გამებუტება ხოლმე და მერე ავიწყდება.
– როგორია შენი დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობაზე?
– მიმაჩნია, რომ ქალი და კაცი თანასწორია, ასეთ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემსა და მამაჩემს შორის რაიმე თემაზე ჩხუბიც არ მახსოვს. მეც და ნიკუშასაც ერთი აზრი გვაქვს, რომ ქალსაც და კაცსაც თანაბარი უფლებები აქვთ. ღალატიც ორივე მხრიდან ღალატია. მე არ გავიგო, ან ჩუმად გაიპაროს, არც ამას მივიღებ. მე თუ არ გავაკეთებ, არც მან უნდა გააკეთოს. ღალატი არცერთს არ ეპატიება.
– ნიკუშა შენი პირველი სიყვარულია?
– ნიკუშამდე არავინ ყოფილა, მაგაში არ ვარ გამოცდილი. ნიკუშა ჩემი პირველი სიყვარულია, მანამდე არც ჩემთვის და არც მისთვის სერიოზული ურთიერთობა არ ყოფილა.