კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ დადგა პატარა თუთას გამო მთელი საქართველო ფეხზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ორი წლის თუთა ცქიტიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. ულამაზესი პატარა გოგონა, რომლის სიცოცხლისთვის ბრძოლამაც მთელი საქართველო გააერთიანა, უკვე რამდენიმე თვეა, გერმანიაში  მკურნალობს და მან ამ საშინელ დაავადებაზე გამარჯვება მოახერხა.
ანკა ბერიშვილი (თუთას დედა): ქიმიოთერაპიით მკურნალობა იანვარში, აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ, არცერთი წამი არ გვქონდა დასაკარგი. პირველი ბლოკი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ დამამთავრებელი ეტაპი ორგანიზმისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ბავშვს ჰქონდა სისხლდენა, პირღებინების და კუჭში გასვლის დროსაც სისხლს აყოლებდა. ეს პერიოდი ძალიან რთულად გადავიტანეთ. შემდეგი ბლოკი შედარებით მარტივი აღმოჩნდა, სისხლდენები აღარ აწუხებდა, მაგრამ სხვა პრობლემები შეიქმნა – ვერაფერს ჭამდა და ძირითადად, გადასხმებზე იყო, მაგრამ აქაც „გამოძვრა“. მესამე ბლოკი თუთასთვის კატასტროფა აღმოჩნდა, ყველაზე მძიმედ გადაიტანა. მკურნალობა ორი თვე გაგრძელდა. მთლიანად წოლით რეჟიმში, ძირითად შემთხევევებში ჟანგბადზე იყო მიერთებული. ბლოკებს შორის ორკვირიანი შესვენებები გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდშიც ტაბლეტურ ქიმიოთერაპიას იღებდა, ასე რომ, იმ ყველაფერს შესვენებაც არ ერქვა. ბოლო, მეოთხე ბლოკი შედარებით მსუბუქად გადაიტანა და რამდენიმე დღის წინ, უკანასკნელი ქიმიოთერაპია გადაუსხეს. ახლა წინ გვაქვს ორკვირიანი დაკვირვების პერიოდი. ამ დაკვირვების შემდეგ განსაზღვრავენ, კიდევ რამე იქნება საჭირო თუ არა. ამ კლინიკაში თითქმის ყველა პალატა მოვიარეთ და ისე დაემთხვა, რომ ბოლო გადასხმა სწორედ იმ პალატაში გაუკეთეს, საიდანაც მკურნალობა დავიწყეთ.
– რაც იმას ნიშნავს, რომ სასიხარულო ამბები გაქვთ თუთას გულშემატკივრებისთვის.
– ასეა. რემისიაზე მალევე გავედით, მაგრამ კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო, რათა განმეორების საშიშროება არ დადგეს. ამ დაავადებას არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, ამიტომ იყო აუცილებელი ოთხივე ბლოკის დასრულება. ამის შემდეგ თუთას ენიშნება ორწლიანი დაცვითი ქიმია, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებს ტაბლეტის სახით და ორ კვირაში ერთხელ ანალიზებით კონტროლი, პასუხებს კი აქ გამოვაგზავნით. მისთვის გაციება და პატარა ვირუსებიც კი საშიშია, რადგან იმუნიტეტი დაბალი ექნება და ამ მხრივ, სიფრთხილე გვმართებს. მაგრამ რაც მთავარია, ლეიკემიის მაჩვენებელი სისხლში აღარ არის. ბავშვს შეუძლია ჩვეული რიტმით გააგრძელოს ცხოვრება. მომდევნო ორი წლის მკურნალობა კი იმას ემსახურება, რომ განმეორების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.
– რაც მთავარია, თუთამ ლეიკემიის დამარცხება მოახერხა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. თავდაპირველად ექიმთან რის გამო მიხვედით?
– ყოველთვის ვარიდებდი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, რომ ბავშვი არ გაციებულიყო ან რამე ვირუსი არ შეხვედროდა. მაგრამ სახლშიც შეხვდა ვირუსი, რომელმაც სიცხეები დაუტოვა. თან ბუნებრივ კვებაზე იყო და ახალ საკვებსაც არ იღებდა. შევამჩნიე, რომ კეფის არეში მძივებივით პატარა ბურთულები ჰქონდა. პედიატრმა მითხრა, რომ ეს შეიძლებოდა ჩვეულებრივი ცხიმგროვა ყოფილიყო, რომელიც წესით, გაიწოვებოდა და დაკვირვების ქვეშ უნდა გვყოლოდა. პირველმა სისხლის ანალიზმა ვირუსული ცვლილებები გვიჩვენა. თავიდან თითქოს უმნიშვნელოდ, პედიატრმა მითხრა, რომ საგანგაშო არაფერი იყო. მერე უკვე ბავშვმა ყელის ქვემოთ ხელის მოკიდება დაიწყო ხშირად. ლაპარაკი არ იცოდა და რთული იყო მივეხვედრებინეთ, რა აწუხებდა, მაგრამ ხელის ხშირი მოკიდებით გვაგრძნობინებდა, რომ ტკივილები ჰქონდა. მდგომარეობის გადამოწმება სხვადასხვა კლინიკებში დავიწყეთ. სისხლის მაჩვენებელი ისეთი სისწრაფით ვარდებოდა და ისე სწრაფად იცვლებოდა ყველაფერი, რომ მივხვდით, მძიმე მდგომარეობა იყო. ფუნქციას ვერ ავცდებოდით და „იაშვილში“ გაგვიშვეს, სადაც გვითხრეს, რომ თუთას მწვავე ლიმფოპლასტომური ლეიკემია ჰქონდა და სასწრაფოდ ქიმიოთერაპიის დაწყება იყო საჭირო. ეს იყო ძალიან მძიმე და მოულოდნელი. ახალბედა მშობელი ვარ, 23 წლის. არ ვიცოდი, რა მექნა, ყველაფერი თავზე დამენგრა. ათასობით რჩევას ვისმენდი, ყველაფერს ვკითხულობდი, ღამეები არ მეძინა, დღე მოსვენებას ვერ ვნახულობდი. ბავშვიც შოკირებულ მდგომარეობაში იყო, ხან კათეტერს იგლეჯდა და სისხლს ასხავდა, ხან რას, საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდით. იმ პერიოდში „იაშვილში“ იმ განყოფილებაში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები იწვნენ, კარანტინი იყო გამოცხადებული და ჩვენ სხვა განყოფილებაში დაგვაწვინეს, რაც კიდევ უფრო ართულებდა ჩვენს მდგომარეობას.
– როცა ფინანსების მობილიზებაზე მიდგა საქმე, თუთას გარშემო მთელი საქართველო გაერთიანდა.
– არ ვიცოდი, რის გამო მეტირა, რაც დამემართა, თუ იმიტომ, რომ თუთასთვის მთელი საქართველო ფეხზე დადგა. მეგობრები ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ, ჩემმა მეგობარმა ამისთვის „ფეისბუქ-გვერდიც“ გააკეთა. თავიდან ეს გვერდი დახურული იყო, მაგრამ როცა გერმანიაში გადაყვანა გახდა საჭირო და ვეძებდით კლინიკას, რომელიც თანხის ნაწილ-ნაწილ მიღებაზე დაგვთანხმდებოდა, ყველაფერი საჯარო გახდა და მაშინ ნამდვილი სასწაული დაიწყო – დროის ძალიან მცირე მონაკვეთში თანხა იმატებდა და იმატებდა. იმდენი მოგროვდა, რომ პირველადი გადარიცხვა მომენტალურად განვახორციელეთ. დაუჯერებელია ეს ყველაფერი – ჩემი შვილის ფოტოებს ვხედავდი უამრავი ადამიანის სოციალურ ქსელში, ბარებში, ქუჩაში, ვგრძნობდი სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერას და როცა მეგონა, რომ ამქვეყნად ვეღარაფერი მომაბრუნებდა, ამ ადამიანებმა საოცარი ძალა მომცეს. ეს ნამდვილი სასწაული იყო, სხვას, მართლა, ვერაფერს დავარქმევ ამ ადამიანების სიკეთეს. მათ წინაშე სიტყვა „მადლობამ“ ფასი დაკარგა, არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა გადავიხადო. ახლაც სუნთქვა მეკვრება, როცა ამას ვიხსენებ. მერე ურთულესი იყო მკურნალობის პერიოდი, რადგან ბავშვი ვერ ამბობდა, რა სტკიოდა, ტკივილის ადგილს ვერ ვპოულობდით. არადა, ძალიან ბევრი რამე აწუხებდა. სხვა ბავშვებიც მკურნალობენ აქ, მაგრამ ეს პერიოდები ზოგიერთმა შედარებით იოლად გამოიარა. ექიმმა გვითხრა, რომ თუთას ყველა შესაძლო გართულება შეხვდა. რაც არ გვეგონა და  გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ყოჩაღად გადაიტანა. ბოლო ქიმიოთერაპიაზე ყველა მოდიოდა, გვეხუტებოდა და გვილოცავდა, იმდენად შოკისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი ემოციასაც ვერ გამოვხატავდი და დღემდე ვერ აღვიქვამ, რომ მორჩა და კიდევ ერთი გადასხმა აღარ იქნება.
– როგორი იყო თქვენი ოჯახური ცხოვრება ამ ყველაფრამდე?
– სამხატვრო აკადემია მქონდა ახალი დამთავრებული და სამსახურს ვეძებდი. მომავალ მეუღლეს კვების ობიექტი ჰქონდა, რომელიც საველე პირობებში გადამღებ ჯგუფებს ემსახურებოდა. ერთად ვმუშაობდით ახალ იდეებზე და სულ რაღაცის ძიებაში ვიყავით. თუთას ამბავი აბსოლუტურად მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა და სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მქონია იმედი, რომ დაფეხმძიმებას მოვახერხებდი. ეს ორივესთვის საოცრად დიდი სიხარული იყო. ძალიან ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრება გვქონდა და უცებ ასეთ ნაჭუჭში გამოკეტვა უმძიმესი აღმოჩნდა. რომ ჩამოვალ, დიდი იმედი მაქვს, მეც შევძლებ, რაღაცით დავეხმარო თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც „იაშვილის“ კლინიკაში მკურნალობენ.
скачать dle 11.3