კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ოთარ იოსელიანი: ვაშინგტონის შტატში აღმოვაჩინე ტიფლისი, რომელიც კავკასიელებს დაუფუძნებიათ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ოთარ იოსელიანი ბოლო ოთხი წელია, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია და აგრომეტეოროლოგიის დარგში ინოვაციებზე მუშაობს. საინტერესო პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, უყვარს მოგზაურობა და ექსტრემალური თავგადასავლები, რომლებსაც მისგან მოისმენთ.
ოთარ იოსელიანი: საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობდი. პირველი სამსახური მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი იყო. შემდეგ გადავედი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში. 2008 წლის ომის დროს „წითელ ჯვარში“ ვმუშაობდი. მოგვიანებით უფრო მეტად დავინტერესდი აგროსფეროთი და საფრანგეთში გავემგზავრე – ანჟერის უნივერსიტეტში ვიკვლევდი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ღვინის ტურიზმში. შემდეგ იყო იტალია, პიზის უნივერსიტეტი, სადაც ქართული ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად მიმიწვიეს. რამდენიმე წელი ვმუშაობდი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2015 წელს კი ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმიწვიეს და დღემდე აქ ვმუშაობ აგრომეტეოროლოგიის დარგში. ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ამინდის ქსელი ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესია. აქ, სხვა მეცნიერებთან ერთად, ინოვაციების, ამინდის მონაცემების დამუშავებასა და მცენარეთა დაავადებების პრევენციის მოდელების შექმნაზე ვმუშაობ, აგრეთვე, ამინდის მონაცემების შეგროვებაზე, რომელიც გამოიყენება როგორც მცენარეების დაავადებების აღმოჩენის, ასევე, მოსავლის მოდელირებისთვის. ვმუშაობ სხვადასხვა მობილური აპლიკაციის შექმნაზეც. სწორედ მათი საშუალებით მიეწოდება მომხმარებელს მონაცემები ამინდის შესახებ. მაგალითისთვის, ვაშინგტონის შტატში ამერიკაში ყველაზე დიდი ოდენობით ვაშლი მოჰყავთ, ჩვენი მოდელები კი მისი ნაყოფის ნორმალურ ზრდას უზრუნველყოფენ. თუ ტემპერატურა ეცემა, ჩვენი მეშვეობით ფერმერი ამის შესახებ წინასწარ იგებს და შესაბამის ზომებს იღებს. ამერიკის ჩრდილო-დასავლეთი შტატები სვიის მოსავლითაა განთქმული. მისგან კი ლუდს ამზადებენ. თუ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ქარის მიმართულება გარკვეულ ზღვარს აღწევს, შესაძლოა, სვია დაავადდეს. ფერმერებს ჩვენი მონაცემებით ვეხმარებით, რომ დროულად დაადგინონ მოსალოდნელი საფრთხეები და ნაკლებად დაზარალდნენ. ვცადე, საქართველოსთვის გამეზიარებინა ეს სიახლეები, მაგრამ მათი მხრიდან ამას დიდი დაინტერესება არ მოჰყოლია.
– როგორც ვიცი, ამერიკაში ჩასვლისთანავე ქართული კვალის მოძიება დაიწყეთ.
– როდესაც ვაშინგტონის შტატში ჩამოვედი, დავიწყე ძებნა და ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ ამავე შტატში არსებობდა ტიფლისი. დავიწყე მოკვლევა. ამერიკული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს დასახლება კავკასიელებს დაუფუძნებიათ. აღმოვაჩინე დასახლება ბათუმიც. გამგზავრება გადავწყვიტე და ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ტიფლისში ჩავედი. ეს დასახლება დღესაც არსებობს და ძირითადად, ფერმერთა რამდენიმე სახლი დგას. ქართველების კვალს ვერ მივაგენი, მხოლოდ მექსიკური წარმოშობის ფერმერებს შევხვდი. შემდეგ გეზი ბათუმისკენ ავიღე. ის ტიფლისზე ნაკლებად დასახლებული გამოდგა. ქართველთა მიერ დაფუძნებული ეს დასახლებები ვერ განვითარდა, თუმცა რუკაზე მათი პოვნა დღესაც შესაძლებელია. ვაშინგტონის შტატში ტიფლისისა და ბათუმის შექმნის ვერსია ქართველი ისტორიკოსების ვერსიასაც ემთხვევა. ისინი ამერიკაში ქართველების პირველ ემიგრაციას – 1820 წელს უკავშირებენ, მაგრამ რაჭველი მიწის მუშები მასობრივად 1910-13 წლებში ჩავიდნენ. ბევრი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში, ზოგი დაიღუპა, ზოგი ქალაქ სიეტლსა და მის მიდამოებში დასახლდა. ტიფლისისა და ბათუმის დასახლებებსა და ქალაქ სიეტლს შორის 330 კილომეტრია. ტიფლისი ხშირად ფიგურირებს სარკინიგზო კომპანიის საბუთებში. შემორჩენილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკიც.
– თქვენი სოციალური ქსელით მივხვდი, რომ მოგზაურობა გიყვართ და განსაკუთრებით საინტერესო თავგადასავლები ალასკასთან გაკავშირებთ.
– ალასკაზე გამგზავრება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩრდილოეთის ციალი მენახა. პირველი ცდა უშედეგო გამოდგა, რადგან ალასკის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი. მეორე ვიზიტისთვის უკვე საფუძვლიანად მოვემზადე და შარშან, მარტის ბოლოს ჩავედი ფეირბენკსში, რომელიც ჩრდილოეთის ციალის საუკეთესო ადგილად ითვლება. ამჯერად ვიხილე კიდეც ეს მოვლენა. ალასკა ველური მხარეა და ბევრი მტაცებელიც ბინადრობს. რომ ჩავედი, ავტომობილი ვიქირავე და სასტუმროს ნაცვლად, პირდაპირ ტუნდრაში წავედი ჩრდილოეთის ციალის სანახავად. მანქანა რომ გავაჩერე, ჩემ გვერდით მგლები დარბოდნენ. თუმცა მგლებზე საშიში იქ უფრო ადამიანები არიან, ყველას იარაღი აქვს და ხშირია მკვლელობები. იქ თავისუფლად შეიძლება, დღისით ქუჩაში დათვი შეგხვდეთ.
– სახიფათო მომენტი არ შეგქმნიათ? თან, პირველად იყავით.
– ჩენას თერმული წყაროებიდან მოვდიოდი და ქვემოთ რომ ჩამოვედით საკმაოდ საინტერესო მოვლენის შემსწრე გავხდი – ესაა გამყინავი წვიმა. ჰაერის ტემპერატურა ატმოსფეროს ზედა ფენებში უფრო მაღალია, ვიდრე ქვემოთ. თუ დედამიწასთან ტემპერატურა მინუს 10-15 გრადუსია და თან წვიმს, წვიმის წვეთები ყინავს ყველაფერს, რასაც ხვდება. გზა, რომლითაც მე ვმოძრაობდი, მთლიანად დაიფარა და ძალიან სახიფათო მგზავრობა გამომივიდა. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
– ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში სად აღმოჩენილხართ?
– ყველაზე ექსტრემალური იყო ჰავაის კუნძულებზე ზვიგენებთან აკვალანგით ყვინთვა. იქ რომ ჩავედი, ადრენალინის წყაროს ძებნა დავიწყე და გადავწყვიტე, აკვალანგით ჩამეყვინთა. ჩემთვის ეს არ იყო პირველი წყალქვეშა გამოცდილება. საქართველოშიც, შავ ზღვაზე საკმაოდ ხშირად ვვარჯიშობდი წყალქვეშა ცურვაში. აქ კი ვნახე ძალიან დიდი ოკეანის კუ და რამდენიმე ზვიგენი. ზოგი ზვიგენი ცურავდა, ზოგი რიფებთან იყო გაჩერებული. რამდენიმესთან მიახლოებაც ვცადე. ერთ მომენტში დინებამაც წამიღო ზვიგენისკენ, თუმცა მოვახერხე შეჩერება და ახლოს არ გავეკარე. მეორე სახიფათო მომენტი 2016 წელს შემემთხვა. მეგობართან ერთად ვულკან რეინირზე ასვლა გადავწყვიტე. ალპინისტების საბაზო ბანაკზე ავდიოდით, რომელიც ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს. გარკვეული მიზეზების გამო მეგობარმა წამოსვლა ვეღარ მოახერხა და მარტოს მომიწია გზის გაგრძელება. გზაში შტორმში მოვხვდი, თან საკმაოდ ძლიერი იყო, თოვდა და თან ყველაფერთან ერთად, რეინირი აქტიური ვულკანია, რომელზეც თოვლი არასდროს დნება. როცა საბაზო ბანაკში ავედი, ცოტა გამოიდარა, მაგრამ დაბრუნებისას ისევ შტორმში მოვყევი. ძალიან ცუდი ხილვადობა იყო და როგორღაც, კომპასისა და ჯიპიეს მოწყობილობით მოვახერხე უკან დაბრუნება.
– ყველაფერთან ერთად, როგორც ვიცი, აღმოსავლური ორთაბრძოლების მოყვარულიც ხართ.
– ექვსი წლის ვიყავი, ქალაქ სოხუმში აღმოსავლურ ორთაბრძოლებში დავიწყე ვარჯიში. მაგრამ შემდეგ, აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო, თავის დანებება მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს, საქართველოში ამის დრო არ მქონდა. მოგვიანებით საფრანგეთში ვვარჯიშობდი. ამერიკაში წამოსვლის შემდეგ კი, ჯერ ჩემით ვემზადებოდი, შემდეგ სპორტულ კლუბში გავაგრძელე ვარჯიში და ახლა უკვე შეჯიბრებებშიც ვიღებ მონაწილეობას.
скачать dle 11.3