№39 როგორ დახოცა ქართველმა რეციდივისტმა თავისი ორი თანამზრახველი ტაიგაში, რომლებიც შეჭმას უპირებდნენ
„ძროხა“
ზურა ხიდაშელი ნაცნობმა კაკუნმა გამოაღვიძა. ასე მხოლოდ მისი უახლოესი მეგობარი, კოტე ხავთასი, მეტსახელად „კატა“ აკაკუნებდა. ზურა და კოტე ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ კოტიკო კრიმინალის გზას დაადგა და ცნობილი მძარცველი გახდა, მეგობრობა არასდროს შეუწყვეტიათ. ზურა მათემატიკოსი იყო და სხვადასხვა მშენებლობისთვის მათემატიკურ გამოთვლებს აწარმოებდა. ორივე 38-38 წლის იყვნენ. ცოლ-შვილი არცერთს არ ჰყავდა. თუკი „კატას“ დაოჯახებაში ციხე-ციხე ჯდომამ შეუშალა ხელი, ზურა ხიდაშელმა, უბრალოდ, „ვერ მოიცალა“. ამის მიზეზი კი მექალთანეობა იყო – უამრავი საყვარელი ჰყავდა. მათთან მხოლოდ დროს ატარებდა და დაოჯახება არ სურდა.
„ვინ უნდა იყოს. კოტიკო ცოცხალი აღარაა. ჩვენს მეტმა კი არავინ იცოდა ეს პაროლი“, – გაიფიქრა ზურამ. საათს შეხედა – ღამის სამ საათს უჩვენებდა. კართან მივიდა, გააღო და გაშეშდა – ზღურბლზე კოტიკო იდგა და იღიმებოდა. „კატა“ სწრაფად შევიდა ბინაში და ზურამ კარი მიხურა. შემდეგ ძმაკაცები ერთმანეთს გადაეხვივნენ და მისალმებას რომ მორჩნენ, მასპინძელმა სტუმარს უთხრა:
– ორი კვირის წინ ხმა გავარდა – კოტიკო ტაიგიდან გაქცევის დროს დაიღუპაო და უკვე გამოტირებული მყავდი. შენ კი ცოცხალი ხარ. მადლობა ღმერთს, „პაბეგი“ აიკიდე, ხომ?
– ორი ლუკმა მაჭამე. ცოტა სულს მოვითქვამ და ყველაფერს მოგიყვები, – ღიმილით მიუგო „კატამ“ მასპინძელს და რბილ სავარძელში მოკალათდა.
სმა-ჭამა რომ დაასრულა, სიგარეტიც დააყოლა, შემდეგ სავარძელში მოკალათდა და ზურა ხიდაშელს უთხრა: მოკლედ მოგიყვები ყველაფერს. ზონაში დაკონსერვებული „პადკოპი“ (გვირაბი) იყო და მე ეს ერთი ახლობლისგან შევიტყვე, რომელიც უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ჭლექისგან მოკვდა. ამ „პადკოპის“ შესახებ კიდევ ორმა, „ხრამოიმ“ და „გრეკმა“ იცოდნენ, რომლებიც უნდა გაქცეულიყვნენ, მაგრამ „ძროხას“ ეძებდნენ, რათა თან წაეყვანათ და გზაში შეეჭამათ – მშიერი თოვლიან ტაიგას ვერ გაივლი და თუ ნადირმა არ შეგჭამა, შიმშილი შეგჭამს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ხრამოისა“ და „გრეკს“ „პადკოპის“ ამბავი ვუთხარი. ვთხოვე, მეც წამიყვანეთ-მეთქი. „იასნი“ იყო, რომ „საძროხედ“ ჩამთვლიდნენ და წამიყვანდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორივეს დავასწარი და „დავბრიდე“. შემდეგ „გრეკს“ ჩემი „ბირკიანი“ (ნომრიანი) ზონის „შმოტკები“ გადავაცვი. მე მისი ჩავიცვი. ორივე ტაიგაში დავტოვე. შემდეგ ორმოცდაათი კილომეტრი დათოვლილ ტაიგაში გავიარე და ახლა აქ ვარ. „დაბრედილები“, ალბათ, მგლებმა შეჭამეს. მდევარმა ჩემი „შმოტკები“ ნახეს და სავარაუდოდ, ამგვარად დაადგინეს და მკვდრად გამომაცხადეს.
– კოტიკო, რაღაც უნდა გკითხო და არ გეწყინოს.
„კატას“ გაეცინა და ძმაკაცს უთხრა:
– გაინტერესებს, კაცის ხორცი შევჭამე თუ არა, ხომ?
– ჰო, – დაუდასტურა ზურამ.
– არა, მაგას როგორ ვიზამდი. შაქრის ნატეხები მქონდა მომარაგებული და ორი დღე ვჭამდი. ასე რომ, სუფთა ვარ, – მიუგო მასპინძელს ყოფილმა „ძროხამ“.
გაქცევა
38 წლის რეციდივისტი ოთხჯერ ნასამართლევი კოტე ხავთასი, მეტსახელად „კატა“, რომელსაც საერთო ჯამში, ციხეში 12 წელი ჰქონდა გატარებული, ცოცხლებში აღარ ეწერა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი პირადი საქმე არქივს გადასცა. ამასობაში გამოცდილი კრიმინალი მსხვილ ძარცვას ამზადებდა, რომელიც კარგა ხნის წინ ჩაიფიქრა და მის განხორციელებას ბოლო პატიმრობამ შეუშალა ხელი. „კატა“ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომლების ხელფასებისა და სტუდენტების სტიპენდიების დასარიგებელი ფულის წაღებას აპირებდა. ხავთასის გათვლით, ინკასაციას ბანკიდან პოლიტექნიკურში 300-350 ათასი მანეთი მიჰქონდა. თანხა ორ ტომარაში იყო განაწილებული. მოლარე ქალს სამი მამაკაცი ახლდა თან. ერთი ფურგონიანი „მოსკვიჩის“ მძღოლი იყო, ორი – პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბუღალტერიის თანამშრომელი. ცეცხლსასროლი იარაღი, „ნაგანის“ რევოლვერი, მხოლოდ მძღოლს ჰქონდა. დანარჩენები კი უიარაღოები იყვნენ. ეს ინფორმაცია „კატას“ პოლიტექნიკურის ყოფილმა თანამშრომელმა 3 წლის წინ მიაწოდა, ციხეში ჩაჯდომამდე. ის კაცი კი უკვე ცოცხალი აღარ იყო, რადგან ავტოავარიაში დაიღუპა და ხავთასს გადამოწმების საშუალება არ ჰქონდა. ფული ხელფასების დღეს, დილის 11-12 საათებში მოჰქონდათ. ფურგონი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ ჩერდებოდა. ჯერ რევოლვერმომარჯვებული მძღოლი გადმოდიოდა მანქანიდან, რომელიც უკან დგებოდა. შემდეგ ორ მამაკაცს ფულიანი ტომრები გადმოჰქონდათ და წინ მიდიოდნენ. ყველაზე ბოლოს მანქანიდან მოლარე ქალი გადმოდიოდა და მძღოლს გვერდით მიჰყვებოდა. ოთხკაციან ფულის კოლონას კიბეზე, დაახლოებით, ორმოცი საფეხური უნდა აევლო, „მოსკვიჩიდან“ შენობის შესასვლელამდე კი დაახლოებით 50 მეტრი იყო. „კატა“ ფულის წართმევას ამ მონაკვეთში აპირებდა და, რაც მთავარია, საქმის გაკეთებას მარტო გეგმავდა. ამის შესახებ არაფერი იცოდა ზურა ხიდაშელმა, ვისთანაც კოტიკო ხავთასი უსაფრთხოდ ცხოვრობდა. თავისი ჩანაფიქრი კი ძმაკაცს იმიტომ დაუმალა, რომ „კატამ“ იცოდა, ზურიკო მკაცრად დაუშლიდა ამის გაკეთებას და უკიდურეს შემთხვევაში, საქმეზე გაჰყვებოდა. კოტეს კი არც ძმაკაცის შარში გახვევა სურდა და არც ასეთი სარფიანი საქმის ხელიდან გაშვება. ამიტომ ძარცვის წინა დღეს „კატამ“ „01 ჟიგული“ მოიპარა და სპორტის სასახლესთან დამალა. მეორე დღეს კი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ქამარში გაირჭო და როგორც კი მასპინძელი სახლიდან გაიგულა, „საქმეზე“ წავიდა. 1968 წლის 5 მარტს, სამშაბათს, დილის 10 საათზე კოტიკომ „ჟიგული“ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კორპუსთან დააყენა, 50 მეტრის მოშორებით მომავალი ძარცვის ადგილიდან, თავად კი ადმინისტრაციულ კორპუსში შევიდა და ინკასატორების გამოჩენას პირველი სართულის ფოიეში ელოდებოდა. დილის 11 საათსა და 10 წუთზე ფულით სავსე ფურგონი შენობასთან გაჩერდა და მანქანიდან ოთხეული გადმოვიდა. შენობიდან კი მათ შესახვედრად „კატა“ დაიძრა. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ქუჩაში, კიბეების გამყოფ ბაქანზე შეხვდნენ. „კატამ“ მძღოლს მიუშვირა პისტოლეტი და ძირს დაწოლა უბრძანა, რაც უმალ შესრულდა. კოტიკომ თვალის დახამხამებაში დააწვინა ძირს ტომრებიანი მამაკაცებიც, მათ ფულით სავსე ტომრები აართვა და კიბეებზე დაეშვა, რომ „ჟიგულით“ გაქცეულიყო, ფეხზე მდგომი მოლარე ქალისთვის კი ყურადღება არ მიუქცევია. ამასობაში ქალმა ჩანთიდან „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ამოაცურა და გაქცეულ „კატას“ 15 მეტრის მანძილიდან ტყვია მარცხენა მხარში მოარტყა. მიუხედავად ამისა, კოტე ხავთასმა მაინც მოახერხა მანქანით გაქცევა და ფულის გატაცება. იმავე საღამოს ზურა ხიდაშელმა „კატა“ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა და ექიმებს განუცხადა – ერთი საათის წინ ჩემთან სახლში დაჭრილი მოვიდა და დახმარება მთხოვაო. მილიციამ ხიდაშელის სახლი გაჩხრიკა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. ზურაბზე ფიზიკური ზეწოლაც კი მოახდინეს, მაგრამ ბოლოს სახლში გაუშვეს, რადგან დაიჯერეს, რომ მან არაფერი იცოდა. საქმე ის იყო, რომ ძარცვის შედეგად 415 ათასი მანეთი დაიკარგა და მილიცია ფულს ვერ პოულობდა. გატაცებული „ჟიგული“ კი მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს, თუმცა ფული იქაც არ აღმოჩნდა. როდესაც დაჭრილის იდენტიფიკაცია მოხდა, გამომძიებლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. ხავთასმა ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ექიმებმა ის სიკვდილს გადაარჩინეს. „კატა“ ამბობდა, მტკვარში გადავვარდი მანქანით და ფული მდინარემ წაიღოო. დაჭრილი ცალკე პალატაში იწვა და მას სამი შეიარაღებული მილიციელი იცავდა, თუმცა, მაინც მოახერხა და 16 მარტს მიხაილოვის საავადმყოფოდან გაიქცა. მას კი ამაში ზურაბ ხიდაშელი დაეხმარა ერთ-ერთი თავისი საყვარლის მეშვეობით, რომელიც იქ მედდად მუშაობდა. გოგონამ მორიგე მილიციელები ბანგიანი ყავით მიაძინა და „კატამაც“ დრო იხელთა. 1968 წლის ბოლოს მეგობრებმა ნაძარცვი ფულით შეძენილი უამრავი ძვირფასეულობა ფინეთში მშვიდობიანად გადაიტანეს. შემდეგ კი შეერთებულ შტატებში ჩასვლაც მოახერხეს.