№39 დაანონსებული შურისძიება
დასახლება „ნიკოლინა გორა“ მოსკოვის მახლობლად, ოდენცოვოს რაიონში, რუბლიოვო-უსპენსკოეს გზატკეცილის 22-ე კილომეტრზე მდებარეობს. ესაა ძველი სააგარაკე ადგილი, სადაც წარსულში მსოფლიოში ცნობილ საბჭოელებს ჰქონდათ სახლები. ოცდამეერთე საუკუნეში კი რუსეთის ყველაზე ძვირად ღირებული, ფეშენებელური სააგარაკე ადგილია. დღესდღეობით იქ მსოფლიოში ცნობილი რუსი მოღვაწეები და ეგრეთ წოდებული, „ახალი რუსები“ სახლობენ, რომლებიც „პერესტროიკისა“ თუ პოსტსაბჭოურ პერიოდში გამდიდრდნენ და იქ ძვირად ღირებული აგარაკები შეიძინეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ სუპერფეშენ ტერიტორიაზე ბომონდურ–ოლიგარქიულ „ნაღებთან“ ერთად კრიმინალური რუსეთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებიც სახლობენ, რომლებსაც მსოფლიოში „რუსული მაფიის“ ბოსებს უწოდებენ. უმეტესი მათგანი საერთაშორისო ძებნაში იმყოფება სხვადასხვა დანაშაულისთვის და რუსეთიდან „ცხვირს ვერ ყოფს“, თუმცა, საქმე მაინც კეთდება, თავიანთი ბოსების მითითებებს მათი ასისტენტები ასრულებენ და დირექტივებს „ნიკოლინა გორადან“ იღებენ. ამ ფეშენ დასახლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მობინადრე 62 წლის ავთო შავლეგის ძე ხვადაგიანია, მეტსახელად, „ჯიხვი“. ის ჯერ კიდევ გაგანია „ზასტოის“ პერიოდში გახდა „კანონიერი ქურდი“. მაშინ, როდესაც ოცი წლისაც კი არ იყო და მეტსახელი „ჯიხვი“ იმის გამო დაიმსახურა, რომ თავისას ბოლომდე „აწვებოდა“, უკან არასდროს იხევდა და როგორც მისი „ნათლია“, ცნობილი ქურდი „გოგი პაპა“ ამბობდა – რქებით გააქვს, რქიანია და ჯიხვია, აბა, რაო... ხვადაგიანი თანამოძმე კოლეგებს მხოლოდ „ნასტირნი“ ქურდად მიაჩნდათ, რომელსაც დაბალი ინტელექტი ჰქონდა და „ნეპმანურ ქურდულ“ ტრადიციებს „იდეინად“ იცავდა. სინამდვილეში კი ცდებოდნეან. „ჯიხვი“ არც „წმინდა ნეპმანი ქურდი“ იყო და საკმაოდ მაღალი ინტელექტიც ჰქონდა. ჩუმად წიგნებსაც კითხულობდა, ახალი დროის მოახლოებასაც უშეცდომოდ გრძნობდა და განსაკუთრებულადაც ემზადებოდა საამისოდ. მხოლოდ მისმა ნათლიამ, გივი ზარქუამ, „გოგი პაპამ“, შეიცნო თავისი უმცროსი კოლეგის არსი, რომელიც ასაკით შვილიშვილად ეკუთვნოდა და საბჭოეთის დაშლის წინ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა:
– ძველი დრო რომ იყოს, აუცილებლად გაგაფუჭებდი. არაქურდად დაგტოვებდი და ჩვენი საძმოდან გაგაგდებდი, რადგან შენში ისევე არაფერია „ნეპმანური“, როგორც ჩემში – მაფიოზური. მაგრამ, რას იზამ. „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. დრომ მოიტანა ახალი ქურდული ტრადიციები და ამას ვერსად გაექცევი. თუმცა, გირჩევ, რომ ძალიან ნუ შეტოპავ. ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობას არ გაეკარო, თორემ თავსაც დაღუპავ და სხვებსაც. ისე კი, შენგან კარგი ორგანიზატორი დადგება და ახალ დროში წარმატებული კარიერა გექნებაო...
გივი ზარქუა დიდი პატივით დაკრძალეს მშობლიურ სამეგრელოში, სადაც ის „ჯიხვმა“ გადაასვენა. პარალელურად კი ადგილობრივი კრიმინალები შეკრიბა, გაეცნო მათ, ესაუბრა და შეუთანხმდა, რომ უფრო სერიოზული საუბრისთვის კვლავ შეხვდებოდა, რის შესახებაც თავისი უმცროსი ძმის პირით შეატყობინებდა.
რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირი დაიშალა. უკიდეგანო, პოსტსაბჭოურ ტერიტორიაზე კრიმინალური გადანაწილება დაიწყო. მასში „ჯიხვიც“ ჩაერთო და საკმაოდ წარმატებულადაც. იმ პერიოდისთვის ახალგაზრდა ავთო ხვადაგიანი, ეგრეთ წოდებული, „ქართული მაფიის“ მეგრულ-სვანური დაჯგუფების უპირობო ლიდერი იყო და მოსკოვში მოღვაწეობდა. მისი ათასამდე კრიმინალი რამდენიმე კაზინოს, სასტუმროსა და ორ ბაზრობას აკონტროლებდა. მოგვიანებით, ამ დაჯგუფების ბიზნესი საგრძნობლად გაფართოვდა და სხვა სფეროებიც მოიცვა. დიდი „მაყუთის“ შოვნა კი ავთომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ნარკობიზნესში ჩაერთო. „ჯიხვმა“ ამ საქმეს მალე აუღო ალღო და მსხვილ ნარკომომწოდებლებზეც გავიდა. პარალელურად კი, ევროპული ბაზრის „მსუყე ნაჭრები“ იგდო ხელთ და ნარკოტიკების გასაღება გაახუთმაგა. ამის გამო მას ევროპის ქვეყნების ყველა პოლიცია ეძებდა. ცალკე „ინტერპოლის“ ძებნილი იყო წითელი ცირკულარით. დიდ ბრიტანეთში კი „ჯიხვს“ უვადო პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი ნარკოტიკების გავრცელებისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწყობის გამო. საქმე კი ის იყო, რომ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის მსვლელობისას ავთო ხვადაგიანი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, თითქოსდა, ტურისტად. სინამდვილეში კი თავის შეიარაღებულ ამალასთან ერთად იყო ჩასული, ალბანურ დაჯგუფებასთან წარმოქმნილი კონფლიქტი რომ მოეგვარებინა. ალბანელები უარს აცხადებდნენ ლონდონის რამდენიმე ადგილის დათმობაზე, სადაც ნარკოტიკებით თავადაც ვაჭრობდნენ. შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში, ალბანელების კუთვნილ სამსართულიან სახლში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები თავის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, გაცილებით მეტნი იყვნენ და კარგად შეიარაღებულებიც, „ჯიხვმა“ ყველაფერი წინასწარ გათვალა. ჯიუტი მასპინძლები, რომლებიც არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, ავთო ხვადაგიანმა და მისმა პირადმა დაცვამ მათივე სახლში ამოხოცა. ხოლო კერძო სახლის პერიმეტრზე მდგომი ალბანელი „ბოეკვიკები“ კი ხვადაგიანის „რუსმა მსროლელებმა“„ჯიპებიდან“ დახოცეს და იქიდან მანამდე „აახვიეს“, სანამ „სკოტლანდ იარდი“ მივიდა. ლონდონელ პოლიციელებს კი შემთხვევის ადგილზე ოცდარვა მოკლული ალბანელი კრიმინალი დახვდათ და მართალია, მკვლელებისა და მათი ბოსის ვინაობა შეიტყვეს, მაგრამ უკვე გვიან იყო – „ჯიხვმა“ და მისმა „რუსმა მსროლელებმა“ ორიოდე საათში დატოვეს ბრიტანეთი და მოსკოვში მოვიდობიანად ჩავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „სკოტლანდ იარდმა“ რუს კოლეგებს „ჯიხვისა“ და მისი რამდენიმე ხელქვეითის დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი საბუთები წარუდგინა და მათი ექსტრადიცია მოითხოვა, რუსეთმა თავისი ქვეყნის მოქალაქეების გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. წარმოდგენილი სამხილები კი არადამაჯერებლად სცნო. სწორედ ამ უარის მერე ავთანდილ შავლეგის ძე ხვადაგიანს, რუსეთის მოქალაქეს, დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ლონდონური გარჩევის მერე „ჯიხვს“ ალბანელები გადაემტერნენ და მასზე ნადირობა გამოაცხადეს, ხოლო მისი მოკვლისთვის ჯილდოდ ხუთი მილიონი დოლარი დააწესეს. მიუხედავად ამისა, „ჯიხვის“ მოკვლის სურვილი არავის გასჩენია. ხოლო ორი დაქირავებული მკვლელი კი სხვადასხვა დროს რუსეთის უშიშროებამ დააკავა და დიდი ხნით ციხეში გამოამწყვდია. ამის მერე „ჯიხვის“ მკვლელობის შეკვეთას არცერთი „ქილერი“ არ იღებდა, რადგან ხმა გავრცელდა – რუს მაფიოზს „ეფესბე“ მფარველობსო. ალბანელებს კი ისღა დარჩენოდათ, რომ ხვადაგიანის ხელქვეითებს დარეოდნენ და მათზე ეძიათ შური. ამიტომ, თუკი სადმე მოიხელთებდნენ მათ, უსიტყვოდ კლავდნენ. თუმცა, ვალში არც „ჯიხვები“ რჩებოდნენ და ალბანელებს ათმაგი „აბაროტით“ უბრუნებდნენ ვალს. ამგვარად, „რუსმა მსროლელებმა“ ევროპაში ალბანური მაფიის ჯარის ნახევარი უმოკლეს დროში გაწყვიტეს და მტრები საგონებელში ჩააგდეს. ბოლოს ალბანელმა ბოსმა ავთოს მშვიდობა შესთავაზა და კეთილი ნების გამოსახატავად მის კლანს ევროპაში რამდენიმე სარფიანი ადგილი დაუთმო. შერიგების აღსანიშნავად კი პრაღაში შეხვედრა და ქეიფი შესთავაზა. „ჯიხვმა“ ალბანელი ბოსი მოსკოვში მიიწვია და პრაღაში ჩაუსვლელობა იმით ახსნა, რომ მას „ინტერპოლი“ და ჩეხეთის პოლიცია ეძებდნენ. მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, „ჯიხვი“ იმის „ჩიტი“ არ იყო, ლონდონური სასაკლაოს შემდეგ მტრის მასპინძლობას დათანხმებოდა. ამიტომ, ალბანელს თავის ტერიტორიაზე უმასპინძლა, „საუკუნო ძმობა“ შეჰფიცა და კმაყოფილი გაისტუმრა.
გადაუდებელ საქმეებზე კი, სადაც კლანის უფროსის დასწრება აუცილებელი იყო, „ჯიხვი“ თავის ერთადერთ, 34 წლის ვაჟს, შავლეგს გზავნიდა. ის ავთო ხვადაგიანის ერთადერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომლითაც ამაყობდა და უზომოდ უყვარდა. შავლეგი დაოჯახებული იყო. ჰყავდა ულამაზესი მეუღლე და ოთხი წლის ვაჟი, რომელსაც მამის პატივსაცემად ავთო დაარქვა. შავლეგი პროფესიით იურისტი იყო და კემბრიჯის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ოფიციალურად ის საადვოკატო ფირმას ფლობდა მოსკოვში. სინამდვილეში კი აქტიურად მონაწილეობდა კრიმინალურ საქმიანობაში და „ჯიხვი“ მას თავისი კლანის მომავალ უფროსად მოიაზრებდა. სწორედ ამიტომ გზავნიდა ავთო შავლეგს კრიმინალურ საერთაშორისო შეკრებებზე, სადაც ეს კემბრიჯდამთავრებული მაფიოზი დიდ გამოცდილებას იღებდა, რაც მომავალში გამოადგებოდა.
ლონდონური სასაკლაოდან სამი წლის შემდეგ შავლეგ ხვადაგიანი მამამ თავის სამშობლოში, საქართველოში გაგზავნა. „მომავალი ბოსი“ და ბიძამისი ჯონდო საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივ მაღალჩინოსან ძალოვანს უნდა შეხვედროდა. ქართველი ფუნქციონერი გენერალი გარკვეული პროცენტების სანაცვლოდ გარანტიებს იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა „ჯიხვის“ „ნარკოტავარის“ უპრობლემოდ შემოტანას საქართველოში. სხვა მსგავს საქონელს კი დაბლოკავდა და ქართულ ბაზარზე არ დაუშვებდა. მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ – ამ შეხვედრას უთვალთვალებდა ფუნქციონერი გენერლის მოწინააღმდეგე კოლეგა-გენერალი, რომელსაც ანალოგიური პირობა ჰქონდა მიცემული სხვა ნარკობარონთან, რომლისგან ბედ პირველი პროცენტიც კი მიიღო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავის კბილებამდე შეიარაღებულ სპეცჯგუფთან ერთად შეხვედრის ყველა მონაწილე დაეპატიმრებინა. მათზე საქმე აღეძრა და ამგვარად ჩაეშალა გარიგება და დაებლოკა „ჯიხვის“ „ტავარის“ საქართველოში გასაღება. თავის მხრივ კი, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული ბიუროს სპეციალური ჯგუფი ქართველ კოლეგებთან ერთად ორივე ჯგუფს „კუდზე აჯდა“, ყველაფერს იწერდა და ყველას ერთად აყვანასა და გასამართლებას გეგმავდა. თუმცა, მოხდა ისე, რომ მეორე გენერალი და მისი ჯგუფი პირველები შევარდნენ შეხვედრის ადგილზე და შავლეგი, ჯონდო და პირველი გენერალი „შეაყენეს“. ამის მერე უკვე ამერიკულ-ქართული ტანდემი ჩაება საქმეში და კარგად გაწვრთნილი მებრძოლები ყველას ერთად დაპატიმრებას ეცადნენ. ატყდა სროლა და ამ აურზაურში შავლეგ ხვადაგიანი დაიღუპა – მას ოთხი ტყვია მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ურთიერთსროლისას ორივე მხრიდან ექვსი სპეცრაზმელი და ერთი მოღალატე გენერალი დაიღუპა, რომელსაც მისმა კოლეგა გენერალმა მოუსწრაფა სიცოცხლე. „ჯიხვის“ ღვიძლი ძმა კი – 55 წლის ჯონდო ხვადაგიანი ცოცხალი გადარჩა, სხეულზე ერთი ნაკაწრიც კი არ აჩნდა. ამ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ჯონდო დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მას მერე კი, რაც შევლეგის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ბიძამ ძმისშვილი სპეცრეისით მოსკოვში ჩაასვენა.
ერთადერთი ვაჟი ავთო ხვადაგიანმა პრესტიჟულ სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალა და ძვირფასი ბიუსტიც დაუდგა, რომლის დამზადებაც ცნობილმა მოქანდაკემ ერთ კვირაში მოახერხა. ქელეხი უზარმაზარ დარბაზში გადაიხადეს. „ჯიხვმა“ მხოლოდ ერთი ჭიქა შესვა შავლეგის შესანდობარი და თავის ერთადერთ ძმასთან და ხუთ უახლოეს ხელქვეითთან ერთად „ნიკოლინა გორაზე“, თავის სასახლეში წავიდა. ავთოს კაბინეტში შვიდკაციანი სუფრა წინასწარ იყო გაშლილი და ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ. „ჯიხვმა“ ლიტრიანი ჭიქა წითელი ღვინით აავსო. თავისი შვილის მოსაგონარი დალია და მოთმინებით დაელოდა, სანამ იგივე ყველამ არ გაიმეორა. ბოლოს ლიტრიანი სასმისი ჯონდო ხვადაგიანმა გამოცალა. ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო და მძიმედ დაეშვა სკამზე. ავთომ მწველი მზერა მიაპყრო ღვიძლ ძმას და სამარისებური სიჩუმე დაარღვია:
– როგორ ხარ, ძამიკო?
– როგორ ვიქნები, ავთო? ნეტა ცოცხალი არ ვიყო და მე დავეცხრილე შავლეგის მაგივრად, – სლუკუნით მიუგო ჯონდომ უფროს ძმას. შემდეგ სკამიდან წამოდგა, რომ მასთან მისულიყო და ჩახუტებოდა, მაგრამ „ჯიხვმა“ ცივი სახით ანიშნა, – იჯექიო და უთხრა:
– ახლა დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა, როგორ მომიკლეს ჩემი შავლეგო.
– იქნებ, სხვა დროს იყოს. დღეს ისედაც ბევრი ინერვიულე და იკმარე, – მიუგო ჯონდომ. „ჯიხვმა“ კი კბილებში გამოსცრა:
– ახლავე! გისმენ.
ჯონდომ ამოიხვნეშა და თქვა:
– „ბაზარს“ უკვე მორჩენილები ვიყავით და უნდა წამოვსულიყავით. ამ დროს ოთახში ის პიდარასტი შემოვარდა თავის „შაიკასთან“ ერთად და „შეგვაყენეს“. ჩვენ ხელები ავწიეთ. შავლეგომ კი უთხრა: არ გვესროლოთო და დაანახვა, რომ იარაღი არ ჰქონდა. უცებ ოთახში უკვე ამერიკელების „სასტავი“ შემოიჭრა და იმათმა „შეგვაყენეს“, უფრო სწორად კი, პიდარასტები შეაყენეს. ჩვენ ისედაც ხელებაწეულები ვიდექით. იმ ქათამმა კი უცებ რკინა გააძრო და ჩვენს მასპინძელს თავში ესროლა და იქვე დააგდო. შემდეგ კი თავის შეიარაღებულ „შაიკასთან“ ერთად ამერიკელებს ცეცხლი გაუხსნა. გაიმართა „პერესტრელკა“ და რომ დასრულდა, შავლეგოს ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მერე, ყველანი სამინისტროში წაგვიყვანეს და ყველაფერი რომ „გაიასნდა“, გამომიშვეს.
– გა-მო-გიშ-ვეს... – დამარცვლით თქვა „ჯიხვმა“. გაეცინა. სკამიდან წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან, ჯონდოს უთხრა:
– გამოგიშვეს კი არა, მე გამოვაშვებინე. ძმური მოვალეობა მოვიხადე და არ გაგწირე. მაგრამ შენ? შენ როგორ მოიქეცი, ძამიკო?
გაგრძელება შემდეგ ნომერში