№39 რთული საქმე
ლოურენს ბლოკი
გვამი 1926 წლის 7 მარტს მეხუთე ავენიუზე ანტიკვარიატის მაღაზიაში იპოვეს. მაღაზიის მეპატრონე, მარტინი, იატაკზე თავგატეხილი ეგდო. იქვე იყო მკვლელობის იარაღი – მძიმე პაპიე-მაშე, საიდანც მკვლელმა თითის ანაბეჭდები წინდახედულად წაშალა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა იფიქრა, რომ მეპატრონე უკვე მკვდარი იყო და მაღაზია დატოვა, მსხვერპლმა დახლის გასწვრივ თითქმის ორი მეტრი იფორთხა, რაზეც სისხლის კვალი მეტყველებდა, შემდეგ არაადამიანური ძალისხმევა დასჭირდა, რომ კარადასთან, რომელშიც ძვირფასი ქვები ინახებოდა, ფეხზე წამომდგარიყო. მარტინმა შუშა ჩაამტვრია, დიდი დაუმუშავებელი ამეთვისტო აიღო და სავარაუდოდ, იატაკზეც დაენარცხა. კიდევ მეტრ-ნახევარი იფორთხა, მაგიდასთან წამოდგა, ზედაპირიდან ძველებური შუშის გუმბათიანი საათი გადმოაგდო და მხოლოდ ამის შემდეგ გარდაიცვალა. გვამს მარცხენა ხელში ამეთვისტო ჩაებღუჯა, მარჯვენა კი საათიის ნამსხვრევებზე ედო. უცნაური ის იყო, რომ საათი ისევ მუშაობდა.
ინსპექტორი ქუინი თბილი ლოგინიდან ააყენეს და მკვლელობის ადგილზე მოიყვანეს. ინსპექტორი ელერი და სერჟანტი ვეილი გარდაცვლილის ქვრივს და ვიღაც ახმახ რუსს ჰკითხავდნენ. ეს იყო თავადი პავლე, ნიკოლოზ რომანოვის უთვალავი ბიძაშვილებიდან – ერთ-ერთი.
– როგორც ჩანს, მოკლულს, თავადს და კიდევ ოთხ კაცს აქ რაღაც პოკერის კლუბივით ჰქონდათ მოწყობილი, – აუხსნა ინსპექტორმა ელერიმ ქუინს, – ისინი მაღაზიის უკანა ოთახში იკრიბებოდნენ და მთელი ღამე პოკერს თამაშობდნენ. მას შემდეგ, რაც მარტინი სახლში არ დაბრუნდა, მისის მარტინი შეშფოთდა, თავადს დაურეკა, აქ ერთად მოვიდნენ და გვამი იპოვეს.
ამ დროს დეტექტივმა ოთახში შეშინებული და აკანკალებული კაცი შემოიყვანა.
– ეს არნოლდ პაიკია, შეფ. ლოგინიდან წამოვაგდე.
– თქვენ წუხელ აქ პოკერს თამაშობდით, – თქვა ინსპექტორმა ქუინმა, – როდის დაამთავრეთ?
– პირველის ნახევარზე, – ჩაიბურტყუნა პაიკმა.
– რომელზე დაიწყეთ?
– თერთმეტისთვის.
– რას საქმაინობთ, მისტერ პაიკ?
– ბროკერი ვარ, ბირჟაზე ვმუშაობ...
ამ დროს დეტექტივებმა მაღაზიაში კიდევ სამი შეშინებული კაცი შემოიყვანეს. დაბალმა და მსუქანმა განაცხადა, რომ იგი სტენლი ოქსმენი იყო – იუველირი, მეორე ჟურნალისტი ლეო გარნი აღმოჩნდა, მესამე კი – ვინსენტი, რომელიც არონალდ პაიკის მსგავსად, უოლ სტრიტზე მუშაობდა.
ძარცვის ვერსია თავიდანვე გამოირიცხა, რადგან მაღაზიაში არაფერი დაკარგულა.
– მგონი, კვალს მივაგენით, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა ქუინმა, – უცნაურია, რომ პოკერი პირველის ნახევარზე შეწყდა. ალბათ, იჩხუბეს. მართალია, ყველა ერთად გავიდა, მაგრამ შემდეგ ყველას შეეძლო დაბრუნება და ამ უბედურის მოკვლა.
მარტინის მეგობრები ცდილობდნენ, პოლიცია დაერწმუნებინათ, რომ მათზე ეჭვი ტყუილად ჰქონდათ. ამ ლაპარაკში გაირკვა, რომ პაიკს წინა კვირას, პირველ მარტს, დაბადების დღე ჰქონდა და ყველამ საჩუქარი მოუმზადა. რომლებიც იუბილარს წუხელ გადასცეს, რადგან მანამდე ვერ შეხვდნენ. ამ ინფორმაციამ ძალიან დააინტერესა ქუინი, მეორე ინსპექტორს რაღაც უჩურჩულა. შემდეგ ორივემ პაიკი გარეთ გაიყვანეს და სამივე პაიკის სახლში წავიდა. იქ ელერიმ მასპინძელს საჩუქრების ჩვენება სთხოვა. ყველა საჩუქარს თან მისალოცი წერილი ახლდა, საიდანაც ჩანდა, როგორ შეეცადა თითოეული მეგობარი იუბილარისთვის 50-ე დაბადების დღე ორიგინალურად მიელოცა. ჟურნალისტ ლეო გარნის, საერთოდ, ლექსი დაეწერა, სადაც პაიკს ხუმრობით ეუბნებოდა, შენ ახლა თერთმეტნახევარი წლის გახდიო. ამის შემდეგ სამივე ისევ მაღაზიაში დაბრუნდა.
– აბა, ამოხსენით ამოცანა? – დაიგრუხუნა რუსმა თავადმა.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, – განაცხადა ქუინმა – მაშ ასე, გარდაცვლილმა მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც მოახერხა ჯერ კარადამდე მისულიყო და ამეთვისტო აეღო, შემდეგ კი მაგიდიდან საათი გადმოეგდო. რატომ დასჭირდა მომაკვდავს ასეთი უცნაური საქციელის ჩადენა? სავარაუდოდ, მან იცნო მკვლელი და შეეცადა მინიშნება დაეტოვებინა. დავიწყოთ საათით. შეიძლება, იფიქრო, რომ საათი იმიტომ გატეხა, უნდოდა, მკვლელობის დრო დაეფიქსირებინაო, მაგრამ ჯერ ერთი, საათი არ გაჩერდა. მეორეც – ეს ვერსია უარვყავი, რადგან თუ მას დროის დაფიქსირება უნდოდა, უფრო ახლოს მდებარე საათს გადმოაგდებდა და ამდენს არ იწვალებდა. გამოდის, მარტინს დრო კი არა, კონკრეტულად, ეს საათი აინტერესებდა. შეგიძლიათ მითხრათ, რას გაგონებთ, მინის გუბათიანი საათი? კიდევ რას აქვს მინის გუმბათი, მრგვალი სადგამი, და მოწიკწიკე მექანიზმი? რა თქმა უნდა, ეს ტელეგრაფის აპარატია, რომელიც ავტომატურად ბეჭდავს ბირჟის უკანსაკნელ ცნობებს. ხოლო ჩვენს კომპანიაში ორი კაცია ისეთი, ვისაც ბირჟის ტელეგრაფთან აქვს შეხება – არნოლდ პაიკი და ვინსენტი. ერთი ოპერატორია, მეორე კი – ბროკერი. შესაბამისად, გარდაცლილმა ჩათვალა, რომ ამოცანის ამოსახსნელად საათი საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ ამეთვისტოს მივხედოთ. რომლესაც ამ ორიდან ერთი უნდა გამოერიცხა. რა ასოციაციები შეიძლებოდა ამ ქვას მომაკვდავის ტვინში აღეძრა? – მისტერ ვინსენტ თქვენ რომელ თვეში დაიბადეთ?
– ნოემბერში, – ჩაიბურტყუნა ვინსენტმა.
– შესანიშნავია. ეს თქვენი ალიბია, – ქუინი გაჩუმდა. ოთახში სერჟანტი ვეილი შემოვიდა. – ჩემი ვარაუდი მოტივთან დაკავშირებით სწორი აღმოჩნდა?
– ასი პროცენტით! – ხმამაღლა დაადასტურა დეტექტივმა, – მან ჩეკზე გარდაცვლილის ხელმოწერა გააყალბა და მსხვილი თანხა მოხსნა. მარტინმა საქმე ჩაფარცხა, ფული გადაიხადა და განაცხადა, რომ თაღლითს თავად გაუსწორდებოდა.
– გასაგებია. მკვლელს როგორც ჩანს ფულის დაბრუნება არ სურდა. ამეთვისტოს მთავარი ასოციაცია ქვა-მფარველს უკავშირდება. ბატონმა პაიკმა სულ ახლახან აღნიშნა დაბადების დღე, რომელიც... – ამ სიტყვებთან ერთად ელერიმ სერჟანტ ვეილს რაღაც ანიშნა და თავადაც წინ გადახტა.
სერჟანტ ვეილის მკლავებში არა არნოლდ პაიკი, არამედ ჟურნალისტი ლეო გარნი მოექცა...
– როგორც ვთქვი, – მოგვიანებით განმარტა ქუინმა, – მას შემდეგ რაც გამოვიცანი, რაზე მიანიშნებდა საათი და ამეთვისტო, ეჭვის ქვეშ მხოლოდ არნოლდ პაიკი მოექცა. რომელი თვის ქვა არის ამეთვისტო? – თებერვლის. არნოლდ პაიკის დაბადების დღე თებერვალში ყოფილა, მაშინ რატომ აღნიშნა 1 მარტს? ერთი მარტივი მიზეზით – მისი დაბადების დღე 29 თებერვალია და რადგან ეს წელი ნაკიანი წელია, დაბადების დღის გადახდა 1 მარტს გახდა საჭირო. მარტინმა, რომელმაც ამეთვისტო დაგვიტოვა, უნდა სცოდნოდა, რომ პაიკის დაბადების დღე თებერვალშია, მაგრამ იმ მისალოც ბარათზე, რომელიც მან პაიკს გაუგზავნა ეწერა – 1976 წლის 1 მარტს შენი ასი წლის იუბილე ერთად აღგვენიშნოსო. გამოდის, მან არ იცოდა, რომ პაიკი 29 თებერვალს იყო დაბადებული. არც ამეთვისტო აურჩევია. ვიღაცას სურდა დავერწმუნებინეთ, რომ სწორედ მომაკვდავმა გამოიღო კარადიდან ამეთვისტო და გატეხა საათი. მე ამის თავიდანვე არ მჯეროდა. პაიკი არ არის მკვლელი, რადგან მისალოცი ბარათებიდან ირკვევა – ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ პაიკს დაბადების დღე თებერვალში ჰქონდა, ჟურნალისტი ლეო გარნია. ის პაიკს ეუბნებოდა, თერთმეტნახევარი წლის გახდიო. ასეთი რამ როგორ შეიძლება, თუნდაც იუმორისტულ ლექსში მოხდეს? მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ამ სიტყვების ავტორს ეცოდინებოდა, რომ პაიკის დაბდების დღე ოთხ წელიწდაში ერთხელ იყო. ერთი შეხედვით, ბავშვური ამოცანაა, მაგრამ როგორი ზუსტი? მკვლელი საკუთარმა ორიგინალობამ დაღუპა – მისალოცის ტექსტი სტანდარტული რომ ყოფილიყო, თავს დაიძვრენდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ