№39 რა საიდუმლო მისია დააკისრა სტალინს ლენინმა 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების ღამეს
მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციამდე და საბჭოთა ხელისუფლების პირველ ათწლეულში სტალინის არაკეთილსინდისიერებაზე არაერთი ჭორი გავრცელდა, ყველა მათგანი ჭორადვე დარჩა, რადგან ერთი შეხედვით „წყალგაუვალი“ სიმართლის წინააღმდეგაც კი საბჭოთა ბელადს ყოველთვის რკინის ფაქტებით დადასტურებული საბუთები ჰქონდა და „ცნობები სტალინის არაკეთილსინდისიერებაზე“ „გადაჭარბებული“ ხდებოდა. პროფესორი პეტრე ვიშნევსკი წერდა: „სტალინის შესახებ ყველაზე მეტ ჭორს ტროცკი ავრცელებდა და ეს ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინის პირველობისკენ მისწრაფებიდან იყო გამოწვეული. ტროცკიმ იცოდა, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი კონკურენტი ხელისუფლებისთვის ბრძოლაში და ამ ერთადერთი კონკურენტის წაქცევას ყველანაირი საშუალებით ცდილობდა. რა არ დააბრალა ტროცკიმ სტალინს – მხდალობა, პროვოკატორობა, მკვლელობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერცერთი ვერ დაამტკიცა და წაგებული დარჩა, ანუ, საკუთარ ინტრიგებს შეეწირა. გარდამტეხი მომენტი კი სტალინ-ტროცკის ურთიერთობებში 1924 წლის 3 მაისის პოლიტბიუროს სხდომა იყო. მასზე ტროცკის განზრახული ჰქონდა, სტალინი „ტახტიდან“ ჩამოეგდო და პირველობა თვითონ მოეპოვებინა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი პირიქით შეუტრიალდა და მართალია, სტალინის წინააღმდეგ შემდგომ წლებშიც ილაშქრებდა, მაგრამ ეს უფრო სპილოსთვის კოღოს ნაკბენს ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ იერიშს...“
1924 წლის 3 მაისს ტროცკის დაჟინებული მოთხოვნით, პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა. ტროცკი გადამწყვეტი იერიშისთვის იყო მზად და სტალინის განადგურებასა და კენჭისყრით მისი პოსტიდან გადაყენებას იმაზე აქცენტირებით აპირებდა, რომ 1917 წლის 25 ოქტომბერს, ანუ ბოლშევიკური გადატრიალების ღამეს, სტალინი სმოლნში არ იმყოფებოდა. სმოლნი ბოლშევიკების მთავარი შტაბი იყო და ყველა ცნობილი რევოლუციონერი-ბოლშევიკი, გარდა სტალინისა და ლენინისა, იქ იყო შეკრებილი... ტროცკი, რა თქმა უნდა, ლენინის სმოლნში არყოფნის ამბის ხსენებას არ აპირებდა, ხოლო სტალინის არყოფნა მისი (სტალინის) სიმხდალით უნდა აეხსნა და ამგვარად მოეშთო. სერგო ორჯონიკიძე ყვებოდა: „ტროცკი რომ პოლიტბიუროს სხდომაზე შემოტევას აპირებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. კობამ კი ზუსტად გაიგო, თუ რას აპირებდა ის ამპარტავანი (ტროცკი) და თავადაც მომზადებული დახვდა. ხოლო, როდესაც კობამ ტროცკის ილიჩის წერილი ააფარა სახეზე, ბრონშტეინი ბრინჯივით დაიბნა და უკანმოუხედავად მოკურცხლა. ამის მერე, მართალია, იყო პატარ-პატარა ჩხვლეტები, მაგრამ სტალინს ამან ვერაფერი დააკლო...“
მოდი, ახლა თანამიმდევრულად მივყვეთ საქმის არსს. 1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს ოქტომბრის რევოლუციის ბელადი (ლენინი) პეტროგრადში იმყოფებოდა, მაგრამ არა სმოლნში, არამედ გრიბოედოვის არხთან მდებარე კონსპირაციულ ბინაში და იქიდან ადევნებდა თვალყურს გადატრიალების მსვლელობას. მასთან იყო სტალინიც. ილიჩის სმოლნიდან გაუჩინარებას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი – გადატრიალების მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში, დროებითი მთავარობა ისედაც ძებნილ ლენინს დააპატიმრებდა და ჯურღმულში გამოამწყვდევდა, ან სულაც მოკლავდა. ეს კი არანაირად არ აწყობდა ბოლშევიკების ლიდერს. სტალინს კი ამ შემთხვევისთვის ლენინის ევაკუაციის (ქვეყნიდან გაყვანის) სამი დამუშავებული გეგმა ჰქონდა და მის გვერდით იმყოფებოდა. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ გადატრიალების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ლენინს, შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა. გამარჯვებული ტროცკი და მისი ჯგუფი ლენინს ან ჩუმად მოკლავდნენ, ან დააპატიმრებდნენ და ძალაუფლებას მიიტაცებდნენ, ამასაც უფრთხოდა ლენინი და სტალინს გვერდიდან არ იშორებდა. როცა ბოლშევიკებმა გადატრიალება წარმატებით განახორციელეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, სტალინმა, თავისი ერთგული არმიის, „ლატვიელ მსროლელთა პოლკის“, დახმარებით, ლენინი სმოლნში მიიყვანა. ტროცკი და მისი ჯგუფი უძლურები იყვნენ ილიჩის წინაშე და იძულებული გახდნენ, მისთვის კვლავ დაეთმოთ პირველობის გვირგვინი. ამასთანავე, კრინტიც არ დაეძრათ ილიჩის დამალვის შესახებ, სამაგიეროდ, ტროცკი სტალინის ლაჩრულად მიმალვის ფაქტს გაახმოვანებდა. სწორედ ამიტომ მოითხოვა ტროცკიმ 3 მაისის პოლიტბიუროს სხდომის გამართვა. სხდომაზე ტროცკი ამაყად წამოდგა და სტალინს პირში მიახალა:
– 25 ოქტომბერს თქვენ სმოლნში არ გამოჩენილხართ. გამარჯვების რწმენა არ გქონდათ და ამიტომ. მხოლოდ მზამზარეულზე გამოცხადდით, მიუჯექით მაგიდას და იმ ნამცხვრის მსუყე ნაჭერს ჭამთ, რომელიც არ გეკუთვნით და ყელზე დაგადგებათო...
ტროცკის უყვარდა ხატოვანი ლაპარაკი და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. რომ დაასრულა, წინასწარ მომზადებულმა მისმა მომხრეებმა მქუხარე ტაში დასცხეს. სტალინი მოთმინებით დაელოდა ოვაციების დაცხრომას. შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა და თქვა:
– მოვიდა დრო, რომ სრული სიმართლე ვთქვა, რაც წინა გამომსვლელმაც კარგად იცის და შეგნებულად დაგიმალათ. დიახ, 25 ოქტომბრის ღამეს მე არ ვვიყავი სმოლნში, მაგრამ მე ილიჩის გვერდით ვიდექი, რომელიც აგრეთვე, არ იყო იქ. თუმცა ჩემი მეშვეობით აკონტროლებდა აჯანყების მსვლელობას. და, იცით, რატომ არ გამოჩნდა ილიჩი სმოლნში, იმიტომ, რომ ტროცკისა და მის ჯგუფს არ ენდობოდა და ამის დასტურია ეს წერილი, რომელიც 24 ოქტომბერს შეადგინა. აქ წერია: „საქმის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია, რომ ამხანაგ სტალინთან ერთად ვიმყოფებოდე საიდუმლო-სათადარიგო საკომანდო პუნქტზე, გრიბოედოვის არხის ჩიხში მდებარე კონსპირაციულ ბინაში. ეს აუცილებლობა კი იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი გამარჯვების მსვლელობისას არსებობს საშიშროება ტროცკისა და მისი ჯგუფის მხრიდან, რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონ. ეს კი საერთო საქმეს დაღუპავს, რასაც ვერ დავუშვებ. ამიტომ, სტალინთან ერთად გარკვეულ დრომდე კონსპირაციულ მდგომარეობაზე გადავდივარ. ლენინი“. აი, ამხანაგებო, ჩვენი გაუჩინარების ჭეშმარიტი მიზეზი. ილიჩი ტროცკის არ ენდობოდა და მე ამ წერილს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ, რომ მასა და მის მომხრეებს ილუზიები გაუქრეთ.
ეფექტი გრანდიოზული იყო. სხდომა სატახტო დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც უზარმაზარი, მძიმე კარი აქვს. ტროცკი კი გაფითრებული წამოხტა, კარისკენ გაიქცა და უნდოდა მკვეთრად გამოეღო და გაეჯახუნებია. თუმცა, უზარმაზარ კარს ვერ მოერია. რის ვაი-ვაგლახით გააღო და ეს „ჩალიჩი“ ლილიპუტის ხლაფორთს უფრო ჰგავდა. ამ სურათის შემხედვარე, ვერც ტროცკის მომხრეებმა შეიკავეს თავი და სიცილი დააყარეს. სწორედ იმ დღეს გამოეთიშა ლევ ტროცკი პირველობისთვის ბრძოლას.