№39 მშრალი თვალის სინდრომი და თავდაცვის გზები
მშრალი თვალის სინდრომის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, ჰორმონულ ფონზე, მედიკამენტებზე (ორალური კონტრაცეპტივების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება), თვალის გადატანილ ინფექციურ დაავადებებზე, აუტოიმუნური დაავადების არსებობაზე (რევმატოიდული ართრიტი, სიოგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა), ქუთუთოს კიდის ქრონიკულ ანთებაზე (ბლეფარიტი), ეკოლოგიურ პრობლემებზე, ყოველდღიური ცხოვრების თანამედროვე ატრიბუტებზე – კომპიუტერებზე, მონიტორებზე, კონდენცირების სისტემებზე.
თვალის სიმშრალის მიზეზთა შორის უმთავრესი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა. მხედველობის დაძაბვა (კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა), რაც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, თვალის იშვიათი ხამხამის მიზეზია და ცრემლის სწრაფად აორთქლებას იწვევს, შესაბამისად, ირღვევა ლორწოვანის ნორმალური დატენიანების პროცესი. ამას ერთვის ოფისების კონდიცირებული ჰაერი, რომელიც თავის მხრივ, ცრემლის აორთქლებას აჩქარებს.
მნიშვნელოვანი ფაქტორებია სიგარეტის კვამლი, კონტაქტური ლინზები და უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები. მშრალი თვალის სინდრომი შესაძლოა, განპირობებული იყოს ცრემლის აპკის ნებისმიერი კომპონენტის დეფიციტით, მათი სტაბილურობის დაქვეითებით ან ორივეთი ერთად.
რა სიმპტომები აქვს მშრალი თვალის სინდრომს?
* სიწითლე;
* ტკივილი;
* თვალების წვის, ჩხვლეტის, სიმძიმის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება;
* მხედველობის დაბინდვა;
* მცირე წებოვანი გამონადენი;
* რეფლექსური ცრემლდენა;
* სინათლის შიში.
დისკომფორტი კიდევ უფრო ძლიერდება ქარიან ამინდში, კონდენცირებულ ოთახსა და კვამლიან გარემოში. ვინაიდან თვალის გამოშრობას ცრემლის დეფიციტის ხარისხი განაპირობებს, კომპენსაციისთვის მისმა რაოდენობამ პერიოდულად შესაძლოა მოიმატოს კიდეც, ამიტომ პაციენტები ხშირად ცრემლდენას უჩივიან.
მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ. ეს პრეპარატები სხვადასხვა სიბლანტისაა და თვალს გარკვეული დროის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. ზოგიერთი მათგანის გამოყენება ყოველ 1-2 საათშია საჭირო, ხოლო შედარებით ბლანტი და დამხმარე ნივთიერებებით გამდიდრებული პრეპარატები, თვალს 8 საათის განმავლობაში ატენიანებს.
ასევე, კარგია თვალის ვარჯიში, დასვენება, დღის რეჟიმის მოწესრიგება.
* გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერთან მუშაობისას მონიტორის ეკრანი სწორად უნდა იყოს განთავსებული (მისი ცენტრი 10-20 სმ-ით ქვემოთ უნდა მდებარეობდეს მომხმარებლის თვალების დონიდან);
* მონიტორი მინიმუმ 50 სანტიმეტრით უნდა იყოს დაცილებული მომხმარებლის სახეს;
* კომპიუტერთნ მუშაობისას უნდა აკონტროლოთ და შეგნებულად ხშირად ახამხამოთ თვალები;
* პერიოდულად უნდა დახუჭოთ თვალები და შეასრულოთ რამდენიმე წრიული მოძრაობა;
* ყოველ ნახევარ საათში 2-3 წუთიანი შესვენება უნდა მოაწყოთ და მზერა თქვენგან დაშორებულ საგანს მიაპყროთ;
* თუ ატყობთ, რომ თვალის სიმშრალე გაწუხებთ და სხვადასხვა მიზეზის გამო გიწევთ კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა, აუცილებლად გამოიყენეთ (ჩაიწვეთეთ) ხელოვნური ცრემლი;
* ზოგადად კი, გირჩევთ, 4 საათზე მეტხანს ნუ იჯდებით კომპიუტერთან!
მშრალი თვალის სინდრომის პრევენციისთვის რეკომენდებულია რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის შესრულება, მაგალითად: დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება – 10 ჭიქა დღეში, კომპიუტერთან მუშაობის წესების დაცვა, ჰაერის მუდმივი დატენიანება და ასე შემდეგ.