№39 სიზმრებთან გამკლავება
სიზმართა უმრავლესობა დაკავშირებულია ვნებებთან და ყოველდღიურ შთაბეჭდილებებთან, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ მათ, რამდენადაც ამით ვებრძვით ვნებებს, რეალურად, ვისწრაფით მათი გარდაქმნისთვის, სულის ენერგიის შეცვლისთვის და, ამდენად, ვთავისუფლდებით სიზმრების სიმძიმისგან. სიზმრებისგან გათავისუფლება გულის განწმენდასთანაა დაკავშირებული.
წმიდა იოანე სინელი წერს, რომ „ბევრი საჭმლით, ცბიერი გულისთქმებით ძილი ბინძურდება“. ამიტომაა საჭირო საკვების შემცირება. რადგან სიზმარი სულის არასწორი მოქმედების შედეგია, ამიტომ ამ ენერგიებისგან თავის დაღწევა საშინელი სიზმრებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება. ამის საპირისპიროდ, თუ განვიწმენდთ სულს სიმშვიდით, მშვიდი ძილი გვექნება (წმიდა ბასილი დიდი). დღის განმავლობაში გონება უფლის სახელს უნდა იმეორებდეს, მაშინ სიზმრები გამოიწვევს სიხარულს და სულიერ მხიარულებას, რადგან, როგორც წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის, „როცა სული მღვიძარებს, მაშინ ძილიც მშვიდია“.
დაძინებამდე უნდა ვილოცოთ. და სიზმრებიც მათი შესაბამისი იქნება. ამას ფილიმონი გადმოგვცემს: „სანამ დაიძინებ, გულში ბევრი ლოცვა წარმოთქვი და გულისთქმები აღარ აღიძვრება. ძალა, რომელიც შენ დაგიცავს, არის ფსალმუნთა კითხვა და გონებით ლოცვა და არ შემოვა სხვა გულისთქმა“. ძილის წინ ლოცვა და გულისთქმებისგან გათავისუფლების მცდელობა კარგი საშუალებაა ბოროტი და ეშმაკეული სიზმრების წინააღმდეგ საბრძოლველად.
საჭიროა სიზმრებს თავიდანვე გავუწიოთ წინააღმდეგობა. ყველაზე კარგი საშუალება მათი უგულებელყოფაა. გაღვიძებისას მათზე არ უნდა ვიფიქროთ და არ გავაანალიზოთ. ბევრი ადამიანი ღამის სიზმარს განიხილავს და უამრავ შეცდომას უშვებს. წმიდა მამები გვასწავლიან სიზმრების სრულ იგნორირებას. წმიდა იოანე სინელი, მას, ვინც სრულად უგულვებელყოფს სიზმრებს, „ბრძენთაბრძენს“ უწოდებს, ხოლო მას, ვინც სიზმრებს იკვლევს – გამოუცდელს.
ეშმაკს სიზმრის საშუალებით სურს ჩვენი შერყვნა. ამიტომ აგრძელებს წმიდა მამა: „არავის არ უნდა სურდეს სიზმრების წარმოსახვებზე მსჯელობა“.
წმიდა დიოდოხოს ფოტიკელი ამავე საკითხს ეხება, როდესაც ამბობს, რომ სათნოებისკენ წინსვლაში მთავარია, ადამიანი არ ენდოს თავის სიზმრებს. ასევე, გვასწავლის, რომ ღვთისგან მომდინარე სიზმრებსაც შიშით უნდა მოვეპყრათ, რომ არ ვცდუნდეთ, როგორც მონა უარს ამბობს, გაუღოს კარი ღამით სახლის პატრონს, რომელიც დიდი ხნის არყოფნის შემდეგ ბრუნდება, იმის შიშით, რომ სხვა ვინმეს არ ჰქონდეს მსგავსი ხმა და არ იყოს ქურდი. ასეთ შემთხვევაში სახლის პატრონი მონას აქებს. მსგავსი რამ ხდება ქრისტიან მონაზონთან დაკავშირებით სიზმრებთან მიმართებით. ღმერთი ამ სიტუაციაში შეაქებს თავის მონას, რადგან იცის, რომ მისი ქმედება სიფრთხილის გამოხატულებაა, შიშია იმისა, რომ ეშმაკი „ნათელი ანგელოზის სახით“ არ გამოეცხადოს და არ აცდუნოს. ღმერთი არ რისხდება მაშინ, როდესაც ხედავს, ყურადღებით ვართ.
სიზმრები უნდა დავივიწყოთ, რადგან მათი გახსენებით გულში ჩნდება მწუხარება, უიმედობა, უწმინდურება. წმინდა იოანე სინელი მიუთითებს იმაზეც, რომ მრავალი ადამიანი, ვინც მუდმივად ორიენიტირებული იყო სიზმრებზე და მათ ანალიზზე, ჭკუიდან შეიშალა. ვინც მუდმივად იღებს დემონურ ენერგიას, მაშინ ეშმაკი ბატონობს მასზე და აგიჟებს. ბევრი ვარდება ამ მდგომარეობაში. ვინც იღებს სატანურ სიზმრებს, მათ დასცინის ეშმაკი. ამ მდგომარეობას მოჰყვება სულიერი სიკვდილი ან ფსიქოლოგიური და სომატური ანომალიები.
მთავარი დასკვნა ამ მსჯელობიდან არის ის, რომ სიზმრები წარმოაჩენენ ჩვენს მდგომარეობას – ვნებებისა და ეშმაკის მონები ვართ თუ ღმერთის მორჩილნი. სიზმრები წარმოაჩენენ ჩვენს სიჯანსაღეს ან სნეულებას. ამიტომ, ერთი მხრივ, გვჭირდება აღსარება, სინანული, ლოცვით ვნებებისგან გათავისუფლება და, მეორე მხრივ, სრული უგულებელყოფა სიზმრებისა, რაც არის წინაპირობა დემონური ენერგიისგან გასათავისუფლებლად, რომელსაც სურს, დაგვაშოროს ღმერთს.